სკანდალი მოლდოვურ ძიუდოში, რომელიც თავისი არსით ქართულთანაც ძალზე ახლოსაა, გადამწყვეტ ფაზაში შედის
სკანდალი მოლდოვურ ძიუდოში, რომელიც თავისი არსით ქართულთანაც ძალზე ახლოსაა, გადამწყვეტ ფაზაში შედის და ახალი ძალით იშლება - საქმეში უკვე მოლდოვის სპორტის მინისტრი ჩაერია, რომელიც აპირებს, დახმარება ძალოვან სტრუქტურებს სთხოვოს. ამასობაში კი ქვეყნიდან გაუჩინარებული სპორტსმენები უკვე გამოვიდნენ აზიის პირველობაზე ახალი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელით.

ორი სიტყვით წინაისტორია: თებერვლის შუა რიცხვებში მოლდოვის ნაკრების ექვსი წევრი, გუნდის ექს-თავკაც ვასილი კოლცას ხელმძღვანელობით, ტაშკენტში წავიდა შეკრებაზე, რაც ნაკრების დღევანდელმა მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ ბოკალმა მაშინვე მონათლა ქვეყნიდან გაქცევის მცდელობად და თქვა, რომ მათ სხვაგან სურდათ გადასვლა.

ამას ტაშკენტიდან დაუყოვნებლივ გამოეპასუხა კოლცა, არსადაც არ გავრბივართ, უზბეკებმა თავიანთი ხარჯით შეკრებაზე მიგვიწვიეს და 21 მარტს დავბრუნდებით, უკან წამოსასვლელი ბილეთები წინასწარ ვიყიდეთო.

იმ ექვსეულში მოლდოვის მთელი ძირითადი ნაკრები შედიოდა - მსოფლიოს 2011 წლის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის იმავე წლის ვიცე-ჩემპიონი სერგიუ ტომა (81), ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი მონაწილე ივან რემარენკო (90) და ჯერჯერობით უტიტულოები - ოქტავიან ნაკუ (60), მიხაილ მარკიტანი (66) და ვიქტორ სკვორცოვი (73).

იმთავითვე დაასახელეს მოლდოველთა გადაბირების მსურველი ქვეყნებიც - ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საემიროები, რომლებსაც მოგვიანებით აზერბაიჯანი, მონაკო და უზბეკეთი დაემატნენ.

დღეს უკვე გადაჭრით შეიძლება თქმა, რომ ისინი მართლაც გაიქცნენ მოლდოვიდან, რადგან უკვე იჭიდავეს სხვა ქვეყნის სახელით.

აზიის ჩემპიონატი 19-21 აპრილს ბანგკოკში ჩატარდა და არაბული საემიროს სახელით ტომამ, რემარენკომ და სკვორცოვმა იასპარეზეს.

პირველი ორი პირველივე წრეში დამარცხდა, სკვორცოვი კი ძირითად ბადეს ერთი მოგების შემდეგ დაემშვიდობა.

სამაგიეროდ, სანუგეშოში, არც მეტი, არც ნაკლები, იაპონელი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი იასუჰირო ავანო დაამარცხა, თუმცა ბრინჯაოსთვის შეხვედრა მაინც დათმო და მეხუთეზე დარჩა.

აღსანიშნავია, რომ საემიროებს ამ ტრიოს გარდა, ტურნირში მეტი მონაწილე არც ჰყოლია.

მოლდოვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ოქტავიან ციკუ საქმეში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერია და შემდეგი განაცხადა:

"მე ვუთხარი კოლცას, რომ თუ ისინი 21 აპრილამდე არ დაბრუნდებოდნენ სამშობლოში, მივმართავდი გენერალურ პროკურატურას თხოვნით, დაინტერესებულიყვნენ ამ საქმით".

მოლდოვის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ვიაჩესლავ მანოლაკმა კვლავ გაუსვა ხაზი, რომ უფულობის გამო მათ სპორტსმენებს წლეულს არც ერთ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა იქვე დასძინა, თუ ციკუ პროკურატურას მიმართავს, მივესალმები ამ ნაბიჯს და მხარსაც დავუჭერო.

სამწუხაროდ, იქაური მედია არაფერს წერს, შეხვდა თუ არა მანოლაკი ციკუს, როცა მინისტრმა ის სწორედ ფინანსურ პრობლემებზე სასაუბროდ მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ მანოლაკმა უფულობა სკანდალის გახმაურებისთანავე დაასახელა წასვლის მიზეზად, რაზეც ახალდანიშნულმა მინისტრმა ციკუმ თქვა, ამის შესახებ არაფერი ვიციო და ფედერაციის პრეზიდენტი თავისთან მიიწვია.

მთელ ამ საქმეში გასაკვირია, რატომ და როგორ გამოიყვანა ეს ბიჭები თავისი სახელით არაბთა საემიროებმა. ცხადია, რომ მოლდოველები სპორტსმენებს წასვლის ნებას არ აძლევენ, უამისოდ ასპარეზობა კი მოქალაქეობის შესახებ არსებული რეგლამენტის დარღვევაა.

ნუთუ არ იცოდნენ ეს არაბებმა? ან იციან, მაგრამ რადგან იქ ძიუდო არაა პოპულარული, არც დისკვალიფიკაცია ანაღვლებთ.

თუმცა ეს მათი საქმეა, ჩვენ კი ამ ამბავზე ამდენ ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ეს პრობლემა ქართულ ძიუდოსაც უდგას - ადრეც ვწერდით, ჩვენი ახალგაზრდები ბელორუსში არიან წასულნი და მათი უკან დაბრუნება აქამდე ვერ მოხერხდა.

იმათ შორის ერთ-ერთი ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილია (90), ამ დონის ფალავნები კი არ გვყავს დასაკარგი. არადა, პროცესი შეუქცევად ხასიათს იღებს და არა მხოლოდ ბელორუსის მაგალითზე - გარკვეულ მიზეზთა გამო ჯერ კონკრეტულ ფაქტს არ დავასახელებთ, მაგრამ ქვეყნიდან წასვლას ერთი საკმაოდ ტიტულოვანი ფალავანიც გეგმავს და თანაც - არა ბელორუსში.

თუმცა ამაზე უფრო დაწვრილებით ევროპის პირველობის შემდეგ ვისაუბროთ. მანამ კი კარგი იქნება, განგაშის ზარებს სპორტის სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა შემოჰკრან - მათ ყურამდეც მისული იქნება ეს ამბები, თუნდაც "ლელოს" მეშვეობით, რომელიც უკვე მერამდენედ წერს ამაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩვენთვის სახეირო სკანდალი გრძელდება - მოლდოველები ევროპას ტოვებენ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა