სამწუხაროდ, თურქულ ბელეკში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს პირველობაზე 3 ოქტომბერი ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

სამწუხაროდ, თურქულ ბელეკში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს პირველობაზე 3 ოქტომბერი ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა - პირადშიც და გუნდურშიც პირველივე წრეში წავაგეთ.

მოგეხსენებათ, ბელეკში ჩვენგან მხოლოდ ქალთა გუნდი გამოდიოდა. 3 ოქტომბერს, დილით პირადი პირველობის პლეი ოფები გაგრძელდა, სადაც ერთადერთი მონაწილე გვყავდა შემორჩენილი - იულია ლობჟანიძე და ისიც დასაწყისშივე დამარცხდა რუს იანა სტეპანოვასთან - 2:6. არადა, შეხვედრა ლობჟანიძის გამარჯვებით დაიწყო, როცა პირველი სეტი 23:22 მოიგო, მაგრამ მომდევნო სამი დათმო.

ქართველთათვის ფეხბედნიერი ვერც გუნდური ტურნირის 1/8-ფინალი გამოდგა, სადაც მექსიკელებს ხვდებოდნენ, რომლებსაც შემადგენლობაში ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი აიდა რომანი და ბრინჯაოსმედალოსანი მარიანა ავიტია ჰყავთ.

ცხადია, წყვილშიც ფავორიტად "აცტეკები" მიიჩნეოდნენ და გამარჯვება არც გასჭირვებიათ, საკმაოდ დიდი სხვაობით მოუგეს ჩვენებს - 168:154 იმარჯვეს. მათ მომდევნო წრეში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ინდოეთსაც სძლიეს - 195:176 და ნახევარფინალში კორეელებთან 177:181 დამარცხდნენ.

გუნდურში ოლიმპიურმა ჩემპიონმა კორეელებმა მეოთხედფინალში ზეპრინციპული პაექრობა მოიგეს - გადასროლაში ჩინელებს სძლიეს.

აქ ძირითადი დრო ფრედ - 193:193 დასრულდა, დამატებითში კი ჩინელებს აშკარად აუკანკალდათ ხელი - სამი ისრიდან მხოლოდ 22 ქულა მოაგროვეს. კორეელებმაც გვარიანი ხარვეზებით ისროლეს და მთლად უნაკლონი არც ისინი ყოფილან, მაგრამ მათზე მეტი - 26 ქულა მაინც დააგროვეს და ფინალისკენაც გააგრძელეს გზა.

მას შემდეგ, რაც გუნდურის პლეი ოფში ჩინეთი, კორეა, დეეპიკა კუმარის ინდოეთი და მექსიკელები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, მეორე ნახევრიდან ფინალში შედარებით სუსტის გასვლა გარანტირებული იყო, თუმცა იქ ბელორუსთა ხილვას თვით მათი ქომაგებიც კი ნაკლებად წარმოიდგენდნენ. არანაკლებ გასაოცარია ნახევარფინალური წყვილიც - ბელორუსი-დანია, სადაც პოსტსაბჭოელებმა 170:166 იმარჯვეს.

ჰანა მარუსავას, ეკატერინა ტიმოფეიევას და ალენა ტოლკაჩის ბელორუსულმა ტრიომ მანამდე ჯერ გერმანელებს დააყრევინა ფარ-ხმალი (175:166), მერე კი ბრიტანელებს 180:172 მოუგო.

კუნძულელები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ალისონ ვილიამსონის გარეშე ასპარეზობენ, რომელმაც სასროლეთიდან მშვილდოსნობის მსოფლიოს ფედერაციის ათლეტთა კომისიის თავკაცის პოსტზე გადაინაცვლა, თუმცა უიმისოდ დარჩენილ ბრიტანელებს პირველ წრეში რუსთა ძლევა მაინც არ გასჭირვებიათ - 181:171.

არანაკლებ მძიმე გზა განვლეს დანიელებმაც - ჯერ ოლიმპიურ პრიზიორ ხათუნა ლორიგით (ქვრივიშვილი) გაძლიერებული აშშ ჩამოიცილეს (188:169), მერე კი ჩინური სკოლის განაყოფ ტაივანსაც სძლიეს (191:185).

მანამ ტაივანელებმა კოლუმბიელები 174:155 დაამარცხეს, რომლებსაც არ ჰყავდათ სარქალი - მსოფლიოს ჩემპიონი ალისე ასტრიდ ვან ლემოენი, რომელმაც ორი წლის წინ ანალოგიური ტურნირის ფინალში ქრისტინე ესებუა დაგვიმარცხა.

ამდენად, 6 ოქტომბერს, საჩემპიონო ფინალში კორეელები ბელორუსებს შეხვდებიან, ბრინჯაოს მედლისთვის კი მექსიკა და დანია იასპარეზებენ.

დანიელთა გუნდური წარმატება იქნებ ლოგიკურიც იყოს იმ ფონზე, რომ ქალთა ინდივიდუალურში მათი თანაგუნდელი მაია ჯაგერი ფინალში გავიდა. თან მეოთხედფინალში გზიდან ბოლო პერიოდში ლამის დაუმარცხებელი კორეელთა ოლიმპიური ჩემპიონი (პირადშიც და გუნდურშიც) ბო ბაე კი ჩამოიცილა - 6:5 დამატებითში, ნახევარფინალში კი მეორე კორეელს, პირადში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანს, გუნდურში კი ჩემპიონ ოკ ჰეე იუნსაც აჯობა - 7:3.

საერთოდ, კორეელი დიაცები ინდივიდუალურში ცუდად გამოვიდნენ - მაქსიმუმ, 6-ში ბრინჯაო მოიპოვონ, ფინალში კი მათთვის არასასურველი ჩინელი ჯინ ხუ გავიდა. ამდენად, 6 ოქტომბერს ის ოქროსთვის ჯაგერს შეხვდება, ბრინჯაოსთვის კი ერთმანეთს კორეელი იუნი და გერმანელი კარინა ვინტერი შეეცილებიან.

დასასრულ, ვაჟთა ტურნირზეც ვთქვათ, სადაც გუნდურის ფინალში ასევე 6-ში ჰოლანდია და აშშ ისვრიან. ოლიმპიურმა ჩემპიონმა იტალიამ მეოთხედფინალში ფრანგებთან ჩაიჩოქა - 187:191, ლონდონური ვერცხლის მფლობელმა აშშ-მა კი ნახევარფინალში საფრანგეთი, მანამდე კი ავსტრალია და უკრაინაც გამოაგდო.

ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში იაპონიასთან ბრძოლით დაღლილ კორეელებს 193:191 მოუგეს, ხოლო იქამდე მალაიზია და კანადა დაჯაბნეს. 6-ში ბრინჯაოსთვის კორეა საფრანგეთს შეხვდება.

გუნდურისგან განსხვავებით, ინდივიდუალური მთლიანად კორეელთა კარნახით მიდის - შესარჩევში ხომ სამეულშიც მხოლოდ ისინი შევიდნენ, ფინალშიც იქაურები არიან - ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ამჯერად საკვალიფიკაციოს მომგები ჰიეკ ონ ჯინი და სეუნგიუნ ლეე, რომელმაც 1/16-ფინალში უკრაინელთა პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული ვიქტორ რიბანი დაამარცხა. მესამე კორეელი - ხიახიან დაი ბრინჯაოსთვის ისვრის, სადაც კანადელ კრისპინ დუანესს შეხვდება. თან გავითვალისწინოთ, რომ ამჯერად კორეელებს არ ჰყავდათ ოლიმპიური ჩემპიონი ვოო-ჯინ კიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ