"ლივერპულმა" გარეთ ბეილს ვერაფერი მოუხერხა
ბეილი აქ, ბეილი იქ

შეხვედრა სტუმართათვის შოკისმომგვრელად დაიწყო. პირველივე წუთებზე მოედნის ცენტრთან ახლოს კლინტ დემპსის წინააღმდეგ უხეშობისთვის ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გარეთ ბეილმა შეასრულა.

მანძილის მიუხედავად, პეპე რეინა უელსელის დარტყმულს ძლივს გაუმკლავდა.

იმავე ბეილმა მალე რეიდი საკუთარი ნახევრიდან დაიწყო. გზად ხუთი ლივერპულელი ჩამოიშორა, საჯარიმოში შეიჭრა და აარონ ლენონს ცარიელ კართან დაუგორა - 1:0.

"წითლებს" ორჯერ ჰქონდათ შესანიშნავი შანსი ანგარიშის გასათანაბრებლად. მომენტი ჯერ ლუის სუარესმა ვერ გამოიყენა, მერე ჯორდან ჰენდერსონმა.

"დეზები" მალე კიდევ უფრო დაწინაურდნენ. ჯარიმა ისევ დემპსის წაქცევისთვის დაინიშნა. ბეილმა თავისი ჯადოსნური მარცხენა ფეხით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. სტუმარს ბრძოლა არ შეუწყვეტია.

სუარესმა უკვე წაქცეულმა შეძლო ბრძოლაში ბურთისთვის ფეხის მირტყმა, მაგრამ კაილ უოლკერმა "ტოტენჰემი" უკანასკნელ წამს იხსნა გოლისგან.

მეორე ტაიმი შედარებით დუნედ წარიმართა. შესაბამისად, უფრო უინტერესო საყურებელი გახდა. "ლივერპულმა" ჩამორჩენა მაინც შეამცირა. ჯონჯო შელვის კუთხური დანიელ აგერმა მეორე სართულზე მოიგო და სტივ ჯერარდს დაუგდო. უკანასკნელმა ბურთი თავითვე გადაგზავნა კარში, მაგრამ ლენონმა ხაზიდან გამოიტანა და იქვე მდგარ ბეილს სახეში გაარტყა.

უელსელი ავტოგოლის შემდეგ ცოტა ხანში ნოკდაუნშიც კი გახლდათ.

მერსისაიდელებს გათანაბრებაც შეეძლოთ, მაგრამ სუარესმა ვერტონგენისა და დოუსონის გარემოცვაში ბურთს კარგად ვერ წაარტყა ფეხი.

მსაჯს პენალტის დანიშვნაც შეეძლო, როცა სუარესს გალასმა ორთაბრძოლისას უკნიდან ფეხი დააბიჯა, მაგრამ ფილ დაუდმა ურუგვაელს აქეთ უსაყვედურა, ჩემს გაცურებას ნუ ცდილობო.

ნულოვანი პროგრესი

რაფა ბენიტესის "ჩელსიმ" დროის მოკლე მონაკვეთში პრემიერლიგის ორი ტური მოილია და ორჯერვე უგოლო ფრეს დასჯერდა.

ესპანელი თამაშის შემდეგ ფერნანდო ტორესის თამაშში პროგრესსა და საჩემპიონო შანსებზე ალაპარაკდა, მაგრამ ვეჭვობთ, მისმა მჭევრმეტყველებამ მოგებებზე დამშეული "ჩელსი" დაანაყროს.

ვერ გეტყვით, რას გეგმავდა ბენიტესი, როცა ხუან მატა და ჯონ ობი მიკელი სკამზე დატოვა, მაგრამ მისმა ჩანაფიქრმა არ გაამართლა.

"ლურჯები" არ ვარგოდნენ. დიახ, გუნდმა, რომელსაც პრემიერლიგის მოგებაზე აქვს პრეტენზია, "ფულჰემის" კართან 90 წუთის განმავლობაში ორადორი რეალური საგოლე მომენტი შექმნა.

თავის გამოჩენა ორჯერვე ტორესს შეეძლო. "ელ ნინიოს" ერთხელ მარკ შვარცერმა აუღო, მეორედ მისი დარტყმა საშა რიტერმა დაბლოკა.

სტუმარს ნამდვილად შეეძლო "სტემფორდ ბრიჯიდან" სამი ქულა წაეღო, მაგრამ ვინ იცის, პეტრ ჩეხმა "ჩელსი" მერამდენედ იხსნა.

ადრეული გოლი არ კმარა

"გუდისონ პარკი" მატჩის დაწყებიდან 51 წამის გასვლის შემდეგ დადუმდა. აარონ რემსის პასით თეო უოლკოტმა მეკარეს ბურთი ტექნიკურად გადაუგდო თავზე.

"მეთოფეებს" მალე უბედურება ეწვიათ. პირველივე ორთაბრძოლისას ლორენ კოშელნიმ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. ფრანგი დეკემბრის შუა რიცხვებამდე ვერ ითამაშებს.

"ლურჯები" გონს მალევე მოეგნენ და ყოველი გოჯი მიწისთვის დაიწყეს ბრძოლა. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდში შჩესნის დაგორებული ბურთი სანიამ ჯერ არტეტას მისცა უხერხულ მდგომარეობაში, მერე კიდევ 25 მეტრში მდგომ ფელაინის გადააბარა.

ბელგიელმა ბურთი გაისწორა და ტექნიკური დარტყმით მეკარისგან მარჯვენა დაბალი კუთხე დალაშქრა.

ტაიმის ბოლომდე "ევერტონს" კიდევ ერთხელ შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ ნიკიცა იელავიჩმა პერ მერტეზაკერის მოტყუების შემდეგ ხარიხას გადააცილა.

მეორე ტაიმში მომენტები გააფუჭეს სტივენ პიენაარმა და იელავიჩმა. მაიკლ ოლივერს პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ არტეტას მხრიდან პიენაარზე წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ბალოტელი გოლით დაბრუნდა

"სიტისთვის" ამ სამ ქულას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. "ჩელსისა" და სხვა კონკურენტების ბოლოდროინდელი წარუმატებლობების შემდეგ "იუნაიტედს" ოქროსთვის ბრძოლაში ისიც არ ჩამორჩებოდა.

შობა-ახალი წლის დღეებში ეგრეთ წოდებულმა ბოქსინგ დეიზმა შექმნილ სიტუაციას, წესით, მეტი ნათელი უნდა მოჰფინოს. ასეთ დაძაბულ რიტმს ყველა გუნდი ვერ უძლებს და ქვეცნობიერად მაინც თავს ანებებს ოცნებას უმაღლეს მიზნებზე, რაც მათთან ბრძოლას აადვილებს. იქამდე კი "სიტიმ" თავად უნდა მოახერხოს წინა ხაზზე დარჩენა.

"უიგანმა" მოქმედ ჩემპიონს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. მარტო არუნა კონეს სამი რეალური მომენტი ჰქონდა ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ ივუარელ თავდამსხმელს ხან რამ შეუშალა ხელი, ხან რამ.

პირველ ნახევარში "ქალაქელთაგან" გატანა მხოლოდ სერხიო აგუეროს შეეძლო. მეორეში კი მარიო ბალოტელიმ მარტომ გადაწყვიტა შეხვედრის ბედი, როცა მეტოქეს ბურთი ჯერ წაართვა, დაარტყა, მოგერიებულს კი დაამატა და ისე გაიტანა.

"უიგანის" კარი მეორედაც მალე დაეცა. ჯეიმს მილნერმა შორეული ძლიერი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მარცხი ბრიტანიაზე

"სტოკ სიტიმ" "ნიუკასლი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ანგარიში "კაჭკაჭებმა" გახსნეს. პაპის სისემ მეკარის შეცდომით ისარგებლა და გოლი დამატებაზე შეაგდო.

მასპინძლებმა ბოლო 10 წუთში 2-ჯერ გაიტანეს. შეცვლაზე შესულმა კემერონ ჯერომმა ჯერ ჯონათან უოლტერსს გაატანინა, მერე კი პიტერ კრაუჩის ნაცვლად მინდორზე გამოჩენილი კენუაინ ჯონსის პასით ისარგებლა და თავად გაიტანა.

გედებმა ფრენა ისწავლეს

"სუონსიმ" მიმდინარე სეზონის აღმოჩენა "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და იმდენად ლამაზად ითამაშა, რომ გუნდურობით სახელგანთქმულ მეტოქეს თავბრუ დაახვია.

შესაძლოა, უხეში ფორმულირება გამოგვდის, მაგრამ ვიტყვით, რომ "გედების" მრავალსვლიან კომბინაციებს სტივ კლარკის შეგირდები პირდაღებულები უყურებდნენ.

საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა - 3:1. სტუმართაგან გოლი რომელუ ლუკაკუმ კუთხურის გათამაშების შემდეგ გაიტანა.

სარეკორდო გოლი

ზემოთაც მოგახსენეთ, რომ "არსენალმა" "ევერტონთან" ანგარიში 51-ე წამზე გახსნა. ზუსტად 19 წამით ნაკლები დასჭირდა "მანჩესტერ იუნაიტედს", რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.

მოედნის ცენტრიდან მაიკლ კერიკის პასი მეცხრე იყო რობინ ვან პერსიზე. ჰოლანდიელმა უინსტონ რიდი საოცარი ფინტით ჩამოიშორა და დაარტყა.

ბურთი ჯეიმს კოლინზს ფეხზე მოხვდა და იუსი იაკელაინენს თავზე გადააფრინდა.

ტურის გმირი: გარეთ ბეილი

ტურის საუკეთესო ფეხბურთელად გარეთ ბეილს მივიჩნევთ. მართალია, მან საკუთარი კარი დალაშქრა, თუმცა მატჩის მიმოხილვას თუ ნახავთ, თავად დარწმუნდებით, რომ უელსელი ყველაზე ნაკლებად იყო ამაში დამნაშავე.

იქამდე მან მთელ "ლივერპულს" სისხლი გაუშრო. თამამად ვიტყვით, რომ სწორედ მისმა ინდივიდუალურმა ოსტატობამ მოუტანა "დეზებს" სამი ქულა.

ტურის მწვრთნელი: ტონი პულისი

ტონი პულისი და მისი "სტოკ სიტი" თუკი სხვებისგან რამით გამოირჩევიან, ეს შრომისა და დისციპლინის სიყვარულია. ასეთების ინდივიდუალურად გამორჩევა ძალიან ძნელია, მაგრამ 54 წლის სპეციალისტმა ამჯერად ნამდვილად გაიბრწყინა.

უელსელმა "ნიუკასლს" შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით მოუგო.

რასაც ვგულისხმობთ, მიმოხილვაში უკვე აღვწერეთ და აქ აღარ გავიმეორებთ.

ტურის სიმბოლური ნაკრები. ლელოს ვერსია

ბრედ გუზანი (ასტონ ვილა)

მეინორ ფიგეროა (უიგანი), აარონ ჰიუზი (ფულჰემი), მაიკლ დოუსონი (ტოტენჰემი), ბენ დევისი (სუონსი)

გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), უეინ რუტლეჯი (სუონსი), ჯეკ უილშირი (არსენალი), აარონ ლენონი (ტოტენჰემი)

კემერონ ჯერომი (სტოკ სიტი), კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ინგლისი. პრემიერლიგა. XIV ტური: ჰარი რედნაპის პირველი ქულა [VIDEO]

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა