ჩერნოგორიულ ბარში, ევროპის ჭაბუკთა პირველობაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროთი და თითო ვერცხლ-ბრინჯაოთი დაიწყო
2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო, 6 შესაძლებლიდან 4 მედალი - ასე დამაჯერებლად დაიწყო გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ჩერნოგორიულ ბარში, ევროპის ჭაბუკთა პირველობაში.

კონტინენტის ჩემპიონები ერეკლე არხოზაშვილი (50) და კობა მჭედლიშვილი (60) გახდნენ, ბექა ნათათრალაშვილი (55) ფინალში დამარცხდა, გიორგი კაციაშვილი (55) კი მესამეზე გავიდა.

ჩვენი გუნდის კიდევ ორი წევრიდან ბექა უდესიანი (60) მეშვიდეზე გავიდა, ირაკლი კუპატაძე (50) კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

22 ივნისს ბიჭები სამ წონით კატეგორიაში ჭიდაობდნენ და გია თენაძე ნამდვილად ბედნიერი იყო - სამივე წონის ფინალში სამი შეგირდი ჰყავდა. ალბათ, ის კმაყოფილი ყველაზე მეტად არხოზაშვილის გამოსვლით იყო - ეს ბიჭი 55-ში გამოდიოდა და საქართველოს ბრინჯაოს მედალოსანიცაა, მაგრამ მწვრთნელებს სამი სრულფასოვანი შეგირდი ჰყავდათ და ამიტომ არხოზაშვილი 50-ში დასწიეს.

ექსპერიმენტმაც გაამართლა - 50-ში საქართველოს ჩემპიონი კუპატაძე წარუმატებლად გამოვიდა, ახალი კაცი კი ევროპის ჩემპიონია. არადა, მეოთხედფინალში იტალიელ ანჯელო პანტანოს სასტვენამდე სამად სამი წამით ადრე გაუკეთა იპონი.

არანაკლებ დაძაბული ბრძოლა მოიგო ფინალში გერმანელ მორიტც პლაფკისთან - შეხვედრის დაწყებისთანავე გდება ჩაატარა, რომელიც მსაჯმა იპონად შეაფასა და ჩვენებური ჩემპიონობას ზეიმობდა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ ეს ილეთი ვაზარად შეაფასეს.

გერმანელმა ანგარიში გაქვითა, თუმცა ბოლო წუთებში არხოზაშვილმა მორიგ ვაზარზე გამოცელა და მაინც იზეიმა გამარჯვება.

მთლიანობაში მან 5-დან 4 შეხვედრა იპონით მოიგო.

სამი ფინალისტიდან ბოლო შეხვედრაში მხოლოდ ნათათრალაშვილი დამარცხდა, რაც საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - ფინალში აზერბაიჯანელმა ილკინ ბაბაზადამ სამჯერ გაუკეთა ერთი და იგივე ტიპის შეტევა, მაგრამ ვერაფერი დაუპირისპირა, საკმაოდ ერთფეროვნად იჭიდავა. მისი ხსნა თითქოს აქტიურ ჭიდაობაში იყო, რადგან მეტოქე დაიღალა და ჩვენებურმა ზედიზედ სამჯერ გააფრთხილებინა, რითაც ვაზარის ჩამორჩენაც ამოუქაჩა.

მას კიდევ უნდა გაეგრძელებინა შეტევა და ასეც აკეთებდა. მესამე გაფრთხილებიდან პირველივე მისვლაზე მეტოქე ისევ ჩააგდო მუხლებზე და არბიტრმაც სათათბიროდ უხმო გვერდითებს. თითქოს მეოთხე გაფრთხილებასაც აპირებდა, მაგრამ დაინდო და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა, იქ კი ჩვენებური შეცდა - ბაბაზადამ კონტრილეთზე დაიჭირა და დაახლოებით იმავე ილეთით დააიპონა, რითაც ძირითადში გავიდა ფონს.

არადა, ნათათრალიშვილს წინასწარებში ურიგოდ არ უჭიდავია - ჰოლანდიელი გლენ კოპერი და სერბი მილან ბუნჩიჩი იოლად დააიპონა, ფრანგი დაიკი ბოუბა ჭიდაობით აშკარად დაჩაგრა, ნახევარფინალში გერმანელი დევინ ვანდებურგი კი იოლად დააიპონა.

გარკვეულწილად, გაუმართლა მჭედლიშვილს - ფინალში ბელარუსი დმიტრი მინკოუ ფეხში შესვლისთვის მოუხსნეს, თორემ იმ წუთისთვის ვაზარ-იუკოს აგებდა.

წინასწარები ამანაც კარგად ჩაატარა - შვედ ჯოელ მანკოვიტცს წმინდად აჯობა, ფრანგ ჟოლან ფლორიმონტს იუკოთი მოუგო, რუს მანუჩერ კოდირის გაფრთხილებებით დათმობილი იუკო გდებით გაუთანაბრა, მერე კი ამავე ხარისხის მეორე ფანდით მოუგო, ნახევარფინალში სერბი მარკო გრანდიჩი კი ჭკვიანური ჭიდაობით წმინდად დაამარცხა.

ვფიქრობთ, კაციაშვილსა და უდესიანს არ გაუმართლათ - მალ-მალე მოუწიათ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის ჩატარება და დასვენება ვერ მოასწრეს.

უდესიანი ორი მოგების შემდეგ ჯერ მინკოუსთან დამარცხდა, მერე - აზერბაიჯანელ ილკინ მამადოვთან.

კაციაშვილმა ორი სუფთა მოგების შემდეგ ზემოხსენებულ ბაბაზადასთან წააგო, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი ასევე ზემოხსენებული გერმანელი ვანდებურგი მშვენივრად ჩახვეული ფეხით ეფექტურად დააგდო ბეჭებზე. წლეულს ის ახალ წონაში ჭიდაობს და მისი მედალი ამიტომაცაა საყურადღებო.

23 ივნისს ბარში ჩვენი ბიჭებიდან ბაჩანა ბოლქვაძე (66), ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი და ზურაბ ლომიძე (ორივე - 73) ჭიდაობენ. ამ დღესვე იასპარეზებს ქართველი გოგოების დუეტი - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე (ორივე - 57).

სამივე ბიჭი პირველ შეხვედრას ფრანგთან ჩაატარებს - ბოლქვაძე დიმიტრი შოქუს ეჭიდავება, კირაკოზაშვილი - კრისტ გენგლოუს, ლომიძე - ალფა ოუმარ ჯალოს.

ჯანაშვილი ხორვატ ვისნია რაიჩიჩს ხვდება, შოთაძე - დანიელ სიფ ბოუჯუს.

24 ივნისს ჩვენგან მხოლოდ ბიჭები იასპარეზებენ - ნიკა მოველიძე, ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ორივე - 81), გიორგი გველესიანი, დავით რამაზაშვილი (90), გიორგი ძებისაშვილი და ზაზა გოჯიაშვილი (+90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა