7 წონიდან 4-ში ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა გაიმარჯვეს
ამ უქმეებზე თბილისში, "არენაში" ჩატარებული საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ჩემპიონატი, საკადრო ცვლილებების მხრივ, საეტაპო მნიშვნელობისაც შეიძლება გამოდგეს, იმდენად მაღალი დონის კონკურენცია ვიხილეთ.

ბუნებრივია, ქვეყნის პირველობები ადრეც ტარდებოდა. ნამდვილად სასიამოვნოა ძიუდოს ფედერაციის სწორი მიდგომაც, რომელიც ამ ტურნირში ლიდერთა მონაწილეობას სავალდებულოდ მიიჩნევს, მაგრამ წინა წლებიდან არ გვახსოვს, ახალგაზრდები ასე მასობრივად მიწყდომოდნენ ეროვნული გუნდის კარს.

თავად განსაჯეთ - 7 წონიდან 4-ში ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა გაიმარჯვეს: ლუხუმ ჩხვიმიანი (60), ფრიდონ გიგანი (73), გურამ თუშიშვილი (100), ლევან მატიაშვილი (+100), მეხუთეში ფინალისტი იყო - 81-ში, უშანგი მარგიანი (81). ახალგაზრდულის წევრი არაა, მაგრამ ახალი სახეა 66-ის ფინალისტი გიორგი ქალდანიც.

ძველი სახეები მხოლოდ 90-ის ფინალში ვიხილეთ, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ამ წონაში ქართული ძიუდოს ამომავალ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ტალანტი ბექა ღვინიაშვილი გამოდის.

ბიჭი, ვინც 2011 წელს ჭაბუკებში პირველხარისხოვან ტურნირებში 17 შეხვედრა ჩაატარა და ყველა წმინდად მოიგო, წლეულს კი ახალგაზრდებში ასე ევროპა-მსოფლიოზე პირად-გუნდურში 14 პაექრობა გამართა და კვლავაც ყველაში იპონით იმარჯვა.

ქომაგს იმდენად სჯერა ამ ტალანტისა, რომ "არენაში" თანამოგვარე პაატა ღვინიაშვილთან მისმა წაგებამ გარკვეული ეჭვებიც კი წარმოშვა.

ახალგაზრდების სიძლიერე განსაკუთრებით თვალშისაცემი შაბათს იყო, როცა რამდენჯერმე პირადი შეხვედრა მოუგეს უფროსებს, თუმცა არც კვირას დაუკლიათ ხელი. ოღონდ შაბათს სამი წონიდან ორში თუ ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს, კვირის ოთხ წონაში ოქროები თანაბრად განაწილდა.

თუმცა თაობებზე საუბრისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეროვნული ნაკრების ყველაზე უფროსებიც კი 25 წელს არ აჭარბებენ, რაც ქართული ძიუდოსთვის ძალიან კარგი ფაქტია.

შესაძლოა, "არენაში" ნაჩვენები თაობების ასეთი კონკურენციის მიზეზი ისიც იყოს, რომ უფროსებმა ფორმის პიკი ჯერ კიდევ აგვისტოში გადალახეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ახლა კი რელაქსაციის პერიოდი უდგათ - ემზადებიან საგაისო ბატალიებისთვის და ფორმისგან შორს არიან, ხოლო ახალგაზრდებმა სულ ერთი კვირის წინათ მოილიეს მსოფლიოს პირველობა და მეტ-ნაკლებად მობილიზებულნი იყვნენ.

ცხადია, უფროსი თაობა რაც უფრო შევა მზადების რიტმში, ფორმასაც აკრეფს და ასე იოლად არ დათმობს პოზიციებს, თუმცა ეს სულაც არ აკნინებს ახალგაზრდების კარგ გამოსვლას, მათ მიერ ნაჩვენებ ჭიდაობის მაღალ ხარისხს. უკვე რამდენიმე წელიწადია, ახალგაზრდული ნაკრები სტაბილურად ამტკიცებს თავის სიძლიერეს და ეროვნული გუნდი "არენაში" სრულიად კანონზომიერად შეაჯანჯღარა.

ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ, ლოგიკურად მიდიოდნენ ასეთ მასშტაბურ შედეგამდე - დღეს მათ ჰყავთ იმდენად სტაბილური ნაკრები, რომ ევროპა-მსოფლიოზე წაყვანილი სრული, 10-კაციანი გუნდიდან ყველა მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია.

ანუ ადრე თუ გუნდში რამდენიმე ლიდერი იყო, ხოლო უმეტესობა სტატისტების, ბალასტის როლში გამოდიოდა, ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვალა სასიკეთოდ.

წინა წლებში ქართულ რეალობაში ხშირად ხდებოდა ხოლმე, როცა მწვრთნელებს ძიუდოშიც და სხვა საჭიდაო სახეობებშიც ევროპა-მსოფლიოზე სპორტსმენები გამოცდილების მისაღებადაც მიჰყავდათ, შეეჩვიონ და ეგებ გაისად მაინც შეძლონ ლიდერებთან გატოლებაო; ახალგაზრდა ძიუდოისტთა დღევანდელ დამრიგებელ გია გუგავას კი უკვე იმის ფუფუნება აქვს, რომ არჩევანი ლიდერთაგან იმ მომენტისთვის უფრო უკეთ მომზადებულზე გააკეთოს, ვინც უფრო მეტადაა მზად მედლის მოსაპოვებლად.

აქედან გამომდინარე, როცა ევროპის ჩემპიონატზე 10 კაციდან 7 მედლისთვის იჭიდავებს და 5-ს მოიპოვებს კიდეც, თან 4 ფინალში იჭიდავებს; როცა შეუდარებლად ძლიერ მსოფლიოზე ასევე 10 კაციდან 4 მედლამდე მივა და 3 ჯილდოს მოიპოვებს, გასაკვირიც არაა შიდა ჩემპიონატში მათი მოზღვავება.

თუმცა ვიმეორებთ - სტატისტიკაზე მეტად სასიამოვნო მათ მიერ ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხი იყო, როგორც სიძლიერის უტყუარი ბარომეტრი. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ამ ახალგაზრდებიდან რამდენიმე ნამდვილად დაისაკუთრებდა ადგილს რიოს ოლიმპიურ გუნდში, მაგრამ აშკარაა - ისინი ამაზე ბევრად ადრე მოიკიდებენ ეროვნულში ფეხს. ასე მაგალითად, ჩხვიმიანი წლეულს ახალგაზრდებში ევროპის პირველობაზეც გამოვიდა, თუმცა მეხუთეზე დარჩა, მსოფლიოზე კი არ დააყენეს.

გაცდენილი პერიოდი კარგადაც გამოუყენებია, იმდენად დამაჯერებლად გაუსწორდა მეტოქეებს. ასევე, გიგანმაც დაამტკიცა მსოფლიოზე თავისი კარგი ჭიდაობა ბერძენთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ რომან მასტოპულოსთან. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ 73-ში ნაკრების ლიდერები არ ჭიდაობდნენ, მაგრამ გიგანი უკვე ბევრად მიუახლოვდა მათ თავისი მომზადების დონით.

შესაშურია მარგიანის თვისებებიც - მებრძოლი, უშიშარი, რაღაცნაირად გახსნილი და თავისუფალი, ლაღი სტილი, ამავდროულად - ტექნიკური და ლამაზი. თუშიშვილი, ღვინიაშვილი, მატიაშვილი - მათზე უკვე იმდენი კარგი დაწერილა, ამჯერად თავს უფლებას მივცემთ, აღარ შევჩერდეთ. მათ თუ სათანადოდ იმუშავეს, ასეთი მონაცემები უკვალოდ არ დაიკარგება.

ბუნებრივია, ახალგაზრდების ქებით ეროვნულ ნაკრებს სულაც არ ვაკნინებთ. კიდევ ვიმეორებთ - ისინი ახლა იწყებენ მზადებას, თუმცა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) ამ უფორმობის პერიოდშიც გაიმარჯვეს კლასისა და გამოცდილების ხარჯზე. ისიც აშკარაა, რომ მთავარი ბრძოლები ყველა წონაში ჯერ კიდევ წინ გველოდება, მაგრამ ლიდერებს პოზიციების შესანარჩუნებლად გასამმაგებული შრომა დასჭირდებათ.

კიდევ ერთხელ სიამოვნებით უნდა ვთქვათ ძიუდოს ფედერაციის მიდგომაზე, რომელიც ლიდერსა და დამწყებს ერთნაირად ავალებს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. ტურნირს ტრავმების გამო ისედაც დააკლდა ბევრი ლიდერი - ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელმაც 66-დან უკვე გადაინაცვლა 73-ში, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (73), ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ლევან წიკლაური (81), ბოლოს კი ამათ ადამ ოქრუაშვილიც (+100) დაემატა.

ამის მიუხედავად, არც ვარსკვლავთა ნაკლებობას განიცდიდა, რამაც შეჯიბრების დონე განაპირობა. ახალგაზრდებს თავი დავანებოთ და "არენაში" ჭიდაობდნენ ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ამავე ტიტულის მფლობელები და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები, იგივე ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი...

ადგილობრივი მაყურებელი ასეთ სანახაობას ყოველ უქმეებზე ვერ ხედავს...

შეჯიბრების დონისგან განსხვავებით, მთლად ასე აღმატებულად ვერ ვილაპარაკებთ მსაჯებზე - სამწუხაროდ, ეს სფერო, ფედერაციის დიდი მცდელობის მიუხედავად, კვლავაც გვარიანად ჩამორჩება ქართული ძიუდოს განვითარების ტემპს. არბიტრთა ძალიან ბევრი გადაწყვეტილება კრიტიკას ვერ უძლებდა.

ვფიქრობთ, მათ მთავარ ნაკლად კვლავაც საკუთარი თავისადმი უნდობლობა რჩება, რის გამოც მუდმივად მსაჯთა მაგიდისკენ გაურბით თვალი. ალბათ, აჯობებს, მათ მეტად აიღონ პასუხისმგებლობა და პირადად მიიღონ გადაწყვეტილებები, თუნდაც ეს არ იყოს მართებული - ამით ნაკლებ სალაპარაკოს მისცემენ საზოგადოებას.

გაწეული საქმეების მიუხედავად, ფედერაციას ამ კუთხით მაინც მეტი მუშაობა მართებს. განსაკუთრებით - მსაჯთათვის საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად.

ჩემპიონატის დასასრულს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძესაც გავესაუბრეთ და სამომავლო გეგმებთან ერთად, ტურნირის შეფასებაც ვთხოვეთ.

"შეჯიბრებამ მართლაც კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა და მან მომავალ სეზონში ნაკრების ბირთვი უნდა ჩამოაყალიბოს. ჭიდაობის ხარისხი მაღალი იყო, რაც ახალგაზრდებმა განაპირობეს.

ლიდერთა უმეტესობამ იასპარეზა, ანუ საქმეში ვნახეთ. დიდი იმედი გვქონდა, რომ გამოცდილებს ახალგაზრდებიც შეემატებოდნენ და კონკურენცია გაიზრდებოდა, რაც მართლაც ასე მოხდა.

ახალგაზრდებისგან ველოდით ასეთ წარმატებას, თუმცა ისინი ჯერ კიდევ ფორმაში არიან, დიდები - არა. და მაინც, ასეთი შედეგები სასიხარულოა, ოღონდ ჯერ გარანტირებული არავის არაფერი აქვს.

სპორტსმენებს ჯერ კიდევ გამოვცდით საერთაშორისო ტურნირებში. უახლოესი ღონისძიება ნოემბრის ბოლოს, ტოკიოში დაგეგმილი ძიგორო კანოს მემორიალია, სადაც შეკრებასაც გავივლით.

მერე, საშუალება თუ იქნება, აბუ დაბიშიც გამოვალთ "დიდ პრიზზე". იაპონიაში წასაყვანი შემადგენლობა ამ დღეებში გაირკვევა, ისე კი, ვაპირებთ 16 კაცის წაყვანას ორი კვირით" - განაცხადა უზნაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ნაკრების წევრები კვარცხლბეკზე
ძიუდო. საქართველოს ჩემპიონატი: ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი პირველად გახდა
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
საქართველოს ჩემპიონატი: ლიდერებით, მაგრამ ულიდერებოდ
საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ოთხ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატი: ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრუნდება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: ახალგაზრდებმა ეროვნული შეაზანზარეს