ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. III ტური
საფრანგეთის ნაკრებმა 23-მატჩიანი წაუგებელი სერია უმოტივაციო შვედეთთან შეწყვიტა და ინგლისს უნდა უმადლოდეს, რომ მეოთხედფინალში იასპარეზებს.

დიახ, უკრაინას რომ ბრიტანელებთან მოეგო, ლორან ბლანის გუნდი ჯგუფში ჩარჩებოდა, რადგან თვითონ სკანდინავიელებისგან ორი უპასუხო გოლი მიიღო.

მატჩის წინასიტყვაობაში ვწერდით, რომ ფრანგებს მარცხის შემთხვევაშიც შეეძლოთ მომდევნო ეტაპზე გასვლა და სწორედ ასე მოხდა. დანარჩენზე ქვემოთ...

ტაქტიკა/სტრატეგია

ლორან ბლანმა რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ბევრი გააკვირვა - მაგალითად, ნაცადი ტაქტიკა 4-2-3-1 მოულოდნელად შეცვალა და 4-3-2-1-ით ჩაანაცვლა. ამასთან, ჟერემი მენეზი სათადარიგოთა სკამზე დასვა და ძირითადში ბენ არფა გაამწესა.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკან დახია სამირ ნასრი და წინა შეხვედრებთან შედარებით, სიღრმიდან ათამაშა.

მოკლედ, ბლანმა რაღაცეები გამოიგონა და აშკარად შეცდა - საფრანგეთის ნაკრებმა თამაში ჩააგდო და სრულიად დამსახურებულად დამარცხდა.

რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს - ტრადიციული 4-4-1-1 სქემით გაისარჯა და აქ გამოკვეთილი ფორვარდი ოლა ტოივონენი გახლდათ. მის უკან ზლატან იბრაჰიმოვიჩი ირჯებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია.

თუმცა მასზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვიტყვით...

საუკეთესო ფეხბურთელი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი სამივე შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე იყო, ფრანგებთან კი სულაც საუკეთესო თამაში ჩაატარა და ულამაზესი გოლიც გაიტანა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ შეგდებული ბურთი ჯერჯერობით საუკეთესოა ჩემპიონატზე და დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ასეთადვე დარჩება. ამასთან, ზლატანი ხშირად იწევდა უკან და სიღრმიდან იწყებდა მისი გუნდის იერიშებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკანახაზელების დახმარებასაც არ თაკილობდა და ხშირად ჩადიოდა საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან.

მოკლედ, იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ნამდვილად დაიმსახურა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი.

ფეხბურთელი-იმედგაცრუება

ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)

საფრანგეთის ნაკრები, ძირითადად, მეტოქის საჯარიმოს დასტრიალებდა. ასეთ დროს კი ცენტრფორვარდის ფუნქცია მუდმივი მოძრაობა, თავისუფალი ზონების მოძებნა და გახსნაა - ვერ ვიტყვით, რომ ქარიმს მონდომება არ ეტყობოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი არაფერი გამოუვიდა და კიდევ ერთი უფერული შეხვედრა ჩაატარა.

საფრანგეთში უკვე აქტიურად ითხოვენ, რომ ბენზემას ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ოლივიე ჟირუმ ითამაშოს - ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლორან ბლანი.

მსაჯი

პორტუგალიელმა პედრო პროენშამ დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა და არც მის ასისტენტებს შეურცხვენიათ თავი.

რამდენიმე სადავო ეპიზოდში აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თამაშის სადავეებიც ბოლომდე ხელთ ეპყრა.

მწვრთნელების დუელი

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ლორან ბლანმა ტაქტიკა-შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა, რამაც ნამდვილად არ გაამართლა. ფაქტია, რომ "მამლებმა" ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს და თუ ასე ითამაშეს მეოთხედფინალში, ესპანელთა დამარცხება ნამდვილად გაუჭირდებათ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფრანგებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგეს და შედეგად, პლეი ოფის პირველ სტადიაზე ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს გადაეყარნენ.

რაც შეეხება ერიკ ჰამრენს, მან სიტყვა შეასრულა და ევროპის ჩემპიონატი სენსაციური გამარჯვებით დაასრულა - ანუ კარი გაიჯახუნა.

სკანდინავიელთა მწვრთნელმა კვლავ შესანიშნავად გამოიყენა იბრაჰიმოვიჩი, რომელიც სიღრმიდან ათამაშა - ჰამრენის ეს მოდელი შეიძლება "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმაც გამოიყენოს, რომელიც ზლატანს გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე ათამაშებს.

ბლანის შეცდომების ფონზე ჰამრენის ტრადიციული სვლები გამარჯვების მომტანი გამოდგა და შედეგიც სახეზეა.

ანალიზი

თამაშის წინ შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ერიკ ჰამრენი კიდევ ორი წლით დარჩება შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე და გუნდის შენების პროცესიც მასთან ერთად გაგრძელდება. ჰამრენმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ფედერაციას ნდობისთვის და დასძინა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გუნდის ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩება.

ამ ყველაფერს მოჰყვა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრიფინგი, სადაც მან სანაკრებო კარიერის გაგრძელების შესახებ გააკეთა განცხადება და დაამატა, დარწმუნებული ვარ, ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე წარმატებით ვიასპარეზებთო.

როგორც ჩანს, ყველაფერ ამან შვედებზე ძალიან კარგად იმოქმედა - მთელი თამაში, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარეს და სრულიად დამსახურებულად მოიგეს.

საფრანგეთის ნაკრებმა კი თავისი გულშემატკივრები აშკარად დაზაფრა - კარგად ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ გუნდმა უსახური თამაში აჩვენა და უმოტივაციო მეტოქეს ვერაფერი დააკლო.

დასკვნა

საფრანგეთის ნაკრები დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტულ შეხვედრაში, ინგლისელებთან დუელშიც და ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა - ეს ადგილი კი ესპანეთთან დაპირისპირებას ნიშნავს, გუნდთან, რომელიც დღეს აბსოლუტურად ყველა მეტოქესთან ფავორიტია.

ამასთან, ლორან ბლანს ფილიპ მექსეს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და დისკვალიფიკაციაც მიიღო.

მოკლედ, ფრანგებმა გაირთულეს ცხოვრება, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი. D ჯგუფი. III ტური

19.06. კიევი. ოლიმპიური სტადიონი

შვედეთი-საფრანგეთი 2:0 (იხილეთ ვიდეო)

შვედეთი (4-4-2): ისაქსონი - მელბერგი, ი. ოლსონი, მ. ოლსონი, გრანკვისტი - ჩელსტრიომი, სვენსონი (78. ჰოლმენი), ბაირამი (46. ვილჰელმსონი), ლარსონი - იბრაჰიმოვიჩი - ტოივონენი (78. ვერნმბლოომი).

საფრანგეთი (4-3-2-1): ლორისი - დებიუში, მექსესი, რამი, კლიში - დიარა, მვილა (83. ჟირუ), ნასრი (77. მენეზი) - ბენ არფა (59. მალუდა), რიბერი - ბენზემა.

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (54), 2:0 ლარსონი (90).

გაფრთხილება: სვენსონი, ჰოლმენი - მექსესი

კუთხური: 2-8; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 12(7)-24(10); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 70 000

D ჯგუფი

1. ინგლისი 3 2 1 0 5-3 7

2. საფრანგეთი 3 1 1 1 3-3 4

3. უკრაინა 3 1 0 2 2-4 3

4. შვედეთი 3 1 0 2 5-5 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა