"საქართველო მენატრება - ორი წლის წინ ჩემპიონატში რომ ვითამაშე, მას შემდეგ არ ვყოფილვარ"

ამას წინათ გაუწყეთ, რომ ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატი ნაზი პაიკიძე ბოლო დროს ხშირად მონაწილეობს რუსეთში გამართულ შეჯიბრებებში. ისიც აღვნიშნეთ, რომ აეროფლოტის ღია პირველობაზე მან მთავარი პრიზი სალომე მელიასთან ერთად გაიყო, მერე მოსკოვის ჩემპიონი გახდა, რუსეთის ქალთა მე-60 ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ყველას აჯობა და სუპერფინალში მონაწილეობის უფლება მიიღო. აქ კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ყველა საუკეთესო დიდოსტატი მონაწილეობს.

პაიკიძე ავტორიტეტებს არ უფრთხის და ჯიქურ მიიწევს დედოფლობისკენ. სამი ტურის შემდეგ მას 2,5 ქულა ჰქონდა. მე-4 ტურში ნატალია პოგონინას დაუპირისპირდა და წააგო. აი, რას ამბობს ამ პარტიის შესახებ გამარჯვებული: "დებიუტში წარუმატებლად ვითამაშე და მთელი პარტიის განმავლობაში ნაზი უპირატესობას ფლობდა, იმის მიუხედავად, რომ ცუდად გრძნობდა თავს. აშკარად შეუძლოდ იყო. ალბათ, ამის ბრალიცაა, რომ მეორე ცაიტნოტისას უცნაური სვლა გააკეთა - ეგონა, ამით ყაიმს მივაღწევდა. თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, სანამ პაიკის მოგების გზას მივაგნებდი. მერე გავიმარჯვე კიდეც".

სამაგიეროდ, მე-5 ტურში მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან პარტია ჩვენებურისთვის იღბლიანად წარიმართა. არადა, თავიდან პოზიციები ხშირად იცვლებოდა ხან ერთი, ხან მეორე მოჭადრაკის სასარგებლოდ. ბოლოს პარტია, თითქოს, ყაიმით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონმა 47-ე ედ7 სვლით საბედისწერო შეცდომა დაუშვა და სამიოდე სვლის შემდეგ იძულებული გახდა, საათი გაეჩერებინა. მე-6 ტურში პაიკიძემ 38-ე სვლაზე იოლად სძლია ტატიანა შადრინას. დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ვალენტინა გუნინა-ნატალია პოგონინა 1:0, ანასტასია ბოდნარუკი-ოლგა გირია 1:0, ტატიანა კოსინცევა-სვეტლანა მატვეევა 1:0, ვერა ნებოლსინა-ალექსანდრა კოსტენიუკი 0,5:0,5, ნადეჟდა კოსინცევა-ალისა გალიამოვა 0:1.

ექვსი ტურის შემდეგ 4,5 ქულით ერთპიროვნულად ნაზი პაიკიძე ლიდერობს, შემდეგ მოდიან: ნ. კოსინცევა, პოგონინა-4-4, გალიამოვა, ტ. კოსინცევა-3,5-3,5, ბოდნარუკი, კოსტენიუკი, შადრინა-3-3, გუნინა, ნებოლსინა-2,5-2,5, გირია-2, მატვეევა-0,5 ქულა.

სუპერფინალის მონაწილენი გუშინ ისვენებდნენ. დღე მე-7 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: პაიკიძე-გირია, მატვეევა-ნ. კოსინცევა, პოგონინა-ტ. კოსინცევა, კოსტენიუკი-გუნინა, შადრინა-ნებოლსინა, გალიამოვა-ბოდნარუკი.

მეექვსე ტურში შადრინასთან გამარჯვების შემდეგ პაიკიძემ ინტერვიუ მისცა Chess-news-ის კორესპონდენტს, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ:

- გაკვირვებულმა გავიგე, რომ თურმე ქართულად "პაიკი" "პეშკას" ნიშნავს... რომ თქვენ საჭადრაკო გვარი გაქვთ!

- დიახ, საჭადრაკო გვარი მაქვს. რუსულად რომ ვთარგმნოთ, პეშკოვა გამოვა.

- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. მაშ, დამკაში, ბოდიში, ლაზიერში გასვლაზე ფიქრობთ?

- დიახ.

- პირდაპირ ამ სუპერტურნირზე?

- ამჯერად შედეგზე არ ვფიქრობ. უბრალოდ, ყველა პარტიას ბოლომდე ვთამაშობ. ვნახოთ, რა იქნება.

- დღევანდელ პარტიაზე რას იტყვით?

- დღეს ზაიცევის ვარიანტი გავითამაშეთ. მე უკეთესი პოზიცია მივიღე. მეტოქემ არასწორი გეგმა აირჩია და დებიუტიდანვე მცირეოდენი უპირატესობა გამოვიყენე, ბოლოს ლამაზი შამათიც ჩავსვი.

- ნუთუ ასე?

- დიახ, მეტოქე უბრალოდ შამათამდე ორი სვლით ადრე დამნებდა.

- შადრინას გარდა, თქვენ ცნობილ რუს მოჭადრაკეებსაც მოუგეთ. რას იტყვით, ასეთ თამაშსა და შედეგს ელოდით?

- გულახდილად რომ გითხრათ, არ ველოდი. ყველაფერი ნორმალურად აეწყო: ზოგ პარტიაში გამიმართლა, ზოგშიც პირიქით - ქულები დავკარგე...

- ექვსი ტურის განმავლობაში თქვენ ძალიან კარგად ასპარეზობთ. რას უკავშირდება პროგრესი?

- ძალიან მეხმარება ჩემი მწვრთნელი ვლადიმირ ბელოვი. თავადაც დამოუკიდებლად ბევრს ვმეცადინეობ, ტურნირებში ვიღებ მონაწილეობას, ამიტომაც შედეგიც არის.

- სუპერფინალში თამაშობთ, რაც ბევრისთვის მოულოდნელია - ქართველი მოჭადრაკე სუპერფინალში! თუ არ ვცდები, თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ...

- დიახ, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს - საქართველოსი და რუსეთისა.

- მოსკოვში ცხოვრობთ...

- დიახ, მოსკოვში... ოთხი წლის წინათ მთელი ოჯახით გადმოვედით მოსკოვში საცხოვრებლად. ძმა ფეხბურთელია, მის გამო და ჩემ გამოც, რადგან საქართველოში ბევრი მწვრთნელი არ არის და ცოტა ტურნირი ტარდება.

- თქვენ რუსულად უაქცენტოდ ლაპარაკობთ.

- მოსკოვში გადმოსვლამდე საერთოდ არ ვიცოდი რუსული.

- წარმოშობით სადაური ხართ?

- თბილისელი.

- იქ დაიბადეთ?

- არა, ირკუტსკში. ჩემი მშობლები იქ სწავლობდნენ, ოთხი წლის რომ ვიყავი, მაშინ გადავედით საცხოვრებლად თბილისში.

- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არ გენატრებათ იქაურობა?

- როგორ არა, ძალიან მენატრება. ორი წლის წინათ საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშე, მას შემდეგ არ ვყოფილვარ.

- რატომ? თქვენ ხომ გიწვევენ საქართველოს ჩემპიონატში საასპარეზოდ?

- შარშან არ მივუწვევივართ... ორი წლის წინათ მიმიპატიჟეს. არ ვიცი, შესაძლოა, წლეულსაც გავემგზავრო.

shoda
ყოჩაღ ნაზი! წარმატებებს ვუსურვებ! ჩვენი ნაძირალა ხელისუფლების წარმომადგენლები ამას თუ კითხულობენ ალბათ გულზე სკდებიან!
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა