გუშინ VII ტურის მიმოხილვა შემოგთავაზეთ, დღეს კი უკვე მომდევნო ტურის წინათქმაა. 10 სექტემბერს დაწყებული ქართული "ბოქსინგ დეი" გრძელდება. ეს უცნაური "საშემოდგომო მარათონი" მხოლოდ ამ კვირის ბოლოს დასრულდება...
გუშინ VII ტურის მიმოხილვა შემოგთავაზეთ, დღეს კი უკვე მომდევნო ტურის წინათქმაა. 10 სექტემბერს დაწყებული ქართული "ბოქსინგ დეი" გრძელდება. ეს უცნაური "საშემოდგომო მარათონი" მხოლოდ ამ კვირის ბოლოს დასრულდება.

უკვე მივეჩვიეთ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს მატჩების ჩატარებას, იმ მატჩების, რომელთაგან ბევრი მართლაც უცნაური შედეგით რომ სრულდება. რა თქმა უნდა, გასაგებია, ყველა მატჩი წინასწარ დაწერილი სცენარით ვერ დამთავრდება და თითო მოულოდნელობა ყველა ტურს დაამშვენებს, მაგრამ ტურის 5 შეხვედრიდან 3 მატჩი სენსაციური შედეგით რომ მთავრდება, უკვე აღარ ვიცით, რას მივაწეროთ ეს "ტენდენცია".

ოღონდ, ერთ რამეზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ - საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე საუბარი ნამდვილად ზედმეტია. ალბათ, უფრო, გუნდების საერთო დონის გათანაბრების პროცესი მიმდინარეობს. ანუ, ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე მეორე თვეში მართლდება ვარაუდი იმის თაობაზე, რომ წინასგან განსხვავებით ამ სეზონში არც ვადამდელი ჩემპიონ-პრიზიორები გვეყოლება და არც - ვადამდელი აუტსაიდერები! აბა, გაიხსენეთ, ერთი წლის წინ როგორ იყო? ფაქტობრივად, ლამის ყველაფერი წინასწარ იყო გარკვეული და იმ XXI ჩემპიონატსაც, ალბათ, უფრო მოჩვენებითი ინტრიგა ახლდა...

ამჟამად სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა და ნებისმერი ტურის წინ გარკვეული ცვლილებების მოლოდინში ვართ, თან არა - მხოლოდ სატურნირო ცხრილში, უკვე საკადრო ცვლილებებიც დაიწყო. საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს პროცესი კიდევ უნდა გაგრძელდეს.

ისე, სეზონში პირველი სამწვრთნელო ცვლილება შარშან ბევრად უფრო ადრე, III ტურის შემდეგ მოხდა, მაგრამ ამ თემაზე (კონკრეტულად კი რამაზ მუმლაძის "ტორპედოდან" წასვლაზე) უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ. მანამდე კი VIII ტურის ანონსს შემოგთავაზებთ და წინდაწინ ვიტყვით, რომ "ტრადიციისამებრ" 5 მატჩიდან, სულ მცირე, 2-3 მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...

დინამო-ვიტ ჯორჯია

როცა ერთმანეთს "დინამო" და "ვიტ ჯორჯია" ხვდებიან, ამაზე მეტი ინტრიგა რაღა უნდა იყოს? საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში "დინამოს" დროდადრო გამოუჩნდებოდა ხოლმე უშუალო კონკურენტი თუ "უხერხული მეტოქე" ("გურია", "გორდა", ბათუმის "დინამო", "სამტრედია", "ლოკომოტივი", "ტორპედო", "ზესტაფონი", "ოლიმპი"), მაგრამ ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბისა და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირებამ მაინც განსაკუთრებული სახე მიიღო. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა სტადიაზე ხვდებიან ერთმანეთს ეს პრინციპული მეტოქეები - სეზონის სტარტზე, შუაგულსა თუ დასკვნით ეტაპზე. "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" ნებისმიერი დაპირისპირება ამ გუნდების ხელმძღვანელთათვის, მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისათვის მუდამ პრინციპულ ხასიათს ატარებს.

ერთი მხრივ, მოწინააღმდეგეთა შორის დაძაბულობის ასეთი მაღალი ხარისხი არც უნდა გვიკვირდეს: "დინამოც" და "ვიტ ჯორჯიაც" საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კლუბებად მიიჩნევიან და რამდენი შემთხვევა ყოფილა, როცა ჩემპიონობის ბედი სწორედ ამ ორი გუნდის უშუალო პაექრობაში გადაწყვეტილა. სეზონის ფინიშამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ დღევანდელი მატჩიც რომ ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" ერთნაირი ქულები აქვთ და კახა კაჭარავას გუნდი ბოლო წლების მარადიულ მეტოქეს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს.

პრინციპული მოწინააღმდეგები დღევანდელ დაპირისპირებას არაერთგვაროვან ხასიათზე ხვდებიან: ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ "დინამომ" წინა ტურში ბოლნისში მარცხი განიცადა. არადა, ორ ტრავმირებულ ფეხბურთელს (ედნილსონი, რობერტინიო) თუ არ ჩავთვლით, "დინამომ" ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზა.

გასაგებია, რომ ასეთი გადატვირთული კალენდრის ფონზე, ყველა მატჩის მოგება, ცოტა არ იყოს, ძნელი საქმეა, მაგრამ თუ გუნდს საჩემპიონო ამბიციები აქვს, უშუალო კონკურენტ(ებ)ს "გაქცევის" საშუალება არ უნდა მისცეს, თორემ მერე ჩამორჩენას ვეღარ აღმოფხვრის.

ნურც ის ფაქტი დაგვავიწყდება, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩიდან ოთხ დღეში "დინამოს" არანაკლებ პრინციპული დაპირისპირება ელოდება - სამწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისს უნდა ესტუმროს! მომდევნო ტურში "ვიტ ჯორჯიასაც" ძლიერი მეტოქე ეყოლება - "ზესტაფონს" მასპინძლობს. მაგრამ "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებისგან განსხვავებით მერაბ კოჭლაშვილის გუნდს ხომ ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვს. ახალი რა უნდა ვთქვათ - ყოველი სეზონის წინ "დინამო" ფავორიტია და გამონაკლისი, არც ეს ჩემპიონატია.

ბოლო წლებში ანალოგიური სტატუსი ჰქონდა "ვიტ ჯორჯიასაც", მაგრამ ამ სეზონის დაწყების წინ "ვეტერინარებში" ისეთი მასშტაბური საკადრო ცვლილებები მოხდა, წესითა და რიგით, გუნდის მიზანი ბევრად უფრო მოკრძალებული უნდა ყოფილიყო. ეს კი არა, იყო ხალხი, ვინც ამტკიცებდა, რომ ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევდა ბრძოლა! სინამდვილეში კი, ეს ერთიანად გაახალგაზრდავებული გუნდი არავის და არაფერს ეპუება და ლიდერთა შორისაც აბსოლუტურად დამსახურებულად იმყოფება...

1998 წლიდან მოყოლებული, დღევანდელმა მეტოქეებმა ერთმანეთში 39 მატჩი ჩაატარეს. "დინამოს" უმნიშვნელო უპირატესობა აქვს: 12 მოგება, 16 ფრე და 11 წაგება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთი ხანობა პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებები საყაიმო ანგარიშით მთავრდებოდა: წლეულს, 21 თებერვალს, "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად შეძლო "დინამოს" დამარცხება, თორემ მანამდე ჩატარებულ 6 (!) მატჩში ფრე ფიქსირდებოდა! წინა სეზონის IV წრის მატჩში "დინამომ" რევანშის აღება (ჯორჯ აკირემის დუბლის წყალობით) მოახერხა, მაგრამ "ვეტერინარებს" ამაზე გული დიდად არ დასწყდებოდათ. რაც მთავარია, "ვიტ ჯორჯიამ" წინა სეზონის ორივე უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში აჯობა თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს - ჯერ სუპერთასის მატჩში აჯობეს (დამატებით დროში), მერე - საქართველოს თასის ფინალშიც!

თუმცა სუპერთასსა და თასის ფინალში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობიდან დღესდღეობით "ვიტ ჯორჯიაში" 2-3 ფეხბურთელიღა შემორჩა. გამოდის, რომ "ვეტერინართა" ახალგაზრდა მოთამაშეების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის "დინამოს" დღეს პირველად დაუპირისპირდება...

სიონი-ზესტაფონი

ზედიზედ 3 ტურია, "სიონი" ყურადღების ცენტრშია: ბოლნისურმა გუნდმა ჯერ ზუგდიდიდან წამოიღო ქულა, მერე - ქუთაისიდან, სამიოდე დღის წინ კი პირველი საშინაო გამარჯვებაც მოიპოვა, თან გამარჯვებასაც ხომ გააჩნია - დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის გუნდმა წინა ტურში თვით თბილისის "დინამო" დაამარცხა (მეოთხედ - 15-წლიანი დაპირისპირების განმავლობაში)! ნუ დაგვავიწყდება, როგორი პრობლემებით შეხვდნენ ბოლნისელები სეზონის დაწყებას - გუნდი ხომ, ფაქტობრივად, ზედ ჩემპიონატის წინ შეიკრიბა და ასეთი მოუმზადებელი ჩაერთო გათამაშებაში...

ყოველივე ამის გამოც იყო, რომ ბევრის აზრით, "სიონი" მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებდა, თუმცა 7 ტურია გასული და იმის გარდა, რომ გუნდი მისთვის მართლაც საპატიო VI ადგილზეა, სხვა ორი შედეგითაც თავს იწონებს. თავად განსაჯეთ - ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები წაგებაც და ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლიც სწორედ "სიონს" აქვს. არადა, ის ერთადერთი მარცხიც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელობად გვეჩვენება - ყიფიანის გუნდმა ბევრად ძლიერ მეტოქეებს დააკარგვინა ქულები და ამავდროულად, არაფრით გამორჩეულ "სპარტაკთან"... წააგო, თან - დიდი ანგარიშით.

ვნახოთ, როგორ მოახერხებენ "სიონის" მწვრთნელ-ფეხბურთელები ოთხდღიან ინტერვალში ზედიზედ მეორე გრანდის დამწუხრებას. ბოლნისში დღეს ხომ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ზესტაფონი" ჩადის. 10 სექტემბერი იყო, გია გეგუჩაძის გუნდმა ზუგდიდში რომ წააგო, მაგრამ იმის მერე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა და სრულიად დამსახურებულადაც გალიდერდა.

იმის გარდა, რომ "ზესტაფონი" ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი გუნდია, თვალშისაცემია სხვა ფაქტორიც - გრძელი სათადარიგოთა სკამი, რაც მთავარ მწვრთნელს უმტკივნეულო როტაციის საშუალებას აძლევს. სხვადასხვა მატჩში გუნდის ორ-სამ ლიდერს დასვენების საშუალება აქვს, და რაც მთავარია, ყოველივე ამას უარყოფითი შედეგი არ მოაქვს.

დაბოლოს - კალენდრის მიხედვით, ამ წყვილს შორის I წრის მატჩი ზესტაფონში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოგეხსენებათ, ზესტაფონის სტადიონზე მოედნის საფარის გამოცვლა დაიწყეს და საერთო შეთანხმებით, VIII ტურის მატჩი ბოლნისში ჩატარდება. სამაგიეროდ, მეორე წრის შეხვედრა, კალენდრით გათვალისწინებული ბოლნისის ნაცვლად, ზესტაფონში ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!