ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?

მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა?

საფრანგეთი-საქართველოს მატჩის გამოხმაურება
საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ფრანგებთან მეტად და მეტად უარყოფითი ბალანსი გვქონდა და ძალთა ეს თანაფარდობა 2013 წლის 22 მარტის მერეც არ შეცვლილა; თუმცა, გულახდილად ვთქვათ: არც არავის გვქონდა იმის ილუზია, რომ საქართველოს ნაკრები მართლაც შეუძლებელს შეძლებდა და ზღაპრული სილამაზის "სტად დე ფრანსიდან" გამარჯვებული წამოვიდოდა.

სამწუხაროდ, საფრანგეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის დღესდღეობით იმხელა სხვაობაა, ფრესაც მიუღწეველ ოცნებად მივიჩნევდით და საბოლოოდ ანგარიშიც (3:1) ლოგიკურად ასახავს ამ ორი გუნდის რეალურ შესაძლებლობებს.

თუმცა, არც დაუნახაობა იქნება: ერთიმეორეზე უკეთესი და ერთიმეორეზე მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული საფრანგეთის ნაკრები ისეთი მოტივირებული იყო, საქართველოს კი არა, ალბათ, ნებისმიერ გრანდს მოუგებდა! თანაც, ეს არ იყო მხოლოდ სატურნირო მოტივაციიდან გამომდინარე (მომდევნო მატჩი ხომ ესპანელებთან აქვთ, რომლებთან პაექრობაშიც ჯგუფში პირველი ადგილის ბედი უნდა გაირკვეს): 11 ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში საკუთარ შესაძლებლობებს "ამტკიცებდა"!

თანაც, ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდებოდა, ფრანგთა ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, მადრიდის "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა, დანარჩენი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ცოტა არ იყოს, ინდიფერენტული რომ გახლდათ.

აი, დანარჩენებმა კი მართლაც შთაბეჭდილება მოახდინეს და ასეთ ძლიერ მეტოქესთან წაგების გამო საქართველოს ნაკრების ასპარეზობას ზედმეტად მკაცრი შეფასება, ალბათ, არც უნდა მივცეთ.

ჰო, ძალიან ძნელია, 90 წუთის განმავლობაში უშეცდომოდ ეთამაშო ისეთ მოწინააღმდეგეს, რომლის თითოეული ფეხბურთელიც უმაღლესი ინდივიდუალური ოსტატობით გამოირჩევა; ანუ ამ ფაქტორსაც უნდა მივაწეროთ ის შეცდომები, ჩვენმა ფეხბურთელებმა რომ დაუშვეს და რომლებსაც სამი გოლი მოჰყვა.

საქართველოს ნაკრებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ისევ საფრანგეთის ნაკრებს დავუბრუნდეთ: ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს დიდიე დეშამს მართლაც აქვს იმის ფუფუნება, რომ სატურნირო თვალსაზრისით ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის ნაკრებში არ გამოიძახოს სამირ ნასრის, იან მ'ვილასა თუ ლასანა დიარას დონის ფეხბურთელები.

მერე რა, რომ ტრავმების გამო ჰატემ ბენ არფა, ადილ რამი და იოან გურკუფი აკლდათ; მერე რა, რომ პატრის ევრას თუ ფილიპ მექსეს გარეშე თამაშობდნენ, - ფრანგებს იმხელა არჩევანი აქვთ, ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო დონის ვარსკვლავების არყოფნა, ფაქტობრივად, აღარავის ახსოვდა...

ათლეტები და ვარსკვლავები

...ფრანგების სიძლიერე იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ყველა რგოლში ერთიმეორეზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდათ.

უგო ლორისმა მაღალი კლასი მერამდენედ დაამტკიცა: ჯერ ალექსანდრე ამისულაშვილის, მერე კი სანდრო კობახიძის დარტყმები ერთიმეორეზე ურთულესი იყო, მაგრამ ფრანგების მეკარემ ორივე შემთხვევაში ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

დაცვის ცენტრში ორი ათლეტური ფეხბურთელი ჰყავდათ: მამადუ სახო და რაფაელ ვარანი, ხოლო ფლანგის მცველები: კრისტოფ ჟალე, გაელ კლიში შეტევებში იმდენად აქტიურად ერთვებოდნენ, ფაქტობრივად, განაპირა ნახევარმცველის ფუნქციებს ასრულებდნენ.

საერთოდაც, დეშამს ერთობ შემტევი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული: ერთი შეხედვით, 4-4-2 იყო, სადაც განსაკუთრებული როლი ფლანგის ნახევარმცველებს - მატიო ვალბუენასა (მარჯვნიდან) და ფრანკ რიბერის (მარცხნიდან) ჰქონდათ დაკისრებული. თუმცა, ეს ორივე მოძრავი და კრეატიული შუახაზელი, ფაქტობრივად, ფლანგის ფორვარდებად მოგვევლინნენ და საფრანგეთის ნაკრების ტაქტიკური სქემაც... გასული საუკუნის 60-იან წლებში პოპულარულ 4-2-4-ს უფრო წააგავდა!

ასეთი განლაგების პირობებში კი განსაკუთრებული "მისია" საყრდენ ნახევარმცველებს ენიჭებოდათ და ამ რგოლშიც სერიოზულად დაგვჯაბნეს: ბლეზ მატუიდიმ და 20 წლის დებიუტანტმა პოლ პოგბამ "არანორმალური" მოცულობის სამუშაო შეასრულეს და შესაშური ათლეტურობის გარდა, ბურთთან "ურთიერთობითაც" დაგვამახსოვრეს თავი.

ისე, პოგბას თამაშში იმხელა რესურსი იგრძნობა, არ არის გამორიცხული, პატრიკ ვიეირაზე მაღალი დონის საყრდენად ჩამოყალიბდეს.

თუმცა პოგბას, ოლივიე ჟირუსა და მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, მატიო ვალბუენას ჩინებული ბურთაობა მაინც ოდნავ "ჩრდილქვეშ" მოექცა: ფრანკ რიბერიმ საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაშიც დაამტკიცა, რომ დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში თუ არა, ათეულში ნამდვილად უნდა მივაკუთვნოთ ადგილი.

ინდივიდუალური ოსტატობით კი რიბერიზე წინ მხოლოდ და მხოლოდ ლეო მესი, კრიშტიანო რონალდო, ანდრეს ინიესტა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი უნდა დავაყენოთ; თუმცა, ეს საკამათო საკითხია, უფრო ზუსტად - გემოვნების...

პარალელები და ჩვენგან გამორჩეულნი

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე ფრანგებთან ჯერ მატჩი არ მოგვიგია.

სანაკრებო დონეზე სულაც სამიდან სამივე შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ ბოლო დაპირისპირების წინა ორთან შედარება არც შეიძლება: იმის გარდა, რომ პირველად შევძელით საფრანგეთის ნაკრების კარში გოლის გატანა, ორი რეალურზე-რეალური მომენტიც შევქმენით და რომ არა უგო ლორისის მართლაც ზღაპრული რეაქცია, არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა; მით უფრო, არ დაგვავიწყდეს, რომ ალექსანდრე ამისულაშვილისა და სანდრო კობახიძის დარტყმები ლორისმა იმ დროს მოიგერია, როცა ანგარიში 0:0 იყო...

...2006 წლის 2 სექტემბერს, ახლად გარემონტებულ და მართლაც გაკოხტავებულ "დინამოს" სტადიონზე ფრანგებს პირველად რომ ვეთამაშეთ, მატჩის ბედი საწყის 15-16 წუთში გადაწყდა! იმის გარდა, რომ ფრანგებმა ჩვენი მარჯვენა ფლანგი წალეკეს, ბურთი ჩვენს საჯარიმოს არ შორდებოდა და საბოლოო ანგარიშიც (0:3) სრულიად ლოგიკური იყო.

ბევრად უფრო "საპატიო" სხვაობით დავმარცხდით ერთი წლის მერე ჩატარებულ შეხვედრაში: რაიმონ დომენეკის დამოძღვრილმა საფრანგეთის ნაკრებმა ლამის მთელი გუნდით დაცვაში "ჩამჯდარ" საქართველოს ნაკრებს ერთადერთი გოლი "აკმარა" (სამირ ნასრი), თუმცა მასპინძლებს იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, აშკარა რომ ვუწოდოთ, მეტისმეტად რბილად ნათქვამი იქნება!

თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ 2007 წლის 6 ივნისს, ოსერში ჩატარებულ იმ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა ძირითადში 7 (!) ნომინალური მცველი, პლუს დაცვაზე ორიენტირებული ჩამშლელი ნახევარმცველი (ჯაბა კანკავა) დააყენა!

ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ეს მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსუსტესი და უსახური იყო.

აი, რაც შეეხება ბოლო დაპირისპირებას (იმის მიუხედავად, რომ მატჩის საბოლოო შედეგი, ფაქტობრივად, წინასწარ იყო ცნობილი), ამ შემთხვევაში ჩვენი ნაკრების თამაშში არაერთი პოზიტივი დავინახეთ.

აი, თუნდაც გიორგი ლორიას დამაჯერებელი თამაში ავიღოთ: რიბერის გოლის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა მეკარემ მორიგი გამორჩეული სანაკრებო მატჩი ჩაატარა.

ისე, როგორც წინა შეხვედრებში, უაღრესად პროდუქტიული გახლდათ სანდრო კობახიძე: ეს უნივერსალური ნახევარმცველი მეტოქე ფეხბურთელთა ავტორიტეტს არ "ცნობდა" და ენერგიული თამაში გოლითაც დაუფასდა. ფაქტია, რომ სანდრო კობახიძე ჩვენი ნაკრების საკვანძო (გნებავთ, შეუცვლელი) ფეხბურთელი გახდა. არადა, სხვადასხვა მიზეზის გამო წინა შესარჩევ ციკლში, ფაქტობრივად, არც უთამაშია (სტუმრად მალტასთან შეცვლაზე შემოვიდა - ეს იყო და ეს).

იმავეს თქმა შეიძლება მათე ვაწაძეზეც - ბოლო სანაკრებო შეხვედრებმა ნათლად დაგვანახვა, რომ სწორედ ეს ნიჭიერი ფორვარდი იმსახურებს საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი თავდამსხმელის სტატუსს!

სამ ფეხბურთელზე უკვე ვთქვით; კიდევ ამდენივეზე შეიძლება იმის თქმა, რომ მათი სათამაშო კლასი ეჭვს არ იწვევს (უპირველეს ყოვლისა, ალექსანდრე ამისულაშვილსა და გურამ კაშიას ვგულისხმობთ), თუმცა ეს რომ არასაკმარისია (მით უფრო, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ), ამაში, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება.

ანუ ისევ და ისევ ადამიანური რესურსის დეფიციტს "მივადექით": სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ დღესდღეობით კი არა, საქართველოში უკვე მერამდენე წელიწადია, რაც კვალიფიციური ფეხბურთელების (საერთაშორისო დონის მოთხოვნებს რომ უნდა აკმაყოფილებდნენ) კატასტროფული დეფიციტია!

მწარე რეალობა და გარკვეული პოზიტივი

კახა კალაძემ თუ ლევან კობიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს (თუ დაასრულებინეს?) და მორჩა, - არც ერთი ქართველი ფეხბურთელი ტოპ-ლიგებში (ინგლისი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი) აღარ ასპარეზობს.

ზოგიერთ ჩვენს ლეგიონერს თავისი გუნდის ძირითადში მოხვედრა უჭირს, ზოგიერთს გუნდში არა უშავს, მაგრამ სანაკრებო დონეზე საშემსრულებლო ოსტატობა არ ჰყოფნის და ასე შემდეგ.

აბა, მოედნის ცენტრში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში ორი-სამი მეტრის მანძილზე ზუსტ პასს რომ ვერ გააკეთებ, ან მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში ბურთს თავისუფლად რომ მიაღებინებ, რომელსაც იმის დროც ექნება, ბურთი დაამუშავოს, მეკარისგან დაუცველი ცარიელი კუთხისკენ გაიხედოს და ზუსტადაც დაარტყას (ვალბუენას გოლის ეპიზოდს ვგულისხმობთ), ეს ყველაფერი ნაკრების მთავარ მწვრთნელს არ უნდა დაბრალდეს.

რა თქმა უნდა, თემურ ქეცბაიას ადვოკატობას არ ვაპირებთ (მით უფრო, რომ ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა: ჯაბა კანკავა და თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრებისათვის საკვანძო ფეხბურთელები არიან), მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უპირველესი გუნდის თამაშში გარკვეული პოზიტივიც ჩანდა.

უპირველეს ყოვლისა, პირველი ტაიმის იმ 20-წუთიან მონაკვეთს ვგულისხმობთ, როცა შეტევაში სწრაფად გადავდიოდით და მეტოქეს აგრესიული თამაში რომ მოვახვიეთ. ჰო, ჩვენს ნაკრებს აქამდე ხომ სათამაშო სტილს ვუწუნებდით: ზედმეტად ფრთხილიაო, შედეგზე ორიენტირებულიაო და ასე შემდეგ; ახლა კი, საფრანგეთის დონის მეტოქესთან რამდენჯერმე თამაში "გავხსენით" და სწრაფი შეტევებიც განვახორციელეთ.

რა თქმა უნდა, ეს ზღვაში წვეთია, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ როცა საფრანგეთს ეთამაშები, მოედნის თითოეულ მონაკვეთში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო და შეცდომების დაშვების ალბათობაც, რაც შეიძლება, მცირე უნდა იყოს; მაგრამ 90 წუთის განმავლობაში ამ ყველაფრის შესრულება შესაბამის ფიზიკურ მომზადებასა და, რაც მთავარია, ასევე შესაბამის საშემსრულებლო ოსტატობასაც მოითხოვს.

...საფრანგეთთან მატჩში თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე 27-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ალექსანდრე ჩივაძეს ჩამორჩება; ფრანგებთან შეხვედრაში ერთმატჩიანი პაუზის მერე ჩვენს ნაკრებს კვლავ უკაპიტნა ალექსანდრე ამისულაშვილმა; და რაც ყველაზე მთავარი და სამწუხაროა: ფრანგების პირველი და, ალბათ, მატჩის საბოლოო შედეგის დიდად განმსაზღვრელი გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავუშვით!

მსგავსი შემთხვევა კი, როცა ჩვენი ნაკრები გადამწყვეტ გოლს ტაიმ(ებ)ის ბოლო წუთებზე უშვებდა, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ძალიან ბევრჯერ მომხდარა, თუმცა ამ ყველაფერზე "ლელოს" 27 მარტის ნომერში ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დროის გაყვანის ტაქტიკა - თვალსაზრისი საფრანგეთი-საქართველოს მატჩზე

ვლადიმერ გუცაევი: ამ დონეს სხვა კლასი სჭირდება

ქეცბაიას კამათი ჟურნალისტთან - ბევრჯერ მოგვიგია საფრანგეთთან? [VIDEO]

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - ვიყოთ რეალისტები, ეს ჩვენი მაქსიმუმია [VIDEO]

• gigi

რა ნაკრები, რა მონდომება, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ბავშვობაში 7 წლის ბავშვებს რომ ათამაშებ 17 წლის ბავშვებთან. ჯანო ისეთი შეშინებული უყურებდა ფრანგებს გეგონებოდათ ბოქსი იყო და არა ფეხბურთი. ქეცბას ბრალი ისაა, რომ ნაკრების მოტივაცია ნულის ტოლია.

• ramo

ეეეჰ, ვაწას გაეტანა 45 წუთზე და მერე ვნახავდით. ზუსტად იგივე მომენტი იყო რაც ფრანგებმა გოლად აქციეს. ეგ არის კლასი.

• odala

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობასი ნაკრებმა ძლივს ნორმალური თამაში ითამაშა, ნუ გაახურეთ საქმე. პატარა უიღბლობა რომ არა დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთესი შედეგით დასრულდებოდა თამაში. პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი მთლიანად ჩვენი იყო. ასეთ რამე ბოლოს როდის ვნახე ჩვენი ნაკრების შესრულებით, გასვლაზე, ისიც გრანდთან, არ მახსოვს. მგონი არც ყოფილა.

• ჯორჯო

კრიტიკა ადვილია საქმის კეთება რთული. რეალობას არ მოვწყდეთ ხომ ხედავთ რა ხდება არცერთი მოთამაშე არ თამაშობს წამვან ლიგებში. რა ქნას თემურმა? საჭიროა ეროვნული ჩემპიონატის მოძლიერება და ინვესტიციების ჩადება ფეხბურთში. საჭიროა კომპეტენტური ადამიანების მიერ, სახელმწიფოს დაკვეთით დაიწეროს ფეხბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა და განხორციელდეს რეალურად.

• megi

ეს ამოჩემება მარტო ქეცბაიასი კი არა ყველა ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების დაავადებაა ..რომ ამოიჩემებენ ერთიდაიგივე გვარებს ყველა ასაკობრივში ყველა შეკრებაზე დაყავთ ერტიდაიგივე ბავშვები, არავინ უყურებს თუ ვინმემ მოუმატა ან მოუკლო ტამაშს ამას თუ აკვირდებით საერთოდ, ამიტომაცაა ბოლოს ეროვნულში ასეთი შედეგი, პრობლემა მოდის ბავშვთა პეხბურთიდან და მაგას უნდა მივხედოთ მარტო ქეცბაია არაა ამაში დამნაშავე მაგრამ საქართველოში კორუბციას და ნაცნობობით საქმეების ჩაწყობას რა მოშლის....

• hunter

ხიზანიშვილი უნდა წავიდეს, ანანიძეში და ხიზანაში თემო შეცდა, ჯანო ორმეტრიან ნეგროს ახლოს ვერ ეკარებოდა, ბავშვივით გარს ურბენდა. ქეცბაიას უყვარს ამოჩემება დვალიშვილის შეცვლას მთელი ქვეყანა ითხოვდა მაგრამ ჯიუტად ძირითადში აყენებდა იმედია ხიზანა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას

• vep1963

გაიხარეთ ბატონო გია ზედმიწევნით ობიექტური და ზუსტი ანალიზისათვის.

• rezo

არც ერთი და არც მეორე კი არა, ვერც ერთი და ვერც მეორე... სამწუხაროდ

• მიჩინიო

ნუ, ქეცბაიას არჩევანი აშკარად შედეგია, მარა ისიც აშკარაა რო შედეგი არაა და იქნება სანახაობა მაინც რომ იყოს, სულ არაფერს ჯობდეს...

• jondi

'მარადიული კითხვა - შედეგი თუ სანახაობა? ' ქეცბაიას პასუხია არც 1 და არც მეორე, მე ისე ვხვდები :)

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა