თურქეთის ქალაქ სტამბულში 27 აგვისტოდან პლანეტის უძლიერესი დიდოსტატი ქალ-ვაჟები შეიკრიბებიან მსოფლიო საჭადრაკო ოლიამპიადაში საასპარეზოდ
თურქეთის ქალაქ სტამბულში 27 აგვისტოდან პლანეტის უძლიერესი დიდოსტატი ქალ-ვაჟები შეიკრიბებიან მსოფლიო საჭადრაკო ოლიამპიადაში საასპარეზოდ.

ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადებიან ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც. ქალთა გუნდის ღირსებას ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე და ნინო ბაციაშვილი (კაპიტანი - ნინო გურიელი, მწვრთნელები - ზურაბ სტურუა და დავით ჯოჯუა) დაიცავენ, ვაჟთა ნაკრებში კი ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, თორნიკე სანიკიძე და მერაბ გაგუნაშვილი (მწვრთნელ-კაპიტანი ლაშა ჯანჯღავა, მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი) ითამაშებენ.

სტამბულური პაექრობებისთვის სამზადისზე გვიამბობს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე:

- წლევანდელი სეზონი ჩვენთვის ბევრი რამით იყო მნიშვნელოვანი. წლის დასაწყისში პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის სუპერთასის გათამაშებას ვუმასპინძლეთ თბილისში; შემდეგ ბათუმში რაპიდსა და ბლიცში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები გაიმართა; ვაჟთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში აზერბაიჯანის ძლიერ გუნდს შეხვდა.

მართალია, ეს ორთაბრძოლა წავაგეთ, მაგრამ მას დადებითი შედეგიც მოჰყვა - მარცხმა ჩვენი ბიჭების თავმოყვარეობაზე იმოქმედა და ახლა ისინი ინტენსიურად ვარჯიშობენ მომავალი პაექრობებისთვის, სადაც პირველ ათეულში მოხვედრას გეგმავენ.

რაც შეეხებათ ქალებს, მათი მიზანი უცვლელია - ტრადიციულად, კვარცხლბეკზე ასვლა, რაც იოლი საქმე არ იქნება, რადგან ჩინეთის, რუსეთის, უკრაინის და ინდოეთის გუნდების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც საკმაოდ გაძლიერდნენ.

ქალთა ნაკრების წევრებმა პირველი საწვრთნელი შეკრება ბაკურიანში გაიარეს. ახლა ისინი ვაჟებთან ერთად თბილისში ვარჯიშობენ, საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე კი ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება ანტალიაში ექნებათ, სადაც ფიზიკურთან ერთად, კონკრეტულ მეტოქეებთან სათამაშოდ თეორიულადაც მოემზადებიან.

- გუშინ თქვენ ახალგაზრდა მოჭადრაკეებს შეხვდით...

- 15 აგვისტოდან ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა გაიმართება. საქართველოდან იქ საპრიზო ადგილებისთვის 19 გოგონა და ვაჟი იბრძოლებს.

ფედერაციის გენერალური მდივნის, აკაკი იაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთში გაემგზავრებიან რვაწლიანები - საბა ლომსაძე, ნიკოლოზ კაჭარავა, სალომე ბეიტრიშვილი, დიანა ლომაია; ათწლიანები - ანტონ ნადირაძე, ლუკა ობოლაძე, დიმიტრი ჯიბუტი, თამარ ესაძე, ანასტასია სიდამონიძე; თორმეტწლიანები - კოკა ბუკია, ლუკა გოგია, ნატა ჯიბუტი; თოთხმეტწლიანები - გიორგი სიბაშვილი, ნინო ხომერიკი, თამარ ფაშკურიძე; თექვსმეტწლიანები - ირაკლი ბერაძე, ანა შამათავა, დეა გოგიშვილი და თვრამეტწლიანებში ნატო იმნაძე. ახალგაზრდა მოჭადრაკეთა უმრავლესობამ ქუთაისში ევროპის თასზე იასპარეზა, მერე ფოთში ნანა ალექსანდრიას თასის გათამაშებაში მოსინჯა ძალები.

საჭადრაკო აკადემიამ მათთვის მეცადინეობების სამი სესია გამართა. უფროსებთან ლაშა ჯანჯღავამ იმუშავა, უმცროსებთან - გია მენაბდემ. გუშინ მათ ჩეხეთისკენ გზა დავულოცეთ და ჩვენი ფედერაციის არსებობის ისტორიაში პირველად ერთიანი ეროვნული ფორმები გადავეცით.

მთლიანი დელეგაცია, როგორც ერთი გუნდი იბრძოლებს პრაღაში მედლებისთვის. ჩვენი გოგო-ბიჭების თამაშებს მეც დავესწრები და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარები კიდეც. პირველობის დამთავრების შემდეგ სტამბულში საჭადრაკო ოლიმპიადაზე გავემგზავრები.

- ჩაგიშვებენ კი?! შვიდი "შერისხული" ფედერაციის არბიტრებს ხომ თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სტამბულში მსაჯობაზე უარი უთხრა და ფიდემაც კვერი დაუკრა...

- ალი ნიჰატ იაზიჩის წინადადებით ფიდემ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, რაც, უპირველესად, მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის დევიზს - ჩვენ ერთი ოჯახი ვართ - ეწინააღმდეგება. ფედერაციებსა და ფიდეს შორის დავა როგორიც უნდა ყოფილიყო, სამართლიანი თუ უსამართლო, ადმინისტრაციული ორგანოების შეუთანხმებლობა მსაჯებს არ უნდა შეხებოდა.

არადა, საერთაშორისო არბიტრი ლელა თანდაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირმა 10 საუკეთესო მსაჯს შორის დაასახელა, პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციამ კი მარიკა ჯაფარიძეს გაუწია რეკომენდაცია.

იაზიჩიმ საკუთარი ფედერაციის წევრი სუათ ატალიკიც არ დაინდო. ამ უკანასკნელმა იაზიჩის და საბერძნეთის ჭადრაკის ფედერაციის თავკაც მაკროპულოსს, რომლებიც ამავდროულად, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტებიც არიან, გადადგომისკენ მოუწოდა.

არ აპატიეს ეს სითამამე. ერთმა წევრობა შეუჩერა, მეორემ ის შეჯიბრება გააუქმა ელადაში, სადაც ატალიკს უნდა ეთამაშა. ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი კი დუმს - თავისი ოჯახის წევრის დასაცავად ხმას არ იღებს.

- იაზიჩი ბოლო დროს უფრო შორს წავიდა - მოითხოვა, რომ იმ შვიდი ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას, რომლებსაც, ფაქტობრივად, ილუმჟინოვთან სასამართლო პროცესები ჰქონდათ, იქ გახარჯული თანხების აუნაზღაურებლობის შემთხვევაში, ფიდეს წევრობა შეუჩერდეთ. ეს საკითხი ფიდეს კონგრესის დღის წესრიგშიცაა შეტანილი...

- იაზიჩის მოთხოვნა სასაცილოა. კონგრესზე, დარწმუნებული ვარ, ამ წინადადებას მხარს არავინ დაუჭერს. ვთქვათ და, ყველაფერი მისი სურვილისამებრ მოხდა, მაშინ სტამბულში ფიდეს რღვევას დაედება საფუძველი. ისინი ხომ შერისხვას უპირებენ ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის, საქართველოს, უკრაინისა და შვეიცარიის ფედერაციებს.

ფიდე დუმს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც დემოკრატიულ ორგანიზაციას შეეფერება. ჩვენმა შვიდეულმა საჭადრაკო ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხიც განიხილა და უარყო, რადგან ეს იმ მოჭადრაკეებს დააზარალებს, რომლებიც ამ შეჯიბრებისთვის ორი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ფიდეს კონგრესი ჩვენი სიმართლის დასაცავად გამოვიყენოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის