უიმბლდონის ორივე ფინალი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა - სერენა უილიამსმა და რაფაელ ნადალმა იოლად მოიგეს გადამწყვეტი მატჩები და...

უიმბლდონის ორივე ფინალი "მშრალი" ანგარიშით დასრულდა - სერენა უილიამსმა და რაფაელ ნადალმა იოლად მოიგეს გადამწყვეტი მატჩები და შესაბამისად მეოთხედ და მეორედ დაეუფლნენ ჩემპიონის ტიტულს.

უიმბლდონის ფინალში დები უილიამსების ყოფნა - ჩვეულებრივი ამბავია. ბოლო 11 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფინალი ჩატარდა დების გარეშე, ოთხჯერ გადამწყვეტ მატჩში კი სერენამ და ვენუსმა ერთმანეთში გაითამაშეს მთავარი პრიზი. რუსი ვერა ზვონარევა კი უიმბლდონის ფინალში პირველად თამაშობდა და თუნდაც მისი არასაკმარისი გამოცდილების გამო, ფინალში აშკარა ფავორიტად სერენა მიიჩნეოდა, მით უმეტეს, რომ უმცროსი უილიამსი ბრწყინვალე ფორმაში იყო და ბოლო მატჩამდე სეტის წაუგებლად მიაღწია.

პირველი სეტის დასაწყისში ორივე ჩოგბურთელი ნერვიულობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის მაღალი დონის ჩოგბურთის ჩვენებაში. ზვონარევა ტოლს არაფერში უდებდა ტიტულოვან მეტოქეს და არ ერიდებოდა ღია ჩოგბურთის თამაშს. და მაინც, სერენამ თანდათან დაანახა ყველას, თუ ვინ იყო იმ დღეს კორტის ბატონპატრონი. საკუთარ მოწოდებაზე რუსმა პირველი საფრთხე მოიგერია - ორი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, მაგრამ ერთი გეიმის შემდეგ უილიამსმა მეოთხე ცდიდან აიღო მეტოქის მოწოდება. ზვონარევამ მიღებაზე ბრძოლა ვერ გაუმართა სერენას და უილიამსმა უპრობლემოდ მოაწოდა სეტზე - 6:3.

მეორე პარტიამ ამერიკელს კიდევ უფრო დიდი უპირატესობა მოუტანა. უილიამსი თავიდანვე წინ გაიჭრა და შემდეგ ერთი წამით არ მისცა საკუთარ თავს მოდუნების უფლება. ვერას, როგორც შეეძლო წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, მაგრამ ნერვულ დაძაბულობას ვერაფერს უხერხებდა. უმძიმეს მეხუთე გეიმში მან ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და შეხვედრას ბოლო ინტრიგა მოუსპო. მალე სერენამ სეტში და მატჩში გამარჯვება გაიფორმა და მეოთხედ გახდა უიმბლდონის ჩემპიონი - 6:2.

უილიამსი იმ დღეს შეუდარებელი იყო. მართალია, მას მეტოქეზე ოთხით მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა, სამაგიეროდ 29 "ვინერსი" მიითვალა, ზვონარევამ კი მხოლოდ 9 ქულა მოიგო აქტიური მოქმედებით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამერიკელის ბადესთან თამაში - სერენა 13-ჯერ წავიდა წინ და ყველა გასვლა მოგებული ქულით დაასრულა. გარდა ამისა, მან 9 ეისი ჩააწოდა, ხოლო ასეთი მოწოდება მთელს ტურნირზე 89 დაუგროვდა - თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე შესაბამის სიაში მის უახლოეს მდევარს ჰქონდა.

სერენამ კარიერაში "დიდი სლემის" მე-13 ტურნირი მოიგო (Aუსტრალიან Oპენ - 2003, 2005, 2007, 2009, 2010, როლან გაროსი - 2002 , უიმბლდონი - 2002, 2003, 2009, 2010, Uშ Oპენ - 1999, 2002, 2008). ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო ლეგენდარულ ბილი ჯინ კინგს, რომელიც ფინალს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.

ქალთა ჩოგბურთში დღეს ნამდვილი ქაოსი სუფევს და მხოლოდ სერენა უილიამსი რჩება ერთადერთ სტაბილურ მოთამაშედ. თავად განსაჯეთ: 2010 წელს "დიდი სლემის" სამ ტურნირში ნახევარფინალში 11-მა სხვადასხვა ჩოგბურთელმა ითამაშა და მხოლოდ სერენამ შეძლო ერთზე მეტჯერ ამის გაკეთება, თანაც ორჯერ გამარჯვებას მიაღწია.

რაფაელ ნადალმა ისევ მყარად დაიბრუნა ლიდერობა მამაკაცთა პროფესიულ ტურში. ესპანელი ჩოგბურთელი წელს ისეთივე გრაფიკით იგებს ტურნირებს, როგორც 2008 წლის სეზონში - ყველა სტარტის მოგება სათიხნარო სეზონში (მათ შორის როლან გაროსი), რაც ბალახის კორტებზე უიმბლდონის მოგებით დაგვირგვინდა. ოღონდ, ორი წლის წინ ნადალისა და ფედერერის ეპიკური ფინალისგან განსხვავებით, ამჯერად რაფამ გადამწყვეტი მატჩი თითქმის უბრძოლველად მოუგო ჩეხ ტომაშ ბერდიხს.

სასტარტო გეიმებში ვერცერთი ჩოგბურთელი ვერ ახერხებდა მიღებაზე წარმატებით თამაშსა და თუნდაც ერთი ბრეიკ-პოინტის მოპოვებას. რაფაელიც და ტომაშიც მშვიდად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს და ორივეს ჯამში მხოლოდ ოთხი ქულა ჰქონდათ აღებული მიღებაზე. ასე გრძელდებოდა მეშვიდე გეიმამდე, რომელშიც ნადალმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა. ბერდიხმა პირველი ცდა მოიგერია, მაგრამ მეორე ჯერზე რაფამ შესანიშნავი კროსით გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 4:3. ამის შემდეგ ესპანელმა "მშრალი" ანგარიშით მოიგო საკუთარ გეიმი და უპირატესობა გაზარდა. განაწყენებულმა ჩეხმა კიდევ ერთხელ დათმო თავისი მოწოდება და 34 წუთში ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:3. ნადალმა ოთხიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ბერდიხს კი მეტოქის მოწოდების აღების ერთი შანსიც არ ჰქონია.

მეორე სეტის სასტარტო გეიმში პირველად მატჩში ბრძოლა გაჩაღდა ნადალის გეიმზე. რაფას რამდენიმე შეცდომამ ტომაშს პირველი ბრეიკ-პოინტები მოუტანა. სულ ამ გეიმში ბერდიხმა სამი ასეთი შანსი მიიღო და სამივე გაანიავა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ნადალმა პირველ გეიმში ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. ამის შემდეგ ჩვეული თამაში გაგრძელდა, თანაც ესპანელმა მეტოქის პირველ სამ გეიმში მხოლოდ ერთი ქულა აიღო. საბოლოოდ, ყველაფერი მე-12 გეიმში გადაწყდა. იმ დროს, როცა ტაი-ბრეიკი გარდაუვალი ჩანდა, ნადალმა სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და სეტი 7:5 მოიგო.

ეს პარტია 54 წუთი გაგრძელდა. ჩოგბურთელებმა 10-10 "ვინერსი" შეასრულეს, თუმცა ნადალს ერთით მეტი უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მესამე პარტიის დასაწყისი მეორეს ჰგავდა - ბერდიხს ისევ ჰქონდა ნადალის გეიმის აღების შანსი, მაგრამ სეტში ერთადერთ ბრეიკ-პოინტზე შეცდომა დაუშვა. ასევე ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა ამ სეტში ნადალს და აქაც რაფამ შანსი ხელიდან არ გაუშვა. ეს მეათე გეიმში მოხდა. ნადალმა ბრწყინვალედ წარმართა პირველი ორი გათამაშება და 30:0 დაწინაურდა, მაგრამ ბერდიხმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება. "თანაბარზე" ჩეხმა მარტივ სიტუაციაში ბურთი აუტში გაგზავნა და რაფაელმა პირველი მატჩბოლი მოიპოვა, რომელიც მაშინვე გამოიყენა, რაც საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა.

ეს იყო ნადალის მეორე გამარჯვება უიმბლდონზე და მერვე "დიდი სლემის" ტურნირებზე. სერენას მსგავსად, რაფამ ამ ტრიუმფისთვის მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო და თან განიმტკიცა ლიდერობა AთP-ის რეიტინგში, სადაც მას კარგა ხანი ვერავინ დაემუქრება.

სხვათა შორის, ესპანელმა უიმბლდონზე 14 მატჩამდე აიყვანა გამარჯვებათა სერია.

მოულოდნელი ჩემპიონები ჰყავდა უიმბლდონზე წყვილთა თანრიგის ტურნირებს. კაცებში პირველობა არავის დაუთმეს ავსტრიელმა იურგენ მელცერმა და გერმანელმა ფილიპ პეტცშნერმა - მათ ფინალში მეორე ევროპული წყვილი - რობერტ ლიდსტედი/ორიო ტეკაუ (შვედეთი/რუმინეთი) დაამარცხეს - 6:1, 7:5: 7:5.

სხვათა შორის, იურგენმა და ფილიპმა წელს მეორე ტურნირი მოიგეს - პირველად თებერვალში ზაგრებში გაიმარჯვეს. ადრე მელცერი წყვილებში ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსის ნახევარფინალში (ორივეჯერ 2005 წელს) თამაშობდა, პეტცშნერმა კი 2008 წელს ამერიკის ღიას მეოთხედფინალს მიაღწია.

ქალებში მეორე ფინალი წააგო ვერა ზვონარევამ. თანამემამულე ელენა ვესნინასთან დუეტში მან 6:7, 2:6 დათმო გადამწყვეტი მატჩი ვანია კინგთან (აშშ) და იაროსლავა შვედოვასთან (ყაზახეთი). ამერიკელმა და ყაზახმა კარიერაში პირველად მიაღწიეს მსგავს წარმატებას და საერთოდაც წელს პირველი ტიტული მოიგეს.

კაცები

ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ტომას ბერდიხი (ჩეხ. 12) 6:3, 7:5, 6:4.

ქალები

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვერა ზვონარევა (რუს, 21) 6:3, 6:2.

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე