ლუის ვან გაალის ოფიციალური დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში წარმატებული გამოდგა
ლუის ვან გაალის ოფიციალური დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში წარმატებული გამოდგა: "ნარინჯისფერებმა" მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლი ქვეჯგუფის უმთავრეს მეტოქესთან გამარჯვებით დაიწყეს.

ჰოლანდიამ თურქეთი 2:0 დაამარცხა და რაც ყველაზე საინტერესოა, ვან გაალი უმეტესად ახალ და თანაც, ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეყრდნო, რომლებმაც იმედები არ გაუცრუეს.

სწორედ ამიტომ ჩვენმა ჰოლანდიელმა კოლეგებმა ვან გაალის ოფიციალურ სტარტს "ნარინჯისფერი რევოლუცია" უწოდეს - რევოლუცია, რომელმაც შედეგი მოიტანა.

ჰოლანდიისა და თურქეთის დაპირისპირება უდავოდ მუნდიალის ევროპული შესარჩევი ციკლის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი იყო და მიუხედავად უდიდესი ინტერესისა, ლუის ვან გაალმა მისთვის დამახასიათებელ ტრადიციას მაინც არ უღალატა და გუშინდელი ვარჯიშიც "დახურულ კარს მიღმა" ჩაატარა.

ვან გაალს არ უყვარს, როცა მისი გუნდის ვარჯიშს ჟურნალისტები ან, მით უმეტეს, მეტოქე გუნდის მსტოვრები თვალს ადევნებენ ხოლმე - ჰოლანდია 11 სექტემბერს, მეორე ტურის მატჩში უნგრეთს ეთამაშება და ამ შეხვედრის წინაც ყველა ვარჯიში დახურული იქნება.

თურქეთთან შეხვედრამ კი ცხადყო, რომ ჰოლანდიის ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელების საკმაოდ დიდ ნაწილს ვან გაალის ხელში ცუდი დროება დაუდგა.

ლუისმა საფეხბურთო ჰოლანდია ჯერ იმით გააოცა, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტის, ნაიჯელ დე იონგისა და გრეგორი ვან დერ ვილის სახით სამი წამყვანი ფეხბურთელი საერთოდ არ გამოიძახა, მერე კი უშუალო კონკურენტთან მატჩში ისეთი ძირითადი შემადგენლობა დააყენა, როგორსაც არავინ ელოდა.

მეკარე მაარტენ სტეკელენბურგი, გოლეადორი კლაას-იან ჰუნტელაარი და დაცვის ბურჯი იორის მატეისენი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ და ლუისმა ისინი მოედანზე არც მეორე ტაიმში შეუშვა.

ექსპერტები განსაკუთრებით ჰუნტელაარის სკამზე დატოვებით გაოცდნენ, რადგან მატჩის წინ ვან გაალმა თქვა, სკამზე, სავარაუდოდ, რობინ ვან პერსის დავსვამ, ჰუნტელაარს კი სასტარტო შემადგენლობაში გავამწესებო.

როგორც ჩანს, ლუისი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგებულ ცენტრფორვარდს სიურპრიზს უმზადებდა, რადგან ფაქტია, რომ ძირითადში ვან პერსიმ ითამაშა და თურქებს პირველი გოლი სწორედ მან გაუტანა, რითაც ვან გაალის მოულოდნელი ნდობა გაამართლა.

ახლები და თანაც, ახალგაზრდები

"ამას წინათ, ბელგიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ძველი გვარდია გამოვცადე და მათ ჩემი იმედები ვერ გაამართლეს.

ის შეხვედრა 2:4 წავაგეთ და ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ გამოცდილმა ვარსკვლავებმა თავიანთი შანსი ვერ გამოიყენეს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თურქეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩში რამდენიმე ახალგაზრდა და ნიჭიერ მოთამაშეს მივნდობოდი," - განაცხადა ლუისმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთთან ჰოლანდიის ნაკრების კარს 24 წლის ტიმ კრული იცავდა. მასთან ერთად, ძირითად შემადგენლობაში 23 წლის დარილ იანმაატის, ხორდი კლასის (21) და მარტინს ინდის (20) სახით კიდევ სამი ისეთი დებიუტანტი იყო, რომლებსაც მანამდე ნაკრების ფორმით ოფიციალურ მატჩებში არასდროს ეთამაშათ.

ვან პერსიმ ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, ხოლო მეორე ჰოლანდიელებმა მატჩის მიწურულს, 92-ე წუთზეღა (ნარსინგი) გაიტანეს.

ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიას მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გამარჯვება განაღდებული არ ჰქონდა, ვან გაალმა მოედანზე არა გამოცდილი ფეხბურთელები, არამედ 21 წლის რიკარდო ვან რინი, 22 წლის ლერუა ფერი და რონ ვლაარი (27) შეუშვა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელოვანი ფეხბურთელების მიმართ დაუნდობელია და უპირატესობას ახალგაზრდა და უფრო მონდომებულ მოთამაშეებს ანიჭებს.

"დასაწყისით კმაყოფილი ვარ. თურქეთის ნაკრების დამარცხება ადვილი არ არის და მიხარია, რომ ციკლი უშუალო კონკურენტის დამარცხებით დავიწყეთ, - თქვა ვან გაალმა და იქვე დასძინა, - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ნაკრების კარი დავუხურე.

ამ გუნდში მოხვედრისა და თამაშის შანსი აბსოლუტურად ყველა ჰოლანდიელ ფეხბურთელს აქვს, ოღონდ ამას დამსახურება უნდა!"

შეგახსენებთ, რომ ლუისი ჰოლანდიის ნაკრებს 12 წლის წინათაც წვრთნიდა და მაშინ მუნდიალის შესარჩევი ციკლი ირლანდიასთან ფრით (2:2) დაიწყო. საბოლოოდ, "ნარინჯისფერებმა" მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვეს, ვან გაალი კი ამის გამო უმუშევარი დარჩა.

ლუისი ვან პერსიზე უარის თქმას აპირებდა

ახლა ლუისს ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის რანგში თავის გამოჩენის მეორე შანსი ეძლევა. ვან გაალი აქცენტს მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე არ გააკეთებს და უკვე გამოიკვეთნენ ის მოთამაშეები, რომლებსაც "ძველი გვარდიიდან" (როგორც თავად უწოდებს) ენდობა.

ასეთები, პირველ რიგში, ლუისის ასპროცენტიანი ნდობით აღჭურვილი ლიდერები - არიენ რობენი და ვესლი სნეიდერი არიან. თურქეთთან მატჩში აშკარად გამოჩნდა ისიც, რომ ვან გაალი ცენტრფორვარდის პოზიციაზე უპირატესობას არა ჰუნტელაარს, არამედ ვან პერსის ანიჭებს.

"ზაფხულში გადავწყვიტე, რომ რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელზე უარი მეთქვა. მათ შორის იყო რობინ ვან პერსიც, რომელსაც შევხვდი და ავუხსენი, რომ ძირითად შემადგენლობაში არ მოვიაზრებდი და მხოლოდ მაშინ ვათამაშებდი, როცა განსაკუთრებით დამჭირდებოდა.

რობინმა მთხოვა, რომ ეს ამბავი პრესაში არ გამეხმაურებინა და გარდა ამისა, ისეთი რაღაცები მითხრა, რის გამოც მასზე უარის თქმა გადავიფიქრე. საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა და ამ საუბრის შემდეგ ვან პერსის უდიდეს პატივს ვცემ.

აზრი შევიცვალე და ახლა რობინზე უდიდეს იმედებს ვამყარებ," - უთხრა გუშინ ვან გაალმა ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს და ვან პერსისთან საუბრის დეტალები, რა თქმა უნდა, არ გაამხილა.

რობენი: გუნდში იდეალური სიტუაციაა

"ნაკრებში ძალიან კარგი ატმოსფეროა და ყველანი კმაყოფილები ვართ. თურქეთთან გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონატისკენ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით.

დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მომავალში კიდევ მოუმატებენ და ბრაზილიაში ისეთ გუნდს წავიყვანთ, რომელსაც მთელი ქვეყნის გახარება შეეძლება," - ეს რობენის სიტყვებია.

ვან გაალმა 2014 წლის მუნდიალისთვის მიზნად, მინიმუმ, ნახევარფინალში გასვლა დაისახა. მანამდე ბევრი დრო აქვს. მომდევნო გაჩერება კი უნგრეთთან გასვლითი მატჩია, რომელიც 11 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელებს მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ - უკანასკნელი მარცხი 11 წლის წინათ დუბლინში, ირლანდიასთან განიცადეს (0:1). და ვინ იყო მაშინ ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი? სწორია: ლუის ვან გაალი!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება