საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტური. I-VI ადგილები
ორივე გუნდმა სეზონი საქართველოს თასზე წარმატებული ასპარეზობით განაახლა. "ტორპედო" და "ჩიხურა" თასის მეოთხედფინალში გავიდნენ და ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს კარგ განწყობაზე შეხვდნენ.

მატჩის დღეს ქუთაისში შესანიშნავი ამინდი იყო და მოედნის საფარსაც ვერ დაიწუნებდით. ფეხბურთელებს ყველა წინაპირობა ჰქონდათ, რომ გულშემატკივრებისთვის ლამაზი სანახაობა შეეთავაზებინათ.

თუმცა, როგორც სეზონის განახლებისას ხშირად ხდება, იმერულ დერბიში გუნდები "მძიმედ" გამოიყურებოდნენ.

სანამ უშუალოდ მატჩის შესახებ ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქუთაისელთა რიგებში ჩემპიონატში პირველად ითამაშა გიორგი ონიანმა, ხოლო საჩხერელთა რიგებში გიორგი რეხვიაშვილის, დავით ბოლქვაძისა და შოთა კაშიას საჩემპიონატო დებიუტი შედგა.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ქუთაისელებმა ხელსაყრელი საჯარიმო ვერ გამოიყენეს, სტუმრებმა კი გაცილებით მწვავე მომენტი შექმნეს და რომ არა ომარ მიგინეიშვილის შესანიშნავი თამაში, ანგარიშიც გაიხსნებოდა - ქუთაისელთა მეკარემ ედიკ საჯაიას ყუმბარისებური დარტყმა ეფექტურ ნახტომში მოიგერია.

მასპინძლებმა ამ ეპიზოდს მერაბ გიგაურის დარტყმით უპასუხეს, მაგრამ გიორგი სომხიშვილი ბურთს ადგილზე დაუხვდა.

ამის შემდეგ კარგა ხანი დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა. ტაიმის შუაწელში ტრიბუნები სტუმრებმა გამოაფხიზლეს. საჩხერელთაგან ყველაზე მოძრავი დავით კირკიტაძე მარჯვენა ფლანგზე გიორგი ონიანს ადვილად გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და კარგ პოზიციაში მყოფ ბესიკ დეკანოიძესაც დროულად უპასა, მაგრამ საჩხერელთა გამოკვეთილმა ფორვარდმა ხეირიანად ვერ დაარტყა.

ამ ეპიზოდს მასპინძლების გააქტიურება მოჰყვა. ტორპედოელებმა ზედიზედ ორი მწვავე შეტევა განახორციელეს. ჯერ ბექა ტუღუშმა ვერ გამოიყენა ნიკა საბანაძის კარგი გადაცემა, შემდეგ კი გიორგი ბერიაშვილი ურტყამდა ეფექტურად, მაგრამ მისი მცდელობაც უშედეგო გამოდგა.

ტაიმის დარჩენილი დრო უღიმღამო ბურთაობაში მიილია.

მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა. თამაშის განახლებისთანავე სტუმართა კართან ძალზედ სახიფათო მომენტი შეიქმნა: გრიგოლ დოლიძის აქტიურობის შემდეგ დავით ოდიკაძემ კინაღამ საკუთარ კარში გაიტანა. საჩხერელთა ბედად, სომხიშვილმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა და სამიოდე მეტრიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

მალე "ჩიხურას" მეკარემ კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი, როცა დოლიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბერიაშვილის ურთულესი თავური დარტყმა მოიგერია.

გია გეგუჩაძის შეგირდები აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ. განსაკუთრებით, მათი მარჯვენა ფრთა აქტიურობდა. მასპინძელთა მორიგი შეტევისას დოლიძემ მცველებისგან მოგერიებულ ბურთს ფეხი შეაგება და დაახლოებით 30 მეტრიდან "ჩიხურას" კარისკენ ეფექტურად დაარტყა. ბურთი მიზანს მცირედით ასცდა, მაგრამ ტრიბუნებს ოვაციები მაინც მოსწყვიტა.

ქუთაისელები კვლავ მწვავედ უტევდნენ. თავის გამოჩენის შანსები ჰქონდათ საბანაძეს და დოლიძეს, ვაჟა ტაბატაძის ჩინებული დარტყმა კი ცალკე აღნიშვნის ღირსია. ტორპედოელთა მარჯვენა მცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური, მოჭრილი დარტყმა განახორციელა. მეკარეს მცველი ეფარებოდა და მაყურებლები გოლის აღსანიშნავად წამოიჭრნენ, მაგრამ სომხიშვილმა კვლავ შესაშური რეაქცია გამოავლინა და თავგანწირული ნახტომით კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი.

გეგუჩაძემ შეტევების გასაძლიერებლად შეცვლებს მიმართა, თუმცა ახალი ფეხბურთელების გამოსვლამ მნიშვნელოვნად ვერაფერი შეცვალა.

სტუმრები, რომლებიც სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ მეტოქის შეწუხებას, მატჩის მიწურულს გააქტიურდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 85-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ (მსაჯმა შეცვლაზე შემოსული გაგა ჩხეტიანი გააძევა), მაინც მოახერხეს სახიფათო შეტევის განხორციელება. ოდიკაძის კუთხურის შემდეგ საჯაია ყველაზე მაღლა ახტა და კარისკენ თავით გადაგზავნა ბურთი, თუმცა ხარიხას ოდნავ გადააცილა.

დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი აღარაფერი მომხდარა და იმერული დერბიც ნულოვანი ფრით დასრულდა.

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე (ჩიხურა):

"ჩემპიონატი დღეს განახლდა და სადებიუტო მატჩის კვალობაზე საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვიდა. ძლიერი მეტოქე გვყავდა და სასიხარულოა, რომ ქუთაისიდან ქულა მიგვაქვს. ჩემს ფეხბურთელებს მადლობა უნდა ვუთხრა თავდადებული თამაშისთვის".

გია გეგუჩაძე (ტორპედო):

"საინტერესო თამაში იყო, თუმცა ფეხბურთს გატანილი გოლები ამშვენებს, ჩვენ კი გატანა ვერ მოვახერხეთ. მთელი მატჩის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას, საგოლე მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. სეზონი ახლახან განახლდა და ოპტიმალური ფორმის მისაღწევად გუნდს გარკვეული დრო დასჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა