ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ფსიქოლოგია, ტაქტიკა, შემადგენლობა და სხვა ნიუანსები გავაანალიზეთ

ვინც აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ნაკრების თამაშებს ადევნებდა თვალს და შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენი ლეგიონერების გამოსვლასაც აკვირდება, უთუოდ დაებადებოდა შეკითხვა: გიორგი შერმადინი კლუბში უკეთესად რატომ თამაშობს, ვიდრე ნაკრებში?

რატომ შეიძლება გაჩენილიყო ეს კითხვა, ახლავე მოგახსენებთ.

კვირას შერმადინმა თელ-ავივის "მაქაბისთან" ერთად გერმანიაში დაასრულა ბამბერგის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი ბერძნული "ოლიმპიაკოსი", რუსული "ხიმკი" და ევროლიგის წარმომადგენელი ბამბერგის "ბროსე" მონაწილეობდნენ.

რუსებთან გიორგი (1989 წელი, 216 სმ) 15 ქულით მაქაბელთა ბომბარდირი გახდა, გერმანელებთან 10 ქულა ჩააგდო, ხოლო გაცილებით ძლიერ "ოლიმპიაკოსთან" 14 ქულა, 14 მოხსნა, 2 დაფარება, 3 პასი მოაგროვა; არც საჯარიმო და არც ორქულიანი ტყორცნა არ აუცილებია.

ეს ყველაფერი 22 წუთში მოასწრო.

მოკლედ, სწორედ ქართველი ცენტრი იყო ევროლიგის ჩემპიონის ძლევის მთავარი შემოქმედი. "მაქაბიში" ჩატარებულ სადებიუტო ტურნირზე ახალბედა გიორგის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება: 3 მატჩი, 20.3 წუთი, 13.0 ქულა, 9.0 მოხსნა.

ახლა საქართველოს ნაკრებში შერმადინის წლევანდელ მონაგარს გადავხედოთ: 8 მატჩი, 16.9 წუთი, 5.1 ქულა, 4.6 მოხსნა (0.6 შეცდომა).

წუთობრივ მაჩვენებლებში სხვაობა მხოლოდ 3-ია. სამაგიეროდ, გაცილებით დაბალია სანაკრებო ქულა-მოხსნების რაოდენობა.

თუმცა "მხოლოდ ერთი კუთხით შედარება საქმის არსის შესაცნობად საკმარისი არ არის", - არაერთგან უწერია თავის ნაშრომში ივანე ჯავახიშვილს, რომელიც თუნდაც ერთი სიტყვის წარმომავლობის დასადგენად უამრავ წყაროს იშველიებს.

ასევე არ შეიძლება მხოლოდ სამ თამაშზე დაყრდნობით ვთქვათ, რომ შერმადინი კლუბში უკეთესად ირჯება, ვიდრე ნაკრებში. რეალური სურათის შესაქმნელად აუცილებელია, ისტორიასაც გადავხედოთ.

2012 წლის სტატისტიკა ზემოთ გაგაცანით.

2011-12 წლების სეზონში იტალიური "კანტუს" მაისურით ევროლიგის ტოპ-16-ში: 6 მატჩი, 24.6 წუთი, 13.2 ქულა, 6.3 მოხსნა (1.5 შეცდომა).

2011 წელს ევრობასკეტზე: 8 მატჩი, 15.3 წუთი, 4.4 ქულა, 4.4 მოხსნა (1.6 შეცდომა).

2010-11 წლების სეზონში სლოვენიური "ოლიმპიას" შემადგენლობაში ევროლიგის ტოპ-16-ში: 6 მატჩი, 21.1 წუთი, 10.0 ქულა, 5.2 მოხსნა (1.7 შეცდომა).

2010 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე - 8 მატჩი, 11.4 წუთი, 5.0 ქულა, 3.1 მოხსნა (0.5 შეცდომა).

იყო მომენტი, ვიდრე "ოლიმპიაში" ფეხს მოიკიდებდა, პირველ წრეში მწვრთნელი მეტად არათანაბრად ათამაშებდა. ასე და ამგვარად, კიდევ უფრო ლიგიკურ სახეს იღებს კითხვა: რატომ კლუბში, ვიდრე ნაკრებში?

პასუხის ძიება იოლი საქმე როდია. მხოლოდ ციფრების ენით მსჯელობა არ კმარა. როცა ასეთ საკითხს ეხები, შერმადინის სანაკრებო თამაშებიც ნანახი უნდა გქონდეს და საკლუბოც.

საბედნიეროდ, ტექნიკურმა პროგრესმა საშუალება მოგვცა, ზემოთ ჩამოთვლილი ევროლიგის შეხვედრები კომპიუტერის ეკრანზე გვეხილა. ეროვნული გუნდის თამაშებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

შემადგენლობა

პირველი მოსაზრება ნაკრების შემადგენლობასთანაა დაკავშირებული. 90-იან წლებში საქართველოს ნაკრებში ცენტრად ვლადიმერ სტეფანია თამაშობდა, რომელიც თავის ამპლუაში, ფაქტობრივად, შეუცვლელი იყო. 1999 წელს გუნდში დებიუტი ჰქონდა 16 წლის ზაზა ფაჩულიას. მას შემდეგ იგი შეუცვლელ კალათბურთელად იქცა (სტეფანია ნაკრებში აღარ იყო).

კლუბებში ზაზაც და ვოვაც უმაღლეს დონეზე, ევროლიგასა და NBA-ში თამაშობდნენ და თამაშობენ (ფაჩულია იგულისხმება). ასევე ახალგაზრდულ ასაკში გამოჩნდა ნაკრებში გიორგი შერმადინი, რომელსაც ევროლიგაზე ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება მოუგროვდა... თუმცა მას ნაკრებში ფაჩულია დახვდა.

"ზაზასნაირ კალათბურთელებს დიდ პატივს ვცემ. ის, როგორც ანდრეი კირილენკო, გუნდის ნამდვილი ლიდერია, შესაძლოა, ეს ქულებში არ გამოიხატოს, მაგრამ როცა ფაჩულია მოედანზეა, მეტოქე დიდი თავსატეხის წინაშე დგება", - ეს სიტყვები გიორგი შერმადინის ამჟამინდელმა მწვრთნელმა ("მაქაბიში") დევიდ ბლატმა ევრობასკეტზე რუსეთთან თამაშის შემდეგ გვითხრა.

სლოვენიის "ოლიმპიაში" შერმადინი ერთადერთი ნომინალური ცენტრი იყო, ხოლო იტალიურ "კანტუში" სისწრაფემოკლებული დენის მარკონატო ჰყავდა კონკურენტად.

გიორგი ერთგანაც და მეორეგანაც N1 ცენტრი იყო. საქართველოს ნაკრებში კი მეორე მეფარეა, ზაზა ფაჩულიას შემდეგ.

...მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როცა ზაზა ვერ თამაშობს. მაშინ რატომ ვერ ირჯება შერმადინი ისე, როგორც კლუბში?

ასეთი შემთხვევა გასულ შესარჩევზე სამჯერ იყო: რუმინეთთან (შინ და გარეთ) და ჰოლანდიასთან (თბილისში). კითხვაზე ქვემოთ ვუპასუხოთ.

ტაქტიკა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს ექსპერიმენტები არ უყვარს. მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ოფიციალურ მატჩებში პირველად ჰოლანდიაში დააყენა მოედანზე ერთდროულად შერმადინი და ფაჩულია (ისიც რამდენიმე წუთით).

ამ ამბავს თავად მწვრთნელმაც გაუსვა ხაზი და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ორი ცენტრით თამაში მსოფლიოში მიუღებელი პრაქტიკაა. ზოგ გუნდში ეს მთავარ კოზირადაც ითვლება.

საქართველოში ჩამოსულ ბერძენ გეორგიოს კეცელიდისს ჩვენი ნაკრების შესახებ რომ ველაპარაკეთ, თქვა - გასაკვირია, რატომ არ თამაშობენ შერმადინი და ფაჩულია ერთდროულად, ეს ხომ დიდი პლუსი იქნებოდაო?!

ცხადია, ლაპარაკია გარკვეულ ეპიზოდებზე. არავინ ამბობს, ორი ცენტრი მოედანზე 40-40 წუთი უნდა იდგეს.

კოკოშკოვმა წინამორბედ მწვრთნელებთან შედარებით, ტაქტიკური თვალსაზრისით ნაკრების თამაშში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში ტაქტიკურად ყველაზე გამართული გუნდია.

2012 წელს, შესარჩევი ეტაპის დასაწყისში, სწრაფ კალათბურთს ვთამაშობდით, მოხსნისთანავე ბურთს მეტოქის ფარისკენ მივაქანებდით, რაც ქართული სტილია და უდავოდ მისასალმებელია. თუმცა ამ დროს უფრო ინდივიდუალური მონაცემებია მთავარი, ვიდრე ტაქტიკური მონახაზი. ასეთ სიტუაციაში ცენტრი სისწრაფეში ფორვარდებსა თუ უკანახაზელებს ვერ გაასწრებს. ამიტომ ვერც გიორგი შერმადინი გამოიჩენდა თავს.

შესარჩევის მეორე ნახევარში სწრაფი თამაში გაგვიჭირდა, რადგან ეს დიდ ენერგიას მოითხოვდა, მწვრთნელს კი წამყვანი კალათბურთელების სრულფასოვანი შემცვლელები არ ჰყავდა (ან არ ენდობოდა). ამიტომ უფრო დინჯ თამაშზე გადავედით, ბურთი მეტოქის ნახევარზე გიორგი ცინცაძეს გადაჰქონდა და იქ ვათამაშებდით.

მთავარი ამოცანა ბურთის ზაზა ფაჩულიამდე მიტანა იყო, რომლის შეჩერებაც ყველა მოწინააღმდეგეს უჭირდა.

როცა ზაზა ვერ თამაშობდა, ტაქტიკაც იცვლებოდა, ბურთის ცენტრამდე მიტანა პრიორიტეტად არ რჩებოდა. თავად განსაჯეთ: შერმადინს 8 მატჩში მოედანზე გატარებულ 135 წუთში მხოლოდ 20 ორქულიანი (10 ჩაგდებული) და 23 საჯარიმო აქვს ნატყორცნი. "კანტუს" მაისურით კი ევროლიგის ტოპ-16-ში 149 წუთში 46 ორქულიანი და 40 საჯარიმო სტყორცნა. ამის მიზეზი სწორედ სტრატეგიაა:

"კანტუ" იტალიაში ძალიან მოძრავი გუნდია. მის კომბინაციებზე რომ ვვარჯიშობდით, ვირტუსელები ვიღლებოდით. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იყო კანტუელთა დევნა უშუალოდ თამაშისას", - გვითხრა ვიქტორ სანიკიძემ.

არც "კანტუს" თამაში ეწყობოდა შერმადინზე, მაგრამ ბურთი შემადგენლობასთან ერთად იმდენად სწრაფად ტრიალებდა, რომ ცენტრი ხშირად რჩებოდა დაუცველი (ისევე, როგორც პერიმეტრის მოთამაშეები). პასი კი არასოდეს აგვიანებდა. ამიტომ გიორგისთან ერთად ფორვარდებიცა და უანახაზელებიც ხშირად უტევდნენ მეტოქის კალათს.

ნდობა

როცა იცი, მეორე ნომერი ხარ და მატჩში დაახლოებით 10-12 წუთი მოგიწევს მოედანზე ყოფნა, ითამაშებ ისევე თამამად, როგორც კლუბში, სადაც მწვრთნელი გეუბნება: "ბარსელონასთან" მატჩის ბოლო წუთზე ბურთი შენ უნდა მიიღო, რათა მეტოქემ წესების დარღვევით შეგაჩეროს და გადამწყვეტი ჯარიმები შეასრულოო!

"კანტუსთვის" შერმადინს ბოლო წამებზე არაერთი კარგი საქმე გაუკეთებია. ძნელი გასახსენებელია, მის გამო თამაში წაეგოს.

გიორგის ნაკრებში, მაშინაც კი, როცა ფაჩულია ვერ თამაშობს, ბოლო წუთებზე მოედანზე ყოფნა თითქმის არ უწევს. გამონაკლისი მხოლოდ ჰოლანდიასთან თბილისური მატჩი იყო, რომელშიც არც ფაჩულიას უთამაშია და არც შენგელიას. გადამწყვეტ მომენტში მწვრთნელი მასზე მეტად სხვას ენდობა. ეს ნებისმიერი კალათბურთელის ფსიქოლოგიაზე მოქმედებს.

ლატვიელთა დამრიგებელმა აინარს ბაგაცკისმა გიორგი შერმადინზე ლაპარაკისას გვითხრა:

"კლუბსა და ნაკრებში იგი სხვადასხვა მოთამაშეა. ეროვნულ გუნდში სითამამე, თავისუფლება აკლია. მან რომ არ იცოდეს, სათამაშო დრო 10-15 წუთზე მეტი არ ექნება, ვფიქრობ, გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლება".

როგორც ხედავთ, დასაწყისში დასმულ კითხვაზე პასუხისთვის ფსიქოლოგიას, ტაქტიკას, შემადგენლობას და სხვა არაერთ ნიუანსს გადავწვდით. მწვრთნელის ფაქტორზეც დავწერეთ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, გაცილებით სახელიანი დამრიგებლის ხელში სიტუაცია იგივე იყოს.

იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და 2013-ში დაგეგმილ ევრობასკეტზე კარგი შედეგის საჩვენებლად აუცილებლად დასჭირდება შემადგენლობის მაქსიმალურად გამოწურვა, რაც უმთავრესად სათადარიგოებს ეხებათ, თორემ "დამრტყმელი ხუთეული" ისედაც გვარიანად დაიტვირთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი შერმადინმა ევროლიგის ჩემპიონთან ორმაგი დუბლი შეასრულა

ბესიკ ლიპარტელიანი: ახალი მწვრთნელის ჩამოყვანა რისკთანაა დაკავშირებული

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: ზედიზედ მეორედ ევრობასკეტზე

avlipi
მშვენიერი სტატიაა! გასაოცარი პრიდაპირ, ესეთი ღრმა ანალიზი ქართულ სპორტულ პრესაში ძააალიან იშვიათია. ესე გააგრძელეთ რა ვაჟა
gizo
კარგი სტატიაა
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
"მატჩებს შერჩევით უდგებით?" - ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა
[PHOTO] ვინ იყო MVP - როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEOS] "არსენალი" და "რეალი" მეოთხედფინალში გავიდნენ
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] კვარა დაფრინავს - ქართველმა "ჩელსის" სტუმრადაც გაუტანა
ლუის ენრიკემ "ჩელსისთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის