საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქართველ მოჭადრაკეთა ცუდ შედეგზე ისაუბრა
სურათზე: ნატო იმნაძე, ირაკლი ბერაძე, გია გიორგაძე, დეა გოგიშვილი და გიორგი ხიბაშვილი

ამას წინათ სტამბულში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-8, ვაჟებმა კი 36-ე ადგილები დაიკავეს. ქართველ მოჭადრაკეებს მსგავს შეჯიბრებებში ასეთი ცუდი შედეგი არასდროს ჰქონიათ.

თურქულ ბატალიებსა და სხვა მნიშვნელოვან ტურნირებში ჩვენებურთა მონაწილეობაზე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, დიდოსტატი გია გიორგაძე გვესაუბრება.

- წლეულს ჩვენი ფედერაციის გამგეობის სხდომაზეც ითქვა, რომ ქალთა გუნდის ოლიმპიადის სამეულში მოხვედრა წარმატება იქნებოდა, ხუთეული - ნორმალური შედეგი, სხვა დანარჩენი კი წარუმატებლობად მიიჩნეოდა.

სამწუხაროდ, ის მივიღეთ, რასაც არ ველოდით. არადა, ამ შეჯიბრებისთვის მოსამზადებლად, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერი გავაკეთეთ.

ქალები ბაკურიანში გავგზავნეთ საწვრთნელ შეკრებაზე, ვაჟებთან ამხანაგური შეხვედრების გასამართავად აზერბაიჯანის ძლიერი ნაკრები მოვიწვიეთ. ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კი ორივე ნაკრების წევრებს ანტალიაში მოვუყარეთ თავი, რათა აკლიმატიზაციაც გაევლოთ და ფიზიკურადაც მომძლავრებულიყვნენ.

ანტალიაში საპატიო მიზეზებით გუნდების ლიდერები - ბაადურ ჯობავა და ნანა ძაგნიძე ვერ ჩავიდნენ. ჯობავამ ზედიზედ ორჯერ გაიკეთა ხერხემალზე ოპერაცია და სტამბულში ვერ იასპარეზა. ფაქტობრივად, ნახევარი ნაკრებით დავრჩით, რადგან მისი ტოლფასი შემცვლელი არ გვყავს.

შეჯიბრების საზეიმო გახსნამდე ტურნირის მთავარ მსაჯს ავუხსენი მდგომარეობა და ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა - ჯობავა კონსტანტინე შანავათი ჩავანაცვლეთ. საბედნიეროდ, ის კარგად შეეწყო გუნდს და სათადარიგოთა დაფაზე ბრინჯაოს მედალიც დაიმსახურა.

საერთოდ, ნაკრებსაც არ უთამაშია ურიგოდ. ბოლო ტურში დანიის გუნდისთვის, რომელსაც ჩვენები ყველა კომპონენტით აღემატებოდნენ, რომ მოგვეგო, მერვე-მეთხუთმეტე ადგილებს გავიყოფდით. სამწუხაროდ, თორნიკე სანიკიძემ მე-12 სვლაზე უხეში შეცდომით ლაზიერი დაკარგა და პარტია წააგო, რამაც უარყოფითად იმოქმედა ნაკრების სხვა წევრებზე და ის შეხვედრა 1:3 დავთმეთ.

ფაქტობრივად, 10 ტურის ნაჯაფი წყალში ჩაიყარა. ეს მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონ გერმანელებსა და წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ისრაელის გუნდს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ.

ცხადია, ჩვენი მთავარი იმედი ქალთა ნაკრები იყო. ძაგნიძე, როგორც გითხარით, ანტალიაში არ ყოფილა - პირდაპირ სტამბულში ჩავიდა. ნანა მალე დედა გახდება და ზედმეტ მგზავრობას მოერიდა. ამის მიუხედავად, მან შესანიშნავად ითამაშა და პირველ დაფაზე ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და მცირე ვერცხლის მედალიც ერგო.

ლიდერს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს. ბელა ხოტენაშვილმა ჩინებული სტარტი აიღო, მაგრამ ფინიშზე სამი პარტიიდან მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო. არადა, თავის დაფაზე ისიც მედლის რეალური კანდიდატი იყო.

ყველაზე მეტად ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ხურციძემ გაგვიცრუეს იმედები. ჩვენ კი სწორედ მათგან ველოდით ქულებს. ასე ფიქრის საბაბს მათი მაღალი რეიტინგები და საშეჯიბრო გამოცდილება გვაძლევდა.

რაც შეეხება ნინო ბაციაშვილს, რომელმაც ბოლო წლებში სტაბილური თამაშით დაიმკვიდრა ნაკრებში ადგილი, დებიუტანტის კვალობაზე, ცუდად არ უასპარეზია, თუმცა მისგანაც მეტს ველოდით.

ქალთა გუნდის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მაინც სუსტი ფიზიკური მომზადება მგონია - ვერ გაუძლეს თერთმეტტურიან მარათონს, იმის მიუხედავად, რომ ორი დასვენების დღე ჰქონდათ.

- იქნებ იმის ბრალიცაა, რომ გუნდში მოსახვედრად ნაკლები კონკურენციაა?..

- გეთანხმებით, ვერც ამ მიზეზს გამოვრიცხავ. ზურგს უკან კონკურენტების სუნთქვას რომ ვერ გრძნობენ, ცუდი ფიზიკური მომზადებაც, ალბათ, ამის ბრალია. მეტი გასაქანი და შანსი უნდა მიგვეცა ახალგაზრდებისთვის ნაკრებში მოსახვედრად თუნდაც დამატებითი ტურნირით. ჩვენ კი გამოცდილებას მივანიჭეთ უპირატესობა.

მერწმუნეთ, მომავალი წლიდან ნაკრები გუნდები სხვაგვარად დაკომპლექტდება...

- თქვენ ახალგაზრდებზე ჩამოაგდეთ საუბარი. 20-წლამდელთა სასექტემბრო მსოფლიო რეიტინგის ასეულში არც ერთი ვაჟი არ გვყავს, გოგონებში კი მხოლოდ ოთხი მოჭადრაკეა - მერი არაბიძე, ნაზი პაიკიძე, ქეთი წაწალაშვილი და მარიამ დანელია. მათგან ბოლო ორი თითქმის ორი წელიწადია, შეჯიბრებებზე არ ჩანს.

- წაწალაშვილი და დანელია, უდავოდ, ნიჭიერი და პერსპექტიული მოჭადრაკეები არიან. სამომავლოდ ნაკრების წევრობის კანდიდატებადაც მოიაზრებიან, მაგრამ ბოლო დროს ისინი უფრო სწავლისკენ იხრებიან. მაგალითად, წლეულს 20-წლიანთა საქართველოს პირველობაში არ მიიღეს მონაწილეობა, სხვა შეჯიბრებებზეც არ გამოჩენილან.

რაც შეეხება მერი არაბიძეს, მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. ფიდეს ბოლო კონგრესზე მას დიდოსტატობა მიენიჭა. ვულოცავთ. ცოტა ხნის წინათ იგი ევროპის ასაკობრივ პირველობაზე არ გავუშვით, რადგან შანსი მივეცით, დიდ ჭადრაკში მოესინჯა ძალები - 20-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზა და წარმატებითაც. 2-3 წლით უფროსებთან პაექრობაში მე-5 ადგილი დაიკავა - პირველ-მეოთხეადგილოსნებს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა.

18-წლამდელთა ევროპის პირველობაზე რომ წასულიყო, მედალს აიღებდა, მაგრამ ამაზე შეგნებულად ვთქვით უარი სამომავლოდ მოჭადრაკის უკეთესი კარიერისთვის.

მასთან კარგა ხანია, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი ალეკო არსენიძე მუშაობს. ბოლო დროს მას დიდოსტატი ლაშა ჯანჯღავა ეხმარება. იმედია, წლევანდელი 18-წლიანთა მსოფლიო პირველობისთვის სათანადოდ მოემზადება და შარშან მოპოვებულ ტიტულსაც შეინარჩუნებს.

ოქტომბრის მიწურულს მსოფლიოს პირველობაზე წამსვლელთათვის საწვრთნელ შეკრებას ჩავატარებთ. სპორტის სამინისტროსგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. სლოვენიაში უკვე გადავრიცხეთ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის აუცილებელი თანხა. მოჭადრაკეებსა და მათ მწვრთნელებს მარიბორში ყოველგვარი პირობა ექნებათ ევროპის პირველობაზე უკეთესი შედეგების მისაღწევად.

- ჩეხეთში ასე მწირი მონაგრის მიზეზი რა იყო?

- კონტინენტის პირველობებზე, ბათუმურ 6 ჯილდოს თუ არ ჩავთვლით, მეტწილად 2-3 მედალს ვიხვეჭდით. გასაკვირი და გულსატკენი ამჯერად ის არის, რომ ჩვენი გოგონები კვარცხლბეკზე ვერ ავიდნენ. არადა, ნატო იმნაძეს საამისოდ რეალური შანსი ჰქონდა - ბოლო ტურამდე ლიდერთა შორის ეკავა ადგილი, რაც ჩვენთვისაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მე-9 ტურში პარტია ყაიმითაც რომ დაემთავრებინა, მედალს მოიპოვებდა. ის კი საკუთარ თავს ვერ მოერია, დამარცხდა და მე-4 ადგილზე გავიდა.

მეტს მოველოდით ნინო ხომერიკისგან, რომელიც, უდავოდ, ნიჭიერი მოჭადრაკეა, ჩვენი აკადემიის მსმენელია და მეცადინეობებს არ აცდენს. პრაღაში ვესწრებოდი მის თამაშს. სადებიუტო მომზადება აკლია და ეს ხარვეზი სასწრაფოდ უნდა აღმოვფხვრათ.

ჩეხეთში ბიჭებმა იყოჩაღეს. რვაწლიანებში ნიკოლოზ კაჭარავამ წლეულს ქუთაისში ევროპის თასი მოიგო, მერე ნანა ალექსანდრიას ტურნირში გაიმარჯვა, პრაღაშიც შესანიშნავად ითამაშა - ბულგარელთან ერთად თანაბარი ქულები მოაგროვა და მხოლოდ უარესი კოეფიციენტით ერგო ვერცხლი.

14-წლიანებში კი გიორგი სიბაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა სტამბულში 16-წლიანთა ოლიმპიადაზე ბევრად უკეთ ითამაშა.

- ამ შეჯიბრებაზეც მინდა გკითხოთ: ჩვენს გუნდში მხოლოდ ირაკლი ბერაძეს ჰქონდა 2300-ზე მეტი რეიტინგი, დანარჩენებისა კი 2100-საც ვერ აღწევდა. ეს მაშინ, როცა ირანელთა ნაკრებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2200 იყო.

- მართალი ხართ, მაგრამ ისიც მინდა გითხრათ, რომ ქართველი დაბალრეიტინგიანი გოგო-ბიჭები მათზე გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეებზე უკეთ თამაშობენ. ეს სტამბულის ოლიმპიადამაც დაადასტურა. რუსეთის გუნდი, ფაქტობრივად, 2500-იანებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ ბოლოსწინა ტურში ჩვენებმა მასთან შეხვედრა ფრედ დაამთავრეს. საბოლოოდ კი 40 გუნდს შორის მე-4 ადგილი დაიკავეს.

შესაძლოა, უკეთესი შედეგიც გვქონოდა, მაგრამ ნაკრები ექსტრემალურ სიტუაციაში დავაკომპლექტეთ - ორგანიზატორებმა ორი თვით გადმოწიეს ეს შეჯიბრება და პრაღაში ევროპის პირველობის მონაწილეებს მივანიჭეთ უპირატესობა, რადგან ვიზების პრობლემა შეგვექმნებოდა.

რაც შეეხება დაბალ რეიტინგებს, სამწუხაროდ, არც ჩვენს ფედერაციას და არც მშობლებს იმდენი ფინანსური შესაძლებლობა არ გვაქვს, მოჭადრაკეები ევროპულ ტურნირებზე გავგზავნოთ. შინ ერთმანეთთან თამაშით კი სათანადოდ ვერც ოსტატობას იმაღლებენ და ვერც რეიტინგს.

- მაშინ ჯადოსნური წრიდან ვერ გამოვსულვართ. ხვალ-ზეგ ის შედეგებიც სანატრელი გაგვიხდება, რაც დღეს გვაქვს. თუნდაც იგივე ნატო იმნაძე, რომელსაც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება არ ექნება, მსოფლიოს პირველობაზეც ინერვიულებს და, შესაძლოა, ნაკრების სხვა წევრების მსგავსად, ისევ უმედლოდ დარჩეს...

- მოზარდების შეჯიბრებებზე გამგზავრება საპრობლემოა, რადგან მარტონი ვერ წავლენ, მშობელი ან მწვრთნელი უნდა გააყოლო. ამდენი თანხის მოძიება კი ჭირს. თუმცა ამ მხრივაც გადავდგით პირველი ნაბიჯები. წლეულს დუბაის ტურნირზე ხუთი მოჭადრაკე გავუშვით მწვრთნელთან ერთად.

მომავალში უკეთესი პირობები გვექნება და ამ პრობლემასაც გარკვეულწილად მოვაგვარებთ. ფედერაციის გამგეობის სხდომაზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მხოლოდ ასაკობრივი პირველობებით არ შემოვიფარგლოთ. ორი კარგი ღონისძიება უკვე გვაქვს - ევროპის თასი და ნანა ალექსანდრიას ტურნირი. ვგეგმავთ საქართველოს თასის გათამაშებას, სადაც ასაკი შეუზღუდავი იქნება.

წამოვიწყებთ საკლუბო ჩემპიონატებს. სხვადასხვა ასაკის გოგო-ბიჭებისთვის სხვა საერთაშორისო ტურნირის მოწყობაც შეიძლებოდა, მაგრამ გეოგრაფიულად ისეთ ადგილას ვართ, რომ ევროპელებს არ უხერხდებათ აქ ჩამოსვლა.

ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, რათა ქართველი მოჭადრაკეებს დაოსტატებაში დავეხმაროთ და ეროვნულ ნაკრებ გუნდებს ღირსეული ცვლა მოვუმზადოთ.

- სტამბულური ბატალიები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ იქ ფიდეს კონგრესიც გაიმართა. თურქეთის ჭადრაკის ფედერაციის თავკაცი ალი ნიხატ იაზიჩი, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა, ფიდესადმი ოპოზიციურად განწყობილი შვიდი ქვეყნის, მათ შორის - საქართველოს, ფედერაციების ფიდესგან მოკვეთას მოითხოვდა.

- ეს უსუსური იდეა ჩანასახშივე განწირული იყო, რადგან მას მხარს არავინ დაუჭერდა. ალბათ, ამიტომაც კონგრესზე ეს საკითხი არც წამოჭრილა. პირიქით, ფიდეს მესვეურებმა შემოგვთავაზეს, რომ გაისად საქართველოში მსაჯთა საერთაშორისო სემინარი გაიმართოს და ამ ღონისძიებას თავად დააფინანსებენ.

კონგრესზე დასასწრებად ჩამოვიდა მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი გარი კასპაროვი, რომელმაც პრეზენტაციისას განაცხადა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც წლეულსვე ამოქმედდება პროგრამა "ჭადრაკი - სკოლაში". ჩვენი დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ მუშა ჯგუფში, რომელმაც შესწორებები შეიტანა ფიდეს წესდებაში და ისინი კონგრესმა დაამტკიცა.

დიდი ხანია, კარგი ურთიერთობა აქვს ევროპის საჭადრაკო კავშირის ხელმძღვანელობასთან, კერძოდ, მის პრეზიდენტ სილვიო დანაილოვთან. მან უფლება მოგვცა, გაისადაც მისი პატრონაჟით ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ევროპის თასის გათამაშებას, რომელიც წლეულს პირველად გაიმართა ქუთაისში.

2014 წელს 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა საქართველოში ჩატარდება. ეს ნდობა კეთილგანწყობის გამოხატულებაცაა და უდიდესი პასუხისმგებლობაც, რადგან ღონისძიებების მაღალ დონეზე გამართვასთან ერთად უცხოელებთან საპაექროდ კონკურენტუნარიანი მოჭადრაკეები უნდა მოვამზადოთ. ვფიქრობ, რომ ამასაც შევძლებთ.

- წლეულს ხანტი-მანსიისკი ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც ექვსი ქართველი იასპარეზებს...

- არა, შეჯიბრებაზე მხოლოდ ოთხი წარმომადგენელი გვეყოლება - ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი და სოფიკო ხუხაშვილი. ნანა ძაგნიძე, როგორც გითხარით, მალე დედა გახდება და იქ წასვლას ვერ შეძლებს, მაია ჩიბურდანიძემ კი ოფიციალურ შეჯიბრებებში გამოსვლაზე უარი თქვა.

ყოველივეს მიუხედავად, გვჯერა, რომ ჩვენი ქალთა ოთხეული შეძლებს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ღირსეულად დაიცვას ქართული საჭადრაკო სკოლის ავტორიტეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
ბელამ ყველაზე დიდი შრომა გასწია,ის მედლის რეალური კანდიდატი იყო და 9 ტური დაუსვენებლად ითამაშა გუნდის ინტერესების გამო.ეს ყველამ ნახა და ყველა მიხვდა
"რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ბელინგემმა ვარჯიში დაიწყო - "რეალი" აჩქარებას არ აპირებს
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა