4 ივლისს უიმბლდონზე მამაკაცების მეოთხედფინალების დღე იყო და ოთხივე წყვილში ფავორიტმა გაიმარჯვა
4 ივლისს უიმბლდონზე მამაკაცების მეოთხედფინალების დღე იყო და ოთხივე წყვილში ფავორიტმა გაიმარჯვა.

როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი 26-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ პარასკევს უიმბლდონზე მათი პირველი დუელი შედგება. ფედერერმა ცენტრალურ კორტზე 6:1, 6:2, 6:2 გაანადგურა მიხაილ იუჟნი, ერთი წუთის შემდეგ კი ჯოკოვიჩმა პირველ კორტზე ფლორიან მაიერთან გამარჯვება იზეიმა - 6:4, 6:1, 6:4.

ფედერერი 14:12-ს უგებს ჯოკოვიჩს. ამ 26 შეხვედრიდან ბალახზე არასოდეს უთამაშიათ. ბოლო ორ წელიწადში "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალებში ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ნოვაკმა ოთხი მატჩი მოიგო.

ფედერერის მატჩმა იუჟნისთან დიდი ინტერესი გამოიწვია. თამაშის სანახავად მისულნი იყვნენ პრინცი უილიამსი და მისი მეუღლე ქეითი, ანდრე აგასი, შტეფი გრაფი, როდ ლეივერი...

ალბათ, ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ ფედერერი იოლად გაივლიდა იუჟნის ბარიერს. როჯერს სწორედ ამ რუსთან აქვს ურთიერთშეხვედრების საუკეთესო ბალანსი: ისინი მეთოთხმეტედ შეხვდნენ ერთმანეთს და მიხაილს არცერთი მატჩი არ აქვს მოგებული. თუმცა შეხვედრის მოგებას ვინ ჩივის, 35 გათამაშებულ სეტში იუჟნიმ მხოლოდ სამი პარტია დაასრულა თავის სასარგებლოდ.

საკუთარი თავის არც რუს ჩოგბურთელს სჯეროდა და ხუმრობის ხასიათზე იყო. მესამე სეტის დროს, მორიგი ქულის წაგების შემდეგ, იუჟნიმ სამეფო ლოჟისკენ გაიხედა და აგასის დახმარება სთხოვა. ლეგენდარულმა ამერიკელმა ღიმილით უპასუხა მას.

მოკლედ, ფედერერი თითქმის უბრძოლველად გავიდა ნახევარფინალში. სხვათა შორის - პირველად 2009 წლის შემდეგ, როცა მეექვსედ მოიგო უიმბლდონი. ახლა ის ნაადრევ ფინალად მონათლულ ნახევარფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება.

თუ როჯერი შეძლებს ტიტულის მოგებას, ის ორშაბათიდან მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება და გაიმეორებს პიტ სამპრასის რეკორდს რეიტინგის სათავეში გატარებული კვირების რაოდენობით.

გარდა ამისა, ფედერერმა უკვე გააუმჯობესა მეორე ამერიკელი ლეგენდის, ჯიმი კონორსის რეკორდი "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლების რაოდენობით. როჯერმა ეს კარიერაში 32-ედ გააკეთა.

ოდნავ მეტი მონდომება და შრომა დასჭირდა ნოვაკ ჯოკოვიჩს ფლორიან მაიერის დასამარცხებლად. თუმცა გერმანელის მიერ პირველ სეტში გაკეთებულ ბრეიკს სერბმა ორით უპასუხა და დარჩენილ დროში მის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია.

ჯოკოვიჩმა, რომელმაც ჯამში ხუთი ბრეიკი გააკეთა, ძალიან აქტიურად ითამაშა და 50 "ვინერსით" დაასრულა შეხვედრა, იმ დროს, როცა მაიერს საკუთარი აქტიურობით მოგებული მხოლოდ 14 ქულა ჰქონდა. ჯოკოვიჩი ზედიზედ მეცხრედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების ნახევარფინალში.

მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ჟო-ვილფრიდ ცონგამ და ენდი მიურეიმ. ფრანგმა ისევ ვერ შეძლო სამ სეტში გამარჯვება - მეორე პარტია დაუთმო ფილიპ კოლშრაიბერს, რომელიც პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

მაგრამ ცონგამ გადამწყვეტ მომენტებში ითამაშა კარგად - ორჯერ მოიგო ტაი-ბრეიკი, მეოთხე პარტიაში კი ორი ბრეიკი გააკეთა და ზედიზედ მეორედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში.

ყველაზე რთულად საქმე მიურეის ჰქონდა, რომელსაც თითქმის ოთხი საათი დასჭირდა დავიდ ფერერის დასამარცხებლად. თანაც ენდი თავიდან მდევრის როლში იყო, რადგან პირველი სეტის ტაი-ბრეიკი დაუთმო ესპანელს.

ფერერს შეეძლო ამ მატჩში წარმატებაზე ეფიქრა, მნიშვნელოვან მომენტებში უფრო ზუსტად რომ ეთამაშა. მას 12 ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა, მაგრამ მხოლოდ ორი შანსი გამოიყენა, იმ დროს, როცა მიურეის ბრეიკ-პოინტების რეალიზების უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდა - ცხრიდან სამი.

ორივე ჩოგბურთელი ძალიან აქტიურობდა ("ვინერსები" - 61:44 მიურეის სასარგებლოდ), მაგრამ ბევრს შეცდომასაც (უნებლიე - 39:31) უშვებდა. საბოლოოდ ენდიმ შეძლო მცირე სათამაშო უპირატესობის რეალიზება და ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

1/4-ფინალი (იხილეთ ვიდეო)

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფლორიან მაიერი (გერ, 31) 6:4, 6:1, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-მიხაილ იუჟნი (რუს, 26) 6:1, 6:2, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-დავიდ ფერერი (ესპ, 7) 6:7(5), 7:6(6), 6:4, 7:6(4); ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 27) 7:6(5), 4:6, 7:6(3), 6:2.

1/2-ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფედერერი (3); მიურეი (4)-ცონგა (5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა