ტაილანდურ პატაიაში ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა

მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა "თავისუფლებიც" ოქროს გარეშე დარჩნენ. როგორც 10 სექტემბერს გაცნობეთ, ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა ტაილანდურ პატაიაში დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში.

პლანეტის ვიცე-ჩემპიონები ხაშურელი ლაშა ტალახაძე (55) და გორელი კონსტანტინე ხაბალაშვილი (66) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ასევე გორელებმა - ჯუმბერ ყველაშვილმა (74) და გენო პეტრიაშვილმა (120) მოიპოვეს.

სამწუხაროდ, ბერძენ-რომაელთა ამავე ასაკობრივი ნაკრების დაწყებული უჩემპიონო წარმატების ტრადიცია ვერც ამათ დაარღვიეს, მათ გამოსვლასაც მთავარი გვირგვინი აკლია - ოქროს მედალი. შეგახსენებთ, რომ ტაილანდში ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ამ გამოსვლას, როცა გუნდის ნახევარი შინ მედლით ბრუნდება, თან ორ ფინალს ჭიდაობს, ვერც წარუმატებელს დაარქმევ, მაგრამ ოქროს გარეშე დარჩენასაც როგორ გინდა წარმატება უწოდო. ვიღაცისთვის იქნებ ესეც წარმატება იყოს, მაგრამ არა საქართველოს დარი ქვეყნისთვის.

ტაილანდში "თავისუფალთა" ნაკრებისთვის უფრო წარმატებული კვირა დღე აღმოჩნდა, თორემ შაბათს მოასპარეზე კვარტეტიდან მხოლოდ ყველაშვილმა გაგვახარა.

ეს ბიჭი ევროპის წლევანდელი პირველობის ბრინჯაოსმედალოსანიცაა (იმ შეჯიბრებაში ეს ერთადერთი მედალი გვქონდა) და ახლაც იგივე წარმატება გაიმეორა, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპისაზე შეუდარებლად ძლიერი ტურნირია. ამდენად, ახლანდელი მედალი უფრო ფასეულია.

ჩვენებურმა პირველ შეხვედრაში იოლად დაამარცხა უნგრელი ზომბორ იშტვან გულიასი - 3:1; 2:0. უფრო დაძაბული გამოდგა ეგვიპტელ მოჰამედ ალი ზაგლოულთან პაექრობა, თუმცა გორელს რაიმე არსებითი პრობლემა ვერც აფრიკელმა შეუქმნა - 3:2; 5:3 ყველაშვილის სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალი მისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა, სადაც ნაცნობ მეტოქესთან, გერმანელ აჰმედ დუდაროვთან დამარცხდა - ჩვენებურმა ის წლეულს ევროპის პირველობაზე დაამარცხა.

გვარ-სახელიდან გამომდინარე, იოლად მიხვდებით, რომ დუდაროვი ჩრდილოკავკასიელია და, სავარაუდოდ, ჩემპიონატისთვისაც სამშობლოში ემზადებოდა.

თან არ გამოვრიცხავთ, ასაკიც გადაკეთებული ჰქონდეს, თუმცა ამას ნამდვილად არ ვამბობთ ყველაშვილის წაგების გასამართლებლად - ჩვენებს არაერთხელ მოუგიათ ყალბასაკიანებთან, ხოლო ქართველს ის დამარცხებულიც ჰყავდა.

უბრალოდ, იქაურებს ასაკით მანიპულირება ჩვევად ექცათ და ახლა ლეგიონერების ხარჯზე ამ მავნე ტენდენციის ექსპორტს ეწევიან ევროპაში. ეჭვის ვარაუდს შეხვედრის ანგარიშიც გვაძლევს - გერმანელმა 4:2; 8:4 მოიგო, ანუ ისე ჩანს, რომ ყველაშვილსაც უომია, უჭიდავია და იოლად არაფერი დაუთმია.

ყოველ შემთხვევაში, ყრუ დაცვაში არ მდგარა და ვერც მეტოქეს დაუჩაგრავს პირწმინდად - წინააღმდეგ შემთხვევაში, 6 ქულას ვერ აართმევდა.

სამწუხაროდ, ტურნირის პირდაპირი ტრანსლირება არ ხდებოდა და ვერ გეტყვით, რის ხარჯზე მიაღწია ამხელა უპირატესობას დუდაროვმა. თუმცა მეტოქის ასაკზე და მსაჯებზე ეჭვის მიტანას აჯობებს, წაგების მიზეზი ჩვენშივე ვეძებოთ და ნურც იმას გამოვრიცხავთ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მეტოქემ ჩვენებური გაშიფრა.

საბოლოოდ გერმანელი ფინალში გავიდა (მან საბოლოოდ ვერცხლი მოიპოვა) და ჩვენებურიც სანუგეშოში გადავიდა. იქ ჯერ იოლად, ძირითად დროში დაამარცხა ჩინელი ზილინგ იანი - 2:0; 6:0, დამამშვიდებლის ფინალში კი დაძაბული ბრძოლა გადახდა ბრინჯაოს მოსაპოვებლად. მეტოქეც სერიოზული ჰყავდა - აზერბაიჯანელი ელჯან უსუბზადა, რომელიც მასავით ევროპის წლევანდელი ბრინჯაოსმედალოსანია.

პირველი პერიოდი ჩვენებურმა შედარებით იოლად მოიგო - 2:0, მეორე კი მხოლოდ ანგარიშის გათანაბრების გამო მიითვალა, ანუ ბოლო ქულის წესით - 1:1.

ამ გუნდში ტალახაძე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია - უკვე მესამე სეზონს ატარებს და ზურგს 2010 წელს ახალგაზრდებში მოპოვებული ევროპული ბრინჯაო და მსოფლიოს ვერცხლი უმაგრებს. მან წონა შეიცვალა და მცირეხნიანი ადაპტაციის შემდეგ 55-შიც წარმატებით ჩაერთო.

4 მოგებული შეხვედრიდან ტალახაძემ სამში ძირითად დროში იმარჯვა - ამერიკელ ჯო დანთან, ესტონელ ალექსეი ბასკაკოვთან და სომეხ არტაკ ჰოვანისიანთან. ამათგან ყველაზე იოლად ბასკაკოვს მოუგო - 6:2; 7:0, თუმცა დიდი პრობლემა არც სხვებთან შეჰქმნია.

ევროპელთაგან განსხვავებით, ჩვენებურს აზიელებთან უფრო გაუჭირდა - ნახევარფინალში იაპონელ ფუმიტაკა მორიშიტასთან დამატებითი დრო დასჭირდა, ფინალი კი მონღოლ ბეკბაიარ ერდენებატთან სულაც წააგო.

იაპონელთან შეხვედრა მოგებით დაიწყო - 5:3, მაგრამ მეორე პერიოდში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა - 4:7 და აზიელმა პერიოდების ანგარიში გაათანაბრა. საბედნიეროდ, დამატებითში ტალახაძემ შეძლო მობილიზება და ისევ 5:3 მოიგო.

სამწუხაროდ, ფინალი მთლიანად მონღოლის უპირატესობით წარიმართა. ჩვენებურმა მას ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწია, რომელიც 0:1 დათმო; აი, მეორეში კი მეტოქემ 5:0 იმარჯვა და ტალახაძე კარიერაში მეორედ გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

ხაბალაშვილი ნაკრებში პირველ სეზონს ატარებს, მსოფლიოზე კი დებიუტი ჰქონდა. ტაილანდში ის პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო ძირითად დროში - ავსტრიელ გეორგ მარჩლთან, ყიტგიზ ულუკმან მამატოვთან და სომეხ დავიდ აროიანთან.

ამათგან ევროპელები პირწმინდად დაჯაბნა და მშვენიერი სტატისტიკა დადო - ავსტრიელს ორი პერიოდის ჯამში 14:0 მოუგო, სომეხს - 10:2. ყირგიზთან მთლად ასე ვერ გაილაღა და შედარებით მოკრძალებულად, 3:0 იმარჯვა.

ფინალში ხაბალაშვილი რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ ყურბანალიევს შეხვდა და პირველივე პერიოდში ახლოს იყო მიზანთან - 1:0 დაწინაურდა. სამწუხაროდ, ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და რუსმა გამათანაბრებელი ქულით პერიოდიც მოიგო.

ქართველმა პერიოდებში ანგარიში სწრაფად გაათანაბრა, როცა მეორეში 2:0 იმარჯვა, მაგრამ დამატებითი რუსმა მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0 და ჩემპიონიც გახდა.

გენო პეტრიაშვილი ამ ნაკრების ლიდერია და იქნებ მისგან ცოტა მეტსაც ველოდით, მინიმუმ - ფინალს მაინც, მაგრამ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს მაგომედგაჯი ნურასილოვთან წააგო.

ეს დაღესტნელი შარშან 96-ში გახდა მსოფლიოს პრიზიორი, წლეულს კი წარმატებით გადაინაცვლა მძიმე წონაში.

ეჭვის შეტანა ამ რუსის ასაკშიც შეიძლება, მით უფრო, პეტრიაშვილი ჯერ 18-ისაც არაა, მაგრამ მომავალ ჩემპიონს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ქართველმა გაუწია - პირველი პერიოდი მხოლოდ ბოლო ქულის გამო დათმო 4:4-ზე, მეორე კი მინიმალური სხვაობით - 2:3 წააგო!

დასანანია, რადგან გამარჯვება ასე ახლოს ყოფილა. თუმცა ეს ყველაფერი ნახევარფინალში იყო, მანამდე კი გორელმა ახალგაზრდამ ქულათა დიდი უპირატესობით, ძირითად დროში მოიგო ორი შეხვედრა - მონღოლი ოიუნბოლდ ენკტუგსი 6:3; 6:0 დაამარცხა, ეგვიპტელი კამალ გოუდა დიალდინი - 2:0; 6:0. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გორელმა კანადელი სან დნისა ასევე იოლად, ორ პერიოდში 6:2 დაჯაბნა.

ტაილანდში მოასპარეზე კიდევ ოთხი ქართველი სანუგეშო წრეშიც ვერ გადავიდა, ისე გავარდა. იმათგან სამმა სულაც პირველივე შეხვედრა წააგო - ბექა ბუჯიაშვილი (50) თურქ მუამერ სანცაკთან დამარცხდა, ლევან გოგრიჭიანი (84) - აზერბაიჯანელ მაგანედგაჯი ხატიერთან, გიორგი მეშვილდიშვილი (96) - რუს მაგომედგაჯი ნუროვთან.

ამ კვარტეტიდან პირველი წრე მხოლოდ ლაშა ბიტარაშვილმა (60) გაიარა - იაპონელ მასაკაცუ კამოის დიდი უპირატესობით აჯობა - 11:1 ორ პერიოდში, მაგრამ მსოფლიოს შარშანდელ მოლდოველ პრიზიორ ანდრეი პერპელიტასთან ვერაფერს გახდა და ქულების საერთო ჯამით 2:5 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს