ბაქოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით ჩაება ჩვენი "თავისუფალთა" ნაკრები
ბაქოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით ჩაება ჩვენი "თავისუფალთა" ნაკრები, რომელმაც პირველივე დღე ოქროს მედლით დაასრულა - პლანეტის ჩემპიონი ყველაზე უმცროს ასაკში ქუთაისელი ომარ გურჯიძე (69) გახდა.

21 აგვისტოს ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტულ კომპლექსში, გურჯიძის გარდა, საჭიდაოდ კიდევ 4 ქართველი გავიდა.

იმათგან ორს მედლის მოპოვების მშვენიერი შანსიც ჰქონდა - გიორგი ლეჟავამ (50) და ავთანდილ კენჭაძემ (58) ბრინჯაოსთვის იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

გურჯიძე ამ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია და ლიდერის სტატუსსაც ამართლებს - შარშან ევროპის პირველობის ფინალშიც იჭიდავა, მაგრამ რუს ომარაშხაბ ნაჟმუდინოვთან წააგო, კონტინენტის წლევანდელ პირველობაზე კი ბრინჯაო მოიპოვა.

ოღონდ შარშან 63-ში ასპარეზობდა და მისასალმებელია, რომ ახალ წონაშიც წარმატებით გადმოინაცვლა. ეს რაოდენ ძნელია, თუნდაც იმავე ნაჟმუდინოვის მაგალითიც ადასტურებს - წლეულს ისიც 69-ში გადმოვიდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო და უმედლოდ დარჩა.

მომავალმა ჩემპიონმა გურჯიძემ ბაქოში მძიმედ დაიწყო გამოსვლა - ამერიკელი ჯეკ ბასი ძირითად დროში კი დაამარცხა, მაგრამ ორივე პერიოდი მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგო.

ვერ გეტყვით, ეს მეტოქის სიძლიერის გამო მოხდა თუ მომდევნო შეხვედრებში ბოლომდე გაიხსნა, მაგრამ შემდეგ ორთაბრძოლებში დამაჯერებლად იმარჯვა და პირდაპირ გადაურბინა მეტოქეებს.

არადა, ძლიერი საჭიდაო ქვეყნების წარმომადგენლებს მოუგო - ირანელ რეზა როსტამალი მოზაფარიჯოუბარის 3:1; 4:1 სძლია, ბულგარელ საბრი ჰასანოვ საბრიევს - 1:0; 5:0, ფინალში კი უკრაინელ ევროპის წლევანდელ ჩემპიონ სერგეი დრამარეცკის შავი დღე აყარა - 1:0; 8:1.

ევროპის წლევანდელი პირველობის ნახევარფინალში ის სხვა ბულგარელთან - ისმაილ ენგინთან დამარცხდა (მერე ამან დრამარეცკისთან წააგო), რომელიც ამჯერად არ დააყენეს.

ვერ გეტყვით, ეს წონის (რაც ამ ასაკში ხშირია) ან ჯანმრთელობის პრობლემის გამო მოხდა თუ სხვა მიზეზით, მაგრამ წამყვანი ქვეყნების მწვრთნელები, სადაც დიდი კონკურენციაა და რამდენიმე სრულფასოვანი კანდიდატი ჰყავთ, ხშირად მიმართავენ როტაციას - მეორე ნომრებს ევროპაზე აჭიდავებენ, ლიდერებს კი მსოფლიოსთვის ინახავენ, როგორც უფრო ძლიერი შეჯიბრებისთვის.

ამით იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება, ბულგარელთა პირველი ნომერი საბრიევია და არა - ენგინი და სასიხარულოა მასთან ასეთი შთამბეჭდავი მოგება. დრამარეცკი რომ ურიგო მოჭიდავე არ იქნება, მგონი, ზედმეტია ლაპარაკი.

ამას მისი წლევანდელი გამოსვლაც ადასტურებს და ბაქოშიც ურიგო ბადე არ გაუვლია - სხვებს თავი დავანებოთ და ნახევარფინალში აზერბაიჯანელთა მომავალ მესამე პრიზიორ შამილ ასადულაევს 8:1 მოუგო, ვინც მანამდე ზემოხსენებული ნაჟმუდინოვი დაამარცხა და წლეულს ევროპაზეც მესამე იყო.

ერთი სიტყვით, გურჯიძე ღირსეული ჩემპიონია და იმედია, ეროვნულ ნაკრებს საიმედო რეზერვი ეზრდება.

ლეჟავა ნახევარფინალამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ უმედლოდ ისევ იმ უკრაინელმა ევროპის წლევანდელმა მედალოსანმა ანდრეი იაცენკომ დატოვა, ვინც ივლისში ევროპაზეც მოუგო.

ლეჟავამ პირველი პერიოდის 0:3 წაგების შემდეგ მეორეში 1:0 მოგება და შეხვედრის დამატებითში გადაყვანა კი შეძლო, მაგრამ იქ კიდევ უფრო დიდი სხვაობით - 0:4 დამარცხდა.

ძირითად ბადეში ჩვენებური დამაჯერებლად გამოიყურებოდა - უზბეკ დოსტონბეკ ბოზოროვთან პირველი პერიოდი 3:3-ზე მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დათმო.

სამაგიეროდ, მომდევნო ორში თავისი ძალა გამოაჩინა და 5:4; 4:0 იმარჯვა. კიდევ უფრო დიდი სხვაობით დაჯაბნა მონღოლი ხიშიგბატ ხუაგტბაატარი - 1:0; 9:1 და ნახევარფინალში გავიდა.

პირველი მარცხიც იქ იწვნია ირანელ ალი ფარვიზ მოჰამადზადენაგჰარჩისთან, თუმცა მეორე პერიოდი აქაც ფრეზე - 1:1-ზე დათმო ბოლო ქულის წესით (პირველში 0:1 დამარცხდა).

ლეჟავა თუ დამამშვიდებლის ფინალში ნახევარფინალის გავლით გავიდა, სულ სხვა გზა გაიარა ამბროლაურელმა კენჭაძემ, ვინც ერთ-ერთია იმ სამი წონიდან, ნაევროპალ შემადგენლობაში რომ შეცვალეს - პირველივე შეხვედრაში დამარცხდა და მთლიანად სანუგეშო წრეში გადაერთო.

მან რუსთა მომავალ ფინალისტ თეიმურაზ გურიევთან წააგო - 0:4; 0:6. შემდეგ სანუგეშოშიც გაუჭირდა - სამხრეთაფრიკელ იან იუვრენს კომბრინცკისთან დამატებითი დრო დასჭირდა, რადგან პირველი პერიოდი 0:1 დათმო.

საბედნიეროდ, მომდევნოებში 2:0; 7:0 იმარჯვა, მაგრამ ირანელ სამირ სატარ იავარისთან საჭიდაოდ არ გასულა.

21 აგვისტოს პირველ წრეში დამარცხდნენ შმაგი თოდუა (42) და დებიუტანტი თორნიკე ბასილაშვილი (85).

თოდუამ მონღოლ ტსოგბაკრაკ ტსევეენსურენთან წააგო, ბასილაშვილმა - ბელარუს ვადიმ შერშანთან და მერე არც სანუგეშოში გადასვლის შანსი მიეცათ.

22 აგვისტოს ბაქოში მორიგი ხუთეული იჭიდავებს. უკვე ცნობილია ჩვენებურთა მეტოქეებიც. ირაკლი მხეიძე (46) ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება მონღოლ გუნდსამბუუ ბაზარდარისთან შეხვედრით; ლევან მურცხვალაძე (54) პირველივე წრეში იჭიდავებს უზბეკ ზოკირ მანსუროვთან, როგორც ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანი ტარზან მაისურაძე (63) - ინდოელ აინგჰ სურჯეეტთან.

პირველ წრეში არც მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი გიორგი ჩხარტიშვილი (76) ისვენებს - კანადელ ბართლომეი იგნასიო პიტის ხვდება.

იმედია, ამ ბარიერს იოლად გაივლის, მერე კი იქნებ აზერბაიჯანელ მაგომედგაჯი მუხუტოვს შეხვდეს, ვისთანაც ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე მეოთხედფინალში დამარცხდა და მეტოქე ვერცხლისკენ გაუშვა.

მეოთხედფინალში მის სავარაუდო მეტოქეთა შორის წლევანდელი ევროპირველობიდან ნაცნობი კიდევ ერთი არასასურველი მეტოქეა - უკრაინელი ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი რუსლან რუჩკო, რომელთანაც იმავე ტურნირზე დამამშვიდებელში წააგო.

ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი ბექა კახეთელიძე (100) თავიდან ისვენებს, მეორე წრეში კი რუს გიორგი გოგაევს ხვდება.

ოქროს დასაწყისი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე