ფეხბურთი. ბელგიის ნაკრები

ბელგიური სანაკრებო ფეხბურთი დიდი ხანია ღრმა კრიზისში იმყოფება. თაობები იცვლებოდნენ, თუმცა ამ ქვეყნის ნაკრები აღარ სტუმრობდა დიდ საფეხბურთო ფორუმებს. მაგრამ ახლა ბელგიაში გამოჩნდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც შეიძლება ევროპულ ელიტაში დააბრუნოს "წითელი ეშმაკები". ამის პირველი სიმპტომი ნოემბრის შუა რიცხვებში გაჩნდა, როცა დიკ ადვოკაატის ამჟამინდელმა გუნდმა - რუსეთის ნაკრებმა ჰოლანდიელი სპეციალისტის ყოფილ გუნდთან შინ პირწმინდად წააგო - 0:2. დღეს გაგაცნობთ ბელგიური ფეხბურთის რვა ვუნდერკინდს, რომელთა სახელსაც უკავშირდება ეროვნული ნაკრების მომავალი წარმატება.

მუსა დემბელე

23 წლის, ფულჰემი, გარემარბი, თავდამსხმელი

სოლიდური აღნაგობის მუსა დემბელე მხოლოდ შეტევითი ფუნქციებით არ იფარგლება - უფრო მეტიც, ყველანაირად გაურბის ამ როლს. ვან გაალი, კუმანი და ადვოკაატი ხშირად იყენებდნენ მას "ალკმაარში" ცენტრალურ ნახევარმცველად, თუმცა ბუნებით, რა თქმა უნდა, თავდამსხმელია. პარტნიორებისთვის დახმარების გარდა, მუსას არანაკლებ სიამოვნებს გოლის გატანა. ამის დამადასტურებელია სტატისტიკა: 4+4 შარშანდელ სეზონში და 2+2 - წლევანდელში, რომელიც დემბელემ უკვე ინგლისის პრემიერლიგაში დაიწყო.

"მუსა ბრწყინვალედ მუშაობს ბურთთან. ის მხოლოდ 22 წლისაა და ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია. დემბელე კარგად მოერგებოდა ლონდონის "არსენალს", - აქებდა აპრილში ბელგიელს დიკ ადვოკაატი. ჰოლანდიელმა მაშინ ქალაქი გამოიცნო, მაგრამ კლუბი - ვერა. დემბელემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ფულჰემთან", რომელმაც ფეხბურთელისთვის 5 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ახალ კლუბში მეორე თამაშში მუსამ გოლი გაიტანა, მესამეში - საგოლე პასები მიაწოდა ზამორასა და ეტუჰუს. სექტემბერში "ფულჰემმა" რთული გამარჯვება მოიპოვა "ვულვერჰემპტონთან" (2:1) და ალბათ, მიხვდით, რომ დუბლი ბელგიელმა შეასრულა.

თუ კლუბში დემბელე უკან დახეული ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და სიღრმიდან ეხმარება ბობი ზამორას, ნაკრებში ის მარცხენა ფლანგზე მოქმედებს.

იელე ვოსენი

21 წლის, გენკი, თავდამხსმელი

ახალი ბელგიური სეზონის მთავარი აღმოჩენა. 19 გოლი და ექვსი საგოლე პასი ჩემპიონატისა და ევროპის ლიგის მატჩებში - ფანტასტიკური მაჩვენებელია. "ტვენტემ", "ევერტონმა" და "ასტონ ვილამ" უკვე გაამზადეს სუპერსნაიპერისთვის 5 მილიონი ევრო, მაგრამ "გენკის" პრეზიდენტი გარი ლემენსი ასე იოლად არ დათმობს ვოსენს.

იელეს სასწაულებრივი შედეგიანობის ხარჯზე მისი გუნდი ბელგიის ჩემპიონატის ლიდერი გახდა. ამასთან, აგვისტოში ვოსენმა "გენკთან" 2015 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

"შარლერუას" ყოფილი მცველის რუდი ვოსენის ვაჟმა შარშან მოკრძალებული სეზონი ჩაატარა "სერკლ ბრიუგეში". მაგრამ ზაფხულში არენდიდან გამოსვლის შემდეგ, ვოსენმა ყოველ მატჩში გოლის გატანა დაიწყო და რა თქმა უნდა, სათადარიგოთა სკამზე დასვა კლუბის წინა ტოპ-ბომბარდირი, ისრაელელი ელიანივ ბარდა.

ჟორჟ ლიკენსი იმდენად მოიხიბლა იელეთი, რომ მასზე ააწყო გუნდის ტაქტიკა: ნაკრების წინა სქემა (4-3-3) "გენკისაზე" (4-4-2) გადაიყვანა და ვოსენს დამხმარედ თანაგუნდელი მარვინ ოგუჯიმი დაუყენა. მეწყვილემაც არ დააღალატა - ოქტომბრის ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა.

ტობი ალდერვეირელდი

21 წლის, აიაქსი, ცენტრალური, მარჯვენა მცველი

რთულად წარმოსათქმელი გვარის მქონე მცველი "აიაქსში" მხოლოდ ცენტრში თამაშობს, ნაკრებში - მხოლოდ მარჯვნივ. "წითელი ეშმაკების" ძირითადში ტობი ამ შემოდგომაზე მოხვდა - დაცვის ფლანგზე ჟილ სვერტსი და ანტონი ვანდენ ბორე შეავიწროვა. ანტვერპენელი "აიაქსში" ტომას ვერმალენის წასვლის შემდეგ გაიხსნა. იმდენად გაიხსნა, რომ აპრილში კლუბის გულშემატკივრებისგან "წლის ტალანტის" პრიზი მიიღო. "სწორი არჩევანია, - დაადასტურა ფანების გადაწყვეტილება "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ იოლმა. - ტობიმ დიდი სამუშაო გასწია, რისი წყალობითაც მუდმივად პროგრესირებდა".

ალდერვეირელდი "აიაქსისა" და ბელგიური "ბეერსხოტის" თანამშრომლობის მეოთხე ნაყოფია (დე მულის, ვერმალენისა და ფერტონგენის შემდეგ). ტობი 15 წლიდან გახდა სახელგანთქმული ამსტერდამული აკადემიის წევრი. "აიაქსის" ძირითადში მარკო ვან ბასტენის დროს მოხვდა და უკვე ნახევარ წელიწადში რენე ვანდერეიკენისგან ბელგიის ნაკრებში მიწვევა მიიღო. სექტემბრის მატჩში თურქების წინააღმდეგ ტობის პასით დანიელ ვან ბუიტენმა გაიტანა - ბელგიელებმა გახსნეს ანგარიში, მაგრამ საბოლოოდ წააგეს - 2:3.

აქსელ ვიტცელი

21 წლის, სტანდარდი, შემტევი ნახევარმცველი

2008 წლის ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ოცნებობს, რაც შეიძლება მალე დაივიწყოს შარშანდელი სეზონი. დაახლოებით ერთი წლის წინ "ანდერლეხტის" ფანებმა ქვები დაუშინეს ვიტცელის სახლს, მანამდე კი ფეხბურთელის მშობლები დააშინეს. ბრიუსელელი გულშემატკივრების განრისხება აქსელის უხეშობამ გამოიწვია, რის გამოც კინაღამ ინვალიდად იქცა მარსინ ვასილევსკი. ვიტცელმა რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა, მაგრამ ვერ გამოსწორდა. მომდევნო თამაშში ისევ "ანდერლეხტის" წინააღმდეგ აქსელმა კვლავ იუხეშა და საავადმყოფოში გაუშვა უნგრელი როლანდ იუჰაში.

თამაშის ასეთი სტილის მიუხედავად, ლიეჟელი უკვე მეორე შესარჩევი ციკლია ნაკრების ნახევარდაცვაში წამყვანი მოთამაშეა. 4-1-2-2-1 სქემაში დიკ ადვოკაატი მას ერთ-ერთ წინწაწეულ შემტევ ნახევარმცველად მოაზრებდა. ჟორჟ ლიკენსი კი ახალგაზრდა ნახევარმცველის უნივერსალიზმს იყენებს და ხან ერთ, ხან მეორე ფლანგზე აყენებს. საერთოდ იუნიორთა გუნდში ვიტცელი საყრდენ ნახევარმცველად თამაშობდა, მაგრამ "სტანდარდში" მიშელ პრიუდომის ხელმძღვანელობით გარემარბი გახდა.

ედენ ჰაზარი

19 წლის, ლილი, შემტევი ნახევარმცველი, განაპირა თავდამსხმელი

საფრანგეთის ლიგის ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს სამშობლოში არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. "ლილის" სკაუტებმა ედენი ჯერ კიდევ ხუთი წლის გადაიბირეს. 16 წლის ასაკში ჰაზარს დებიუტი ჰქონდა "ლილში", 17 წლისას - ბელგიის ნაკრებში. ლიგის ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელის პრიზი ჰაზარმა ზინედინ ზიდანისგან მიიღო. ზიზუ უკვე დიდი ხანია ედენის ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი დამფასებელია: "არაჩვეულებრივად ტექნიკური და სწრაფია. ის დღეს იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ წარმოიდგინეთ რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ". "რეალში" ფლორენტინო პერესის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ, ზიდანი უფრო შორს წავიდა: "ჰაზარს დიდი მომავალი აქვს. მე მას "რეალში" უყოყმანოდ დავუძახებდი". თუმცა ჰაზარი საფრანგეთის დატოვებას არ ჩქარობს. ზამთარში მან 2014 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

ჟორჟ ლიკენსი ჰაზარს ნაკრებში შეტევის მარჯვენა ფლანგზე აყენებს, თუმცა ძირითადში ადგილს არც ისე ხშირად ანდობს. ავსტრიასთან ტრაგიკომიკურ მატჩში ედენი 81-ე წუთზე შევიდა მოედანზე და 90-ე წუთზე საგოლე პასი მიაწოდა ლომბერტსს. ბელგიელები 4:3 დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ წამებში გამარჯვება ხელიდან გაუშვეს.

P. S. ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ზამთარს "ლივერპულის" მთავარი სატრანსფერო მიზანი ედენ ჰაზარი იქნება.

კევინ დე ბრიუნე

19 წლის, გენკი, მარცხენა ნახევარმცველი

ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი ვარსკვლავი აგვისტოში პირველ გუნდში მიიწვიეს. 14 წლის ასაკში თავი გამოიჩინა "გენტის" იუნიორთა აკადემიაში და "ბრიუგესა" და "ანდერლეხტში" დაუძახეს, მაგრამ მიიჩნია, რომ თავისი პოტენციალის გამოვლენის მეტი შანსი "გენკში" ექნებოდა. კევინის სტიქია - სისწრაფეა. ის ტანდაბალია, ამიტომაც დრიბლინგითა და სიჩქარით გადის ფონს. ბელგიელ მეკარეებს მისი ჩაწოდებებისა და შორეული დარტყმების პანიკური შიში აქვთ. დე ბრიუნეს "სამუშაო" ფეხი მარჯვენაა, მაგრამ "გენკის" მთავარი მწვრთნელი ფრენკი ვერკოტერენი მას ჯიუტად მარცხენა ფლანგზე აყენებს.

კევინი ჭირვეული ხასიათით გამოირჩევა - თავის დროზე სკოლა მიატოვა, რათა მთლიანად ფეხბურთზე მოეხდინა კონცენტრაცია, "მეხელენთან" ფრეს შემდეგ კი პოლემიკაში შევიდა "გენკის" მთავარ მწვრთნელთან - განაცხადა, რომ ვერ იტანს მარცხენა ფლანგზე თამაშს. როცა დე ბრიუნე დეფურს შეადარეს, სერიოზულად გაბრაზდა - მე უფრო აგრესიული ვარ, ვიდრე სტივენიო. პორტალ IMScouting-ის მიერ შედგენილი შეტევითი ეფექტურობის რეიტინგის მიხედვით, დე ბრიუნე მესამე ადგილზეა ბელგიის ჩემპიონატში იელე ვოსენისა და ივან ლეკოს შემდეგ.

სტივენ დეფური

22 წლის, სტანდარდი, შემტევი ნახევარმცველი

ადრეულ ასაკში სტივენმა დაკარგა "აიაქსში" გადასვლის შანსი: ამსტერდამელებმა იპოვნეს ფეხბურთელის უფასოდ გადაბირების გზა, მაგრამ დეფურის კარიერაში პირველმა პროფესიულმა კლუბმა - "გენკმა" იურიდიული "ეშმაკობით" შეინარჩუნა ნახევარმცველი და მოგვიანებით ის 2.25 მილიონ ევროდ "სტანდარდს" მიჰყიდა.

სტივენი ლიეჟში უკვე ბელგიის ნაკრების მოთამაშის რანგში ჩავიდა. "სტანდარდში" მალე კაპიტანიც გახდა - ეს როლი ქუვეთში წასული სერჟიო კონსეისაოსგან მიიღო. დეფურთან ერთად ლიეჟური კლუბი ბელგიის ჩემპიონი გახდა, სტივენმა კი "ოქროს ბურთი" მიიღო - ბელგიის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე გახდა.

ერთი წლის წინ, დეფურმა ფეხი მოიტეხა "მეხელენთან" მატჩში. მაშინ მას ყველაზე ამაღელვებელი წერილი სერ ალექს ფერგიუსონმა მისწერა: "თანამედროვე მედიცინა სასწაულებს ახდენს - ამაში შეგიძლია დარწმუნებული იყო. მომავალშიც ვაპირებ თვალი მივადევნო შენს პროგრესს და მუდმივი კავშირი მექნება შენს კლუბთან".

რომელუ ლუკაკუ

17 წლის, ანდერლეხტი, თავდამსხმელი

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ დროს კარგი კონგოელი ფეხბურთელის როჟე ლუკაკუს ვაჟმა "ბრიუსელის" ბავშვთა გუნდში 68 შეხვედრაში 68 გოლი გაიტანა, "ანდერელეხტის" აკადემიაში კი საერთოდ მასხრად აიგდო მეტოქეები - 121 გოლი 88 მატჩში. თინეიჯერის ძირითად შემადგენლობაში გადაყვანამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა - გუნდმა დაიბრუნა ჩემპიონის ტიტული, ხოლო ლუკაკუმ დიდი სხვაობით მოიგო ბომბარდირთა დავა. 2009 წელს ევროპის ლიგაში "აიაქსს" გაუტანა გოლი, რითაც ევროთასების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა.

ასაკის მიუხედავად, ლუკაკუ უკვე დღეს ერთი თავით მაღლა დგას პარტნიორებზე. პროფესიული კონტრაქტი მან გასულ გაზაფხულზე გააფორმა, ერთი წლის შემდეგ კი ჟოზე მოურინიომ ის "რეალის" მომავალი შენაძენების სიაში შეიყვანა. მარტში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" 15 მილიონ ევროს იხდის ბიჭში, რომელიც სერია A-ში პიპო ინძაგის სადეიბუტო წელს დაიბადა. თავიანთი ინტერესი გამოხატეს სხვა გრანდებმაც - "ბარსელონამ", "ლივერპულმა", "ბაიერნმა"... "ანდერლეხტის" პრეზიდენტმა მოახლოებული საფრთხე იგრძნო და ვუნდერკინდთან 2015 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ლუკაკუს მამასაც უნდა, რომ რომელუ ბელგიაში მინიმუმ სკოლის დამთავრებამდე დარჩეს.

თებერვალში დიკ ადვოკაატმა 16 წლის ლუკაკუ ხორვატებთან მატჩისთვის ნაკრებში გამოიძახა - ეს არავის გაკვირვებია. "უფრო ხშირად იტანს, ვიდრე კარიუ, უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე დროგბა", - ასე დაახასიათა რომელუ ბელგიის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა. სწორედ რომელუმ გაუტანა ორი გოლი ადვოკაატის რუსეთს ვორონეჟში.

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება