გიგა ყუფარაძე და ზაურ მამადოვი 5,5-5,5 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცნენ
ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშების მთავარ ტურნირში 18 ივლისს მე-6 ტურის შეხვედრები გაიმართა.

მანამდე 4,5-4,5 ქულით ექვსი მოჭადრაკე მეწინავეობდა. ორი მათგანი - დავით მაღალაშვილი და გაიოზ ნიგალიძე - მალევე დაზავდა. სამაგიეროდ, გიგა ყუფარაძემ სომეხი დავით კალაშიანი დაამარცხა, ხოლო აზერბაიჯანელმა ზაურ მამადოვმა ჰოვიკ ჰაირაპეტიანს (სომხეთი) აჯობა და 5,5-5,5, ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცნენ.

ლიდერებს 0,5-0,5 ქულით ჩამორჩებიან ნიგალიძე, ჰაირაპეტიანი, დავით ლომსაძე, ირაკლი ბერაძე, მაია ლომინეიშვილი, ზურაბ ჯავახაძე და დავით მაღალაშვილი, რომლებიც მესამე-მერვე ადგილებს ინაწილებენ.

19 ივლისს ფოთში ორი ტურის პარტიები გაიმართება. მეშვიდეში ინტერესს იწვევს ნიგალიძე - ყუფარაძის, ჰაირაპეტიან - მამადოვის, ლომსაძე - მაღალაშვილის, ბერაძე - ჯავახაძისა და საქართველოს ექს-ჩემპიონების - დავით ზარქუას (4,5) და მაია ლომინეიშვილის ორთაბრძოლები.

8-წლიან გოგონებში ლიდერობა შეინარჩუნა დიანა ლომაიამ. გუშინ მან თეკლა ვადაქარია დაამარცხა და 6 ქულა მოაგროვა.

ლიდერს კვალში მიჰყვება ელენე გაბესკირია - ლილე გუმბერიძის ძლევით 5 ქულას მოუყარა თავი და მეორე ადგილზეა.

4-4 ქულა აქვთ ელენე იოსელიანს, თათევიკ ადამიანს (სომხეთი), ლილე გუმბერიძეს და 6 წლის მარტა ქათამაძეს, რომელმაც შავი ფიგურებით ელენე წოწონავას აჯობა.

ბიჭებშიც მეექვსე გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ კაჭარავამ - გორ გრიგორიანს (სომხეთი) მოუგო და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში.

ასევე უშეღავათო იყო მეწინავეთა ჯგუფის სხვა წევრების პაექრობებიც: დავით გაბუნია - ახმად ახმადზადე (აზერბაიჯანი) 1:0, სურენ აპინიანი (სომხეთი) - თევდორე ნადარეიშვილი 0:1, გიორგი მესხია - უმიდ ასლანოვი (აზერბაიჯანი) 1:0. ამდენად, ერთპიროვნულ ლიდერს თითო ქულით ჩამორჩებიან ნადარეიშვილი, გრიგორიანი, მესხია და გაბუნია.

10-წლიან გოგონებში პოზიციებს არ თმობს ანასტასია სიდამონიძე, რომელმაც გუშინ თეთრი ფიგურებით თამარ ესაძე დაამარცხა და მთავარი პრიზის მოპოვების რეალური შანსი აქვს, რადგან უახლოეს მდევრებს - შესაბამისად, თამარ ლაგაზაურისა და მანე ჰოვანისიანის (სომხეთი) მძლეველთ - მარიამ ბაბაიანსა (სომხეთი) და ეითაჯ ჰეიდაროვას (აზერბაიჯანი) 1,5-1,5 ქულით უსწრებს (ოთხქულიანები მრავლად არიან).

შეჯიბრების დამთავრებამდე კი 3 ტური დარჩა. ბიჭებში უდანაკარგო ნიკოლოზ პეტრიაშვილის წინსვლა მათე თოდაშვილმა შეაფერხა - პირველი მარცხი აგემა ერთპიროვნულ ლიდერს და 5,5 ქულით თავად დაწინაურდა. პეტრიაშვილს ქულებით დავით კამკია და ანტონ ნადირაძე გაუთანაბრდნენ - გუშინ მათ ილია ჩხეტიას და ჰაკობ ჰაკობიანს გააჩერებინეს საათი.

12-წლიან გოგონებში მეწინავეთა მე-6 ტურის პარტიები ასე დამთავრდა: მარიამ ავეტისიანი (სომხეთი) - მარიამ დოლიძე 0,5:0,5, მარიამ გურჯიევი (საქართველო) - ანი ივანიანი (სომხეთი) 0:1, ჰეგინე ამირხანიანი (სომხეთი) - ლიკა იმნაძე 0:1. ექვსი ტურის შემდეგ: ავეტისიანი - 5,5, ივანიანი - 5, იმნაძე - 4, დოლიძე - 3,5 ქულა.

ბიჭები. კოკა ბუკია - გურამ კოკაია 0,5:0,5, გურამ ჭელიძე - დავით გვენეტაძე 0:1, აშოტ ფარვანიანი - ჰაკობ ჰაკობიანი 1:0, ცოტნე მამულაიშვილი - ნიკოლოზ ცომაია 0:1, არმენაკ ნაზარიანი (სომხეთი) - გიორგი თავზარაშვილი 1:0. 5-5 ქულით გვენეტაძე და კოკაია მეწინავეობენ. შემდეგ მოდიან ბუკია, ცომაია, ნაზარიანი და ფარვანიანი - 4,5-4,5 ქულა.

ფავორიტები გამოცოცხლდნენ

ფიდეს ეგიდით მოჭადრაკე ქალთა გრანპრის მე-4 ეტაპის (სომხური ჯერმუკი მასპინძლობს) პირველ ტურში ფავორიტებად მიჩნეულმა მოჭადრაკეებმა დაუგეგმავ ზავებზე მოაწერეს ხელი, რაც მე-2 ტურში გაითვალისწინეს და მონაგარი თითო ქულით გაიმდიდრეს.

ორგზის მსოფლის ჩემპიონმა ჰოუ იფანმა (ჩინეთი) შავი ფიგურებით 39-ე სვლაზე სძლია მასპინძელ ლილით მკრტიჩიანს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰამფი კონერუს ჩვენებური ნინო ხურციძის დასამარცხებლად 25 სვლა ეყო. დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ცზიუ-ვენძიუნი (ჩინეთი) - ელინა დანიელიანი (სომხეთი) 1:0, ჟაო სიუ (ჩინეთი) ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი) 0:1, კატერინა ლაგნო (უკრაინა), ეკატერინა კოვალევსკაია (რუსეთი) 1:0, ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი) - ლუფეი რუანი (ჩინეთი) 0:1.

ორი ტურის შემდეგ: კონერუ, ვენძიუნი - 2-2, ჰოუ იფანი, ლაგნო, რუანი - 1,5-1,5, კოვალევსკაია, კოსინცევა - 1-1, დანიელიანი, მონგონთუული, მკრტიჩიანი - 0,5-0,5, ჟაო სიუ, ხურციძე - 0-0 ქულა.

მე-3 ტურში ითამაშებენ: ნინო ხურციძე - ჟაო სიუ, ელინა დანიელიანი - ჰამფი კონერუ, ჰოუ იფანი - ცზიუ ვენძიუნი, ლუფეი რუანი - ლილით მკრტიჩიანი, ეკატერინა კოვალევსკაია - ბათჰუიაგ მონგონთუული, ნადეჟდა კოსინცევა - კატერინა ლაგნო.

ჯობავა-ვოიტაშეკის მატჩი რუბინშტეინის იუბილეს ეძღვნება

წლეულს ზეიმით აღინიშნება სახელოვანი პოლონელი მოჭადრაკის - აკიბი რუბინშტეინის დაბადებიდან 130-ე წლისთავი. საიუბილეო თარიღს ეძღვნება საქართველოს და პოლონეთის უძლიერესი დიდოსტატების - ბაადურ ჯობავას და რადოსლავ ვოიტაშეკის მატჩი, რომელიც 24-28 ივლისს პოზნანში (პოლონეთი) გაიმართება.

მეტოქეები ერთმანეთს 4 კლასიკურ პარტიასა და 4 სწრაფ ჭადრაკში დაუპირისპირდებიან. განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათი პაექრობა რაპიდში, რადგან სწორედ სწრაფ ჭადრაკში იყო ვოიტაშეკი ევროპის ჩემპიონი 2008 წელს, სამი წლის შემდეგ კი ეს ტიტული ჯობავამ მოიპოვა.

პოლონელი დიდოსტატი დიდი ხნის შესვენების შემდეგ, რაც გამოწვეული იყო ბორის გელფანდთან მატჩისას მსოფლიოს ჩემპიონის - ვიშვანათან ანანდის სამწვრთნელო შტაბში მუშაობით, კვლავ დაუბრუნდება საშეჯიბრო სარბიელს; თანაც, 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მე-2 წრეში ჯობავასთან მარცხისთვის რევანშის აღებასაც შეეცდება.

ამ მატჩამდე ქართველი დიდოსტატი ერთგვარ მოთელვას ამსტერდამში გადის, სადაც პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის ინიციატივით მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი "ოქროს კლასიკა".

შეგახსენებთ, რომ მეტოქეებს 40 სვლისთვის 2,5-2,5 საათი ეძლევათ პარტიის შესაძლო გადადებით. განვლილ სამ ტურში ამგვარი უფლებით მხოლოდ ერთხელ ისარგებლეს მოასპარეზეებმა - მესამე ტურის ანა მუზიჩუკი-ბაადურ ჯობავას პარტია 41-ე სვლაზე გადაიდო.

რადგანაც მეტოქეებს წარმატების მიღწევის არავითარი შანსი არ ჰქონდათ, მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. გუშინ ერთდღიანი შესვენების შემდეგ მოჭადრაკეები კვლავ მიუსხდნენ 64-უჯრიან დაფებს.

ბაადურ ჯობავა, რომელსაც სამი შესაძლებლიდან მხოლოდ 0,5 ქულა აქვს, ისვენებდა. გატა კამსკი და ვასილი ივანჩუკი მე-10 სვლაზე დაზავდნენ.

ორთაბრძოლის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგ კამსკიმ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის საიტითა და საკუთარი "ფეისბუკით" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა ასე სწრაფი ყაიმისთვის და იგი წინა დღის ამბებს დაუკავშირა.

17 ივლისს კი ის მოხდა, რომ ფიდემ გაურკვეველი მიზეზებით ვაჟთა გრანპრის სიიდან გატა კამსკი ამოიღო და მის ნაცვლად აზერბაიჯანელი ვუგარ გაშიმოვი ჩასვა. ამან, ცხადია, უარყოფითად იმოქმედა ამერიკელ მოჭადრაკეზე.

ამსტერდამის "ოქროს კლასიკის" დანარჩენი ორი პარტია ასე დამთავრდა: ემილ სუტოვსკი - კრიშნან სასიკირანი, ლე ქუანგ ლიემი - ანა მუზიჩუკი - გადაიდო. მათი დამთავრება 21 ივლისსაა დაგეგმილი.

გუნდები ქართველებითაც გააძლიერეს

ერთდღიანი შესვენების შემდეგ კონიაში განახლდა მოჭადრაკეთა თურქეთის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც, მიწვევით, იქაურ გუნდებში საქართველოს 8 წარმომადგენელიც მონაწილეობს.

მე-8 ტურში "ტარსუს ზეკამ", რომლის ღირსებასაც ოთხი ქართველი იცავს და შვიდი ტურის შემდეგ მე-3 ადგილზე იყო, მოულოდნელად "ქეისანთან" დათმო ორთაბრძოლა - 3,5:6,5. მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი და ლუკა პაიჭაძე (ქეთი წაწალაშვილს არ უთამაშია), შესაბამისად, ვლადიმირ მალახოვს, მიხეილ ქობალიას და ევროპის ჩემპიონ ვალენტინა გუნინას დაუზავდნენ.

კვლავ დამარცხდა "ვარსკვლავებით" დახუნძლული ლევან ფანცულაიას "ისეკი" (სტამბული), ამჯერად "პერა სფორთან". მართალია, ლევანმა სარხან გულიევს მოუგო და ქულა შესძინა კლუბს, მაგრამ ამან "ისეკს" ვერ უშველა.

ფანცულაიას თანაგუნდელი ევროპის ჩემპიონი ეკატერინა ატალიკი ბელა ხოტენაშვილს დაუზავდა. სოფიკო გურამიშვილის "დენიზლი პამუკალი" ნაზი პაიკიძის "მანიშას" დანებდა - 4,5:5,5.სოფიკო და ანა უშენინა დაზავდნენ. ნაზი ამ ტურში ისვენებდა.

18 ივლისს მე-9 ტურის შეხვედრებიც გაიმართა. კვლავ დამარცხდა "ტარსუს ზეკა", ამჯერად ანკარის გუნდთან და მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს საგრძნობლად ჩამორჩა. სამაგიეროდ, იყოჩაღა "პერა სფორმა", რომელმაც მონაგარი 2 ქულით გაიმდიდრა და 12 (51) ქულით მე-4 ადგილს ინარჩუნებს.

პირველ-მესამე ადგილებს "ბეშიქთაში"-17 (61,5), სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი -16 (58,5) და "ანკარა გაზი" - 13 (52) ინაწილებენ. 9 ტურის შემდეგ ქართველთა მონაგარი ასეთია: გურამიშვილი-7 (9-დან), მჭედლიშვილი-5,5 (9), ხოტენაშვილი-5,5 (9), ფანცულაია-5 (6), პაიკიძე-4,5 (6), პაიჭაძე-4 (5), გაგუნაშვილი-3,5 (8), წაწალაშვილი-2,5 (5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა