ფრანგული პრესის ეპითეტები შვედისადმი: გენიოსი, მაგიური ფეხბურთელი, წმინდა მონსტრი, მესია...
პარიზი მოჯადოვებულია: ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერმა საფრანგეთის დედაქალაქში უდიდესი საფეხბურთო ბუმი გამოიწვია.

პსჟ-ის გულშემატკივრები ეიფორიაში არიან, მწვრთნელი და ხელმძღვანელები კმაყოფილებით ხელებს იფშვნეტენ; ჟურნალისტებმა აღარ იციან, რომელი ეპითეტით შეამკონ პარიზელთა მორიგი ძვირად ღირებული ახალწვეული; პოლიტიკოსებს კი სალაპარაკო მიეცათ - ფეხბურთელისთვის წელიწადში 14-15 მილიონი ევროს გადახდა ბოროტი ანეკდოტიაო.

"იბრაკადაბრამ" პარიზი 17 ივლისს მოიცვა: პარიზელებმა ზლატანი ოფიციალურად ოთხშაბათს, ნაშუადღევს წარადგინეს.

"ყველამ იცის, რომ ამ გუნდს უდიდესი მომავალი აქვს და მე მინდა, რომ ამ გრანდიოზული კონცეფციის ნაწილი ვიყო", - ამ სიტყვებით მიმართა იბრამ პსჟ-ის ქომაგებს ფრანგულ გრანდთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რაც მას ჯამში მინიმუმ 42 მილიონ ევროს მოუტანს - ზლატანის ხელფასი წელიწადში 14 მილიონით განისაზღვრა.

ასტრონომიული, არაპოლიტკორექტული ხელფასი

მისი ჯამაგირი დღეს საფრანგეთში ლამის ნომერ პირველი სალაპარაკო თემაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იბრაჰიმოვიჩის ხელფასზე ფრანგი პოლიტიკოსებიც ალაპარაკდნენ - რა თქმა უნდა, ნეგატიურად.

"ამბობენ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს შთამბეჭდავი ხელფასი დაუნიშნესო. მე ვიტყოდი: შთამბეჭდავი კი არა, კატასტროფულად მაღალი ხელფასი დაუნიშნეს. ფეხბურთელისთვის წელიწადში 14-15 მილიონის გადახდა ყველანაირ ჩარჩოს სცდება", - ეს საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის, ჟერომ კაუზას სიტყვებია.

ზლატანის ტრანსფერი პსჟ-ს ჯამში 70 მილიონამდე უჯდება, რაც ამ უკანასკნელის აზრით, ზედმეტად დიდი თანხაა:

"მთელი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ამ დროს ერთ კლუბს ერთი ფეხბურთელი 70 მილიონი ევრო უჯდება. ზლატან იბრაჰიმოვიჩის საფეხბურთო შესაძლებლობებს ეჭვქვეშ არ ვაყენებ; უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ფეხბურთელში ამდენი ფულის გადახდა არ არის სწორი და ფეხბურთელს ასეთი ხელფასი არ უნდა ენიშნებოდეს".

ზლატანის ტრანსფერს, მის სატრანსფერო ღირებულებას და ხელფასს საფრანგეთის სპორტის მინისტრი ვალერი ფურნეირონიც გამოეხმაურა - მან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერში დახარჯულ თუ დასახარჯ თანხებს ასტრონომიული და არაპოლიტკორექტული უწოდა.

იბრაჰიმოვიჩი: პარიზში დიდი ეპოქა იწყება

ფრანგული მედია კი თავის სტიქიაშია. პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ და ფეხბურთელის მრჩეველმა მინო რაიოლამ ზლატანის ტრანსფერი სამშაბათს საღამოს დაადასტურეს და მას მერე ფრანგული გაზეთები ერთმანეთს იბრაჰიმოვიჩისთვის მეტსახელების მოძებნასა და ორიგინალური ეპითეტების მოფიქრებაში ეჯიბრებიან.

"ეკიპმა" შვედს Geant (გიგანტი) უწოდა; სხვა გაზეთებმა კი იბრა "გენიოსად", "მაგიურ ფეხბურთელად", "წმინდა მონსტრად" და "მესიადაც" კი მოიხსენიეს.

"ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ის ფეხბურთელი გავხდი. კლუბის ხელმძღვანელებს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ ჩემს გამო ყველაფერი გააკეთეს. ეს ჩემს კარიერაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ ერთი ოცნება ამიხდა, საფრანგეთში თამაშის საშუალება რომ მეძლევა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დავწერთ პსჟ-ის ისტორიას. აქ მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი, რომ დიდი გამარჯვებები ვიზეიმო და მჯერა, რომ პარიზში დიდი საფეხბურთო ეპოქა იწყება", - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენციაზე.

ზლატანის თქმით, ის პსჟ-ის ხელმძღვანელებთან პირველივე სატელეფონო საუბრისას მიხვდა, რომ ამ კლუბში გადასვლა უნდოდა. 30 წლის შვედი პსჟ-ს "ოცნების გუნდს" უწოდებს - გუნდი უკვე ძალიან ძლიერია და სუპერგრანდებთან ჭიდილი შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, თეორია, რაც პრაქტიკაში უნდა გადავიტანოთ. ახლა მოედანზე უნდა დავამტკიცოთ, რომ ძალიან მაგრები ვართო.

შთამბეჭდავი სიტყვებია და პრინციპში, სხვა რამ არც იყო მოსალოდნელი, თუმცა იბრაჰიმოვიჩმა არც მისი ყოფილი კლუბი, "მილანი" დაივიწყა:

"მილანი" ცხოვრების ბოლომდე მეყვარება, რადგან ამ გუნდში ვიგრძენი ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ვგრძნობდი. მადლობა "მილანს" იმისათვის, რომ "ბარსელონაში" გატარებული ჩემთვის საშინელი პერიოდის შემდეგ გადამიბირა და ძველი დიდების დაბრუნებაში დამეხმარა.

"მილანს" და მილანისტებს არასდროს დავივიწყებ. ვიცი, რომ "როსონერის" ფანებს გული დავწყვიტე, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ პსჟ-ის გრანდიოზული პროექტის ნაწილი ვყოფილიყავი. ხელმძღვანელები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ყიდულობენ და დღეს ყველას ამ გუნდში თამაში უნდა", - ასე დაასრულა ზლატანმა პრესკონფერენცია.

პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფა და სპორტული დირექტორი ლეონარდო ახლა უკვე თამამად აცხადებენ, მთელი ევროპა საფრანგეთის ლიგაზე რომ ლაპარაკობს, ეს სწორედ პსჟ-ს დამსახურებააო და მართლებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩამდე პარიზელებმა "მილანიდან" ტიაგო სილვაც გადაიბირეს და ზოგადად, ვარსკვლავებს მხოლოდ იტალიიდან მიერეკებიან. "პესკარას" 19 წლის ნახევარმცველ მარკო ვერატიში პსჟ-მ 12 მილიონი ევრო გაისროლა, ხოლო "ნაპოლიდან" ესეკილ ლავეცი 30 მილიონად შეიძინა.

ამბობენ, პსჟ-ს სატრანსფერო აქტივობა ჯერ არ დაუმთავრებიაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა