ჩვენებური ახალ კლუბ "ბრუკლინ ნეთსთან" ერთად ვარჯიშს შეუდგა, რის შემდეგაც მისადმი ჟურნალისტების ყურადღება გაორმაგდა
თორნიკე შენგელია ახალ კლუბ "ბრუკლინ ნეთსთან" ერთად ვარჯიშს შეუდგა, რის შემდეგაც მისადმი ჟურნალისტების ყურადღება გაორმაგდა.

გამოცემებში, "ნიუ ჯერსისა" და "ნიუ იორკ პოსტში", ორი ერთმანეთზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომლის თარგმანსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ჯონსონი: დასაწყისი კარგია

"ბრუკლინის" ახალწვეული თორნიკე შენგელია საზაფხულო ლიგაზე სახელის მოხვეჭას აპირებს, - დაახლოებით ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია გაზეთ "ნიუ ჯერსიში". სიტყვას გადავცემთ ავტორ კოლინ სტეფენსონს.

"ბრუკლინელთა დამრიგებელი ეივერი ჯონსონი ამბობს, რომ ქართველი ახალგაზრდას თამაში ევროპაში არ უნახავს:

- გასულ სეზონში ევროპაში ვიყავი, მაგრამ შენგელიას არ შევხვედრივარ. 2012 წლის დრაფტის წინ ჩვენმა ოკეანისგაღმელმა სკაუტებმა 500 პერსპექტიული კალათბურთელის თამაშის ამსახველი კადრები ნახეს და საუკეთესოები გვირჩიეს. 500-ის არა, დაახლოებით 250 კალათბურთელის თამაში ვნახე, მაგრამ მათ შორის შენგელია არ იყო.

ასეა თუ ისე, დღეს 20 წლის ქართველი "ბრუკლინ ნეთსის" ღირსებას იცავს და კლუბთან ერთად საზაფხულო ლიგისთვის ემზადება.

- საწყისი ორი ვარჯიშის შემდეგ შენგელიას შესახებ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია. მონდომებულია, იცის, როგორ უნდა კალათბურთის თამაში. ჩვენი გუნდი ევროპულთან მიახლოებულ კალათბურთს ანიჭებს უპირატესობას - გაშლილი შეტევით, "პიკ ენდ როლით", ერთი მაღლით... ეს ყველაფერი თორნიკემ კარგად იცის, - კმაყოფილი ჩანს ჯონსონი.

შენგელია "თოკიდ" წარმოგვიდგა. ვარჯიშისას ძალიან ენერგიული კალათბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მტკიცედ იდგა დაცვაში, პასებს ჭკვიანურად არიგებდა; ჩააგდო რამდენიმე შორეული ტყორცნა, როცა დაუცველი დარჩა; ბურთით სწრაფად გადაადგილებაც კარგად გამოსდის და ფარქვეშიდანაც ზუსტია; ტორინ გრინის პასით ერთი ლამაზი ალეი უპიც შეასრულა.

- ჯერ ვერ ვთამაშობ ისე, როგორც შემიძლია, კმაყოფილი არ ვარ, - ამბობს შენგელია, - მინდა უკეთესი ვიყო, რისთვისაც ძალას არ დავიშურებ.

იგი გასულ სეზონში "შარლერუას" მაისურით ბელგიის ჩემპიონატში საშუალოდ 18.4 წუთში 8.9 ქულასა და 5.2 მოხსნას ითვლიდა.

როცა ქართველი ახალგაზრდა დრაფტზე აიყვანა, "ბრუკლინის" გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თორნიკე მომავალ სეზონს ისევ ევროპაში გაატარებდა და შემდეგ დაბრუნდებოდა ამერიკაში.

თუმცა შენგელია სხვა აზრზეა. "ნეთსის" მაისურით საზაფხულო ლიგაზე აპირებს თამაშს და ეიმედება, რომ "ბრუკლინისგან" კონტრაქტსაც დაიმსახურებს.

ურიგო გეგმა ნამდვილად არ არის, რადგან "ნეთსის" შემადგენლობაში არაერთი თავისუფალი ადგილია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვარჯიშის პირველ დღეებში შენგელიამ ეივერი ჯონსონზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.

- დრაფტზე თორნიკეს რომ ვირჩევდით, მის ევროპაში დროებით დატოვებას ვაპირებდით, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენს შემადგენლობაზე, - ამბობს მწვრთნელი, - ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება საზაფხულო ლიგაზე გამოსვლას. შენგელიას ორლანდოს კემპზეც დავაკვირდებით. სადღეისოდ იგი იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ევროპაში დაბრუნება არ სურს".

შენგელია: გული დამწყდება, ამერიკაში თუ ვერ დავრჩები

გაზეთ "ნიუ იორკ პოსტის" ჟურნალისტი ტიმ ბონტამპსი უფრო მეტად ჩაეძია და თორნიკეს შესახებ, მწვრთნელთან ერთად, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ ტორინ გრინს დაეკითხა. ეს პუბლიკაცია წინა სტატიის გაგრძელებად გამოდგება.

"შენგელია კემპზე შთამბეჭდავი უნდა იყოს", - ასეთი სათაური მოუძებნა ბატონმა ტიმმა თავის სტატიას.

"207 სმ სიმაღლის ფორვარდი თორნიკე შენგელია "ბრუკლინ ნეთსის" საწვრთნელ პროცესში ხუთშაბათიდან ჩაერთო და მწვრთნელი ეივერი ჯონსონიც აალაპარაკა:

- შენგელია ჩვენი საწვრთნელი კემპის ვარსკვლავია. იგი საუკეთესო სამეულშია. დიდებული იქნება თორნიკეს ხილვა სხვა კალათბურთელების წინააღმდეგ. ამის საშუალება კი ორლანდოში მოგვეცემა.

ერთ-ერთ ვარჯიშზე შენგელიამ მეტად ეფექტური ეპიზოდი შემოგვთავაზა: ედვინ აბოლსს ბურთი ჩაუჭრა და სწრაფი დრიბლინგი მარცხენა ხელით ჩატენვით დააგვირგვინა.

- თორნიკეს ხან მსუბუქი, ხან მძიმე ფორვარდის პოზიციაზე ვათამაშებთ. მაგალითად, დღეს მესამე ნომერი იყო. თუ 207 სმ სიმაღლის ათლეტური ახალგაზრდა კარგად ისვრის, კარგად ამოვა პერიმეტრზე, კარგად შეასრულებს პასებს, მისი ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება, - ამბობს ჯონსონი.

საზაფხულო ლიგაზე შენგელიას გვერდით ტორინ გრინი ითამაშებს, რომელიც 2010 წელს საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა. თორნიკე მაშინ 18 წლისა იყო, თუმცა ტორინს მაშინაც შეეძლო მის პერსპექტიულობაზე ლაპარაკი და ახლაც:

- 2010 წელს თორნიკე ახალგაზრდა იყო, თუმცა ნაკრებში საკმარისად იტვირთებოდა. მას მერე შენგელიას თამაშები ვიდეოთი მაქვს ნანახი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული პროგრესი განიცადა. იგი ძალიან შრომისმოყვარეა და სწორედ ამის ხარჯზე წლიდან წლამდე იზრდება.

რადგან მწვრთნელზეც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, 20 წლის ქართველის მიზანი არ შეცვლილა:

- ამერიკაში დარჩენა და მომავალ სეზონში გუნდის დახმარება მინდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, გული დამწყდება.

თუმცა ისიც მესმის, რომ გადაწყვეტილი არაფერია და თუ "ბრუკლინში" წლეულს ვერ ჩავირიცხები, ევროპაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 2013-14 წლების სეზონისთვის ამერიკაში დავბრუნდე".

ორლანდოს საზაფხულო კემპი დღეს დაიწყება. მასში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: "ორლანდო მეჯიქი", "ბრუკლინ ნეთსი", "ბოსტონ სელტიქსი", "ფილადელფია სიქსერსი", "იუტა ჯაზი", "ოკლაჰომა თანდერი", "ინდიანა პეისერსი" და "დეტროიტ პისტონსი".

"ბრუკლინი" სადებიუტო მატჩს მასპინძელ "ორლანდოსთან" გამართავს. შეხვედრა 9 ივლისს გაიმართება. 10-ში შენგელიას თანაგუნდელები "ბოსტონს" დაუპირისპირდებიან, 11-ში - "ფილადელფიას", 12-ში - "ოკლაჰომას", ხოლო 13-ში - ინდიანას.

ეივერი ჯონსონი: შენგელია ჩვენი კემპის ვარსკვლავია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა