ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე სტარტი აიღო საქართველოს პირველმა ჩემპიონატმა შვიდქალა რაგბიში
ქუთაისში, "დინამოს" სტადიონზე სტარტი აიღო საქართველოს პირველმა ჩემპიონატმა შვიდქალა რაგბიში, რომელშიც ხუთი გუნდი (ქუთაისის "იმერეთი", ლანჩხუთის "გურია", "ოზურგეთი", "სენაკი" და ბათუმის "დელფინები" ) მონაწილეობს. ჩემპიონატი წრიული სისტემით, 4 წრედ ტარდება, მატჩის დრო 14 წუთით განისაზღვრება, რომელიც 7-წუთიან ტაიმებადაა გაყოფილი.

ქუთაისში გამართულ პირველ წრეს ბათუმის "დელფინები" გამოაკლდა, რომლის მოთამაშეებიც საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრებში არიან გამოძახებულნი და გუნდმა ამის გამო შეკრება ვერ მოახერხა. ზღვისპირელები ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვებიან და გამოტოვებულ შეხვედრებსაც მაშინ ითამაშებენ.

შვიდქალა რაგბის ქუთაისური ეტაპი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ჩემპიონატის ფავორიტმა ქუთაისის "იმერეთმა" პირველ შეხვედრაში "ოზურგეთს" 10 უპასუხო ლელო გაუტანა და 50:0 მოუგო.

ლანჩხუთის "გურიამ" კი "სენაკს" სძლია - 35:0. დაძაბული გამოდგა "იმერეთისა" და "გურიას" შეხვედრა, რომელშიც ლანჩხუთელებმა ჩემპიონატის ფავორიტებს არაფერი დაუთმეს და ფრეზე გაეყარნენ -10:10. დანარჩენი შეხვედრები კი ასე დასრულდა: "ოზურგეთი"-"სენაკი" -15:0, "იმერეთი"-"სენაკი" - 15:0, "გურია"-"ოზურგეთი" - 20:0.

პირველი წრის შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს ქუთაისის "იმერეთი" და ლანჩხუთის "გურია" იყოფენ, მესამეზე "ოზურგეთია", მეოთხე ადგილზე კი "სენაკი" იმყოფება.

რაც შეეხება ბათუმის "დელფინებს", როგორც აღვნიშნეთ, ზღვისპირელები ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვებიან.

"როგორც იქნა, ყინული დაიძრა და რაგბიში ქალთა გუნდებს შორის პირველი ჩემპიონატი ტარდება. გასულ წელს 17-წლამდელთა პირველობა გავმართეთ, რამაც გაამართლა და რაგბის მოყვარულებში საკმაო ინტერესი გამოიწვია.

პირველობას დროებით გამოაკლდა ბათუმის "დელფინები", რომელიც ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთვება.

იგეგმება საქართველოს ნაკრების წევრების სხვადასხვა გუნდში გადანაწილება. ასე ჩემპიონატი უფრო საინტერესო გახდება და მონაწილეებს შორის კონკურენციაც გაიზრდება. მეორე წრე ივნისის თვეში სენაკში ჩატარდება.

შემდეგ ტურს კი ლანჩხუთი უმასპინძლებს. დასკვნითი ეტაპი სექტემბერში, სავარაუდოდ, ისევ ქუთაისში გაიმართება. თუმცა ჯერ ეს საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი.

ჩვენი სამი წამყვანი მორაგბე საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, ერთს კი ტრავმა აქვს და ამის გამო ჩემპიონატი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ დავიწყეთ, თუმცა ეს მოთამაშეები მეორე წრეში შემოგვიერთდებიან და უფრო გავძლიერდებით.

ჩემპიონობის ფავორიტები, ალბათ, ქუთაისის "იმერეთი" და ბათუმის "დელფინები" არიან. კარგი გუნდი ჰყავს ლანჩხუთსაც და მასაც შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება. - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქუთაისის "იმერეთის" მწვრთნელმა ალექსანდრე ნიქაბაძემ.

ჯაბა მალაღურაძე - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

- სასიხარულოა, რომ ქალთა რაგბიში პირველი ეროვნული ჩემპიონატი ტარდება. ვხედავ, რომ დაინტერესება დიდია. ჩემპიონატში ხუთი ქალაქის გუნდი მონაწილეობს და მონდომების შემთხვევაში, სხვა ქალაქებშიც იქნება შესაძლებელი გუნდების ჩამოყალიბება. მთავარია, ჩემპიონატსა და სხვა ტურნირებს რეგულარული სახე მიეცეს...

ოთხივე გუნდი ძალიან მომეწონა. მონდომებულები არიან, საკმაოდ კარგად თამაშობენ და რამდენიმე პერსპექტიული მორაგბის გვარიც ჩავინიშნე. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ახლო მომავალში ნაკრებში გამოვიძახოთ.

საქართველოს ქალთა ნაკრები 8-9 ივნისს პრაღაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის შესარჩევი თამაშებისთვის ემზადება. იქამდე კი, ჰოლანდიაში, ამსტერდამის ტრადიციულ კომერციულ ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, რასაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოვიყენებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა