საგურამოში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის სიამოვნება იქნება

მერვედფინალის ერთმატჩიანმა დაპირისპირებამ სხვა წყვილებში გაამართლა და საინტერესოდ წარიმართა. საგურამოში კი პირველი ლიგის ბინადარმა თბილისის "ლოკომოტივმა" საქართველოს ჩემპიონს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

უმაღლესიდან გავარდნილი თბილისური კლუბის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გადაწყვიტა და როგორც ჩანს, ამის გამო, წლეულს "ლოკომოტივის" უმაღლესში დაბრუნებაზე არ ფიქრობს. ფინანსური კრიზისის გამო ადრე შეჩერებული პროექტებიც ნაწილობრივ აამოქმედა, საგურამოს ბაზას მიხედა და ფედერაციისგან ხელოვნურსაფარიანი მოედანი გამოისყიდა. ამას გარდა, მშვენივრად გამოიყურება ის ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი, რომლიც ორი წლის წინათ გაიხსნა. ერთ-ერთს, სადაც გუშინ სათასო მატჩი გაიმართა, 2000 მაყურებელზე კომფორტული ტრიბუნა მიადგეს და სტადიონი შეიკრა. მერწმუნეთ, საგურამოში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის სიამოვნება იქნება - მთავარია, ქარმა არ დაუბეროს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი, ქარსაცავი ზოლი გააკეთეს.

"ლოკომოტივის" ამ ბაზით ხშირად სარგებლობს "ზესტაფონი" – თბილისური მატჩების წინა დღეს, იმერლები ყოველთვის საგურამოში ვარჯიშობენ. ბაზაზე მალე კიდევ ორი მოედნის, ცენტრალური სტადიონის მეორე ტრიბუნის მოწყობასა და განათების სისტემის დამონტაჟებას აპირებენ.

გუნდის საკადრო პოლიტიკა ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდას და სპეციალისტების ხელისშეწყობას გულისხმობს. "ლოკომოტივს" 29 წლის ლაშა ჭაღიაშვილი (მთავარი მწვრთნელი), გია ჯმუხაძე და თამაზ ოდიკაძე ავარჯიშებენ. მათ "ლოკომოტივში" საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბეს: მეკარე თორნიკე ნიორაძე, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია; ერთწლიანი უთამაშებლობის შემდეგ, ახალგაზრდული ნაკრებისა და "ამერის" ყოფილი მცველი ზურაბ გვაძაბია მიიწვიეს, რომელიც ფორმის აღდგენას ცდილობს; დიდი ხანი არაა, რაც მოედანს გიორგი ხატიაშვილი დაუბრუნდა. 21 წლის ცენტრალურ მცველს ზაფხულში რიგის "სკონტოში" ელოდნენ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე მცირე ხნით ადრე ტრავმა მიიღო და ლატვიის ნაცვლად, საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა. გიორგიმ ორი თვე იძულებით შეისვენა და ფორმაში მხოლოდ შედის, ზამთარში კი ისევ უცხოეთში წასვლა აპირებს.

გუნდის მარჯვენა მცველი "შევარდენის" ყოფილი ფეხბურთელის, გიორგი მჭედლიშვილის ვაჟი ასევე გიორგი მჭედლიშვილია. "მამების" თემა "ლოკომოტივში" ამით არ ამოიწურება – ფლეიმეიკერის პოზიციაზე მალხაზ მახარაძის ვაჟი, ბექა მახარაძე თამაშობს – სხვათა შორის, ბექა შარშან კახა ცხადაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია.

"ლოკომოტივს" დაუბრუნდნენ ძმები, ლევან და დათო ჩაგელიშვილები, რომლებიც მცირე ხნით ფინეთში თამაშობდნენ. "გაგრადან" დაიმატეს მცველი ზაზა ქაჯაია და ნახევარმცველი თამაზ ჩარგეიშვილი.

ვფიქრობ, სპციალისტებს მალე დააინტერესებს მარცხენა ნახევარმცველი მალხაზ მაკარაშვილი – დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთი სწრაფი და ენერგიული ფეხბურთელების აშკარა დეფიციტია.

თუმცა, ჩამოთვლილი ფეხბურთელების უმრავლესობა ჯერ კიდევ დასაღვინებელია, ისევე როგორც თავად გუნდი, რომელმაც საგურამოში რუსთავის "ოლიმპს" სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

კლასში რუსთაველთა უპირატესობა იგრძნობოდა. მიუხედავად "ლოკომოტივის" მცდელობისა, "ოლიმპი" უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და გამარჯვებულის ვინაობა ძნელი გამოსაცნობი არ იყო.

საწყის 10 წუთში ორი სახიფათო მომენტი "ოლიმპის" ფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა შექმნა, მაგრამ ორივე შემხთვევაში მეკარე ნიორაძემ საიმედოდ ითამაშა. თუმცა, "ლოკომოტივის" კარის დარაჯმა რუსთაველთა მორიგი შეტევისას თავისიანები ვეღარ გადაარჩინა: "ოლიმპმა" მარჯვენა ფლანგზე სწრაფი და ლამაზი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც მოედნის ცენტრში ბოლქვაძემ ქავთარაძეს გადააწოდა - ამ უკანასკნელმა კარის დაუცველი კუთხე მობილიარდის სიზუსტით მოძებნა – 0:1.

"ოლიმპმა" ოთხ წუთში ამგარიში გაზარდა: ირაკლი მოდებაძის ფინტს გვაძაბია წამოეგო და საჯარიმოში წააქცია – თერთმეტმეტრიანი ლუკა რაზმაძემ ზუსტად შეასრულა – 0:2.

შემდეგ მატჩმა ფორმალური სახე შეიძინა. მასპინძლებმა სამჯერ სცადეს სწრაფი შეტევის განხორციელება, მაგრამ ბოლო მომენტში გაგრძელებას ვერ პოულობდნენ, ჩარგეიშვილის სახიფათო დარტყმა კი კარს მცირე მანძილით ასცდა.

"ოლიმპს" მეორე ტაიმში რამდენჯერმე შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ რეზო გეწაძემ, მოდებაძემ და რაზმაძემ ურეალურესი მომენტებით ვერ ისარგებლეს, რეზო ბარაბაძეს კი მეკარემ აჯობა.

საქართვეოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი მოედანს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა და 11 სექტემბრის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი გამართა. მართალია, რეზო ჯერ სასურველ ფორმაში არაა, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე შეუძლია "ოლიმპისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს.

"ლოკომოტივმა" ერთად-ერთი რეალური მომენტი მსაჯის სასტვენამდე შექმნა, მაგრამ მაკარაშვილმა ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა. 0:2 _ რუსთავის "ოლიმპი" ნახევარფინალშია.

10.11. საგურამო. ლოკომოტივის ბაზა. 900 მაყურებელი

ლოკომოტივი 0:2 ოლიმპი

0:1 ქავთარაძე (27. ბოლქვაძის პასით), 0:2 რაზმაძე (31. პ)

ლოკომოტივი (4-1-4-1): ნიორაძე, მჭედლიშვილი, გვაძაბია, ხატიაშვილი, ქაჯაია, ბოჭორიშვილი, დ. ჩაგელიშვილი (67. ბაქრაძე), ბ. მახარაძე, ჩარგეიშვილი (46. კვარაცხელი), მიქავა (46. მაკარაშვილი), შერაზადიშვილი

მწვრთნელი: ლ. ჭაღიაშვილი

სათადარიგოები: ნაჭყებია, ლ. ჩაგელიშვილი, დავლაშელიძე, შარანგია.

ოლიმპი (4-2-3-1): ბედიაშვილი, ქემოკლიძე, კვახაძე, რეხვიაშვილი (46. თ. ღონღაძე), ჯაფარიძე, რაზმაძე, დ. ბოლვაძე (80. უგულავა), ქავთარაძე, მოდებაძე, ბერიაშვილი (46. ბარაბაძე), გეწაძე.

სათადარიგოები: ბათიაშვილი, დობროვოლსკი, გ. ჭელიძე, ყაზაიშვილი.

მწვრთნელი: რ. მუმლაძე

გაფრთხილება: გვაძაბია (31).

არბიტრი: ი. ურუშაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის