27 წლის ჩაქველმა მძიმეწონოსანმა ოლიმპიადასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ამას წინათ ზუგდიდში ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატში შესანიშნავად იასპარეზა 27 წლის ჩაქველმა მძიმეწონოსანმა ირაკლი თურმანიძემ, რომელმაც 197 კილოგრამი აიტაცა, 230 კილოგრამი აკრა და ჩემპიონობა ქვეყნის სამი რეკორდით მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ თურმანიძის ახალი მიღწევები ორივე მოძრაობაში უწინდელზე 2-2 კილოგრამით, ორჭიდში კი 4 კილოგრამით მეტია.

- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთი დღეც არ დამისვენია - ნაკრების წევრებთან ერთად განვაგრძე ვარჯიში, მწვრთნელების მითითებებს ზუსტად ვასრულებდი და, როგორც ხედავთ, შედეგმაც არ დააყოვნა, - გვითხრა ირაკლიმ.

- იმედია, ზუგდიდში მიღწეული შენთვის ზღვარი არ იქნება...

- რა თქმა უნდა. მართალია, ბატონი ვანო გრიქუროვი ვარჯიშებზე ზედმეტად მძიმე წონების აწევას არ გვავალდებულებს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებასაც გვაძლევს.

არაერთხელ დამიძლევია უფრო მძიმე წონები, ვიდრე ზუგდიდში ავწიე. ოლიმპიადაზე, სავარაუდოდ, ატაცში 200 და აკრაში 237 კილო გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თამაშების დაწყებამდე ჯერ კიდევ თვენახევარზე მეტია დარჩენილი.

ივნისის ბოლომდე ჩაქვში ვივარჯიშებთ, მერე დუშეთში განვაგრძობთ წვრთნას. იქვე საკონტროლო შეხვედრებიც გაიმართება, რომლის შემდეგაც გეგმებში, შესაძლოა, კორექტივებიც შევიტანოთ.

- ირაკლი, ზემოთ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ახსენე. ამ შეჯიბრების საინტერესო ეპიზოდებს ხომ ვერ გაიხსენებ?

- შარშან ყაზანში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალი მოვიპოვე, ორჭიდში კი მეოთხე ადგილი დავიკავე.

ამიტომაც ანტალიაში გამგზავრებამდე მწვრთნელებიცა და ფედერაციის მესვეურები ჩემგან მედალს ელოდნენ, რაც დამატებითი წნეხი იყო, თუმცა საამისოდ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი.

თურქული საკურორტო ქალაქის ფიცარნაგზე მძიმე წონაში მართლაც მძიმე არტილერიამ მოიყარა თავი.

განსაკუთრებით, ორი ძალოსანი მინდა გამოვყო: პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი და ევროპის ჩემპიონატების სამგზის პრიზიორი, გერმანელი მატიას შტაიერი და რუსი ევროპის ჩემპიონი რუსლან ალბეგოვი.

ტიტულოვანი ათლეტების მეტოქეობის მიუხედავად, ფიცარნაგზე გასვლის წინ არაფრის შემშინებია. ატაცში სამივე ცდა გამოვიყენე. მე და სომეხმა ჰაიკ აკობიანმა 195-195 კილო დავძლიეთ. პირადი წონით მასზე მსუბუქი აღმოვჩნდი და მცირე ოქროს მედალიც მე მერგო.

აი, აკვრაში კი მიუტევებელი შეცდომა დავუშვი. ვარჯიშებისას ხშირად მქონდა იოლად დაძლეული 220 კილოგრამი, რომელიც ანტალიაში მწვრთნელებმა საწყის წონად შეუკვეთეს. უყურადღებოდ მოვეპყარი და ცდაც გამიცუდდა.

მესამე ცდაზე 228-კილოიანი შტანგა დავიმორჩილე და ორჭიდში 423 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დავიმსახურე. პირველი ცდა რომ არ გამეფუჭებინა, შესაძლოა, ორჭიდში მეორე ადგილზე გავსულიყავი, რადგან შტაინერმა მხოლოდ კილოგრამით გამისწრო.

ალბეგოვის გასწრება კი წარმოუდგენელი იყო, რადგან მან 238 კილო აკრა და ორჭიდში 429 კილოგრამით ყველას აჯობა. მსოფლიოს უძლიერეს ათლეტებთან ჩემი პაექრობა ანტალიით არ დასრულებულა - წინ ლონდონის ოლიმპიური ფიცარნაგია და მწვრთნელებისა თუ ქომაგების იმედების გასამართლებლად ყველაფერს ვიღონებ.

ირაკლი თურმანიძემ 15 წლისამ დაიწყო ძალოსნობაში ვარჯიში ბესო ბასილიასთან.

რამდენიმე თვის შემდეგ მის მშობლიურ ჩაქვში ჭაბუკთა შორის აჭარის პირველობა გაიმართა. ახალბედამ ყველას აჯობა და თასით დააჯილდოვეს. მწვრთნელისა და თანაკლასელების შექებამ ენთუზიაზმი შემატა - მეტი მონდომებით განაგრძო წვრთნა.

2007 წელს თბილისში გადმოვიდა სავარჯიშოდ. ყმაწვილის გულმოდგინება მხედველობიდან არ გამოპარვია ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძეს, რომელიც იმავე დარბაზში ემზადებოდა მორიგი შეჯიბრებისთვის.

რჩევა-დარიგებებს აძლევდა ჭაბუკს. 2009 წელს თურმანიძემ საქართველოს ჩემპიონობა რომ მოიპოვა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა, როგორც ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კორეაში წაიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. შარშან და შარშანწინ პლანეტის უძლიერეს ათლეტებთან პაექრობაში ირაკლიმ ეროვნულ ნაკრებს ლონდონის ოლიმპიადისთვის ჩასათვლელი ქულები მისცა.

- ირაკლი, ჭაბუკობისას ყველა სპორტსმენს თავისი კერპი ჰყავს. შენ ვის ბაძავდი?

- ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადის შემდეგ ყველას პირზე ეკერა კახი კახიაშვილის სახელი, რომელიც კარიერის განმავლობაში სამჯერ ავიდა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

ასანიძის მაგალითიც მისაბაძი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. რა დამავიწყებს მის მიერ ცალი ხელით მოპოვებულ ვერცხლის მედალს. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ გიორგი უმძიმესი ოპერაციის შემდეგ ათენში ოქროს მედალს მოიხვეჭდა.

მან კი ეს შეძლო და დაგვარწმუნა, რომ მონდომებისა და თავდადების შემთხვევაში შეუძლებელიც შესაძლებელია.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?

- ახლა მთელი ჩვენი გულისყური ლონდონისკენაა მიმართული და ყოველმხრივ ვცდილობთ, ოლიმპიურ თამაშებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. იშვიათად, თუმცა თავისუფალ დროსაც ვპოულობ. ზღვა აქვეა და განტვირთვის მიზნით ლურჯ ტალღებზე ნებივრობაც კარგია.

ხან ფრენბურთს და ფეხბურთს ვთამაშობთ. შეძლებისდაგვარად, რეჟიმის დაურღვევლად, ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც ვადევნებთ თვალს.

- ვის ქომაგობთ?

- გია მაჭავარიანი და რაულ ცირეკიძე უფრო ესპანეთისკენ იხრებიან. მე კი გერმანიას ვქომაგობ. კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ზურგს სასახელო ტრადიციები უმაგრებს.

ასე რომ, მისი ჩემპიონობა გასაკვირი არავისთვის იქნება; თუმცა სპორტი სპორტია და მით უმეტეს, ფინალურ ეტაპზე, სადაც ფსიქოლოგიური წნეხი უდიდეს როლს თამაშობს, ყველაფერია მოსალოდნელი.

- ოლიმპიადამდე თქვენ თუ იასპარეზებთ რომელიმე შეჯიბრებაში?

- როგორც ვიცი, მხოლოდ ახალგაზრდები გამოვლენ ევროპის პირველობაზე. ეროვნული ნაკრების წევრები კი, წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, მიზანმიმართულად ვემზადებით ოლიმპიური თამაშებისთვის. ამიტომ შეჯიბრებებში მონაწილეობა გაუმართლებელი იქნება.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვანო გრიქუროვი, ასევე, სხვა მწვრთნელები და ძალოსნობის ფედერაციის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის წვრთნისა და აქტიური დასვენებისთვის ყოველგვარი პირობის შესაქმნელად. ჩვენც ვეცდებით, ამგვარ ზრუნვას საქმით ვუპასუხოთ.

შეჯიბრებებს მოვრჩით... ოლიმპიადამდე! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა