მთავარ როლებში: მარიო გიოტცე და ფრანკ რიბერი
დიუსელდორფის "ფორტუნასთან" მატჩში, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიამ" მოულოდნელად ვერ მოიგო (1:1), გერმანიის ჩემპიონს მარიო გიოტცე ტრავმის გამო აკლდა.

სამაგიეროდ, "გიოტცინიო" აუცილებლად ითამაშებს ბუნდესლიგის პირველი წრის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნთან".

მასთან ერთად, ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ყურადღების ცენტრში მოექცევა ფრანკ რიბერიც, რომელზეც "ბაიერნის" მხრიდან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

დღესდღეობით "დორტმუნდის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მარიო გიოტცეა. მიუხედავად იმისა, რომ "ბორუსიას" იურგენ კლოპს ჰყავს მარკო როისი და კარგ ფორმაშია მთავარი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკიც, ლიდერებიდან გუნდს ყველაზე მეტად სწორედ გიოტცეს არყოფნა ეტყობა ხოლმე.

"ბაიერნისთვის" კი ფრანკ რიბერია წარმატებების გარანტი.

"დორტმუნდს" გიოტცეს არყოფნა მაშინვე ეტყობა ხოლმე, "ბაიერნის" თამაში კი ფრანკ რიბერიზეა დამოკიდებული. თუმცა იმასაც ვამჩნევ, რომ "ბაიერნი" უფროა დამოკიდებული რიბერიზე, ვიდრე "დორტმუნდი" გიოტცეზე," - ეს ფრანც ბეკენბაუერის სიტყვებია.

გიოტცე და რიბერი შაბათს ერთმანეთის წინააღმდეგ "ნაიკის" ახალი ბუცებით (Nike GS 2) წარსდგებიან. მათ გარდა, "ნაიკი" ამ ბუცებით მომავალი უქმეებიდან ედენ აზარს, თეო უოლკოტს, კრისტიან ერიკსენს, რაჰიმ სტერლინგსა და ელ შაარავის შემოსავს.

"ის ფაქტი, რომ "ნაიკმა" რჩეულთა სიაში შემიყვანა, ჩემთვის დიდი პატივია. ვარჯიშზე ახალი ბუცები უკვე გამოვცადე და ძალიან მომეწონა. "ბაიერნთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია, მიუნხენიდან სამ ქულას წამოვიღებთ," - უთხრა გიოტცემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მარიო რიბერის აფასებს

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში "ბაიერნს" "დორტმუნდთან" უკვე კოლოსალური უპირატესობა აქვს, მაგრამ გიოტცეს ეს ჯერჯერობით არ აღელვებს - მარიო ცდილობს, სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ რეკორდმაისტერის უპირატესობაზე არ იფიქროს.

"რა თქმა უნდა, არ მოგვწონს, "ბაიერნი" მნიშვნელოვნად რომ გვისწრებს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.

ჯერ ბუნდესლიგის პირველი წრეც არ დამთავრებულა, სეზონის ბოლომდე კი საკმარისი დროა იმისათვის, რომ ცხრილში ვითარების შეცვლა მოვახერხოთ, - აცხადებს გიოტცე "სპოქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - "ბაიერნი" ამ სეზონში მართლაც გრანდიოზულ ფორმაშია. ბავარიელები განსაკუთრებით კარგად ბუნდესლიგაში ასპარეზობენ.

მათი მთავარი პლუსი დღეს წინა ხაზის ეფექტურობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაცვაში უნდა ვიყოთ ყურადღებით. ახლო წარსულში ამას ყოველთვის ვახერხებდით და "ბაიერნს" ვუგებდით. იმედია, შაბათსაც ასე იქნება."

მარიო ბაიერნელთაგან ყველაზე მეტად სწორედ რიბერის აფასებს: "მიმდინარე სეზონში ფრანგი აშკარად საუკეთესო ბავარიელია. ზოგადად, რიბერი გენიალური ფეხბურთელია, მაგრამ დღესდღეობით განსაკუთრებით კარგ ფორმაშია. შესაბამისად, ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, სწორედ მისი შეჩერება უნდა იყოს."

გიოტცეს კონტრაქტში 37 მილიონი წერია?

"ბაიერნში" რიბერი, "დორტმუნდში" კი თავად გიოტცეა შეუცვლელი ფიგურა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მარიოს ტრავმის გამო ნახევარი წელი გაუცდა.

"გამოცდილებისთვის ნეგატიური პერიოდიც საჭიროა. ვცდილობ, ყველა მოვლენას პოზიტიურად შევხედო. მიხარია, რომ გამოვჯანმრთელდი და შემიძლია ვთქვა, რომ "ბაიერნთან" მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვარ," - ამბობს გიოტცე.

20 წლის შემტევ ნახევარმცველს, რომელზეც მთელი საფეხბურთო გერმანია უდიდეს იმედებს ამყარებს, "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და ცხადია, დორტმუნდელებს მისი დათმობა არ სურთ.

დიდი ხანია, არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ გიოტცეს არაერთი კლუბი აკვირდება, თუმცა ამ ბოლო დროს სპეკულაციები გამძაფრდა.

ეს ლოგიკურიცაა, რადგან "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს. კლოპის გუნდი "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა და ჯგუფური ეტაპის ფინიშამდე ერთი ტურით ადრე არა მარტო მერვედფინალში თამაში, არამედ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაც გაინაღდა - შეგახსენებთ, რომ "ბორუსია" ჯგუფში მადრიდის "რეალთან", "მანჩესტერ სიტისთან" და ამსტერდამის "აიაქსთან" ერთად მოხვდა. ჩემპიონთა ლიგაში კარგმა თამაშმა კი სხვა გრანდებს გიოტცესადმი ინტერესი გაუღვივა.

სწორედ ამ დროს გერმანული "შპორტ ბილდი" აქვეყნებს საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით მოპოვებულ ინფორმაციას: გიოტცეს კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად, მარიოს "დორტმუნდის" დატოვება 37 მილიონ ევროდ შეუძლია.

ანუ, თუ რომელიმე კლუბი "ბორუსიას" 2013 წლის 30 აპრილამდე 37 მილიონს შესთავაზებს და თავად გიოტცესაც შეუთანხმდება, დორტმუნდელები ტრანსფერს ხელს ვერ შეუშლიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა