ჩეხურ ჩოგბურთს ივან ლენდლის შემდეგ ახალი გმირი გამოუჩნდა. 1987 წლიდან მოყოლებული პირველად ამ ქვეყანას უიმბლდონის ფინალში თავისი წარმომადგენელი ეყოლება...

ჩეხურ ჩოგბურთს ივან ლენდლის შემდეგ ახალი გმირი გამოუჩნდა. 1987 წლიდან მოყოლებული პირველად ამ ქვეყანას უიმბლდონის ფინალში თავისი წარმომადგენელი ეყოლება - ეს გახლავთ ტომაშ ბერდიხი, რომელიც წლევანდელი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ გმირად უნდა მოინათლოს. ჩეხმა როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალში სამ სეტში მოუგო სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს.

ბერდიხს აქამდე ორი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული სერბის წინააღმდეგ და ორივე მატჩი "მშრალი" ანგარიშით წააგო. სწორედ ამის გამო, აგრეთვე წინა მატჩებში ჯოკოვიჩის დამაჯერებელი თამაშის გათვალისწინებით, ფავორიტად ნოვაკს ასახელებენ, თანაც, ბერდიხი ერთადერთი წარმომადგენელი იყო ნახევარფინალში, რომელსაც ბალახის კორტზე არც ერთი ტურნირი არ ჰქონდა მოგებული. თუმცა ბერდიხმა დაამტკიცა, რომ წინა წრეში ფედერერის ძლევა შემთხვევითობა არ ყოფილა.

ამ სეზონში ტომაშის პროგრესი მარტის ბოლოს დაიწყო, როცა ჩეხმა მაიამის მასტერსის ფინალში გააღწია, სადაც ამერიკელ ენდი როდიკთან დამარცხდა, ამის შემდეგ იყო როლან გაროსის ნახევარფინალი და ახლა, ბერდიხმა უიმბლდონის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. თანაც ჩეხმა ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა. მაგალითად, პირველ სეტში მოგებას მან 33 წუთი მოანდომა. ეს შესაძლებელი გახდა მეექვსე გეიმში აღებული ბრეიკის წყალობით.

მეორე სეტში ბერდიხმა თავად გაუშვა ხელიდან წარმატების მიღწევის იოლი შესაძლებლობა. კერძოდ, 5:5-ზე ჩეხმა მატჩში მეორე ბრეიკი გააკეთა და სეტზე აწვდიდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ბრეიკით უპასუხა მეტოქეს და პარტია ტაი-ბრეიკში გადაიყვანა. იქ კი სერბმა კინაღამ სასწაული მოახდინა - 2:6-ზე ნოვაკმა ოთხი სეტ-პოინტი მოიგერია, შემდეგ თავად შეეძლო ორჯერ ერთი დარტყმით სეტის მოგება. საბოლოოდ, ეს ლატარია სერბმა ცუდად დაასრულა - ბერდიხის მორიგ სეტ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და პარტია "აჩუქა" მეტოქეს.

სხვათა შორის, მესამე სეტშიც ბერდიხმა ერთადერთი ბრეიკი ჯოკოვიჩის ორმაგი შეცდომის შემდეგ გააკეთა და ანგარიში 5:3 გახდა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო - ჩეხმა მატჩზე ჩააწოდა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ჯოკოვიჩი მეორედ გამოეთიშა უიმბლდონს ნახევარფინალური ეტაპიდან. პირველად ეს 2007 წელს მოხდა. სერბმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა: "ვულოცავ ტომაშს. მან შესანიშნავი მატჩი და ტურნირი ჩაატარა. ამ შეხვედრაში ის უკეთესი იყო და ამიტომაც გაიმარჯვა. სამწუხაროდ, ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენე. ზოგიერთ მომენტში არ მიმართლებდა, ზოგჯერ კი ბერდიხი აშკარად მჯობდა. არ ვცდილობდი შეტევას, მხოლოდ მის შეცდომებს ველოდი. ეს არასწორი ტაქტიკა იყო. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემს მოქმედებებზე ნერვიულობამაც იმოქმედა. შეხვედრის დასაწყისში სწორი რითმი ვერ ვიპოვნე. ჩემი აზრით, თუ ფინალში ბერდიხი ისევე ითამაშებს, როგორც ეს ფედერერისა და ჩემს წინააღმდეგ გააკეთა, მას შეუძლია ტიტულის მოგება".

დიდ ინტერესს იწვევდა მეორე ნახევარფინალი ბრიტანელ ენდი მიურეისა და ესპანელ რაფაელ ნადალს შორის, რომელიც თითქმის ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც ბერდიხისა და ჯოკოვიჩის შეხვედრა. ადგილობრივ გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი კერპი შეძლებდა ნავსის გატეხვას და კარიერაში პირველად უიმბლდონის ფინალში გასვლას. თუმცა მიურეის წინააღმდეგ იყო ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკა - ნადალი ამ მატჩამდე 7:3-ს ამარცხებდა ბრიტანელს, ხოლო მათი ერთადერთი შეხვედრა უიმბლდონზე რაფაელმა სამ სეტში მოიგო - 6:3, 6:2, 6:4. ეს ორი წლის წინ მეოთხედფინალში მოხდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გუშინდელ მატჩში ბრძოლა არ ყოფილა. ნადალმა მოულოდნელად სამ სეტში მოუგო მასპინძელს და სამართლიანად გავიდა ფინალში. პირველი პარტია სულ რაღაც 37 წუთს გაგრძელდა. პირველი ბრეიკ-პოინტი მხოლოდ მეცხრე გეიმში დაფიქსირდა - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და 5:4 დაწინაურდა, რის შემდეგაც სეტზე დამაჯერებლად ჩააწოდა - 6:4.

მეორე სეტის სტარტზეც მეტოქეები ბრძოლის გარეშე იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს და საქმე ბრეიკ-პოინტებამდე არ მიდიოდა. უფრო ახლო მიზანთან მაინც მიურეი იყო. მაგალითად, მეექვსე გეიმში ნადალმა 40:15 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ კინაღამ დათმო საკუთარი მოწოდება, მერვე გეიმში კი შოტლანდიელმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა - 15:40, თანაც ეს მისი პირველი ბრეიკ-პოინტები იყო მატჩში. მაგრამ ნადალმა წარმატებით მოიგერია საფრთხე და ანგარიში გაათანაბრა - 4:4.

საბოლოოდ, ურთიერთობის გარკვევა ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა, სადაც მიურეი მინი-ბრეიკით დაწინაურდა - 2:0. მაგრამ ესპანელს დიდხანს არ უფიქრია, მეტოქეს ვალი დაუბრუნა და სტატუს-ქვო აღადგინა - 2:2. თითქოს სეტის ბედი 5:5-ზე გაირკვა, როცა რაფამ მატჩში მეორე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ბრიტანელს სეტბოლი "აჩუქა". თუმცა მიღებაზე ნადალმა აგრესიულად ითამაშა და ბადესთან გასულმა მნიშვნელოვანი ქულა აიღო - 6:6. უფრო მეტიც, შემდეგ გათამაშებაში ესპანელმა ბადესთან გასულ მიურეის შესანიშნავი შემოვლითი დარტყმით უპასუხა, შემდეგ კი მშვიდად დაუსვა წერტილი მეორე სეტს - 7:6(8:6).

მესამე სეტი მოულოდნელად დაიწყო: ნადალმა პირველად მატჩში საკუთარი მოწოდება წააგო, თანაც "მშრალი" ანგარიშით. ესპანელმა მხოლოდ მერვე გეიმში დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი - 4:4, კიდევ ორი გეიმის აღების შემდეგ კი გამარჯვება გაიფორმა და კარიერაში მეოთხედ გავიდა უიმბლდონის ფინალში.

მაშ ასე, კვირას გადამწყვეტ შეხვედრაში ნადალი ტომაშ ბერდიხს შეხვდება. სხვათა შორის, რაფაელი ამ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებშიც 7:3-ს იგებს. მათი ბოლო მატჩი მიმდინარე სეზონში, ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში შედგა, რომელიც ესპანელმა 6:4, 7:6(7:4) მოიგო.

აქვე გავეცნოთ ორ საინტერესო ინფორმაციას უიმბლდონთან დაკავშირებით. პირველი დებ უილიამსებს შეეხებათ. წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ, სერენა და ვენუსი სავალდებულო პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდნენ. ამის გამო თითოეულს 4 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

როგორც სააგენტო AP წერს, სერენა უილიამსი შოკირებული დარჩა ამ გადაწყვეტილებით, რადგან მისი სიტყვებით, დასთან ერთად ის იშვიათად ლაპარაკობს ჟურნალისტებთან და გამონაკლისს მხოლოდ ფინალებისთვის უშვებს.

ამასობაში, რუსმა ანა კურნიკოვამ და შვეიცარიელმა მარტინა ჰინგისმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს უიმბლდონზე ვეტერანებს შორის წყვილთა თანრიგში. ანასა და მარტინას დუეტმა 6:1, 6:4 გაანადგურა ინტერნაციონალური წყვილი ჩეხი ჰელენა სუკოვასა და უნგრელი ანდრეა ტემეშვარის შემადგენლობით.

ასევე გაიარეს მეორე წრის ბარიერი მარტინა ნავრატილოვასა და იანა ნოვოტნას (აშშ/ჩეხეთი) დუეტმა.

კაცები

1/2 ფინალი

ტომას ბერდიხი (ჩეხ. 12)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3) 6:3, 7:6(9), 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:4, 7:6(6), 6:4.

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!