საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XX ტური
ბოლო დროს ფოთის "კოლხეთში" არსებული ფინანსური პრობლემების გამო, გუნდი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რაზეც სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს: 20 გამართული შეხვედრიდან გუნდმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო გამარჯვების მიღწევა.

ამ ყველაფერს ცხრილში ბოლო ადგილი მოჰყვა, საბოლოოდ კი ასე დამთავრდა: სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გუნდი თერთმეტმა ფეხბურთელმა დატოვა. მათი ადგილი შემადგენლობაში დუბლებმა შეავსეს.

შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებს უმაღლესში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩათ.

ვთქვათ ისიც, რომ კოლხური დერბი "მერანისა" და "კოლხეთის" მონაწილეობით, წესით, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა უკანასკნელ წუთს ფედერაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და მატჩი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის ხელოვნურსაფარიან მოედანზე შედგა.

როგორც თითქმის ყველა მატჩში, საწყისი წუთები სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა, მაგრამ ჩვეულებისამებრ, ისინი მოგვიანებით დაიღალნენ, ორიენტაცია დაკარგეს და შედეგად, საკუთარ კარში ოთხი უპასუხო ბურთი მიიღეს.

აღნიშნულ პაექრობაში მარტვილელთაგან მონაწილეობა ვერ მიიღო ლაშა კუჭუხიძემ, ხოლო სტუმართაგან თემურ ფარულავა, გიორგი კილასონია და ომარ გოგონაია იყვნენ დისკვალიფიცირებულნი.

იმის მიუხედავად, რომ "კოლხეთი" გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა, ეს რასაკვირველია, ოდნავადაც არ აყენებს ჩრდილს მერანელთა გამარჯვებას. მათ ბოლომდე იბრძოლეს და დაგეგმილ სამ ქულასაც კანონზომიერად გამოჰკრეს ხელი. ამ საქმეში ლომის წილი საბა ლომიამ დაიდო, რომელიც გუნდს სამი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით შეეწია. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრულად.

რაც შეეხება უშუალოდ პაექრობას, ვერ ვიტყვით, რომ გუნდებმა პირველ ნახევარ საათში რაიმე დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული შემოგვთავაზეს, თუმცა დაბალი ტემპის მიუხედავად, ნახევარმომენტები ორივე გუნდის კართან მაინც შეიქმნა: გამოსაყოფია მასპინძელთაგან ლევან გეგეჭკორისა და პაპუნა ფონიავას დარტყმები, სტუმართაგან კი გიორგი ტყეშელაშვილის ზედ საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული საჯარიმო.

აქტიური იყო მამუკა ტორონჯაძეც, თუმცა მისი თავური ლევან ბუბუტეიშვილმა მოიგერია.

ამის შემდეგ გოლიც ვიხილეთ: მარტვილელთა მეკარის, ჯონი შეროზიას მიერ თამაშში შემოყვანილი ბურთი ყისმათიანად მოათვინიერა და დაამუშავა საბა ლომიამ, რომელმაც იქვე მყოფ ნოდარ ნოზაძეს დაუგორა. ამ უკანასკნელმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები.

ცოტა ხანში მალხაზ ჟვანიას შეგირდებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თან ზედიზედ ორჯერ: ჯერ კიჭი მელიავას გადაცემის შემდეგ იმავე ლომიამ ვერ ივარგა, ხოლო ხუთიოდე წუთში ნოზაძე-ლომიას კომბინაცია ვერ დააგვირგვინა ფონიავამ, რომელმაც დაახლოებით 7-8 მეტრიდან ბურთი კარს სასწაულებრივად ააცილა.

"მერანი" არანაკლებ აგრესიული იყო მეორე ნახევარშიც. მათ ანგარიშის გაზრდის არაერთი შესაძლებლობა ქარს გაატანეს: აღნიშვნის ღირსია მამუკა ტორონჯაძის დარტყმა, მცირე მანძილით რომ ასცდა კოლხთა კარს.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ "მერანი" მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოწინააღმდეგეს. სტუმრებს ბურთის ართმევა და შემდგომ მასზე კონტროლი უჭირდათ. შეტევაში აქა-იქ შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, ისიც იშვიათ შემთხვევებში. თავს კი არცთუ ისე კარგად იცავდნენ...

ერთადერთი, ვინც სტუმართაგან აქტიურობდა, შალვა კვანტალიანი იყო, რომელიც თანაგუნდელებთან შედარებით ბევრს მოძრაობდა, ორჯერ კარის მიმართულებით საკმაოდ ძლიერადაც დაარტყა, თუმცა მის მონდომებას შედეგი არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ, მერანელებმა მოახერხეს და თავიანთი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს: ეს მას შემდეგ, რაც მარცხენა ფრთაზე ჩვეული სისწრაფით მოძრავმა კიჭი მელიავამ რამდენიმე მცველს გვერდი აუარა და ჩინებული გადაცემით საპირისპირო ფლანგზე, ფაქტობრივად, მეკარესთან მარტო დატოვა საბა ლომია, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.

სწორედ აქედან მოყოლებული გადაიქცა ეს შეხვედრა ლომიას ბენეფისად. 69-ე წუთზე ფოთელთა კონტრშეტევა მოედნის ცენტრთან ახლოს გივი დიდავამ ჩაჭრა და შესანიშნავი გადაცემით ჩინებულ პოზიციაზე გაიყვანა პაპუნა ფონიავა, რომელსაც თავისუფლად შეეძლო გატანა, თუმცა ბურთი უკეთეს სიტუაციაში მყოფ ლომიას დაუგორა და 3:0.

ბოლო აკორდი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში მოხდა, როდესაც საბა ლომიამ საჯარიმოს სიახლოვეს ზუსტი დარტყმით საბოლოო და გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა - 4:0.

სხვათა შორის, ეს ლომიას ორ მატჩში გატანილი მეხუთე გოლია. სულ კი მას მიმდინარე ჩემპიონატზე ჯამში 11 ბურთი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია, ალბათ, დარჩენილ მატჩებში ახალგაზრდა და ადგილობრივ ფეხბურთელებს მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას. სხვა მხრივ კი, საეჭვოა, ფოთელებმა უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ უშუალო კონკურენტებს.

სამწუხაროდ, უსახსრობის გამო დიდი ტრადიციების მქონე გუნდის არსებობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა მოქცეული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zesta
საღოლ ლომო კაი გუნდში მენახე!
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა