სპორტს გვიან დაუმეგობრდა _ მე-9 კლასში იყო, ცურვაზე რომ დაიწყო სიარული, მაგრამ ჯანმაგარმა ჭაბუკმა წყალბურთში გადანაცვლების შემდეგ მალევე მიაღწია წარმატებებს. 1956 წელს ერთბაშად ორი ჯილდო ერგო _ ჯერ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადაზე მე-2 ადგილი დაიკავა და სკოლაც ვერცხლის მედალზე დაამთავრა. მერე თბილისის `დინამოს~ ოსტატ წყალბურთელთა გუნდში მიიწვიეს, რომლის ღირსებასაც 1972 წლამდე იცავდა, ხოლო საბჭოთა ნაკრებში 1958-1964 წლებში გამოდიოდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრჯერ ისახელა თავი: რომის ოლიმპიურ თამაშებში (1960 წ.), ევროპის ჩემპიონატსა (1962) და მსოფლიო უნივერსიადაზე (1963) ვერცხლის მედლები დაიმსახურა, საკავშირო ჩემპიონატებსა და საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადებზე რვაჯერ მეორე-მესამე ადგილებზე გავიდა, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. მისი ჯილდოების კოლექციას მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე მიღებული საუკეთესო მეკარის პრიზებიც ამშვენებს. 1958-1964 წლებში საბჭოთა კავშირის 21 საუკეთესო წყალბურთელთა შორის ხუთჯერ დაასახელეს. სახელოვანი წყალბურთელი და ცნობილი მათემატიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლერი გოგოლაძე დღეს `ლელოს~ სტუმარია.

_ 1954 წელს ცურვის მწვრთნელ პეტრე დადიანთან მიმიყვანა მამამ, იქნებ ცოტა მოძლიერდესო, _ გაიხსენა ბავშვობის წლები ბატონმა ლერიმ. _ ერთ დღეს წყალბურთელებთან ერთად ვივარჯიშე. ორკარას თამაშისას გოლკიპერი დააკლდათ. როსტომ ჩაჩავამ შემომთავაზა, კაცნაკლულ გუნდში მეთამაშა. ჩავდექი კარში და იმ დღიდან 1972 წლამდე სპორტული `პროფილი~ არ შემიცვლია.

_ პირველ წარმატებას როდის მიაღწიეთ?

_ 1956 წელს მოსკოვში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა საკავშირო პირველობაზე მხოლოდ მასპინძლებთან წააგო და მე-2 ადგილი დაიკავა. იმ გუნდს როსტომ ჩაჩავა ხელმძღვანელობდა. ჩემთან ერთად იყვნენ გივი ჩიქვანაია, ზურაბ ჩუბინიძე, გივი ქარცივაძე, რეზო ჯანაშვილი, რამაზ ჩიკვაიძე. სამწუხაროდ, ყველას გვარს ვერ ვიხსენებ. დიდ წყალბურთს მხოლოდ მე და ჩიქვანაია შემოვრჩით.

_ თბილისის `დინამოში~ როგორ მოხვდით?

_ მოსკოვში სპარტაკიადაზე სამი წყალბურთელი გამოგვარჩიეს: საუკეთესო მცველი გახდა ბორის გრიშინი, თავდამსხმელი _ სემიონოვი, ხოლო საუკეთესო მეკარის პრიზი მე გადმომცეს. საბჭოეთის დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ როსტომ ჩაჩავას ინიციატივით `დინამოს~ მეორე მეკარედ მიმიწვიეს. 1958 წლიდან როგორც ჩვენთან, ისე საკავშირო ნაკრების ძირითადში დავიმკვიდრე ადგილი.

_ ბატონო ლერი, ოლიმპიური თამაშები ყველა სპორტსმენისთვის გამორჩეულია.

_ არც ჩემთვისაა გამონაკლისი. რომში საბჭოთა ნაკრებს ფავორიტად მიიჩნევდნენ. მანამდე ნებისმიერ შეჯიბრებაზე ოთხი ქვეყანა გამოირჩეოდა _ უნგრეთი, იტალია, საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია. მარადიულ ქალაქშიც ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი უნდა ასულიყო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. სამწუხაროდ, მეორე ადგილზე გავედით, არადა, საჩემპიონო გუნდი გვყავდა. პირველი შეხვედრა არგენტინელებს მოვუგეთ 7:4. კარებში მე ვიდექი. პირველი სუსტი ბურთი გავუშვი, რაც არა მარტო ჩემთვის, მთლიანად ნაკრებისთვისაც საბედისწერო გამოდგა. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე შეუძლოდ ვიგრძენი თავი, ამიტომ სამედიცინო პუნქტს მივაშურე. ექიმებმა გამსინჯეს და მითხრეს, ცოტა გადაღლის ბრალია, დაისვენე და ყველაფერი რიგზე იქნებაო. ძირითადი შემადგენლობის დასახელებისას მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი უშაკოვმა ჩემი გვარი ამოიკითხა. მეორე მწვრთნელი ნიკოლაი მალინი აღშფოთდა _ რატომ ხმას არ იღებ, დილით ხომ ექიმებთან იყავიო. თავი მოიკლა, კარებში გოიხმანი უნდა ჩადგესო. მატჩის წინ მოთელვაზეც არ ჩავსულვარ აუზში. სათადარიგოთა სკამიდან ვუყურებდი ბიჭებს. მოულოდნელად უშაკოვმა მიხმო _ ჩადი წყალში, კარებში შენ დადგებიო, და გოიხმანი აუზიდან გაიხმო. დავიბენი, მაგრამ უარს ხომ არ ვეტყოდი. ის სუსტი ბურთიც ამ გაურკვევლობის ბრალი იყო. მერე კი ვიხსენი ჩვენი გუნდი რამდენიმე აშკარა გოლისგან, მაგრამ მალინმა სწორედ ის ეპიზოდი დაიხვია ხელზე მატჩის განხილვისას. ბრაზილიელებთან მატჩში გოიხმანი დააყენეს კარში. მწვრთნელთა მოსაზრებაც ასეთი იყო _ მორიგეობით უნდა გვეთამაშა, რადგან მაშინ შეცვლის წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ არსებობდა. ნახევარფინალური ჯგუფის სამ მატჩში კარის დარაჯობა გოიხმანს ანდეს შეუცვლელად. საბჭოთა ნაკრებმა გერმანიას და რუმინეთს, შესაბამისად, 5:4 და 3:2 მოუგო, იტალიასთან კი 0:2 დამარცხდა. არადა, აპენინელებთან პაექრობის წინ დიდხანს ბჭობდნენ, კარში ვინ ჩამდგარიყო. მალინმა თავისი გაიტანა. მართალია, გოიხმანი შესანიშნავი მეკარე იყო, მაგრამ, ეტყობა, ზედიზედ სამმატჩიან დატვირთვას ვერ გაუძლო. ამიტომაც გაუშვა იტალიელებთან ორი გოლი. ორ ფინალურ მატჩში მე ვიყავი მეკარე: უნგრელებს დავუზავდი _ 3:3, ხოლო იუგოსლავიას 4:3 ვძლიეთ. სამი ბურთი გივი ჩიქვანაიამ გაიტანა. იტალიელებმაც ფინალში ერთი მატჩი მოიგეს, ერთიც ფრედ დაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. ჩვენი გუნდი, რომლის შემადგენლობაში სამი ქართველი ვთამაშობდით (ლერი გოგოლაძე, გივი ჩიქვანაია, პეტრე მშვენიერაძე), მეორე ადგილზე გავიდა.

_ გვსმენია, რომ ნაკრების მწვრთნელ მალინს თქვენ ნაძლევი მოუგეთ.

_ დიახ, იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ-ერთ ვარჯიშზე წასვლის წინ ფეხს ვითრევდი, რადგან ტელევიზიით სიმაღლეზე მხტომელთა პაექრობას აჩვენებდნენ. რობერტ შავლაყაძის ჯერი ახლოვდებოდა და მისი ყურება მინდოდა. წამოგეწევით-მეთქი, შევძახე თანაგუნდელებს. მალინმა ჩემი ჩამორჩენის მიზეზი რომ გაიგო, შენც ერთი, ჩემპიონი არ გახდესო, მითხრა ირონიულად. რატომაც არა-მეთქი. ქართველები ტრაბახა ხართო. დამენაძლევა. ვარჯიშიდან რომ დავბრუნდით, სოფელში შევიტყვეთ რობერტ შავლაყაძე ჩემპიონი გამხდარა. გახარებულმა მაშინვე მალინი მოვძებნე _ გამარჯვებას გილოცავთ-მეთქი. დამცინიო, მითხრა გაბრაზებულმა. იმ დღეს სამმაგად ვიყავი ამაყი: ჯერ ერთი, რომ ჩემი თანამემამულე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ნაძლევი მოვიგე და რუსებს დავუმტკიცეთ, რომ ქართველები სიტყვის ხალხი ვართ.

_ სხვაც ბევრი იქნებოდა საინტერესო ოლიმპიურ სოფელში.

_ რა თქმა უნდა. მაშინ ხომ რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა ოლიმპიური ჯილდო; მათ შორის მელბურნის გმირმა გივი კარტოზიამ, ოღონდ იგი რომში ბრინჯაოს დასჯერდა... ოლიმპიადაზე ბატონმა გივიმ, სხვა მეტოქეთა შორის, უნგრელი პეტერ პიტიც დაამარცხა, ამის შემდგომ გადამწყვეტი შეხვედრა თურქ ტოვფიკ კიშთან ჰქონდა. მეტოქემ თურმე პირველსავე წუთზე ერთი ქულა აუღო და ამის შემდეგ, მთელი შეხვედრის განმავლობაში, აშკარად გაურბოდა, გივიმ მისთვის ხელის მოკიდებაც ვერ შეძლო, რიგიანად. მოწინააღმდეგის არასპორტული საქციელისა და მსაჯთა არაობიექტურობის გამო, გივი კარტოზიას, ოლიმპიური ოქროს ნაცვლად, ბრინჯაოს მედალი ერგო. ამან ჩვენი დიდი აღშფოთება გამოიწვია, წარმოდგენილი მქონდა, რას განიცდიდა სახელოვანი ფალავანი. ვესაუბრებოდი და ვღელავდი, ბრაზი მახრჩობდა.

გივიმ ეს შეამჩნია და მითხრა: `იცი, რაზე მწყდება გული?~ მე მეგონა, თურქთან შეხვედრით გამოწვეულ წყენასა და უსამართლობაზე დამიწყებდა ლაპარაკს, მან კი განაგრძო: `ვნანობ, უნგრელი რომ დავამარცხე, ვაჟკაცურად ჭიდაობდა, ჩემპიონობა მას უფრო ეკუთვნოდა~. გაოცებული შევცქეროდი ფალავანთა ფალავანს, ჭეშმარიტ რაინდს და არ ვიცოდი, რა მეთქვა...

_ ბატონო ლერი, კერპი თუ გყავდათ?

_ როცა წყალბურთში პეტრე მშვენიერაძე და ნოდარ გვახარია, მოგვიანებით კი გივი ჩიქვანაია ბრწყინავდნენ, კერპის ძებნა რა საჭირო იყო.

_ ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?

_ სამი ასეთი მეტოქე მყავდა: მოსკოვის დინამოელი პეტრე მშვენიერაძე, იუგოსლავი მირკო სანდიჩი და იტალიელი ერალდო პიცო.

ნნნ

ლერი გოგოლაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1964 წლამდე თამაშობდა და საიმედოდ იცავდა კარს. 1963 წელს საბჭოთა წყალბურთელებმა იუგოსლავიელებს სძლიეს 1:0. ფეხბურთელებმა ასეთივე ანგარიშით ინგლისელებს მოუგეს. `სოვეტსკი სპორტმა~ დაწერა _ ჩვენების სახმელეთო და საწყლოსნო საზღვრები კარგად იყოო დაცული _ ლევ იაშინი და ლერი გოგოლაძე შეაქო.

დიდ სპორტთან განშორების შემდეგ სახელოვანმა წყალბურთელმა სპეციალობით განაგრძო მუშაობა. 1969 წელს საკანდიდატო, 1985 წელს სადოქტორო დისერტაციები დაიცვა. 1985-1987 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ, 1986 წლიდან კი დედაუნივერსიტეტში 20 წლის განმავლობაში ზოგადი მათემატიკის კათედრას ედგა სათავეში. საგულისხმოა ისიც, რომ ლერი გოგოლაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრებმა საერთაშორისო ოლიმპიადებში 11-ჯერ მიიღო მონაწილეობა და ერთი ოქროს, 10 ვერცხლისა და 28 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ამაგდარი პიროვნება დღესაც გზას უკვალავს ახალგაზრდებს მეცნიერების მწვერვალებისკენ, თუმცა არც ჭაბუკობის სიყვარულს ივიწყებს.

_ წყალბურთელთა კლუბ `ივერიაში~, რომელსაც სახელოვანი სპორტსმენები ნოდარ კურტანიძე და რევაზ ჩომახიძე უდგანან სათავეში, კონსულტანტად მიმიწვიეს, უმთავრესად მეკარეებს ვაძლევ რჩევა-დარიგებებს, _ გვითხრა ლერი გოგოლაძემ. _ ქართულ წყალბურთს კარგი მომავალი ეზრდება. ჩვენი ფედერაციაც ძალ-ღონეს არ ზოგავს. განსაკუთრებით ის მსიამოვნებს, რომ პერიფერიებშიც დაიწყეს ამ ულამაზესი სპორტის სახეობის დანერგვა-აღორძინება. საჩხერეში ქუთაისელი მწვრთნელები მუშაობენ, კურტანიძე და ჩომახიძე თვეში ორ-სამჯერ ჩადიან იქ კონსულტაციების გასაწევად. სასიამოვნო სიურპრიზია, რომ 2000-2001 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა საქართველოს პირველობაში სწორედ საჩხერელთა გუნდი ლიდერობს.

ქართული წყალბურთის ბოლოდროინდელი წინსვლა ახარებს ბატონ ლერი გოგოლაძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა, თუმცა მხნედ გამოიყურება და კვლავაც ჭაბუკური შემართებითაა.

სახელოვან წყალბურთელსა და ცნობილ მეცნიერს კიდევ ერთხელ ვულოცავთ იუბილეს.

ვაჟა დანელია

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა