სახელოვანი ვეტერანი, უპირველესად, ნახევარი საუკუნის წინანდელი რომაული პაექრობებისა და 1960 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ ამბებს ჰყვება
- დიდ სპორტს რომ შემოვრჩი, ეს გაზეთ "ლელოს" დამსახურებაა. ჭაბუკობისას ჩავარდნები მქონდა და მძლეოსნობისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, მაგრამ გაზეთის თანადგომამ გამამხნევა და გადაწყვეტილება შემაცვლევინა.

დიდი მადლობა, რომ პატივი დამდეთ და ჩემს საყვარელ გაზეთში მომიწვიეთ, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი "ლელოს" სტუმარმა, 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და რეკორდსმენმა, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილემ (IV-V ადგილები), ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორმა, სსრკ ჩემპიონმა (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის ოქროს მედალოსანმა, "გიგანტთა მატჩის" გამარჯვებულმა, სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა რობერტ შავლაყაძემ, რომელიც 1981-1993 წლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრას ხელმძღვანელობდა.

წლების სიმძიმის მიუხედავად, იგი დღესაც "სპორტის დედოფალს" უდგას გვერდით. სახელოვან ვეტერანს, უპირველესად, ნახევარი საუკუნის წინანდელი რომაული პაექრობებისა და 1960 წლის ოლიმპიადასთან დაკავშირებული ამბების მოყოლა ვთხოვეთ.

- აბა, რა გითხრათ, ლამის მთელი სპორტული კარიერა დაკერებული ქაცვიანი ფეხსაცმლებით გავატარე. მონდომების, ჟინისა და ტექნიკის ხარჯზე ვაღწევდი შედეგებს, მარცხის სინანულიც მახსოვს და გამარჯვებებით გამოწვეული სიხარულიც, თუმცა რომის ოლიმპიურ თამაშებს, ცხადია, ვერაფერი შეედრება, - ეს თქვა სტუმარმა, წამით შეისვენა და თვალი მოავლო სივრცეს, თითქოს იქ ეძებსო გარდასულ დღეთა დაუვიწყარ კადრებს...

მარადიული ქალაქის ოლიმპიური სტადიონი. სიმაღლეზე ხტომის სექტორთან უამრავ ქომაგს მოეყარა თავი ხუთგზის მსოფლიოს რეკორდსმენის, ჩიკაგოელ კენგურუდ მონათლულ ჯონ თომასის მორიგი გამარჯვების საყურებლად. ჟურნალისტები მოსვენებას არ აძლევდნენ.

მაშინ ის მძლეოსანთა შორის უდიდესი ვარსკვლავი იყო. ქართველ სპორტსმენს ამერიკელთან ერთად ქუჩაშიც ხშირად შეხვედრიან, მაგრამ ჟურნალისტები მხოლოდ ქართველ მეტოქეზე 12 სანტიმეტრით მაღალ თომასს აქცევდნენ ყურადღებას.

საბჭოთა სპორტსმენები ერთხელ ოკეანისგაღმელთა ვარჯიშს დაესწრნენ. აი, რას წერდა ამის შესახებ "დეილი ამერიკენი": "გუშინ ჯონ თომასმა რუსი მხტომელების თანდასწრებით შესანიშნავი ვარჯიში ჩაატარა. ეს უკვე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური უპირატესობაა. რუსები პანიკაში არიან". არადა, რას იფიქრებდნენ ამერიკელები, რომ შავლაყაძემ სწორედ იმ ვარჯიშზე ირწმუნა თომასის დამარცხება.

- ამერიკელმა ვარჯიშზე საოცარი მაკრატელა გვიჩვენა: ერთი ფეხი მიწაზე ედგა, მეორე საფეხბურთო კარის ხარიხის ზემოთ ასწია. სიმაღლეზე ხტომებისას მწვრთნელი ჩვენს გასაგონად ხმამაღლა აცხადებდა შედეგებს - 210, 215, 220 სანტიმეტრი აიღეო. ჩემს თანაგუნდელებს - ვალერი ბრუმელსა და ვიქტორ ბოლშოვს ლამის გული შეუწუხდათ.

თომასის შესაძლებლობებმა გულგრილი დამტოვა-მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება, მაგრამ ნამდვილად არ შემშინებია. პირიქით, ბრძოლის ჟინი მომემატა. სხვა შეჯიბრებებისგან განსხვავებით, ოლიმპიურ თამაშებში ფსიქოლოგიურ მომზადებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ მხრივ კი მართლაც გამობრძმედილი ვიყავი, რადგან საკავშირო პირველობებზე უამრავ უსამართლობას ვუძლებდი...

27 წლის ქართველ სპორტსმენს იმ დღეს მართლაც, ნერვიც არ ატოკებია. ფავორიტებმა შეჯიბრება 190 სანტიმეტრი სიმაღლით დაიწყეს, მერე 195 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლნენ, შავლაყაძემ ორივე სიმაღლეზე უარი თქვა და იქვე სარბენ ბილიკებზე სპრინტერთა შეჯიბრების საყურებლად შებრუნდა.

- რობერტ, რას შვრები?! - უყვიროდა ტრიბუნიდან საკავშირო ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ დიაჩკოვი.

ყურადღება არ მიუქცევია მისთვის - თავისი "შპარგალკით" მოქმედებდა. მთავარი მეტოქეები 2 მეტრზე რომ ავიდნენ, მაშინ გამოიყენა პირველი ცდა. მერეც წარმატებით დაძლია 203, 206, 209, 211 სანტიმეტრი...

სწორედ იმ დღეს, პირველ სექტემბერს, თბილისში, ვახუშტის ქუჩაზე მდებარე ბინიდან რობერტ შავლაყაძის დედა - ღრმად მორწმუნე ქალბატონი, უთენია ფეხშიშველა მივიდა დიდუბის ეკლესიამდე, სამჯერ შემოუარა ტაძარს, დარაჯს კარი გააღებინა, უფლის ხატთან სანთლები დაანთო, ილოცა და შინ, ასევე, ფეხშიშველა დაბრუნდა.

ის იყო, ოთახში შევიდა, რომ ფანჯარას მტრედი მოაწყდა. დედას კეთილად ენიშნა ეს. ოჯახის წევრები გააღვიძა და უთხრა - რობერტი ჩემპიონი დაგვიბრუნდებაო...

- 1957 წელს საკავშირო პირველობა თბილისში ჩატარდა. - განაგრძო თხრობა ბატონმა რობერტმა. - საქართველოს ნაკრები დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებოდა. შეჯიბრების დღეს საწოლზე წამოწოლილი ველოდებოდი სტადიონზე გამგზავრებას. ხანგრძლივმა სიჩუმემ დამაეჭვა. გარეთ გამოვედი და რას ვხედავ - კაციშვილის ჭაჭანება არ არის.

სხვა გზა არ იყო, მარტო უნდა წავსულიყავი სტადიონზე. ქუჩაში მანქანებიც არ მოძრაობდნენ - სპორტულ სიარულში შეჯიბრების გამო გზები გადაეკეტათ. როგორც იქნა, მივაღწიე სტადიონამდე. ძლივს დამიშვეს საასპარეზოდ.

მერე გაუგონარი რამ მოხდა: ძლიერი სპორტსმენი იყო კაშკაროვი, მაგრამ ხშირად თაღლითობასაც არ თაკილობდა. მსაჯებმა თბილისში ქაცვებიანი ფეხსაცმლიდან რბილი რეზინის საფენი ამოუღეს. ჩემპიონატიდან უნდა მოეხსნათ.

მას კი შეჯიბრების გაგრძელების უფლება მისცეს. მაჯობა. სამაგიეროდ, მომდევნო წელს რევანში ავიღე. 1959 წელს ფილადელფიაში ამერიკისა და საბჭოთა კავშირის მძლეოსანთა ტრადიციულ "გიგანტთა მატჩში" საასპარეზოდ სწორედ ჩვენ წაგვიყვანეს...

ტურნირის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელებმა ამაყად განაცხადეს, სიმაღლეზე ხტომა ჩვენი სახეობაა და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩებაო.

ოკეანისგაღმელებს ქადილის საბაბიც ჰქონდათ, რადგან გუნდში ჰყავდათ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და რეკორდსმენი (214 სმ) ჩარლზ დიუმასი. შავლაყაძეს კი მონაწილეთაგან მანამდე ყველაზე დაბალი შედეგი ჰქონდა - 208 სანტიმეტრი.

ყოველივეს მიუხედავად, სწორედ ქართველმა სპორტსმენმა შეურყია ფილადელფიაში ტახტი ამერიკელ მხტომელებს. დიუმასმა და მისმა თანაგუნდელმა უილიამსმა შავლაყაძის გამარჯვება შემთხვევითობას მიაწერეს და რომში შევხვდებითო, წაიტრაბახეს.

...ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებელმა რობერტ შავლაყაძეს უთხრა - საქალაქო პირველობაზე სიმაღლეზე ხტომაში უნდა გამოხვიდეო. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნავარჯიშებ ჭაბუკს არ გასჭირვებია - სადებიუტო შეჯიბრებაში 155 სანტიმეტრით პირველი ადგილი დაიკავა.

საბჭოთა კავშირის რეკორდსმენ გაბრიელ ათანელოვთან დაიწყო რეგულარული ვარჯიში. მონდომებამ მალე შედეგიც გამოიღო.

რამდენიმე თვეში შავლაყაძემ პირადი მიღწევა 20 სანტიმეტრით გააუმჯობესა. 1954 წელს ხარკოვში "დინამოს" ცენტრალური საბჭოს პირველობაც მოიგო იმ დროისთვის სოლიდური მაჩვენებლით - 190 სანტიმეტრით, რის შემდეგაც ქართველი მხტომელი საკავშირო ნაკრებში მიიწვიეს. ექვსი წლის მერე კი რომის ოლიმპიურ სტადიონზე ამოყო თავი.

ბობოქრობდა "ფორო იტალიკო". სიმაღლეზე ხტომის სექტორთან შეკრებილნი სასწაულის მოლოდინში იყვნენ. ჯონ თომასი, რომელმაც ოლიმპიადამდე თვენახევრით ადრე დაამყარა მსოფლიო რეკორდი (222), ასევე, ოლიმპიური ჩემპიონი ჩარლზ დიუმასი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ვიქტორ ბოლოშოვი და ევროპის რეკორდსმენი ვალერი ბრუმელი (217) საკუთარ თავს აღარ ჰგავდნენ. შავლაყაძე კი, ქომაგთა გასაკვირად, ყველა სიმაღლეს პირველსავე ცდაზე იღებდა.

ბოლოშოვი 214 სანტიმეტრზე გაჩერდა, მელბურნის ოლიმპიადის გმირმა ჩარლზ დიუმასმა უფრო ადრე გადაინაცვლა მაყურებლებში.

- მსოფლიოს რეკორდსმენმა 212 სანტიმეტრი გამოტოვა, მე კი ისიც 214-იც პირველივე ცდით ავიღე. ბრუმელსა და თომასს ამ სიმაღლის დასაძლევად ორ-ორი ცდა დასჭირდათ. 216 სანტიმეტრიც პირველმა დავძლიე, რაც ოლიმპიური რეკორდი იყო.

ბრუმელმა განმეორებით ნახტომით შეძლო, თამასას გადავლებოდა და ვერცხლის მედალი ერგო. თომასი 214 სანტიმეტრზე დარჩა. სწორედ რომ ფსიქოლოგიურმა მომზადებამ, ცხადია, ფიზიკურთან და ტექნიკურთან ერთად, ამიყვანა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

- ბატონო რობერტ, თქვენ ტოკიოშიც ცდიდით ძალებს. იქ რა მოხდა?

- ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ცივ აუზში ვიცურავე. წყლიდან ამოსვლისთანავე წელი გამიკავა. ვერ ვიმართებოდი.

არადა, უკეთ ვიყავი მომზადებული, ვიდრე რომისთვის. ვარჯიშებზე 220 სანტიმეტრიც არაერთხელ დამიძლევია. იაპონიის დედაქალაქში მედლამდე ცოტა დამაკლდა, სამაგიეროდ, ვალერი ბრუმელს დავეხმარე ჩემპიონობის მოპოვებაში.

- რომის ოლიმპიადაზე თქვენთან ერთად სამმა ქართველმა მძლეოსანმაც იასპარეზა.

- დიახ. და აი, 52 წლის შემდეგ ლონდონშიც ქართველ მძლეოსანთა ოთხეული გამოვა, რაც ძალიან მახარებს. ახალგაზრდა სიგრძეზე მხტომელია მაიკო გოგოლაძე, რომელმაც ოლიმპიური პრიზიორის - ხნიკინა-დვალიშვილის მიერ 1954 წელს დამყარებული საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა.

ჯერ გამოუცდელია, ამიტომ ლონდონში გაუჭირდება, სამაგიეროდ, მომავალი ოლიმპიადისთვის შეძლებს ფავორიტებისთვის სათანადო მეტოქეობის გაწევას. იგივე ითქმის ბოლესლავ სხირტლაძეზე. რაც შეეხება დავით ილარიანს, მას უფრო ფსიქოლოგიური მომზადება აკლია.

ასეთი აღნაგობისა და ფიზიკური მონაცემების სპორტსმენსუკეთესი მაჩვენებლები უნდა ჰქონდეს. დათო შეჯიბრებებისას დაძაბულია და საკუთარ თავს ყოველი ბარიერის დაძლევისას 10-10 სანტიმეტრს მაინც აკლებს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დიდი შინაგანი რესურსი აქვს.

როცა ვხტებოდი, განა, მე არ განვიცდიდი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, შეჯიბრებისგან სიამოვნება მიმეღო. სხვაგვარად წარმატება წარმოუდგენელია.

მძლეოსნების გარდა, ლონდონში 32 ოლიმპიელი გვეყოლება. მჯერა, რომ ისინი სათანადოდ არიან მომზადებული და სამშობლოში უკეთესი შედეგებით დაბრუნდებიან, ვიდრე 2008 წელს პეკინიდან. თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის