ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთხოვა და დუნგას სამშობლოში რბილად რომ ვთქვათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ. ბრაზილია არის გუნდი, რომლის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა და სხვა დანარჩენი კი ფიასკო

2 ივლისი. პორტ ელიზაბეტი. ნელსონ მანდელა. 42 000 მაყურებელი

ჰოლანდია-ბრაზილია 2:1

ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, ოიერი, ვან ბრონკჰორსტი - ვან ბომელი, დე იონგი - რობენი, სნეიდერი, კუიტი - ვან პერსი (85. ჰუნტელაარი).

ბრაზილია (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - მაიკონი, ლუსიო, ჟუანი, ბასტოსი (62. ჟილბერტო მელო) - დანი ალვეში, ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო - კაკა - რობინიო, ლუიშ ფაბიანო (77. ნილმარი).

გოლები: 0:1 რობინიო (10), 1:1 ფელიპე მელო (53-საკ. კარში), 2:1 სნეიდერი (68)

გაფრთხილება: ჰეიტინგა (14), ბასტოსი (37), ვან დერ ვილი (47), დე იონგი (65), ოიერი (76)

გაძევება: ფელიპე მელო (73)

მატჩი დაიწყო: ჰოლანდია; დარტყმა: 8(4)-13(4); ჯარიმა: 18-21; კუთხური: 4-8; ბურთის ფლობა: 51%-49%.

არბიტრი: იუნიჩი ნიშიმურა (იაპონია)

მიმოხილვა მოგვიანებით

საინტერესო მომენტები

9' - დანი ალვეში მარცხენა ფრთიდან შეიჭრა ჰოლანდიელთა საჯარიმოში, რობინიოს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც პრაქტიკულად ცარიელ კარში გადაგზავნა ბურთი, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

10' - ფელიპე მელომ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, თავი ასწია და გამჭოლი გადაცემით რობინიო ჰოლანდიელთა კიპერს პირისპირ შეჰყარა - ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში - 0:1.

27' - დანი ალვეშმა თავგზა აუბნია დირკ კუიტს, საჯარიმოში შემორბენილ ჟუანს ჩააწოდა, თუმცა მისი დარტყმული ასცდა სტეკელენბურგის კარს.

34' - რობინიო ორ მეურვეს გასცდა, შესანიშნავი გადაცემით კაკა მოძებნა, რასაც კარში დარტყმა და სტეკელენბურგის ჩინებული ნახტომი მოჰყყვა.

37' - ვესლი სნეიდერმა დაახლოებით 30 მეტრიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ჟულიო სეზარი დაეუფლა ბურთს.

45' - დუგლას მაიკონი ჩაერთო შეტევაში, კარგი პასიც მიუვიდა და დაარტყა კიდეც, თუმცა ოდნავ არაზუსტად.

53' - სნეიდერმა მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რასაც ჟულიო სეზარის და ფელიპე მელოს შეუთანხმებელი მოქმედება მოჰყვა. "იუვენტუსის" შუახაზელმა თავით გადაგზავნა ბურთი საკუთარ კარში და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

60' - დანი ალვეშმა დაარტყა საშუალო დისტანციიდან და ოდნავ ასცდა ბურთი სტეკელენბურგის კარს.

65' - ჰოლანდიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ, ბურთი კაკას მიუვიდა, დაინახა ცარიელი კუთხე და დაარტყა კიდეც, მაგრამ მცირედით არაზუსტად.

68' - არიენ რობენმა კუთხური ჩააწოდა, დირკ კუიტმა შეუცვალა ბურთს მიმართულება, რასაც სნეიდერის საგოლე თავური მოჰყვა - 2:1.

83' - რობინ ვან პერსი აღმოჩნდა მეტოქის საჯარიმოში და შეეძლო დაერტყა, თუმცა თანაგუნდელს დაელოდა და ძალიან სახიფათო იერიში ჩააფლავა.

84' - კაკა შეიჭრა მარცხენა ფრთიდან ჰოლანდიელთა საჯარიმოში, დაარტყა კიდეც, თუმცა ოიერი გადაეფარა ბურთს და გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს.

ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთხოვა და დუნგას სამშობლოში რბილად რომ ვთქვათ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებენ. ბრაზილია არის გუნდი, რომლის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონობაა და სხვა დანარჩენი კი ფიასკო. შესაბამისად, ჰოლანდიელებთან მარცხი და მუნდიალის ნაადრევად დატოვება სწორედაც რომ სრული ფიასკოა. საერთოდ, დუნგას იმად აკრიტიკებდნენ, რომ ზედმეტად პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს ათამაშებდა შეგირდებს. ბრაზილიელებს სანახაობა უნდა და თითქოს, ამ კომპონენტში "სელესაო" მოიკოჭლებდა. ანუ, დაახლოებით ისეთი ატმოსფერო შეიქნა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის გარშემო, როგორიც 1994 წლის მუნდიალის დაწყებამდე. ალბერტო პარეირას სწორედ იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ბრაზილიელები ევროპულ ფეხბურთს თამაშობდნენ. მაშინ, "სელესაო" მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და სიტყვა აღარავის დასცდენია, აი დუნგას კი, წესით, კარგი დღე არ უნდა დაადგეს.

მაგრამ, მეორე მხრივ, თუ გუშინდელ თამაშს კარგად გავიხსენებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრაზილიას სულაც არ უთამაშია ზედაცვითი ფეხბურთი - არც შეტევაში აკლდათ სამხრეთამერიკელებს იმპროვიზაცია და კრეატივი. პირიქით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური არსენალის დემონსტრირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ვიხილეთ და ეს სწორედ ბრაზილიელთა დამსახურება გახლდათ. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი ტაიმი, რომელიც სამხრეთამერიკელებმა დამსახურებულად მოიგეს.

რა მოხდა ანტრაქტის შემდეგ? - დუნგამ თამაშის ტემპის დაგდება სცადა და ვფიქრობთ, აქ დაუშვა დიდი შეცდომა. ჰოლნდიელებმა ამოისუნთქეს, თითქოს თვალებში გამოიხედეს და მეტოქის ნახევარსაც გაუშინაურდნენ. შესაძლოა, ბრაზილიელთა კარში გატანილი გოლი ბევრს ალოგიკურად მოეჩვენა, მაგრამ თუ ზემოთნათქვამს გავითვალისწინებთ, ძალიანაც ლოგიკური იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰოლანდია მეტოქის ნახევარზე გადავიდა, ორი-სამი ნახევარმომენტი შექმნა, ერთი-ორჯერ საჯარიმოში ჩააგდო ბურთი და რა გასაკვირია, რომ ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს გოლი მოჰყვა. გოლის აღწერას აღარ მოვყვებით, უბრალოდ აღვნიშნოთ, რომ ფელიპე მელომ ხაზი გადაუსვა ყველაფერ იმას, რაც პირველ ტაიმში გააკეთა - ჯერ საკუთარი კარი დალაშქრა, შემდეგ კი თავი გაიგდო. წყობიდან გამოსული მელო ადრეც არაერთხელ გვინახავს საკლუბო დონეზე ასპარეზობისას და როგორც ჩანს, ნერვები მთლად წესრიგში არ აქვს.

საერთოდაც, მას შემდეგ, რაც ბრაზილიელებმა გოლი გაუშვეს, უხეშობას უმატეს და აშკარად ნერვიულობა დაეტყოთ. რამდენჯერმე უმიზეზოდ გაიწიეს მსაჯზე, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მათი მდგომარეობა - როდესაც, წყობიდან ხარ გამოსული, იქ რაიმე ღირებულის შექმნა ფაქტობრივად გამორიცხულია. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამაში ბრალი დუნგასაც მიუძღვის, რომელიც ზედმეტად ემოციურად იყო ჩართული თამაშში. როდესაც მის გუნდს დამაჯერებლად მიჰყავდა თამაში, მაშინაც თითქოს პანიკაში იყო. ფაქტია, რომ ეს შეგირდებზეც აისახა და ყველაფერ ამან, ბრაზილია სავალალო შედეგამდე მიიყვანა.

კიდევ რა შეიძლება ითქვას? - ის, რომ ფელიპე მელომ აშკარად წააგო დუალი ვესლი სნეიდერთან. მართალია, გენუალური საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ "ინტერის" შემტევთან ვერაფერი გააწყო და ამ ორთაბრძოლაში აშკარად დამარცხდა. დუელი ბაშტოშმაც წააგო არიენ რობენთან და ამად შეცვალეს მეორე ტაიმში. ჰოლანდიელთა ლიდერმა მეორე ნახევარში გაილაღა და რამდენჯერმე დააწიოკა ბრაზილიელთა მარცხენა ფლანგი. ანუ, გამოდის, რომ ორ მეტად მნიშვნელოვან პოზიციაზე დუელი ჰოლანდიელებმა მოიგეს, რაც საბოლოო რეზულტატშიც აისახა. ბრავო ბერტ ვან მარვიიკს და მის ჰოლანდიას - გუნდმა მებრძოლ ხასიათთან ერთად, კლასი გვიჩვენა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. "ნარინჯისფრები" ნახევარფინალში არიან და ეს უკვე წარმატებაა, თუმცა თუ ასე გააგრძელეს, ვინ იცის, იქნებ...

საუკეთესო ფეხბურთელი

ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია)

ჰოლანდიელთა რიგებში არაერთი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება - მაგალითად, სტეკელენბურგის, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მაღალი კლასის კიპერია. თუმცა, საუკეთესო ფეხბურთელად მაინც ვესლი სნეიდერი უნდა დავასახელოთ, რომელმაც ფაქტობრივად გამოჭედა კიდეც ჰოლანდიელთა გამარჯვება. ჯერ ფელიპე მელოს გაატანინა ავტოგოლი, შემდეგ კი თავადაც შეაგდო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პრინციპში, შეგვიძლია პირველი გოლიც მას მივაწეროთ და ასეთ შემთხვევაში, სულაც დუბლის ავტორად გვევლინება. კიდევ არაერთხელ გამოავლინა უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა და შესაბამისად, ჩვენი არჩევანი მასზე შეჩერდა.

მატჩის შემდეგ

ბერტ ვან მარვიიკი (ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ტაიმში, ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც დავგეგმეთ, თუმცა დროთა განმავლობაში გამოვასწორეთ მდგომარეობა და მეორე ტაიმში უკვე საუკეთესო კუთხით წარმოვჩინდით. დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. მიზანი? - იმას ვიტყვი, რაც ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე განვაცხადე - ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდეთ. როდესაც ეს პირველად ვთქვი, ბევრს სასაცილოდ არ ეყო. ბედნიერი ვარ, რომ სკეპტიკოსთა პროგნოზი არ გამართლდა".

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ის, რაც "კვარამ" ფინალში გააკეთა, უმნიშვნელოა", - მბაპეს მამა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ფინეთი გერმანიას შეხვდება
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს