ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური

იტალიის ნაკრები, ტრადიციულად, ტანჯვითა და წამებით გავიდა ჯგუფური ეტაპიდან და მაინც, სრულიად დამსახურებულად ითამაშებს მეოთხედფინალში.

სინამდვილეში “სკუადრა აძურამ” დაახლოებით ერთი საათი ძალიან ლაღი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა, აი, შემდეგ კი დათმო მოედნის ცენტრი და გულშემატკივრები ძალიან ანერვიულა.

ამ ყველაფერზე ქვემოთ...

ტაქტიკა/სტრატეგია

ირლანდიის ეროვნული ნაკრები ნაკლებად საინტერესოა. აი, ჩეზარე პრანდელიმ კი მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ნაცადი 3-5-2 ტაქტიკა 4-4-2-ით შეცვალა.

დაცვის ცენტრში გამოჯანმრთელებული ანდრეა ბარცალი ვიხილეთ, რომელიც ჯორჯო კიელინის შეუწყვილდა; ფლანგებზე კი ინაციო აბატე და ფედერიკო ბალცარეტი მოქმედებდნენ - აქვე აღვნიშნოთ, რომ ერთმაც და მეორემაც პირველად იასპარეზეს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე.

ნახევარდაცვაში აიწია დანიელე დე როსიმ, რომელიც კლაუდიო მარკიზიოს, ანდრეა პირლოსა და ტიაგო მოტას შეუერთდა.

შეტევის წინა ხაზზე ანტონიო კასანოსთან ერთად, ანტონიო დი ნატალე გაამწესეს და არა მარიო ბალოტელი - თუმცა ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

იტალიელები ბურთის კონტროლზე აკეთებდნენ აქცენტს და ეს საქმე ძალიან კარგადაც გამოსდიოდათ - არაერთი ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და პირველ ტაიმშივე დიდი ანგარიშით შეეძლოთ თამაშის წაყვანა.

შეხვედრის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე პრანდელიმ კასანო მოხსნა თამაშიდან და მის ნაცვლად მოედანზე შუახაზელი ალესანდრო დიამანტი შეუშვა - თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ დროში კელტებმა თვალებში გამოიხედეს, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ.

თუმცა ფორტუნა ძლიერის მხარეს აღმოჩნდა - ზედ საფინალო სატვენის წინ მარიო ბალოტელიმ მეორე გოლი შეაგდო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 2:0.

საუკეთესო ფეხბურთელი

ფედერიკო ბალცარეტი (იტალია)

იტალიის ნაკრების შემადგენლობიდან არაერთი ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება, მაგრამ არჩევანი ერთზე უნდა შევაჩეროთ და ეს ერთი ფედერიკო ბალცარეტი გახლავთ.

მარცხენა ფრთას სრულად აკონტროლებდა, საიმედო იყო დაცვითი ფუნქციების შესრულებისას და ძალიან სახიფათო შეტევებში ჩართვის დროს.

ბალცარეტიმ სადებიუტო მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატზე და სავარაუდოდ, მომდევნო შეხვედრაშიც ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ყველაზე სუსტი ფეხბურთელი

კეიტ ენდრიუზი (ირლანდია)

ირლანდიელებმა ზოგადად დატოვეს ცუდი შთაბეჭდილება და მათ შორის უარესის არჩევა მეტად რთული მისია აღმოჩნდა - თუმცა კეიტ ენდრიუზმა მაინც ყველას "აჯობა", რადგან მთელი თამაში ანდრეა პირლოს უშედეგოდ დასდევდა, ბოლოს კი ნერვებმოშლილმა სულაც წითელი ბარათი მიიღო.

მსაჯი

ჩუნით ჩაქირმა რამდენიმე ეპიზოდში აღაშფოთა იტალიელები, ყველაზე მეტად კი მაშინ, როდესაც “სკუადრა აძურას” სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

არადა, იმ ეპიზოდში ირლანდიელ უკანახაზელს მართლაც მოხვდა ბურთი ხელზე.

სამაგიეროდ, არბიტრთა მთელი ბრიგადა შესანიშნავად გაერკვა პირველი გოლის ეპიზოდში, როდესაც ანტონიო კასანოს თავური დარტყმის შემდეგ ბურთმა სულ რამდენიმე სანტიმეტრით გადაკვეთა კარის ხაზი. სწორედ ამიტომ თურქი რეფერი და მისი ასისტენტები ქებას იმსახურებენ.

მწვრთნელების დუელი

ჯოვანი ტრაპატონისა და მისი ირლანდიის ბევრი ვერაფერი გავიგეთ; აი, ჩეზარე პრანდელი კი უკვე მესამე თამაშია, გაორებულ შთაბეჭდილებას გვიტოვებს - შეხვედრის დიდი ნაწილი მისი იტალია ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, შეტევაში დიდ პოტენციალს ავლენს და სიმპათიასაც იმსახურებს, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში უკან იხევს და უბურთოდ დარჩენილ მეტოქეს შანსს აძლევს.

ასე მოხდა ამ შემთხვევაში და გამომდინარე აქედან, ვერაფრით დავიჩემებთ, რომ სენიორ ჩეზარემ ირლანდიასთან თამაში უბადლო ტაქტიკური სვლებით მოიგო.

ანალიზი

თუ ბოლო ნახევარ საათს არ ჩავთვლით, ნათლად გამოჩნდა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ირლანდიის უმთავრესი გუნდი.

საერთოდ, კელტებმა აშკარად გაგვაწბილეს - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი სუსტი ირლანდია ბოლო წლებში არ გვინახავს და დავიტოვოთ იმედი, რომ არც მომავალში ვნახავთ.

არ იფიქროთ, ირლანდიურ ფეხბურთზე ძალიან შეგვტკიოდეს გული. უბრალოდ, ასეთ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმება და მხოლოდ საერთო სურათს აფუჭებს.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, მიუხედავად ტრადიციული ტანჯვა-წამებისა, ამ გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ნათლად გამოჩნდა, რომ უდიდესი პოტენცია აქვს.

შესაბამისად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ ის, რასაც აქამდე ვერიდებოდით - იტალია ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია.

დასკვნა

დიახ, ახლა უკვე იტალია ფავორიტია...

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. C ჯგუფი. III ტური

18.06. პოზნანი. მუნიციპალური სტადიონი

იტალია-ირლანდია 2:0 (იხილეთ ვიდეო)

იტალია (4-4-2): ბუფონი - აბატე, ბარცალი, კიელინი (57. ბონუჩი), ბალცარეტი - პირლო, დე როსი, მოტა, მარკიზიო - კასანო (63. დიამანტი), დი ნატალე (75. ბალოტელი).

ირლანდია (4-4-2): გივენი - დანი, ოში, სტ. ლედჯერი, უორდი, - მაკგიდი (65. ლონგი), დაფი, უელანი, ენდრიუზი - დოილი (76. უოლტერსი), კინი (86. კოქსი).

გოლები: 1:0 კასანო (35), 2:0 ბალოტელი (90).

გაძევება: ენდრიუზი (89).

კუთხური: 11-5; ჯარიმა: 14-23; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 22(14)-6(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 41 000

C ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 3 2 1 0 6-1 7

2. იტალია 3 1 2 0 4-2 5

3. ხორვატია 3 1 1 1 4-3 4

4. ირლანდია 3 0 0 3 1-9 0

ტანჯვა-წამება იტალიურად (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხორვატია-ესპანეთი 0:1 - ცისფერი და უფერული "ფურია როხა"

juve123
იტალია მიყვარხარ ფეხბურთიც მიყვატს იტაიური ქვეყანა საერათოდ და ლამაზი გოგოები
ლექსო
ინიესტა არა მაგრამ ნავასი აშკარად თამაშგარეში იყო მსაჯები შეცდნენ
irakli
კარგი სტატიაა, ანალიზიც სწორად არის გაკეთებული.
forca juve
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს. იტალიამ სამივე თამაშში დიდებული 65 წუთი შემოგვთავაზა, ხომ შეიძლება ბოლო 25 წუთიც გაქაჩონ; მაინც დიდი მადლობა პრანდელის. კასანოს, ბალოტელისნაირი ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვისთვის, ლამაზი 65 წუთებისთვის. მისი დამოკიდებულებას რთულ ფეხბურთელებთან საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც თუ გაითვალისწინებს კარგი იქნება. და ბოლოს ფორცა იტალია. მინდა ჩემპიონობა ვუსურვო. თუნდაც როგორ ასრულებენ ეროვნულ ჰიმნს. დიდი გუნდია ესპანეთი, მაგრამ ფეხბურთელების სულ ცოტა 50 პროცენტს ის დროშაც სძულთ რომლის ქვეშაც თამაშობენ და ჰიმნზე გული ერევათ. ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს
koba
იტალია ჩემპიონია!!!! FORCA ITALIA!!!
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის