სტამბულში გამართულ "ოქროს დიდი პრიზზე" რევაზ ნადარეიშვილმა ვერცხლი, მიხეილ ქაჯაიამ კი ბრინჯაო დაისაკუთრა
გასულ უქმეებზე სტამბულმა ვები ემრეს ხსოვნის "ოქროს დიდი პრიზის" პირველ ტურნირს უმასპინძლა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც ტრადიციულად, ფრიად წარმომადგენლობითი შეჯიბრება აღმოჩნდა.

ჩვენმა ნაკრებმა იქ 2 მედალი მოიპოვა - ვერცხლი და ბრინჯაო. ტურნირის ვიცე-ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (84) გახდა, მესამეზე კი მიხეილ ქაჯაია (96) გავიდა.

ნადარეიშვილი ფინალში მასპინძელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ სელჯუკ ჩებისთან დამარცხდა ძირითად დროში.

ეს თურქი აქამდე 74-ში ჭიდაობდა, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ კი 84-ში ამოინაცვლა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მასპინძელს აჯობა ქაჯაიამ, რომელსაც ახმედ ილკერთან მოსაგებად დამატებითი დრო დასჭირდა.

სტამბულში ჩვენგან 16 ფალავანი გამოდიოდა, თუმცა დანარჩენებს ხელი მოეცარათ. ჩვენები იქ მეორე შემადგენლობით გამოდიოდნენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, 19-22 მარტს თბილისში გასამართ ევროპის პირველობაზე მთავარ ნაკრებში ვინმე ამ გუნდიდანაც მოხვდეს.

უპირველესად, ნადარეიშვილს ვგულისხმობთ, რადგან ამ წონაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი რობერტ ქობლიაშვილი ჯერ ისევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია და წლეულს იმ გუნდშიც უწევს ასპარეზობა.

ნადარეიშვილი ქვეყნის პირველობაზე სწორედ ქობლიაშვილთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამეზე გავიდა, მაგრამ ამჯერად აჯობა სხვა კონკურენტებს.

მათ შორის - ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ ვალერი მურვანიძეს. სამწუხაროდ, ტურნირის დეტალები ვერ მოვიძიეთ და არ ვიცით, შეხვდა თუ არა ნადარეიშვილი თურქეთში ან მას, ან კიდევ ერთ კონკურენტ გიორგი ცირეკიძეს, მაგრამ საერთო შედეგით კი აჯობა მათ.

ვფიქრობთ, ამით ნაკრებში მოხვედრის შანსი კვლავ დაიბრუნა, თუმცა ნურც ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსან ვლადიმერ გეგეშიძეს დავივიწყებთ.

ტრავმის გამო ის ქვეყნის ჩემპიონატში არ გამოსულა, მაგრამ მწვრთნელი შანსს მაინც აძლევს და 23-24 თებერვალს უნგრულ სომბათჰეიში, "ოქროს დიდი პრიზის" მეორე ტურნირზე მიჰყავს.

გუნდის მთავარ მწვრთნელ ბეგი დარჩიას ამჯერად სტამბულში ქობლიაშვილის წაყვანაც სურდა, მაგრამ ის ახლა 20-წლამდელებთან ერთად ემზადება. არადა, კარგი იქნებოდა, იქ მასაც ეასპარეზა, ანუ კონკურენტები საქმეში ერთად კიდევ ერთხელ გვენახა.

დარჩიას უნგრეთში ქობლიაშვილის წაყვანაც სურს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა გარკვეული, საბოლოოდ კი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელთა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.

ქობლიაშვილის დღეშია ედნარ შავაძეც (55), საქართველოს კიდევ ერთი ჩემპიონი, რომელიც ჯერაც ახალგაზრდულის წევრია და მასთან ერთად ვარჯიშობს.

სტამბულში ქვეყნის წლევანდელ ჩემპიონთაგან მხოლოდ საჩინო დავითაია (66) გამოდიოდა.

დარჩია მასაც უპირებს უნგრეთში წაყვანას, ოღონდ გააჩნია, როგორ გაივლის იმ ტურნირის წინა შეკრებას მინსკში და ფიზიკური მდგომარეობა თუ მისცემს ჭიდაობის საშუალებას.

ამათგან განსხვავებით, გარკვეულია, რომ სომბათჰეიში ლაშა გოგიტაძე, რევაზ ლაშხი (ორივე - 60), ზურაბ დათუნაშვილი, მანუჩარ ცხადაია (74), სოსო ჯაბიძე, ირაკლი ქაჯაია (96), სერგო გოგისვანიძე, გურამ ფერსელიძე (120) იასპარეზებენ.

შემადგენლობიდანაც ჩანს, რომ ეს ტურნირიც ფრიად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საევროპო გუნდის დასაკომპლექტებლად.

მაგალითად, საინტერესოა, რა მოხდება 74-ში - შეძლებს თუ ვერა ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი ცხადაია საქართველოს ჩემპიონ დათუნაშვილის წინააღმდეგობის დაძლევას?! დარჩიას თავიდან სტამბულში ირაკლი ქაჯაიას წაყვანაც სურდა, მაგრამ მერე საუნგრეთო შემადგენლობაში გადაიყვანა, ანუ მას და ჯაბიძეს ერთად გამოსცდის.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველობის ფინალში ჯაბიძემ მოუგო ქაჯაიას. მძიმე წონაში გოგისვანიძე ლიდერია, თუმცა მწვრთნელი შანსს ფერსელიძესაც აძლევს, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა.

საუნგრეთო გუნდში საინტერესოა 60 კილოგრამში ორი მონაწილის გამოჩენა, როცა 55-ში არავინაა.

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ლაშხი ქვეყნის პირველობაზე 66-ში დროებით რომ გამოდიოდა და წონას არ იცვლიდა, იმთავითვე იყო ცნობილი.

არადა, ამ წონაში საქართველოს ჩემპიონი გოგიტაძე გახდა, თუმცა როცა 55-ში გამარჯვებული შავაძე ჯერ ისევ ახალგაზრდულ ნაკრებში რჩება, გოგიტაძე საევროპოდ ხომ არ დაიკლებს და დაუბრუნდება ძველ წონას?

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, გუნდი კი ამ დღეებში დაბრუნდება სტამბულიდან და საუნგრეთო სიაში ჩაწერილი ფალავნები 7 თებერვალს მინსკში გაემგზავრებიან, სადაც "სტაიკების" ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივ ვარჯიშებს გაივლიან.

ჩვენები უნგრეთშიც ბელორუსიდან წავლენ, მანამდე კი თურქეთს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიც მოივლიან - ისინი 9-10 თებერვალს ანკარაში იაშარ დოგუს მემორიალზე გამოვლენ.

ესეც, ტრადიციულად, ძლიერი შეჯიბრებაა და, იმედია, ბიჭებს საშინაო კედლებში გასამართი ევროპის პირველობისთვის მოსამზადებლად დიდადაც წაადგებათ.

რევაზ მინდორაშვილს ანკარაში პირველი შემადგენლობა მიჰყავს: გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), გენო პეტრიაშვილი (120).

16-17 თებერვალს მეორე გუნდი კიევის საერთაშორისო ტურნირში გამოვა, მესამე შემადგენლობა კი 21-22 თებერვალს თეირანში მსოფლიოს თასზე შეეცდება ქვეყნის სახელის დაცვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის