გაისად, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის პირველობაზეც წონაში ერთი ქვეყნიდან ორი ფალავანი იჭიდავებს

ამ უქმეებზე კიევმა ევროპის ძიუდოს კავშირის ყოველწლიურ სავალდებულო კონგრესს უმასპინძლა, რომელმაც ტრადიციულად შეაჯამა ჩავლილი სეზონი, დაასახელა წლევანდელი ლაურეატები და მიიღო ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - გაისად, როგორც მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის პირველობაზეც წონაში ერთი ქვეყნიდან ორი ფალავანი იჭიდავებს.

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფედერაციამ უკვე მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და ახალი წესი (სინამდვილეში კი კარგად დავიწყებული ძველი) წლეულს ტოკიოში გამართულ უფროსთა თუ მაროკოულ აგადირში ჩატარებულ ახალგაზრდების პლანეტის პირველობაზე აამოქმედა კიდეც. საერთაშორისო ფედერაცია იგივეს რეგიონალურ ფედერაციებსაც სთხოვდა და ევროპულ კავშირთან წინასწარ შეთანხმებასაც მიაღწია, ახლა კი ოფიციალურად გაფორმდა. იმედია, ეს ჩვენს ფალავნებსაც წაადგებათ - პირველხარისხოვან შეჯიბრებებში მონაწილეობის შანსი უფრო მეტს ეძლევა, რაც, ალბათ, სათადარიგოთათვის დიდი სტიმული გახდება.

ბოლო წლების ჩავარდნისა და წარუმატებლობების მიუხედავად, ნაკრებში კონკურენცია მაინც იზრდება. ცხადია, ყველა წონაში ერთნაირად არა, მაგრამ მაინც იმატებს, ძირითადად ახალგაზრდული ნაკრების ხარჯზე. თუმცა არა მარტო! მაგალითად, ტრისტან ფეიქრიშვილს (60) ასაკობრივი გუნდებიდან საერთოდ არ ვიცნობდით, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ძალიან კარგად იჭიდავა და ბრინჯაოც მოიპოვა. შეიძლება 90-ში გამარჯვებულ ლაშა გურულის დასახელებაც. თუმცაც მან სპეციალისტებს ქვეყნის შარშანდელი პირველობიდან დაამახსოვრა თავი და მთლად უცნობი არ იყო. ამას ძიუდოს ფედერაციის სწორი სტრატეგიაც ემატება, რაც მართვის სწორ მეთოდებსა და ზუსტად განხორციელებულ საკადრო პოლიტიკაში (როგორც მწვრთნელებში, ასევე - სპორტსმენებში) გამოიხატება, ეს კი კონკურენციის გაზრდის და შედეგების ამაღლების წინაპირობაა. იმედია, ახალი წესის ამოქმედება პროგრესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

რეფორმას თვით ევროპული ძიუდოს მმართველნიც იმედის თვალით უყურებენ. ევროპული გაერთიანების პრეზიდენტ სერგეი სოლოვეიჩიკს მიაჩნია, რომ ეს გაზრდის კონკურენციას და ევროპელები ლონდონის ოლიმპიადაზე დიდ სიურპრიზს შესთავაზებენ იაპონელებს, კორეელებს და ბრაზილიელებს. ევროპას მათთან მართლაც ძალზე მწვავე კონკურენცია აქვს და სოლოვეიჩიკის სურვილი გასაგებია, მაგრამ რატომღაც დაავიწყდა, რომ ისინიც ორ-ორი კაცით გამოვლენ თავიანთ რეგიონულ თუ მსოფლიოს პირველობებზე და ლონდონამდე ისინიც მოუმატებენ შედეგებს.

ქართული ძიუდოს ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე, უფროსებში ლაურეატთა შორის ქართველების მოხვედრას არც ველოდით, მაგრამ ახალგაზრდებში ნამდვილად გვეიმედებოდა, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მომგებ ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) დაასახელებდნენ. წლეულს ახალგაზრდებში დუბლი მხოლოდ ჭრიკიშვილმა და რუსეთის ნაკრების დაღესტნელმა წევრმა მაგომედ მაგომედოვმა (90) შეასრულეს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ევროპული ძიუდოს მამებმა ეს წოდება შვედ მარკუს ნიმანს (90) მიანიჭეს, რითაც, ფაქტობრივად, მეორე მტკივნეული დარტყმა მოგვაყენეს. საქმე ისაა, რომ 20 წლის შვედს ეს ტიტული არა ახალგაზრდებში, არამედ უფროსებში მოპოვებული წარმატებისთვის უბოძეს - წლეულს ევროპის ჩემპიონი გახდა, ფინალში კი, როგორც მოგეხსენებათ, ვალერი ლიპარტელიანი დაგვიმარცხა. ეტყობა, მათზე შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ ასაკით ახალგაზრდამ ტოლი არ დაუდო უფროსებს და იმათთან პაექრობაში დაიმსახურა ჩემპიონობა. ასეა თუ ისე, ეს ერთადერთი შანსიც ხელიდან გავუშვით და წლეულსაც ლაურეატების გარეშე დავრჩით.

თუმცა ნომინაციებს უქართველებოდ მაინც არ ჩაუვლია, მაგრამ ვაგლახ, რომ მათ მედლები და აღიარება საქართველოს არ ეწერება აქტივში! უფროსი ასაკის ვაჟთა შორის ევროპის საუკეთესო ძიუდოისტად გაბერძნებული ქართველი, ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ილიას ილიადისი (90) დაასახელეს. ალალია მასზე - ვისაც მსოფლიოზე მისი გამოსვლა ახსოვს, ამაში ყველა დაგვეთანხმება.

როგორც ვხედავთ, ევროპამ ვაჟებში 90-კილოგრამში მოასპარეზენი გამოარჩია, ქალთა შორის კი უფროსებში საუკეთესოდ სახელოვანი ვეტერანი ფრანგი ლუსი დეკოსი (70) აღიარეს, ახალგაზრდებში - უნგრელი აბიგელ იოო (78). მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი დეკოსი თბილისელ მაყურებელსაც კარგად ახსოვს - შარშან ჩვენთან მოიგო კონტინენტის პირველობა, წლეულს კი მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. მადიარმა დიაცმა მიმდინარე სეზონში ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა - ჯერ უფროსებში, მერე - 23-წლიანებში ანუ მან არათუ გაიმეორა ნიმანის წარმატება, გადააჭარბა კიდეც მას.

წლის საუკეთესო ნაკრებად ჰოლანდიის ქალთა გუნდი დაასახელეს, რომელმაც მსოფლიოს გუნდური პირველობა მოიგო. ქალთა საუკეთესო მწვრთნელად რუმინელი ფლორინ ბერჩანი მიიჩნიეს, რომლის შეგირდმაც, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა დუმიტრუმ (48) წლეულს მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა. ვაჟთა მწვრთნელებს შორის ასეთივე აღიარება ამჯერად ფრანგთა დამრიგებელ ბენუა კამპარგის ერგო - მისმა გუნდმა ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი ირგუნა. წლის საუკეთესო ევროპულ შეჯიბრებად ვენაში გამართული კონტინენტის პირველობა მიიჩნიეს, საუკეთესო ფედერაციად კი ჩეხეთისა დასაახელეს, რომელმაც წლეულს ჩინებულად უმასპინძლა დიდ ტურნირებს სამივე ასაკში - მსოფლიოს თასს უფროსებში, ევროპის თასს ახალგაზრდებში და ევროპის პირველობას ჭაბუკებში. ვაჟებში საუკეთესო მსაჯად სლოვენიელი ფრენც ოჩკო აირჩიეს, ქალებში - ფრანგი კეტი მიუეტი.

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის