საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველ მორაგბეთა თითქმის ყველა გუნდს სერიოზული გამოცდა ელის...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველ მორაგბეთა თითქმის ყველა გუნდს სერიოზული გამოცდა ელის. წლევანდელი გათამაშების სიურპრიზი, ყველაზე ქართული ფრანგული კლუბი "მონპელიე", რომელიც მერვე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, სტუმრად "სტად ფრანსესთან" ითამაშებს.

პარიზული გუნდი, რომელიც ცოტა ხნის წინ ფრანგული რაგბის გრანდი იყო, ამჟამად კრიზისს განიცდის. ფინანსურმა პრობლემებმა გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკარგინა, ახლახან კი საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა "სტად ფრანსეს" ლიდერი, მეორეხაზელი ხუან მარტინ ლეგუზამონი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

პარიზელებმა რვა თამაშიდან ოთხი მოიგეს და ახლა 19 ქულით მეცხრე ადგილზე არიან. მათგან განსხვავებით, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" აღმავლობის გზაზეა. ახალმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ მონპელიელები ახლებურად აათამაში და ფრანგული საზომით საშუალო დონის გუნდი ლიდერად აქცია. ძნელი სათქმელია, შეინარჩუნებს თუ არა "მონპელიე" მოწინავე პოზიციებს, მაგრამ ის რაც უკვე გააკეთა, უდავოდ დიდ წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ.

"სტად ფრანსესთან" მატჩს გალტიესთვის განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ფაბიენმა ამ გუნდში ექვსი წელი გაატარა - ოთხი როგორც მოთამაშემ, ორიც, როგორც მწვრთნელმა.

"სტად ფრანსესთან" თამაშის წინ უჩვეულოდ ვღელავ. ამ გუნდთან კარიერის საუკეთესო პერიოდი მაკავშირებს. ურთიერთობა არც გუნდის დატოვების შემდეგ შემიწყვეტია. შეიძლება ითქვას, რომ, სადაც უნდა ვმუშაობდე, გულის სიღრმეში მაინც სტადფრანსელი ვარ" - თქვა გალტიემ.

ეს სენტიმენტები, სულაც არ ნიშნავს, რომ მონპელიელები მისი ხელმძღვანელობით რამის დათმობას აპირებენ. ჩვენებურთა გუნდი ყველანაირად ეცდება, კარგად დაწყებული საქმე ასევე განაგრძოს. განაცხადში გალტიემ სამი ქართველი, გორგოძე, შველიძე და ჟღენტი შეიყვანა.

სხვა ისტორიაა "გულივერას" დამოკიდებულება პარიზულ გუნდთან. შინაურულ საუბარში მას ნათქვამი აქვს, რომ რა თანხაც უნდა შესთავაზონ, ამ გუნდში არასოდეს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ "სტად ფრანსედან" გორგოძე ყველაზე მეტად საფრანგეთის ნაკრების მეორეხაზელ პასკალ პაპეს ერჩის, რომელსაც თითქმის ყველა შეხვედრაში სცემს. არადა, დღევანდელი მატჩისთვის პაპეც პარიზელთა განაცხადშია. მამუკას დიდი ხანია, არ უჩხუბია და კარგი იქნება, თუ ამჯერადაც თავს შეიკავებს, რადგან სადისციპლინო კომიტეტმა სანქციები გაამკაცრა. ჩხუბით კი, ყველაზე მეტად საკუთარ თავს ავნებს.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს შოტლანდიელი პიტერ ალანი განსჯის, რომელიც 27 ნოემბერს თბილისში, საქართველოსა და აშშ-ის ეროვნული ნაკრებების თამაშზეც იმსაჯებს.

შარშანდელ სეზონში "სტად ფრანსემ" შინ მოიგო - 43:26, სტუმრად კი 23:25 წააგო.

პლანეტრუგბყ-ს მიაჩნია, რომ კრიზისის მიუხედავად, "სტად ფრანსეს" რეალურად შესწევს ძალა, "მონპელიე" მინიმუმ ხუთი ქულით დაამარცხოს.

საინტერესო მატჩი გაიმართება "ფელიქს მაიოზე", სადაც დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" ეთამაშება. ტულონელებმა სასტარტო წარუმატებლობის შემდეგ ბოლო სამი შეხვედრა მოიგეს და სატურნირო ცხრილში ახლა მე-4 ადგილზე არიან.

"ტულონის" ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი საუკეთესო ფორმაშია. სწორედ მისი შესანიშნავი თამაშის და ფეხჩუბინობის წყალობითაა, რომ "დუდუ" და კომპანია ისევ ლიდერებში არიან. ამასთან, როგორც მთავარი მწვრთნელი ფილიპ სენტ-ანდრე ქომაგებს დაჰპირდა, გუნდმა უფრო დალაგებული, გააზრებული რაგბის თამაში დაიწყო. მორკინალების ძალისხმევას უკანახაზელთა მწვავე იერიშები ცვლის და პირიქით.

თუ წინა ტურებში "აჟენთან" და "ბურგუენთან" მოგება ადვილად პროგნოზირებადი იყო, ამჯერად "კასტრათან", რომელიც შარშანდელი გათამაშების პლეი ოფის მონაწილეა, ტულონელებს ბევრად მეტი ჯაფა დაადგებათ.

"ტულონს" ამ მატჩისთვის ტრავმამოშუშებული ჯო ფან ნიკერკი, დინ შოფილდი და ლორან ემანუელი დაემატნენ. რაც შეეხება "კასტრს", ამ გუნდის ტრავმიანთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. მართალია, ფეიქრიშვილმა და გიორგაძემ ტრავმები მოიშუშეს, მაგრამ ფორმის აღდგენის მიზნით ჯერ ესპუარების გუნდში თამაშობენ. ქუბრიაშვილი "ტულონის" სათადარიგოთა შორისაა.

"კასტრს" დღეისთვის რვა თამაშიდან ოთხი მოგება აქვს და 18 ქულით მე-10 ადგილზეა. შარშანდელ ჩემპიონატში "კასტრმა" შინ 21:19 მოიგო. სტუმრად 6:19 დამარცხდა.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, "ტულონი" იმდენად კარგ ფორმაშია, რომ წარმოუდგენელია, საკუთარ მოედანზე დამარცხდეს. მასპინძლები მინიმუმ ცხრა ქულით მოიგებენ.

ზედიზედ მეორე შეხვედრას გამართავს შინ საფრანგეთის ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონი". "ვულკანები" ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერს ბექა შეყლაშვილის "აჟენს" უმასპინძლებენ.

ჩემპიონებმა წინა ტურში ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოუგეს "კასტრს" - 25:6 და, სავარაუდოდ, არც "აჟენთან" გამარჯვება უნდა გაუჭირდეთ.

ზირაქაშვილი "კლერმონის" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა ისევ შეიყვანა წინასამატჩო განაცხადში, რასაც ვერ ვიტყვით შეყლაშვილზე. მისი გვარი არც ტრავმირებულთა სიაშია.

პლანეტრუგბყ-ს აზრით, რომ თამაში ცალკარა იქნება. "კლერმონი", სავარაუდოდ, საპრემიო ქულასაც მიითვლის.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" სტუმრად ითამაშებს აუტსაიდერ "ბურგუენთან", რომელსაც უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და საკუთარ მოედანზე ყველაფერს იღონებს გამარჯვების მისაღწევად.

შარშანდელ სეზონში ბურგუენში თამაში ფრედ - 14:14 დამთავრდა, ბრივში კი ჩვენებურთა გუნდმა 25:15 მოიგო.

პლანეტრუგბყ-ს პროგნოზით, "ბრივს" ძალიან გაუჭირდება, მაგრამ მინიმალური სხვაობით მაინც მოიგებს.

IX ტური

ტულონი-კასტრი, პერპინიანი-ლა როშელი, კლერმონი-აჟენი, სტად ფრანსე-მონპელიე, ბურგუენი-ბრივი, ტულუზი-მეტრო რასინგი, ბაიონი-ბიარიცი.

სატურნირო მდგომარეობა

1. მონპელიე - 27 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 27, 3. ტულუზი - 23, 4. ტულონი - 23, 5. პერპინიანი - 22, 6. ბაიონი - 22, 7. ბიარიცი - 19, 8. კლერმონი - 19, 9. სტად ფრანსე - 19, 10. კასტრი - 18, 11. ბრივი - 17, 12. ლა როშელი - 10, 13. აჟენი - 7, 14. ბურგუენი - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი