არგენტინის ჩემპიონატი - ნიჭიერი და არაორდინალური მოთამაშეების ნამდვილი საბადო

არგენტინის ჩემპიონატი ყოველთვის იყო ნიჭიერი და არაორდინალური მოთამაშეების ნამდვილი საბადო, მაგრამ ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპა აბსოლუტურად ყველა არგენტინელს თავისკენ ექაჩება. შესაბამისად, იქაური მოთამაშეების კლასზე მხოლოდ ევროპულ კლუბებში ან ეროვნულ ნაკრებში გამოსვლით არ უნდა ვიმსჯელოთ.

აქ მოყვანილ რეიტინგში არჩეულია 25 საუკეთესო მოთამაშე - ისინი არგენტინის პრიმერა დივიზიონს წარმოადგენენ. და რაც მთავარია, ეს მხოლოდ ნაწილია იმ მოთამაშეებისა, რომლებიც საფეხბურთო სამყაროს ღირსეულ ყურადღებას იმსახურებენ.

25. როლანდო სკიავი (37 წლის, ცენტრალური მცველი, ნიუელსი)

თავისი კარიერის საუკეთესო წლებშიც სკიავის ვერ ამჩნევდნენ ნაკრების მწვრთნელები, არადა, ეს ფეხბურთელი იმსახურებდა თუნდაც ერთი შანსის მიღებას. დიეგო მარადონამ კი გარისკა და "ნიუელსის" დაცვის 36 წლის ლიდერი ნაკრებში მიიწვია, თანაც ოფიციალურ მატჩში. უფრო მეტიც, დიეგომ კარგად იცოდა ამ მცველის "მეორე სართულზე" უნარიანი თამაშის შესახებ და როლანდო არგენტინის გადასარჩენად შეუშვა მოედანზე (სებასტიან დომინგესის ნაცვლად) მაშინ, როცა ნაკრები მინიმალური ანგარიშით, მაგრამ უიმედოდ აგებდა პარაგვაიში. და ამ ნაბიჯმა კინაღამ გაამართლა - ერთადერთი მომენტი "ალბისელესტემ" 93-ე წუთზე შექმნა, როცა მარტინ პალერმოს პასის შემდეგ სკიავიმ ბოლო მომენტში ვერ მოარტყა ბურთს თავი, არადა კარი ცარიელი იყო. მარადონას პერიოდში მცველმა კიდევ სამი მატჩი ითამაშა ნაკრებში, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ წავიდა.

სამაგიეროდ, სკიავის საკლუბო კარიერა შთამბეჭდავი გახლავთ. 177 მატჩი (11 გოლი) "არხენტინოს ხუნიორსში", 121 (13) - "ბოკაში" და 108 (16) - "ნიუელსში". მოასწრო ესპანულ "ერკულესსა" (2006) და ბრაზილიურ "გრემიოში" (2007) თამაში.

"ბოკაში" იმ დროს გამოდიოდა, როცა გუნდი ტიტულებს აგროვებდა: კოპა ლიბერტადორესი, სუდამერიკანა, საკონტინენთაშორისო თასი, არგენტინის ჩემპიონობა - ყველაფერი, რაზეც შეიძლება ლათინოამერიკელმა იოცნებოს. ახლაც 37 წლის ასაკში ის ჩემპიონატის ერთ-ერთი საიმედო დაცვის ლიდერია და თან რეგულარულად გააქვს გოლები. ჯერერთი შტატიანი პენალტისტია და გარდა ამისა, სტანდარტების დროს ძალიან საშიშია მეტოქის საჯარიმოში.

24. სებასტიან გრაცინი (29 წლის, ენგანჩე, ოლ ბოისი)

არგენტინული ფეხბურთის ძალიან ნიჭიერი, მაგრამ დაუფასებელი ენგანჩე. მეტსახელიც შთამბეჭდავი აქვს - El Magico. ახალგაზრდა ასაკში ის "სევილიას" სკაუტებმა შეამჩნიეს, მაგრამ შანსი ვერ მიიღო და დაიწყო მოგზაურობა არგენტინის, ბელგიის, იტალიისა და ვენესუელას მეორეხარისხოვან კლუბებში. 2008 წელს "ნიუელსისგან" მიიღო მიწვევა, ნახევარი წლის შემდეგ კი აველანედიას "რასინგში" გაიყიდა. წლინახევრის განმავლობაში ის "აკადემიის" ("რასინგის" მეტსახელი) საყვარელი ფეხბურთელი გახდა, მაგრამ მწვრთნელმა მიგელ ანხელ რუსომ მიანიშნა, რომ გრაცინიზე იმედებს არ ამყარებდა. ამიტომაც სებასტიანს მთავარი დივიზიონის დებიუტანტ "ოლ ბოისში" გადასვლა მოუწია. ახლა ის ამ მოკრძალებულ კლუბში ერთადერთი ნათელი წერტილია, მაგრამ აქაც იგრძნო მწვრთნელისგან დაუფასებლობა, შესაბამისად ყოველთვის ვერ ხვდება სასტარტოში.

23. ლუკას ვიატრი (23 წლის, თავდამსხმელი, ბოკა ხუნიორსი)

ვიატრიმ საკუთარი თავი ორი წლის გააცნო საფეხბურთო საზოგადოებას. მისი გოლების გარეშე "ბოკა" ვერ მოიგებდა 2008 წელს აპერტურას (8 გოლი, მათ შორის ერთი "სუპერკლასიკოში), რომელიც ჯერჯერობით ბოლოა არგენტინული გრანდისთვის. მაგრამ ლუკასს ხშირად რეზერვისტის როლით უწევდა დაკმაყოფილება, რადგან ცენტრფორვარდის პოზიცია მარტინ პალერმოს ჰქონდა ჩაბარებული.

კლაუდიო ბორხიმ გადაწყვიტა, რომ გუნდში არ ჰყავდა კარგი "მსუბუქი" ფორვარდი და შეიძლებოდა შეტევაში ორივე პოზიციაზე ორი "ცხრიანის" დაყენება. და როგორც აღმოჩნდა, ასეთი ვარიანტი ეფექტური ყოფილა - ვიატრიც და პალერმოც მიმდინარე ჩემპიონატში ბომბარდირთა შორის არიან.

22. ლეანდრო რომანიოლი (29 წლის, ენგანჩე, სან ლორენსო)

2001 წელს იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაბრწყინების შემდეგ რომანიოლი თავიდანვე ევროპაში არ გაქცეულა. 2004 წლამდე "სან ლორენსოსში" დარჩა, რის შემდეგაც ჯერ მექსიკაში გადავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა ლისაბონის "სპორტინგში". პორტუგალიაში ამ ნიჭიერი მოთამაშის საქმეები არ აეწყო, რასაც ტრავმებმაც შეუწყო ხელი. 2009 წლის ზაფხულში ლეანდრომ საყვარელი "სან ლორენსოს" გამო უარი თქვა მექსიკური და ბრაზილიური კლუბებისგან სარფიან წინადადებებზე, მაგრამ დიეგო სიმეონეს სათამაშო სქემას ვერ მოერგო - "ელ ჩოლოს" პრიმიტიული ფეხბურთისთვის ის გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

2010 წელს კლაუსურაში წარუმატებლობის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ სიმეონეს კარისკენ მიუთითა. მოვიდა რამონ დიასი და ლეანდრო ისევ ძირითადშია.

21. მაურისიო სპერდუტი (24 წლის, შემტევი ნახევარმცველი, ნიუელსი)

როსარიოში დაბადებული, დღემდე ამ ქალაქის ერთ-ერთ კლუბში თამაშობს. ტექნიკურია, აქვს კარგი პასი, ურტყამს საჯარიმოებს და ხშირად იტანს სტანდარტული მდგომარეობებიდან. შესანიშნავ შემტევ დუეტს ქმნის მაურო ფორმიკასთან, რისი წყალობითაც "ნიუელსი" ცხრილის ზედა ნაწილშია.

20. ხუან მერსიერი (30 წლის, საყრდენი ნახევარმცველი, არგენტინოს ხუნიორსი)

2010 წელს კლაუსურაში "არგენტინოს ხუნიორსის" ჩემპიონობა არ შედგებოდა, რომ არა სამი ადამიანი: მწვრთნელი კლაუდიო ბორხი და ცენტრში მერსიერისა და ნესტორ ორტიგოსას ტანდემი. თუ ორტიგოსამ პარაგვაის ნაკრებში მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატში ითამაშა, მარადონამ მერსიერი ბოლო მომენტში ამოაგდო შემადგენლობიდან.

ტექნიკა არ დაეწუნება, შეუძლია შეტევა და ბურთის ართმევა, კარგად ხედავს მოედანს. "ბოკას" მხრიდან დიდი ინტერესის მიუხედავად, მან არ დატოვა "არგენტინოსი", ისევე როგორც, ორტიგოსამ. მაგრამ მათ ძველი პარტნიორები აღარ ჰყავთ. თანაც ბორხი "ბოკაში" გადავიდა, რასაც მკვეთრი ჩავარდნა მოჰყვა. თუმცა დუეტი მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა ქვეყანაში.

19. ხუან მარტინესი (25 წლის თავდამსხმელი, ველეს სარსფილდი)

"ველეს სარსფილდის" აღზრდილია, თუმცა თავდაპირველად თავი ვერ გამოიჩინა და მხოლოდ მას შემდეგ ათამაშდა, რაც იჯარის წესით რამდენიმე კლუბი მოიარა. კოლუმბიასა და საუდის არაბეთში თამაშიც კი მოასწრო. ახლა ის გაიხსნა და რიკარდო გარეკას გუნდში ერთ-ერთ შეუცვლელ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამ მომენტისთვის პარტნიორ სანტიაგო სილვასთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. სხვათა შორის, ამ სიაში სილვას ვერ იპოვნით - ის ურუგვაელია.

არიელ ორტეგასთან გარეგნული მსგავსების ხუანს გამო "ბურიტო" ("ვირი") უწოდეს.

18. ვალტერ ერვიტი (30 წლის, შემტევი ნახევარმცველი, "ბანფილდი")

2009 წლის აპერტურაში "ბანფილდის" ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იმ სეზონში თავისი პარტნიორების უმრავლესობისგან განსხვავებით, დღემდე ამ გუნდის რიგებშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა ძალიან უნდოდა "რივერ პლეიტს". ახლა მთელი "ბანფილდი" ერვიტის იმედზეა. ტექნიკა, ინტელექტი, პასი - მას ეს ყველაფერი აქვს.

17. მარიანო პავონე (28 წლის, თავდამსხმელი, რივერ პლეიტი)

ფეხბურთში იშვიათად შეხვდები ასეთი თვისებების მქონე თავდამსხმელს. აქვს კარგი საგოლე ალღო და ფიზიკური მონაცემები, მაგრამ ტექნიკაც არ დაეწუნება. ფეხებით მუშაობაში ძლიერია და დამაჯერებლად გრძნობს თავს ჰაერში. ნებისმიერი ურთულესი სიტუაციიდან იტანს გოლებს და არც პარტნიორებს ივიწყებს.

ასეთი იყო ის "ესტუდიანტესში", "ბეტისში" კი ეს თვისებები ვერ გამოავლინა. ახლა სამშობლოში დაბრუნდა - "რივერ პლეიტის" შეტევების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

16. მაურო ფორმიკა (22 წლის, შემტევი ნახევარმცველი, ენგანჩე, თავდამსხმელი, "ნიუელსი")

ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე არგენტინის ჩემპიონატში იმათგან, ვინც "ოც წელზე ცოტა მეტისაა". ფორმიკა 22 წლის ასაკში "ნიუელსის" ლიდერია. ერთი წლის წინ ის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, როცა გუნდს ტიტულამდე ბოლო მატჩის მოგება დააკლდა. სწრაფი, ძალიან ტექნიკური, კარგი პასის მქონე. თამაშის მანერით ოდნავ კაკას მოგვაგონებს. არგენტინის ჩემპიონატში 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი.

P. S. რამდენჯერმე ვახსენეთ სიტყვა - "ენგანჩე". ეს სამხრეთამერიკული ტერმინია და ის საფეხბურთო ამპლუას ნიშნავს, რომელიც თავის თავში აერთიანებს სუფთა გამთამაშებლისა (მოედანზე ყოველგვარი კონკრეტული პოზიციის გარეშე) და გუნდის ლიდერის ფუნქციებს. ენგანჩე, როგორც წესი, ნახევადაცვასა და თავდასხმას შორის მოქმედებს და მუდმივად თავის თავზე იღებს გუნდის თამაშს. ეს არ არის ეპიზოდის ფეხბურთელი - მასზე უნდა აეწყოს გუნდის მთელი თამაში, რაც იშვიათია თანამედროვე ფეხურთში. ამიტომაც უმაღლესი დონის გუნდებში ენგანჩეები სულ უფრო იშვიათად გვხვდებიან.

15. ჯონათან ბოტინელი (26 წლის ცენტრალური მცველი, სან ლორენსო)

შესანიშნავი ცენტრალური მცველი. ძლიერია ართმევისას, "მეორე სართულზე" ბრძოლაში, პოზიციის შერჩევისას... არ ახასიათებს უხეშობა, თანაც საკმარისად გამოცდილია. არგენტინის ჩემპიონი გახდა "სან ლორენსოში" რამონ დიასის ხელმძღვანელობით, შემდეგ იყო წარუმატებელი გამოსვლა "სამპდორიაში" (2008 წელი, 8 მატჩი), მაგრამ სამშობლოში დაბრუნებული ისევ ძველ დონეზე გავიდა. ერთადერთი მატჩი არგენტინის ნაკრებში 2007 წელს აქვს ჩატარებული (ჩილესთან - 0:0).

14. ხუან პაბლო კარისო (26 წლის, მეკარე, რივერ პლეიტი)

ერთადერთი მეკარე ამ რეიტინგში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არგენტინაში ცუდი გოლკიპერები არიან. იტალიასა ("ლაციო", 23 მატჩი) და ესპანეთში ("სარაგოსა", 16) კარისოს კარიერა არ აეწყო. ისევე როგორც ლათინოამერიკელთა მეკარეების უმრავლესობას, ბრწყინვალე რეაქცია აქვს, კარგად თამაშობს ფეხით. ერთი პერიოდი პირველი ნომერი იყო არგენტინის ნაკრებში (10 მატჩი), თუმცა მალე დაკარგა გუნდში ადგილი და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრა.

13. მატიას კარუცო (26 წლის, ცენტრალური მცველი, ბოკა ხუნიორსი)

"არგენტინოს ხუნიორსის" საჩემპიონო შემადგენლობის დაცვის ბურჯი. თავისი სახელი ჩაწერა ამ კლუბის ისტორიაში იმით, რომ ბოლოსწინა ტურში გადამწყვეტი გოლი გაიტანა "ინდეპენდიენტეს" კარში, რითაც პრაქტიკულად გადაწყვიტა ჩემპიონობის ბედი.

მწვრთნელ კლაუდიო ბორხისთან ერთად "ბოკა ხუნიორსში" წავიდა. ახალ ადგილზე ოდნავ უკლო თამაშს, მაგრამ ეს დროებითი ჩავარდნაა.

12. სებასტიან ბატალია (30 წლის, საყრდენი ნახევარმცველი, ბოკა ხუნიორსი)

"ბომბონერას" სამი კერპიდან ერთ-ერთი, ვინც ამ გუნდის შემადგენლობაში თითქმის ყველა შესაძლო ტიტული შეაგროვა (არგენტინის ჩემპიონი - ექვსი, ლიბერტადორესის თასი - ოთხი, საკონტინენტთაშორისი თასი - ორი, სუდამერიკანას თასი - ერთი). პრიზების რაოდენობით მას მხოლოდ გილერმო ბაროს შელოტო უთანაბრდება, რომელიც "ბოკაში" აღარ თამაშობს. და ეს იმ დროს, როცა სებასტიანს სულ ახლახანს შეუსრულდა 30 წელი. შესანიშნავი ჩამშლელი, ნამდვილი ლიდერი მინდორზე.

ევროპაში ერთი სეზონი აქვს გატარებული "ვილიარეალში" (2004-05, 29 მატჩი).

11. სებასტიან ბლანკო (22 წლის, შემტევი ნახევარმცველი, ენგანჩე, ლანუსი)

ბლანკოს საფეხბურთო წრეებში უკვე დიდი ხანია იცნობენ, არადა სულ რაღაც 22 წლისაა. ის ერთ-ერთი იმ ვუნდერკინდთაგანია, რომელიც თავიდანვე არ გაიქცა ევროპაში, რითაც განვითარების შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღო და არგენტინული ფეხბურთისგან ყველაფერი საუკეთესო შეითვისა. თანაც ტიტულის გარეშეც არ დარჩენილა. 2007 წლის საჩემპიონო აპერტურაში ძირითადის ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ ცხრა ნათამაშები შეხვედრით, ორი გატანილი გოლითა და რამდენიმე შედეგიანი პასით თავისი წვლილი შეიტანა "ლანუსის" ტრიუმფში.

ახლა კი სებასტიანი თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია. გახსნილ გონებას ემატება დახვეწილი ტექნიკა და ბრწყინვალე პასის უნარი. მარადონას მიერ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შერჩეულ გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს, მაგრამ ბოლოს შვიდ ზედმეტს შორის მოხვდა. რა თქმა უნდა, ნაკრების შუა ხაზში უდიდესი კონკურენციაა და ერთის მხრივ, გასაკვირი არ არის ბლანკოს (ორი მატჩი ეროვნულ გუნდში) მთავარ გუნდში არყოფნა, მაგრამ მეორეს მხრივ, მისი ადგილი ვერონსა და მაქსი როდრიგესს ეკავათ, რომლებიც უკვე დიდი ხანი საკუთარი თავის აჩრდილები არიან.

10. მაქსიმილიანო მორალესი (23 წლის, ენგანჩე, ველეს სარსფილდი)

მინიატურული მორალესი (160 სმ) თავის დროზე ვერ დამკვიდრდა რუსეთში, მაგრამ არგენტინაში დაბრუნების შემდეგ ყველას დაანახა, რომ პრობლემა რუსეთში იყო და არა ფეხბურთელში. ახლა ის "ველეს სარსფილდის" შეტევების მამოძრავებელი ძალაა. ეს გუნდი წლინახევრის წინ იყო ჩემპიონი და ახლაც სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს პირველ ადგილზე.

მორალესმა პირველად 2007 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა - ჩემპიონიც გახდა და "ვერცხლის ბურთი" და "ბრინჯაოს ბუცი" მიიღო.

9. ნესტორ ანდრეს სილვერა (33 წლის, თავდამსხმელი, ინდეპენდიენტე)

არგენტინული აპერტურასა (2002) და მექსიკური კლაუსურას (2004) საუკეთესო ბომბარდირი სილვერა ნაკლებად ცნობილია ევროპაში, რადგან თავისი მრავალრიცხოვანი კოლეგებისგან განსხვავებით, "ბებერ კონტინენტზე" არასოდეს უთამაშია. ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად მდიდარ მექსიკაში შეიარა, კარიერის დანარჩენი ნაწილი კი არგენტინაში გაატარა და ამით უკმაყოფილო ვერ იქნება.

მას შეიძლება ეწოდოს არგენტინის ჩემპიონატში ბოლო ათწლეულის საუკეთესო "მსუბუქი" თავდამსხმელი. ტექნიკური, დახვეწილი, თამაშის აღქმის გასაოცარი უნარი. კარგად უხამებს ერთმანეთს პარტნიორებზე თამაშსა და გოლეადორობას. მის ანგარიშზეა ორი ჩემპიონობა - "ინდეპენდიენტესა" (2002) და "სან ლორენსოში" (2007).

8. ესტებან ფუერტესი (37 წლის, თავდამსხმელი, კოლონი)

თუ სილვერა ბოლო ათწლეულის საუკეთესო "მე-11 ნომერია", მაშინ ფუერტესი საუკეთესო "მეცხრე ნომრად" მოინათლებოდა, რომ არა მარტინ პალერმო. ასპროცენტიანი ბომბარდირი - მეტის თქმა საჭირო არ არის.

ფუერტესი უკვე 37 წლისაა და სწორედ მისი წყალობით"კოლონი" აღარ მიიჩნევა მოკრძალებულ კლუბად. ესტაბენის ევროპულ კარიერაში იყო ინგლისურ "დერბიში", ესპანურ "ტენერიფესა" და ფრანგულ "ლანსში" თამაში.

7. დიეგო ბუონანოტე (22 წლის, შემტევი ნახევარმცველი, თავდამსხმელი, რივერ პლეიტი)

160 სანტიმეტრი სიმაღლის ბუონანოტეს დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა და პირველივე მატჩში გოლი გაიტანა. World Soccer-მა არგენტინელი ვუნდერკინდი "50 ყველაზე პერსპექტიულ თინეიჯერებში" მოახვედრა, 2008 წელს კი პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

მაგრამ დიეგოს კარიერა 2009 წელს მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ შეწყდა. მან ვერ დაიმორჩილა მამის "პეჟო" და მართალია, თავად სასწაულებრივ გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ავარიას მისი სამ მეგობარი ემსხვერპლა.

მოედანზე წელს აპრილში დაბრუნდა და ჯერ ვერ აჩვენებს ჩვეულ დონეს, მაგრამ ძველი ფორმის დასაბრუნებლად დრო საკმარისზე მეტი აქვს, თანაც მისი ჩავარდნის მიზეზი უფრო ფსიქოლოგიურია.

6. დავიდ რამირესი (29 წლის, ენგანჩე, გოდოი კრუსი)

სულ ცოტა ხნის წინ მას არგენტინაში არავინ იცნობდა, ახლა კი 29 წლის ასაკში ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ენგანჩე გახდა. მასზე უკეთესი მხოლოდ რიკელმეა. ეს ფაქტი, აგრეთვე მისი მეტსახელი - "ჯადოქარი" რამირესის სრულ დახასიათებას გვაძლევს. დღევანდელი "გოდოი კრუსი" - ჩემპიონატის ყველაზე ნათელი გუნდია, რამირესი კი მისი სიმბოლო.

5. ფაბიან რინაუდო (23 წლის, საყრდენი ნახევარმცველი, ხიმნასია)

სულ ორი წლის წინ ჰქონდა დებიუტი ფეხბურთში, მაგრამ უკვე იქცა "ხიმნასიას" უპირობო ლიდერად. საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც ინტელექტის მხრივ მსოფლიოში ბევრი ვერ შეედრება. იშვიათად იღებს არასწორ გადაწყვეტილებას და მასზეა აწყობილი თამაში როგორც ჩაშლისას, ასევე შეტევების ორგანიზებისას. ბრწყინვალედ კითხულობს თამაშს, აქვს გასაოცარი ტექნიკა და ასრულებს უზუსტეს გრძელ და მოკლე პასებს. ის ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე იმაში, რომ "ხიმნასია" ბოლოსწინა ადგილზეა.

4. როდრიგო ბრანია (31 წლის, საყრდენი ნახევარმცველი, ესტუდიანტესი)

მიუხედავად იმისა, რომ "ესტუდიანტესის" რიგებში თამაშობს ხუან სებასტიან ვერონი, ლაპლატური კლუბის ნამდვილი ლიდერი როდრიგო ბრანიაა.

ძალიან ენერგიული საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც ყველგან ასწრებს ყოფნას, ბევრს მუშაობს დაცვაშიც და შეტევაშიც, არც შრომისმოყვარეობა დაეწუნება და არც თამაშის აღქმის უნარი, მაგრამ ტექნიკა უხვად არ აქვს დამადლებული. ჩემპიონატში მასზე ბევრად ტექნიკური მოთამაშეები არიან, პასიც უკეთესი აქვთ და დარტყმაც, მაგრამ როდრიგოს ყველა ეს თვისება იმდენად ზომიერად აქვს განვითარებული, რომ არც გარღევებზე წასვლა ეშინია და არც პარტნიორების ზუსტი პასების მომარაგება.

3. ლუკას მარეკე (27 წლის, მარცხენა მცველი, ინდეპენდიენტე)

ბევრს ეს ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველად მიაჩნია. მარეკე ნამდვილი მისაბაძი მაგალითია. ბრწყინვალე ტექნიკა, სისწრაფე, დარტყმა, პასი და რაც მთავარია, ამ თვისებების ბალანსი. თავისუფლად შეუძლია მარცხენა ნახევარმცველად თამაში და შეიძლება გამთამაშებლის ფუნქციაც კი იკისროს. ერთადერთის ნაკლი ისაა, რომ გვიან გაიხსნა. არ უნდა ვიმსჯელოთ მასზე "პორტუში" ჩავარდნით (2007-08, 4 მატჩი) - მაშინ ის ნამდვილი მარეკე არ იყო.

ისმის კითხვა - რატომ ვერ ვხედავთ ამ ფეხბურთელს ნაკრებში? ეს კითხვა ნაკრების მწვრთნელების მისამართითაა. არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე მწვრთნელი არ დააყენებს ჰაინცეს მარეკეზე წინ. მაგრამ, როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "რეალში" ნათამაშები ფეხბურთელის პიარი თავის საქმეს შვება.

2. მარტინ პალერმო (37 წლის, თავდამსხმელი, ბოკა ხუნიორსი)

არგენტინული ფეხბურთის ერთი ეპოქის დასასრული. ადამიანი, რომელმაც სამხრეთ ამერიკაში ყველაფერი დაიპყრო. დიახ, იყო არც ისე წარმატებული პერიოდი ევროპაში (2001–2003 - "ვილიარეალი", 70 მატჩი, 18 გოლი; 2003–2004 - "ბეტისი", 13 მატჩი, 1 გოლი; 2004 - "ალავესი", - 14 მატჩი, 3 გოლი), სამი გაფუჭებული პენალტი ერთ მატჩში, მაგრამ ეს არაფერია გუნდურ და პირად მიღწევებთან შედარებით (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). საბერძნეთის ნაკრების კარში გოლის გატანით ბოლო ოცნება აისრულა - მუნდიალზე გამოიჩინა თავი.

1. ხუან რომან რიკელმე (32 წლის, ენგანჩე, ბოკა ხუნიორსი)

არ შეიძლება იმის თქმა, რომ რიკელმეს კარიერა არ შედგა. შესაძლოა, მისი ნიჭის გათვალისწინებით, ტიტულები და აღიარება უფრო მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე მაინც უნდა ვთქვათ - ის არის არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. მან არამარტო მოიგო სამჯერ კოპა ლიბერტადორესი, არამედ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მათ მოპოვებაში. აგრეთვე მის კოლექციაშია არგენტინის ჩემპიონატის ოთხი ტიტული, საკონტინენტთაშორისო თასი, პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალი, იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

შეიძლება ისიც თქვან, რომ რიკელმეს ევროპული და სანაკრებო კარიერა არ შედგა. მაგრამ ვინ იყო მოკრძალებული "ვილიარეალის" ლიდერი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გააღწია?! ვინ იყო 2006 წელს არგენტინის ნაკრების ლიდერი? რა ანგარიშით უგებდა არგენტინა გერმანიას იქამდე, სანამ რიკელმე მოედანზე იყო და სანამ პეკერმანი მას შეცვლიდა? ვინ იყო პეკინის ოლიმპიადაზე ნაკრების კაპიტანი?

მოკლედ, რომანი - უბრალოდ ლეგენდაა. არა მხოლოდ არგენტინული, არამედ მსოფლიო ფეხბურთის.

საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია