ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ოქტომბერში ლამის გადმოსახლდა კავკასიაში

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი ოქტომბერში ლამის გადმოსახლდა კავკასიაში - ჯერ გროზნოში მიმავალმა ბაქოში შეიარა, იქიდან ჩეჩნეთში გაემგზავრა კადიროვის ტურნირზე დასასწრებად, მერე დაღესტანში გადავიდა, სადაც ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებას დაესწრო, ბოლოს კი ისევ ბაქოში დაბრუნდა.

ვიზიტის მიზანი მასპინძლებისთვის ფრიად საპატიო და საამაყოა - ზედიზედ მეორე სეზონია, ჭიდაობის ორივე სახეობაში მსოფლიოს საუკეთესო მოჭიდავეები იქაურები ხდებიან. შარშან ბერძენ-რომაელებში ეს წოდება მსოფლიოს ორგზისა და ოლიმპიურ ჩემპიონს, აზერბაიჯანის ნაკრების ამჟამინდელ თავკაც ფარიდ მანსუროვს (66), `თავისუფლებში~ კი ნატურალიზებულ ჩეჩენს, ევროპის შარშანდელ ჩემპიონსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს წლევანდელ ბრინჯაოს მედალოსან ზელიმხან ჰუსეინოვს (60) მიენიჭათ, წლეულს კი პლანეტის საუკეთესო ბერძენ-რომაელი ჰასან ალიევი (60), საუკეთესო `თავისუფალი~ კი აზერბაიჯანელთა კიდევ ერთი ნატურალიზებული, ეროვნებით ოსი ხეტაგ გოზიუმოვი (96) გახდნენ. ალბათ, სავსებით დამსახურებულადაც, რადგან ორივემ ჩინებული სეზონი ჩაატარა და დუბლიც შეასრულა - ევროპის ჩემპიონებიც გახდნენ და მსოფლიოსიც. თუმცა წლეულს ასეთივე მიღწევა რუსეთის ნაკრების ორ წევრსაც ჰქონდა - ხასავიურტში მცხოვრებ ყაბარდოელ მძიმეწონოსან ბილიალ მახოვს და აფხაზ დენის ცარგუშს (74), მახოვი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ცარგუში - ზედიზედ მეორედ, მაგრამ FILA საუკეთესოებს თავისი წესებით ადგენს და ამჯერადაც აზერბაიჯანელები გამოარჩია. მარტინეტის ბაქოში ვიზიტიც მათ დაჯილდოებას ისახავდა მიზნად, რაც წლევანდელებთან ერთად შარშანდელი ლაურეატებსაც ეხებოდათ, ვინაიდან მათ პრიზები აქამდე არ მიეღოთ.

მარტინეტიმ ცერემონიალიც მათი დაჯილდოებით დაიწყო, რის შემდგაც მანსუროვმა განაცხადა, როცა მარტინეტი ამ პრიზით მაჯილდოებდა, მე ფიქრით დავუბრუნდი ხალიჩას, როგორც მოქმედი სპორტსმენი, მაგრამ ამჟამად ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და მომავალ შეჯიბრებებზე ვფიქრობ. მათ შორის, ლონდონის ოლიმპიადაზეცო. "ძალიან მიხარია ამ პრიზის მიღება. ეს წელიწადი ჩემთვის ძალიან წარმატებული გამოდგა – ჯერ ევროპის ჩემპიონი გავხდი, მერე - მსოფლიოსიც. მოსკოვში დასახული მიზანი ავისრულე, ახლა კი ჩემი ოცნებაა, გავხდე საუკეთესო ოლიმპიადაზე. შევეცდები, იქ ჩემი შესაძლებლობების რეალიზება მოვახდინო" - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ ალიევმა. "ამ წელიწადში მოვიგე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები. მსოფლიოში ძალიან ბევრი გამოჩენილი მოჭიდავეა და გახდე მათ შორის საუკეთესო, ეს საპატიოა. მე, უბრალოდ, ბედნიერი ვარ" - ეს უკვე გოზიუმოვის სიტყვებია, რომელსაც ოლიმპიადა არ უხსენებია, მაგრამ თქმაც არ უნდა, ლონდონისთვის რამდენად თავდადებით მოემზადება - მის ტიტულებს ახლა მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონობა აკლია. თან სადღეისოდ ამ წონაში გამოკვეთილი ფავორიტია.

სპორტსმენებთან ერთად მარტინეტიმ აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფაზილ მამედოვი და ვიცე-პრეზიდენტი ნამიკ ალიევიც დააჯილდოვა ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. "ბოლო წლებში ჩვენი სპორტსმენები მართლაც კარგ შედეგებს აჩვენებენ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია არა მედლები, არამედ ჭიდაობის ყოველმხრივ განვითარება, სტაბილურობა, სპორტსმენთა რეაბილიტაცია, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და სხვა აქტუალური საკითხები. ასევე უმთავრესი საზრუნავია, აღებული ტემპი ლონდონის ოლიმპიადამდე შევინარჩუნოთ და ეს წარმატებები იქაც გავიმეოროთ" - განაცხადა მამედოვმა. ამ სიტყვებში არაფერია მიუღებელი და დასაგმობი, მაგრამ მამედოვს არაფერი უთქვამსიმ მიუღებელ მეთოდებზე, რითაც ჭიდაობის პოპულარიზაციას "ცდილობენ" და რის ხარჯზეც აღწევენ ამ წარმატებებს.

ამ თემას აზერბაიჯანულ საიტებზე ამოკითხული დოპინგ-ამბით დავასრულებთ - აკრძალული პრეპარატების მიღებაში ამხილეს სინგაპურში აგვისტოში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველი ოლიმპიური თამაშების ორი მონაწილე თავისუფალ ჭიდაობაში - უზბეკი ვიცე-ჩემპიონი ნურბეკ ხაკულოვი (50) და ეკვადორელი ჯონ პილაი (42). ორივეს ფუროსემიდი აღმოუჩინეს, რომელიც თვითონ არ შეიცავს არანაირ სტიმულატორს და მხოლოდ შარდმდენია, მაგრამ აკრძალულ სიაში სწორედ ამის გამო მოხვდა, რადგან შარდთან ერთად სწრაფად გამოდევნის ორგანიზმიდან სტიმულატორებს, რის გამოც დოპინგის მიღების შემდეგ ხშირად იყენებენ კვალის დასაფარავად. ანტიდოპინგურმა სააგენტო VADA-მ ამიტომ აკრძალა მისი გამოყენება.

საინტერესოა, რომ ამ ოთხიოდე წლის წინ სწორედ ფუროსემიდი აღმოუჩინეს აზერბაიჯანელ ძიუდოისტს, მსოფლიოს 2005 წლის ბრინჯაოს პრიზიორ ნიჯატ შიხალზადეს (60) და რადგან ეს 19 წლის სპორტსმენისთვის მეორე ფაქტი იყო, უმკაცრესად დასაჯეს - ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით. ეს ვადა უკვე მთავრდება და შიხალზადეც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ საკითხავია, ამდენი გაცდენის მერე უღირს კი დაბრუნება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა