გია ნაცვლიშვილი: ”კარგია, თუ მხარი რუსებმაც დაგვიჭირეს. დიდი მადლობა 26-ივე ქვეყანას”

27 ნოემბერი ახალი ეტაპის საწყისად შევა ქართული სპორტის ისტორიაში - ამ დღეს ბელგრადში გამართულმა ევროპის ქვეყნების ოლიმპიურ კომიტეტთა გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება თბილისს მიანდო. ჩვენმა დედაქალაქმა ხუთი ხმით აჯობა ერთადერთ კონკურენტს, ჩეხურ ბრნოს, რომელსაც ზედიზედ მესამედ მოეცარა ხელი. ჩვენთვის ეს პირველი ცდა იყო და დებიუტი წარმატებულიც გამოდგა. ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგიური ღონისძიება პირველად გაიმართება, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონმა კი მხოლოდ ერთხელ უმასპინძლა - 2007 წელს იმავე ბელგრადმა, 2011-ში კი მეზობელი ტრაბზონი უმასპინძლებს.

ფარული კენჭისყრის შემდეგ ასეთი შედეგები დაფიქსირდა - 26 ხმა თბილისს, 21 - ბრნოს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ოლმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი 30 ხმას ვარაუდობდა. ჩვენი დელეგაციის წარმატება დიდად განაპირობა სწორად და, რაც მთავარია, აქტიურად წარმართულმა საარჩევნო კამპანიამ, აგრეთვე - ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ჩართვამ. ასამბლეას არა მხოლოდ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა, არამედ ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნები. მათ ადრევე გასცეს ფესტივალის ღირსეულად ჩატარების გარანტიები სახელმწიფო დონეზე, თუმცა უშუალოდ ადგილზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება საპრეზენტაციო ფილმმა მოახდინა.

წილისყრა ფარულად ჩატარდა და ძნელია იმაზე ლაპარაკი, ვინ მოგვცა ხმა და ვინ - არა, მაგრამ რუსებმა კოჭი გაგვიგორეს და თბილისისადმი მხარდაჭერა წინა დღეებშივე დაადასტურეს. თუმცა ახლა მთავარი ისაა, რომ რამდენიმეთვიანი მოლოდინი დამთავრდა, ყველა ეჭვს ბოლო მოეღო და 2015 წელს ფესტივალს ჩვენ ვუმასპინძლებთ. არადა, სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ევროპა მხარს დაგვიჭერდა, მაგრამ თუ მოვინდომებთ, თურმე ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ეს წარმატება ძნელი წარმოსადგენი იყო იმის მიუხედავად, რომ ბრნოსთან შედარებით, თითქოს უფრო მყარი არგუმენტები გვქონდა - ჩეხეთი გაისად ზამთრის ანალოგიურ ფესტივალს მასპინძლობს ლიბერეცში და ძნელი დასაჯერებელი იყო, დროის ასე მოკლე მონაკვეთში კიდევ მიეცათ მსგავსი ღონისძიება. ამასთან, ქართულმა მხარემ მონაწილეებს ბევრად შეღავათიანი პირობები შესთავაზა - უფასოდ ცხოვრება ფესტივალის განმავლობაში და ფასდაკლებები ბილეთებზე.

პოლიტიკური ფაქტორიც ძალზე მნიშვნელოვანია. ნაცვლიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბარშიც ბრძანა და რეალურადაც ასეა, რომ ეს ევროპის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რაც საქართველოს ახალ პერსპექტივებს უქადის. ნაცვლიშვილის მცირე ინტერვიუს ქვემოთ იხილავთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ სადღეისოდ ეს ღონისძიება თბილისს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე - ბრნოს. იქნებ იქ ჩასვლა უფრო მოსახერხებელია ევროპელებისთვის და იქნებ სპორტული ბაზების მხრივაც ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. ცხადია, ჩეხეთიც იმსახურებს პატივისცემას, როგორც დასავლური სამყაროს, დემოკრატიული საზოგადოების ღირსეული წევრი, როგორც ვაცლავ ჰაველის სამშობლო, მაგრამ საქართველოს შეუძლია, რაღაც ახალი, მისთვის უცხო შესთავაზოს ევროპას. ესაა დასავლური და აღმოსავლური კულტურის ნაზავი. ამასთან, მოხერხებული გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ჩვენ ქვეყანას შეუძლია, იყოს სამშვიდობო ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ამ გლობალური საკითხების გარდა, ალბათ, უსამართლობა იქნებოდა, ევროპას კიდევ ერთხელ ეთქვა უარი დასავლური სამყაროსკენ ჩვენს სწრაფვაზე, ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილზე...

საქართველო მერამდენე საუკუნეა, მიილტვის ევროპისკენ, მაგრამ მიზეზთა გამო, აქამდე ეს ვერ მოახერხა. ეტყობა, ევროპა თანდათან იცვლის პოზიციას, რაც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. მოვლენებს დავასწრებთ და ისევ ნაცვლიშვილს დავესესხებით, მას აუცილებლად მოჰყვება ანალოგიური გარღვევები ცხოვრების სხვა სფეროებში, რაც ევროკავშირში თუ სხვა ევროსტრუქტურებში შესვლით დამთავრდებაო.

ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობა იქნება: მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი, მხატვრული ტანვარჯიში, ხელბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ძიუდო და საგზატკეცილო ველოსპორტი. ფესტივალის მასპინძლობა იმიტომაცაა კარგი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და აშენდება თანამედროვე ყაიდის ბაზები, თორემ ამ მხრივ ქვეყანაში არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა.

დასასრულს შეპირებული ინტერვიუ სეოკ-ის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილთან:

- ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა, თუმცა არა მხოლოდ სპორტული. ეს საწინდარია მომავალი წარმატებებისა. როცა შარშან ევროპის პირველობა ჩავატარეთ, მაშინაც ვამბობდი, ეს მომავალი დიდი მიღწევების წინაპირობა იქნება-მეთქი და იგივეს გავიმეორებ ახლაც. ეს ძალიან ბევრი რაღაცისკენ გაგვიხსნის გზას. უკვე არსებობს კონკრეტული გეგმებიც, მაგრამ ჯერ ამაზე არ მინდა ლაპარაკი. შეიძლება, ხვალ და ზეგ ამგვარ ღონისძიებაზე ვერ წამოვაყენოთ კანდიდატურა, მაგრამ ნებისმიერ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატის დარი დიდი ტურნირის მასპინძლობა რომ მოვინდომოთ, კითხვის ნიშნები უკვე მოხსნილია. არ გაჩნდება კითხვა იმის თაობაზე, შევძლებთ თუ არა ორგანიზებას, უსაფრთხოების დაცვას, სატრანსპორტო საკითხის თუ სხვა პრობლემების მოგვარებას. ამაზე ლაპარაკი უკვე დამთავრდა სტატუსით, რაც ამ გადაწყვეტილებით ევროპამ მოგვანიჭა. აქედან გამომდინარე, ეს არაა მხოლოდ სპორტული გამარჯვება.

დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში მსგავსი გარღვევა ცხოვრების სხვა სფეროებშიც მოხდება. მისასალმებელია, რომ ეს პირველად სპორტმა გააკეთა - რეალურადაც რომ შევაფასოთ ვითარება, ყველაზე დიდი საერთაშორისო წარმატება ამ სფეროში გვაქვს. ამდენად, ლოგიკურია, სპორტი რომ პირველი გახდა, მაგრამ ხვალ სხვა იქნება და ასე თანდათან შევალთ ჩვენთვის საინტერესო გაერთიანებებში - ევროკავშირში თუ სხვა ევროპულ სტრუქტურებში. ეს მხოლოდ დასაწყისია და ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს. უპირველესად, იმ ვეტერანებს, რომლებმაც შექმნეს ამ წარმატების წინაპირობა და ქართული სპორტის ისტორია.

- როგორი იყო პირველადი გამოხმაურება?

- დადებითი, რადგან პირველი შემთხვევა იყო, როცა კანდიდატმა პირველივე ცდაზე მიაღწია საწადელს. იგივე ბრნო აქამდე ორჯერ დამარცხდა. თანაც ჩეხეთია, ევროკავშირის წევრი, ევროპის ცენტრია. ხუთხმიანი უპირატესობა ცოტა არაა. მეგობრების ემოციაც გასაგები იყო. დიდი როლი ითამაშა პრეზენტაციამაც. ამბობდნენ, ასეთი რამე დიდ ოლიმპიადებზეც არ გაუკეთებიათო. მათი შეფასებაა ისიც, რომ ეს იყო ახალი სიტყვა პრეზენტაციებში. შეიძლება ითქვას, ევროპას ახალი მიჯნა დავუწესეთ, რომლის ქვევითაც არ უნდა ჩამოვიდნენ.

¬- დაახლოებით ამდენ ხმას კი ელოდებოდით, მაგრამ მაინც, ღალატიც ხომ არ ყოფილა შეპირებული დელეგაციებისგან?

- დახურული წილისყრის პირობებში, ამის თქმა ძნელია. მოლაპარაკებებზე კი აღწევ შეთანხებას, მაგრამ ყველას თავისი ინტერესები აქვს - რეგიონალური თუ სხვა. ესეც ერთგვარი პოლიტიკაა, სადაც ყველაფერი უნდა აწონო, ფრთხილად იმოქმედო და სწორად იარო. ბევრი ნიუანსი უნდა გათვალო, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით.

- რუსეთის დედლეგაციამ წინა დღეს საჯაროდ გამოგვიცხადა ნდობა. მათთან პირადი საუბრები თუ გქონდათ, საინტერესოა, მართლა დაგვიჭირეს მხარი თუ ეს მხოლოდ ჟესტი იყო?

- ძალიან კარგი, მხარი თუ დაგვიჭირეს. საიდან გავიგებდი, მათ რა არჩევანი გააკეთეს. დიდი მადლობა 26-ივე ქვეყანას, ვინც მხარი დაგვიჭირა...

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...