ჩოგბურთი
22 ნოემბერს, 45 წელი შეუსრულდა ბორის ბეკერს - მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანსა და უიმბლდონის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონს.

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი

ბორის ბეკერი მეტეორივით შეიჭრა საჩოგბურთო სამყაროში. არქიტექტორის (მისი პროექტით აშენდა საჩოგბურთო ცენტრი, რომელშიც ბორისმა პირველი ნაბიჯები გადადგა სპორტის ამ სახეობაში) ვაჟმა პროფესიული კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო - 1984 წელს. მაშინ ბეკერმა მეორედ დადგა ფეხი უიმბლდონის კორტებზე. 1983 წელს, იუნიორთა ტურნირზე გამოდიოდა, მაგრამ პირველივე წრეში წააგო სტეფან ედბერგთან. შვედმა იმ სეზონში თავისი სახელი ჩაწერა ისტორიაში - ის ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც იუნიორებს შორის “დიდი სლემი” მოიპოვა, მოგვიანებით კი ის ბეკერის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე გახდა და მასთან ერთად გაითამაშა უიმბლდონის სამი ფინალი.

მაგრამ, პროფესიულ დონეზე ედბერგი გვიან გაიხსნა, პირველმა კი სწორედ ბეკერმა გაიბრწყინა. 1984 წელს, რეიტინგის მეორე ასეულში მყოფი ბორისი იძულებული გახდა მოხსნილიყო უიმბლდონის მესამე წრიდან ტრავმის გამო, მაგრამ შემდეგ სეზონში ლონდონში უკვე სულ სხვა სტატუსით ჩავიდა. 1985 წლის სეზონის პირველ ნახევარში ბეკერმა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალამდე მიაღწია და რომის მასტერსზე მისთვის მოუხერხებელ გრუნტზე (ცნობისთვის, მთელი კარიერის განმავლობაში გერმანელმა ვერც ერთი ტიტული ვერ მოიგო ამ საფარზე) ნახევარფინალამდე მიაღწია. ხოლო უიმბლდონის სტარტამდე ერთი კვირით ადრე, ბორისმა მოიგო ტრადიციული “გასახურებელი” ტურნირი Queen’s club-ში. აქ მან კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა ტოპ-ათეულის წევრთან - მეშვიდე ნომერი პეტ კეში დაამარცხა.

მიუხედავად ამისა, უიმბლდონზე ბეკერი ვერ მოხვდა განთესილებს შორის (მაშინ განთესვის ნომერი მხოლოდ 16 ჩოგბურთელს ენიჭებოდა), რადგან მეოცე იყო რეიტინგში. რა თქმა უნდა, ბორისს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის რანგში სერიოზულად არავინ განიხილავდა, მაგრამ მან, როგორც იტყვიან, თავისი ტალღა დაიჭირა. მას ბრწყინვალე მოწოდება ჰქონდა და ბადესთან შესანიშნავად თამაშობდა. მართალია, მაშინ ბადესთან გასვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ წინ წასული გერმანელის დანახვაზე მეტოქეები ხშირად იბნეოდნენ და ვერ ახერხებდნენ შემოვლითი დარტყმის შესრულებას. არადა, ბორისი მაშინ 18 წლისაც არ იყო.

რამდენიმე ძლიერი მეტოქის (ტიმ მაიოტი, ანრი ლეკონტი, ანდერს იარიდი) დამარცხების შემდეგ, ფინალში ბეკერი კევინ კარენს შეხვდა. გარკვეულწილად, გერმანელს გაუმართლა, რადგან გადამწყვეტ მატჩში მისი მეტოქე სწორედ ეს სამხრეთაფრიკული წარმოშობის ამერიკელი გახდა. კარენმა ერთმანეთის მიყოლებით ჩამოაშორა ბრძოლას უკვე ნახსენები მომავალი ვარსკვლავი ედბერგი და ორი ცოცხალი ლეგენდა - ჯონ მაკინროი და ჯიმი კონორსი - მსოფლიოს მაშინდელი პირველი და მესამე ნომერი. ბორისის წინააღმდეგ სათამაშოდ მაკინროი ან კონორსი რომ გასულიყვნენ, გერმანელს უფრო გაუჭირდებოდა. ასე კი უიმბლდონის ფინალში პირველად გასვლამ კარენს თავგზა აურია. რა თქმა უნდა, ბორისს იოლად არ მოუგია, მაგრამ მაინც მატჩის დიდი ნაწილი აკონტროლებდა სიტუაციას და საბოლოოდ, ოთხ პარტიაში გაიმარჯვა.

კარენი თავის კარიერაში ასე მაღლა აღარ ასულა, ბეკერს კი ამ მოგებამ გზა გაუხსნა ოლიმპისკენ. ის გახდა “დიდი სლემის” ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი - უიმბლდონი 17 წლისა და 227 დღის ასაკში მოიგო (რამდენიმე წლის შემდეგ, ეს მიიღწევა გააუმჯობესა მაიკლ ჩანგმა, რომელმაც 1989 წლის როლან გაროსი 17 წლისა და 110 დღის ასაკში მოიგო). ნორჩ გერმანელზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა და ისიც არ უარობდა მსგავს ყურადღებას. სხვათა შორის, იმავე წელს ბეკერი პირველად აღიარეს გერმანიაში “წლის სპორტსმენად”. მოგვიანებით ასეთი რამ კიდევ სამჯერ მოხდა - 1986, 1989 და 1990 წლებში.

1986 წლის სეზონში ბეკერმა გაიმეორა წინა წლის მიღწევა. ამჯერად, მან ფინალში დაამარცხა უიმბლდონის ისტორიაში მთავარი უიღბლო მოთამაშე ივან ლენდლი, რომელიც მაშინ მსოფლიოს პირველი ნომერი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წლამდე, ბორისი ვერ ახერხებდა “დიდი სლემის” სამ დანარჩენ ტურნირზე ფინალამდე მისვლას, არადა, ჰარდზე ცუდად არ თამაშობდა. თუმცა ასეთ საფარზე მისი საფირმო ნახტომები სარისკო იყო.

ბეკერი vs ედბერგი

1988 წელს დაიწყო უიმბლდონის ფინალების სერია, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ ბეკერი და ედბერგი. პირველი ფინალისთვის მათი ურთიერთშეხვედრების ისტორია საკმაოდ სოლიდურ იყო: გერმანელი იგებდა 9:4-ს, თანაც უიმბლდონის სტარტამდე მან შვედი დაამარცხა Queen’s club-ის ფინალში. მიუხედავად ამისა, ტიტულების მიხედვით თავის ყველაზე შემოსავლიან წელს (შვიდი ტიტული, მათ შორის პირველი წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში), ბორისმა ოთხ სეტში დათმო უიმბლდონის ფინალი. თუმცა იმავე სეზონში ბეკერმა მოუგო ედბერგს მეორე მნიშვნელოვანი მატჩი - დევისის თასის ფინალში, რაც დაეხმარა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არსებობის ისტორიაში თასის პირველად აღებაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მატჩი შვედეთში ბორისისთვის არასაყვარელ გრუნტზე იმართებოდა. სხვათა შორის, ერთი წლის შემდეგ, გერმანელებმა ისევ მოუგეს ფინალში შვედებს, ოღონდ, ამჯერად შინ და ბეკერმა ისევ სძლია ედბერგს. საერთოდ, 1987-95 წლებში ბორისმა ნაკრებში 22 (!) ერთეულთა მატჩი მოიგო.

იმ სეზონში, როცა გფრ-მ მეორედ მოიპოვა დევისის თასი, ბორისმა სტეფანი უიმბლდონის ფინალში დაამარცხა. თანაც შვედის მარცხი სწრაფი და მტკივნეული იყო - 0:6, 6:7(1), 4:6. საბოლოოდ, უიმბლდონის რანგში ერთგვარი “გადამწყვეტი ბრძოლა” გახდა მესამე ფინალი, რომელიც 1990 წელს გაიმართა. ბეკერმა ჩააგდო პირველი ორი სეტი, მაგრამ შემდეგ გონს მოვიდა, უკეთ თამაში დაიწყო მოწოდებასა და მიღებაზე და გაათანაბრა ანგარიში. უფრო მეტიც, გადამწყვეტ სეტში ბრეიკით დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, სტეფანი არ დანებდა, გაათანაბრა ანგარიში და საბოლოოდ, ჩემპიონი გახდა - 6:2, 6:2, 3:6, 3:6, 6:4. საინტერესოა, რომ მას შემდეგ ისინი აღარ შეხვედრიან ერთმანეთს უიმბლდონის კორტებზე, გარდა ამისა, ედბერგს აღარ დაუმარცხებია ბეკერი თუ არ ჩავთვლით იმავე წლის პარიზის მასტერსის ფინალურ მატჩს, როცა ბეკერმა პირველ სეტში 3:3-დან მიატოვა თამაში.

ოლიმპიური ოქრო და ქორწინება

1991 წლის დასაწყისში ბეკერმა კარიერაში პირველად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა. ამ წარმატების შემდეგ, ბორისი, როგორც იქნა, პირველად ავიდა რეიტინგის პირველ საფეხურზე. 1989 წელს, ამისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ორ “სლემზე” მოგება - უიმბლდონსა და ამერიკის ღიაზე. პირველი ჩოგანის ტიტულს ბეკერი 12 კვირა ინარჩუნებდა - რა თქმა უნდა, არ არის დიდი მიღწევა, მაგრამ ჩოგბურთის ისტორიას ახსოვს უფრო ნაკლები ხანგრძლივობის ლიდერობა რეიტინგში. იმ სეზონში ბორისი ზედიზედ მეოთხედ გავიდა უიმბლდონის ფინალში, მაგრამ წააგო მიხაელ შტიხთან. სხვათა შორის, ამ ჩოგბურთელთა ურთიერთობას იდეალური არ ეთქმოდა. მათ დაპირისპირებას კიდევ უფრო ამძაფრებდა სპორტული პრესა, რომელიც უპირისპირებდა ერთმანეთს ბეკერის მრავალრიცხოვან რომანებს შტიხის უფრო ჩაკეტილ და მშვიდ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, ისინი 1992 წელს გაერთიანდნენ ბარსელონას ოლიმპიადისთვის და იქაურ გრუნტზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

1993 წელს, ბორისმა ბევრისთვის მოულოდნელად იქორწინა ბარბარა ფელტუსზე - აფრიკული წარმოშობის გერმანელზე. გარკვეულწილად, ამ მოვლენამ დაღი დაასვა ბეკერის საჩოგბურთო შედეგებს, თანაც, იმავე პერიოდში, გერმანიის მთავრობამ ბრალი წაუყენა ჩოგბურთელს გადასახადების დამალვაში. შედეგად, ის წელი ბეკერმა მე-11 ნომრის რანგში დაასრულა, თუმცა მომდევნო ორ სეზონში ტოპ-ოთხეულში შევიდა. ამ პერიოდში ბეკერს დიდი გამარჯვებები არ ჰქონია: წლის შემაჯამებელი ტურნირი 1995 წელს და სტოკჰოლმის მასტერსი - 1994 წელს. ასეთი იყო მისი მონაგარი ორი წლის განმავლობაში.

გედის სიმღერა

1996 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მაიკლ ჩანგის დამარცხება ბეკერის გედის სიმღერა გახდა. საინტერესოა, რომ ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო მისმა მეუღლემ, რომელმაც ბორისს ავსტრალიის ღიას წინ უთხრა, რომ არ უნახავს მისი არც ერთი დიდი ტრიუმფი და სთხოვა ამ ჩემპიონატის მოგება.

ბეკერმა მართლაც ძალიან მოინდომა, მაგრამ ამ წლიდან მოყოლებული, ტრავმები დასჩემდა. მან გამოტოვა როლან გაროსი, ამერიკის ღია პირველობა, ერთი წლის შემდეგ, მელბურნში უკვე პირველ წრეში დამარცხდა კარლოს მოიასთან. თუმცა 1997 წლის უიმბლდონზე ბეკერმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც პიტ სამპრასთან წააგო. ამის შემდეგ, გერმანელმა გამოაცხადა, რომ აღარასოდეს ითამაშებდა ამ ტურნირზე და მართლაც, გამოტოვა 1998 წლის უიმბლდონი, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტა, რომ ჩოგბურთთან გამოსამშვიდობებლად უკეთეს ადგილს ვერ იპოვნიდა. მან მერვედფინალამდე მიაღწია (გზად 18 წლის ლეიტონ ჰიუიტი დაამარცხა), სადაც გამოცდილი ავსტრალიელი პატრიკ რაფტერი შეხვდა, რომელმაც სამ სეტში მოიგო და წერტილი დაუსვა ბორისის კარიერას.

სხვათა შორის, რაფტერთან იმ წაგების შემდეგ გაეხვა ბეკერი სკანდალურ ისტორიაში, რაც მას მეუღლესთან განქორწინებად დაუჯდა. რესტორანში რუს მულატთან ანჟელა ერმაკოვასთან მცირეხნიანი შეხვედრა იმით დასრულდა, რომ ქალი დაფეხმძიმდა და გოგონა გააჩინა, რომელსაც ბეკერი დიდი ხანი არ აღიარებდა, არადა, ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ჩოგბურთელს. ბარბარამ ამ ისტორიის შემდეგ მიატოვა ბეკერი და შვილებიც თან წაიყვანა, ბორისი კი იძულებული გახდა ფული ეხადა ყოფილი მეუღლისთვისა და ერმაკოვასთვის.

მაგრამ, ბევრი სხვა ყოფილი სპორტსმენისგან განსხვავებით, ბორისს ფინანსებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ აქვს. მას კონტრაქტი აკავშირებს PokerStars-თან, რომლის მეშვეობით რეგულარულად (და წარმატებითაც) გამოდის პოკერის ტურნირებზე. გარდა ამისა, გააჩნია საკუთარი ბიზნესი, უიმბლდონის დროს BBC-ის კომენტატორად მუშაობს და თამაშობს ვეტერანთა ტურნირებზე.

ბორის ბეკერი

დაიბადა 1967 წლის 22 ნოემბერს ლაიმენში (გფრ).

სიმაღლე: 190 სმ.

კარიერის დასაწყისი: 1984

კარიერის დასასრული: 1999

საპრიზოები კარიერაში: $25 080 956

უმაღლესი პოზიცია რეიტინგში: 1 (28.01.1991)

713 მოგება და 214 წაგება ერთეულებში. 49 ტიტული

საუკეთესო შედეგები “დიდი სლემის” ტურნირებზე:

ავსტრალიის ღია - ტიტული (1991, 1996)

როლან გაროსი - 1/2 ფინალი (1987, 1989, 1991)

უიმბლდონი - ტიტული (1985, 1986, 1989)

აშშ-ის ღია - ტიტული (1989)

ოლიმპიური ჩემპიონი წყვილებში: 1992 (მიხაელ შტიხთან ერთად)

დევისის თასის ორგზის მფლობელი (1988, 1989).

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა