საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თავკაცმა თურქეთში გასამართ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თავკაცად მომავალი ოთხი წლით კვლვ არჩეულმა დიდოსტატმა გია გიორგაძემ გუშინ პრესკონფერენცია გამართა. ძირითადად 3 დეკემბრიდან გასამართ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს შეეხო. თურქეთში საასპარეზოდ საქართველოდან ოთხი დიდოსტატი - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი - გაემგზავრება პირად მწვრთნელებთან (ხვიჩა სუპატაშვილი, ზურაბ სტურუა, მერაბ გაგუნაშვილი, დავით არუთინიანი) ერთად. "ჩვენს მოჭადრაკეებს რეალური შანსი აქვთ, მაღალი ადგილებისთვის იბრძოლონ. განსაკუთრებით ჩიბურდანიძე და ძაგნიძე გვეიმედება, რომლებიც ბოლოდროინდელი შედეგებით გამოირჩევიან, თუმცა ლომინეიშვილსა და ხუხაშვილსაც მაღალი ამბიციები გააჩნიათ", - აღნიშნა გია გიორგაძემ.

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა თურქული ბატალიებით არ ამოიწურება, რადგან იქ ფიდეს გრანპრის გამარჯვებულნი ალექსანდრა კოსტენიუკთან და მსოფლიოს რეიტინგით უპირველესთან ერთად კვლავ მიუსხდებიან გვირგვინისთვის 64-უჯრიან დაფებს. იმ კვარტეტში მოხვედრა ორმაგად შეუძლია ძაგნიძეს, რომელიც ფიდეს გრანპრის პირველ გათამაშებაში ბოლო ეტაპის წინ მეორე ადგილზეა და გაისად ჩილეში მეორე ადგილიც ჰყოფნის საერთო წარმატებისთვის.

"ეს ორი შეჯიბრება ჩვენთვის პრესტიჟულიცაა და პრიორიტეტულიც. 19 წლის წინათ დაკარგული ტიტული უნდა დავიბრუნოთ. ბოლო სამი წელიწადია, ქართული ჭადრაკი აღმავლობის გზაზეა. ვგულისხმობ დრეზდენსა და ხანტ-მანსიისკში მოპოვებულ საჭადრაკო ოლიმპიადების ოქროს და ბრინჯაოს, ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენი ქალების მეორე ადგილს, კონტინენტის პირად პირველობებზე ბაადურ ჯობავას მეორე და მესამე ადგილებს, ახალგაზრდების ასაკობრივ პირველობებში მოხვეჭილ ჯილდოებს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ დაფნის გვირგვინს სულ სხვა ხიბლი აქვს. ნანა ძაგნინესთან ერთად წარმატებებით ყველა გაგვაოცა ბაადურ ჯობავამ. წლეულს მან ხანტი-მანსიისკში თვით მაგნუს კარლსენი დაამარცხა, რამდენიმე დღის წინათ კი ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე წლევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულს, მსოფლიოს ექსჩემპიონ რუსლან პონომარიოვსა და პაველ ელიანოვს სძლია. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ მოჭადრაკს შეუძლია, მოუგოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გაისად ძაგნიძე-ჯობავასთვის სამწვრთნელო შტაბი შევქმნათ, უცხოელი სპეციალისტებიც მოვიწვიოთ. ამას კი სათანადო დაფინანსება სჭირდება. სწორედ ამ სიტუაციის გათვალისწინებით, სპორტის სამინისტროში წარვადგინეთ ჭადრაკის განვითარების პროგრამა, სადაც ცალკე მუხლადაა გამოყოფილი მომავალ ბიუჯეტში ორივე დიდოსტატისთვის მხარდასაჭერი პროგრამა, რასაც, იმედია, გაითვალისწინებენ", - აღნიშნა ფედერაციის თავკაცმა.

პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ ქალთა ნაკრებს გაისად ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელის - ევროპისა (ბულგარეთი, ნოემბერი) და მსოფლიოს (თურქეთი, დეკემბერი) ჩემპიონატები, რომლისთვისაც მზადება, ფაქტობრივად, ეროვნული ჩემპიონატით დაიწყება. ეს შეჯიბრება კი გაისად 9 იანვარს აიღებს სტარტს, ნაადრევად მისი გამართვა იმითაა განპირობებული, რომ პრიზიორები ფედერაციამ ტურნირზე გასამგზავრებლად უნდა დააფინანსოს, საწვრთნელი შეკრებაც მოუწყოს, ცხადია, ვაჟებთან ერთად.

ქალთა ნაკრებში მოსახვედრად, მოგეხსენებათ, კონკურენცია საკმაოდ მაღალია. წლეულს კანდიდატთა რიცხვს შეემატა ნაზი პაიკიძეც, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა მოსკოვის ჩემპიონატში, რუსეთის უმაღლეს ლიგასა და სუპერფინალში. ფედერაციამ იგი 2011 წლის ეროვნულ ჩემპიონატზე მიიწვია და სამომავლო ურთიერთობებიც მაშინ გაირკვევა. არადა, მოგეხსენებათ, ქართველ დიდოსტატს რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია უპირებს გადაბირებას, რადგან ნაზის ორმაგი მოქალაქეობა აქვს - საქართველოსი და რუსეთისაც.

ფედერაციის პრეზიდენტი სკოლებში ჭადრაკის სწავლებასა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, 2011 წელს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამართვასაც შეეხო. "ისეთი საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულიცაა საკლუბო ჩემპიონატები რომ არ ტარდება. უკვე ვესაუბრე რეგიონების ხელმძღვანელებს, რამდენიმე წარმატებული კომპანიის მესვეურებს ამის თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ითანამშრომლებენ ჩვენს ფედერაციასთან, ჩამოვაყალიბებთ რამდენიმე კლუბს და ეროვნულ ჩემპიონატსაც გავმართავთ, რაც ჩვენი მოჭადრაკეების ოსტატობის ამაღლებასა და ქართული საჭადრაკო სკოლის წინსვლასაც შეუწყობს ხელს", - გვითხრა გია გიორგაძემ.

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის