შარშან, წლის მიწურულს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ხელბურთის ეროვნული ფედერაცია წლის საუკეთესო ფედერაციად მიიჩნია. საამისოდ სათანადო საბაბიც ჰქონდა: 2013-ში ქართულმა ხელბურთმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. გვესაუბრება ამ ორგანიზაციის თავკაცი ზურაბ კაკაბაძე, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტად 2012 წლის მიწურულს აირჩიეს.

- ხელბურთის ფედერაციამ შარშან მთავარი ყურადღება ეროვნულ ჩემპიონატსა და ასაკობრივ პირველობებზე გადაიტანა და ამას, ცხადია, თავისი გამართლება ჰქონდა: ნაკრები გუნდების დაკომპლექტება და ქართული ხელბურთის წინსვლა სწორედ ამ შეჯიბრებებზეა დამოკიდებული. უწინ ეროვნული ჩემპიონატებისთვის 5-6 გუნდის შეკრება თუ გვიჭირდა, შარშან ტურნირში 8 გუნდი ჩაება, მათ შორის - თბილისის სამი კლუბი, 1998-1999 წლებში დაბადებულ ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები, ასევე, თელავის, ქუთაისის, სამტრედიისა და ბათუმის გუნდები. თუმცა, ეს როდი ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე გვაქვს - უსახსრობა აწუხებთ თბილისის კლუბებს, ამიტომ რეგიონებში გამგზავრებას ვერ ახერხებენ და ტურებს უმთავრესად დედაქალაქში ვატარებთ, არადა, რეგიონებში, კერძოდ, თელავში, ქუთაისსა და სენაკში შეჯიბრებების გასამართავად შესანიშნავი პირობებია. ყოველივეს მიუხედავად, შარშან კლუბების ჩამოყალიბება და მათთვის იურიდიული სტატუსის განსაზღვრა მაინც დიდ გამარჯვებად მიგვაჩნია, რადგან კლუბების ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალგაზრდული გუნდებიც, ბევრი ნიჭიერი ხელბურთელი, რომელსაც აქტიური სპორტისთვის თავი ჰქონდა დანებებული, სარბიელს დაუბრუნდა. ერთი სიტყვით, საქართველოში ხელბურთი გამოცოცხლდა. ახლა მთავარია, გუნდებში ოსტატობა ავამაღლოთ, თამაშების ხარისხი გავაუმჯობესოთ, ინვენტარისა და ბაზების პრობლემა მოვაგვაროთ. დარბაზების უმეტესობა არ თბება, ამიტომ ზამთარში ეროვნულ ჩემპიონატისას დიდი პაუზა გამოგვდის, რაც არ არის სასურველი.

- თქვენი ფედერაცია შარშან ასაკობრივ პირველობებსაც დიდ ყურადღებას უთმობდა.

- ეს არ ყოფილა შემთხვევით. 2015 წელს თბილისი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომლის პროგრამაში ხელბურთიც შედის. გვინდა, რომ მეტოქეებს კონკურენტუნარიანი გუნდებით დავხვდეთ. ფესტივალში 1998-1999 წლებში დაბადებული ხელბურთელები იასპარეზებენ. ამიტომაც ამ ასაკში ბიჭების 18 და გოგონების 11 გუნდი ჩამოვაყალიბეთ. საკმაოდ გაიზარდა ჩვენი სახეობის გეოგრაფია. დღეს ასაკობრივ პირველობებში, დედაქალაქის გარდა, თელავის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, გორის, ქარელის, რუსთავის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის, სენაკისა და ბათუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რაც, უპირველესად, როგორც რეგიონული ფედერაციების, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამსახურებაა. ისინი საქართველოს პირველობებში მონაწილეობის გარდა, შიდა ტურნირებსაც აწყობენ. საქართველოში ხელბურთის ტრადიციების აღდგენა-განვითარებაში სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დიდად გვიწყობენ ხელს.

თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის გოგონათა ნაკრები გუნდის უკეთ მოსამზადებლად უკრაინელი სპეციალისტი მაია კარბუნარი მოვიწვიეთ. მას ელისო ჟურულიშვილი ეხმარება. ნაკრებმა შარშან რამდენიმე საწვრთნელი შეკრება და ამხანაგური შეხვედრა მოაწყო აზერბაიჯანში, წლის მიწურულს კიევის საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზა. როგორც გითხარით, საქართველოს პირველობაში ამ ასაკის 11 გუნდი მონაწილეობს. არადა, წინა წლებში ქალთა ხელბურთი საერთოდ დაკარგული გვქონდა.

1998-1999 წლებში დაბადებულ ვაჟთა საქართველოს ნაკრებს დიმიტრი აბესაძე და გიორგი ქობელაშვილი უდგანან სათავეში. ჩვენი ბიჭები, საწვრთნელი შეკრებების გარდა, მინსკის, ბაქოს, ქუთაისისა და უნგრეთის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობდნენ. მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სპეციალურად ჩავრთეთ ცალკე გუნდად საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ასაკში დიდი სხვაობის მიუხედავად, ჭაბუკთა ნაკრების წევრები უფროსებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. ვფიქრობ, თბილისის ფესტივალისთვის კარგი გუნდი გვეყოლება.

საქართველოს 18-წლამდელ ვაჟთა ნაკრებს ტიტე კალანდაძე ხელმძღვანელობს. ბიჭები საწვრთნელ შეკრებაზე გვყავდა მინსკში, სადაც თანატოლ ბელარუსებთან რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გამართეს. ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის თასზე გამართულ საერთაშორისო ტურნირში კი პირველი ადგილი დაიკავეს - სომხეთის, უკრაინის და რუსეთის გუნდები დაამარცხეს. ამის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება მაინც არ ეყოთ: ეს იყო მიზეზი, ევროპის პირველობის შესარჩევ ტურნირში სამივე მატჩი რომ წააგეს.

- ეროვნულ ნაკრებზე არაფერი გვითქვამს...

- რამდენიმე წელიწადია, მნიშვნელოვან ტურნირებში არ გვიასპარეზია. ამდენი ხნის პაუზის შემდეგ ფედერაციამ გადაწყვიტა, ეროვნული გუნდი 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაბმულიყო. საამისოდ ძალაც შეგვწევდა, რადგან რამდენიმე ჩვენი ხელბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს. ნაკრების უკეთ მოსამზადებლად ცნობილი სერბი სპეციალისტი ჯორჯე რაშიცი მოვიწვიეთ. მას ირაკლი კეკელიძე და ბექა ორჯონიკიძე ეხმარებიან. ამ ეტაპზე ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა - მსოფლიოს ჩემპიონატის სამი საშინაო შეხვედრა მოიგო. 1999 წლის შემდეგ ჩვენს ნაკრებს მსგავსი წარმატებისთვის არ მიუღწევია. თუმცა ეს არ არის საკმარისი - გულშემატკივართა იმედების გასამართლებლად ფინალური ეტაპის საგზურების მოპოვებაა აუცილებელი. სათანადო ხელშეწყობა თუ იქნება, მომავალში ჩვენი ხელბურთელები ამ ამოცანასაც წარმატებით გადაჭრიან.

- გადაწყდა, რომ 2017 წელს საქართველო 19-წლამდელ ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს...

- დიახ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელბურთის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციებთან ინტენსიური კონტაქტებითა და აქტიური მუშაობით მათი ნდობა დავიმსახურეთ. ამიტომაც შარშან ყატარში საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე ერთხმად გადაწყდა, რომ 2017 წელს 19-წლამდელები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში იასპარეზებენ. სატელიტ ქალაქებად ფოთი და რუსთავი მოიაზრება. ეს შეჯიბრება საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რადგან ოთხივე ქალაქში ახალი თანამედროვე სტანდარტების დარბაზები ჩადგება მწყობრში. თბილისში უკვე შენდება ერთი დარბაზი 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც 2017 წლის ჩემპიონატისთვისაც გამოვიყენებთ. მთავარი ის არის, რომ ის დარბაზები საქართველოში სპორტის სათამაშო სახეობების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

- მსაჯებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე რას გვეტყვით?

- შარშან ამ მხრივაც სოლიდური ნაბიჯები გადავდგით. სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის დახმარებით მწვრთნელთა და არბიტრთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარების ჩასატარებლად უცხოელი სპეციალისტები მოვიწვიეთ. თბილისში ჩამოვიდნენ პლაჟის ხელბურთის პოლონელი სპეციალისტი ანჯეი ჯაროვსკი, სერბი მილან პეტრონიჯევიჩი, ორჯერ გვეწვია ნორვეგიელი ბენტ დალი; სკოლის მასწავლებლებისთვის თბილისში, ყვარელსა და ქუთაისში სემინარები ჩაატარა ჩეხმა ფრანტიშეკ ტაბორსკიმ, რომელსაც 170-ზე მეტი სკოლის მასწავლებელი დაესწრო. მსაჯებისა და დელეგატებისთვის ლექციები გამართეს უნგრელებმა - საერთაშორისო ფედერაციის წესების კომისიის თავმჯდომარე იშტვან ანდორკამ და ევროპის ფედერაციის მეთოდკომისიის წევრმა პეტერ კოვაჩმა. პლაჟის ხელბურთთან დაკავშირებით გამოცდილება გაგვიზიარეს თურქმა ბურაკ ტექსანმა და პოლონელმა ჯოანა ბრემერმა. წლის მიწურულს სეოკ-ის თანადგგომით მწვრთნელების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ნორვეგიელი იგორ შეშტაკოვი მოვიწვიეთ. ღონისძიებებს ატიურად ვაშუქებდით ფედერაციის ვებგვერდისა და ფეისბუკის მეშვეობით, თან ყველა მატჩის რეპორტაჟი გადაიცემოდა, რაც ჩვენი სახეობის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს. ცხადია, ამ მიმართულებით 2014 წელსაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ამასთანავე, ივნისში ევროპის ფედერაციასთან ერთად ბათუმში პლაჟის ხელბურთში შავი ზღვის თასის გათამაშებას ვაპირებთ. აპრილში 20-წლამდელ ვაჟთა ნაკრები ესპანეთში ევროპის საკვალიციკაციო ტურნირში იასპარეზებს, შემოდგომაზე ვაჟთა ეროვნული გუნდი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაებმება. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ 2014 წინა წელთან შედარებით უფრო წარმატებული იყოს.

ვაჟა დანელია

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა, მაგრამ "კარპატების თასი" დაისაკუთრა
საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასი" გამარჯვებით გახსნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს