მხოლოდ ბუნდოვანი პერსპექტივა და გადაპიარებული მაგათი

სეზონის წინ ფელიქს მაგათის „შალკედან“ გათავისუფლებას ვერავინ წარმოიდგენდა. არა, „დესპოტი ფელიქსი“ გელზენკირხენული კლუბიდან ჯერ არავის გაუგდია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ძალიან მალე მოხდეს ის, რასაც გელზენკირხენში უკანასკნელი ოპტიმისტები დღემდე უტოპიად მიიჩნევენ. წლეულს, ბუნდესლიგაში სამი ტური დარჩა ჩასატარებელი და სწორედ ეს სამი მატჩი გადაწყვეტს მაგათის მომავალს, რომელიც, მიუხედავად „შალკეს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლისა, ძალიან ბუნდოვანია. არის ერთი საკითხიც, რის გამოც „შალკეს“ შეფები დღემდე თავს იკავებენ იმის ხმამაღლა თქმაზე, რომ ფელიქს მაგათი ხელშეუხებელი აღარ არის – მწვრთნელის გაგდება გუნდს დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს.

იმის გამო, რომ მაგათი „შალკეში“ არა მარტო მწვრთნელი, არამედ დირექტორატის მდივანი და სპორტული დირექტორიცაა, მისი გათავისუფლება არც ისე იოლია, როგორც ეს ზოგადად სხვა გუნდებშია ხოლმე. სპორტულ მხარეზე ზრუნვის და მისი კონტროლის უფლება სამეთვალყურეო საბჭოსაც ფაქტობრივად ჩამორთმეული აქვს – „ვოლფსბურგის“ მაგალითით აღფრთოვანებულმა „შალკემ“ მაგათს თავის დროზე სრული ძალაუფლება მისცა და ვინ იცის, როგორ ნანობენ ამას „ხუმარების“ ბოსები დღეს. რეალურად, სამეთვალყურეო საბჭო ფინანსურ საკითხებზე ზრუნავს და დირექტორატს აკონტროლებს, სპორტულ მხარეში ჩარევის უფლება კი არ აქვს. მაგრამ რაკი სპორტული მხარე და ფინანსები ხშირად ერთმანეთიდან გამომდინარეობს, მაგათი ოთხშაბათს სამეთვალყურეო საბჭოში იყო დაბარებული და რამდენიმე არასასიამოვნო კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხდა. საქმე, რა თქმა უნდა, „კაიზერსლაუტერნთან“ სამარცხვინო წაგებას (0:5) და არა მარტო ამ წაგებას ეხებოდა.

მაგათთან ერთად, საბჭოს თავმდჯომარე კლემენს ტიონიესთან ფელიქსის კოლეგები, დირექტორატის წევრები ჰორსტ ჰელდტი და პეტერ პეტერსი იყვნენ დაბარებულები. შეხვედრა თავიდან სამშაბათს იყო დაგეგმილი, მაგრამ მაგათმა ოთხშაბათისთვის გადადო, რაც ტაქტიკური მანევრი გახლდათ – მას არ სურდა ტიონიესთან იმ დროს გამოცხადება, როცა მან დაიბარა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გელზენკირხენულ კლუბში მისი ძალაუფლება გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ მწვრთნელებს აქვთ ხოლმე. ოთხშაბათს კი, დაძაბული საუბარი მაინც შედგა, რომლის შემდეგაც ორივე მხარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ „შალკეს“ სამეთვალყურეო საბჭო ჯერ კიდევ ენდობა მაგათს, მაგრამ ფაქტია, რომ ფელიქსსა და ტიონიესს შორის ურთიერთობა აღარ არის ისეთი უპრობლემო და იდეალური, როგორიც თუნდაც ერთი წლის წინ იყო.

ცხადია, კრიზისული სხდომის მიზეზი მარტო „კაიზერსლაუტერნთან“ გამანადგურებელი ანგარიშით წაგება არ ყოფილა. ზოგადად, „შალკე“, რომელიც გასულ სეზონში გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ლოგიკურად, წელს უკვე ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლა, ბუნდესლიგაში ძალიან ცუდად ასპარეზობს და 14 ტურის შემდეგ, 13 ქულით მე-15 ადგილზეა. მართალია, „ხუმარებმა“ ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი კარგად გააკეთეს და მერვედფინალის საგზური ერთი ტურით ადრე გაინაღდეს, მაგრამ „შალკესთვის“ პრიორიტეტული მაინც ბუნდესლიგაა. კლუბის შეფებს არ მოსწონთ ისიც, რომ მაგათი ფეხბურთელებს ძალიან მკაცრად, მათი აზრით, ზედმეტად მკაცრად ექცევა. არადა, შეფებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ფელიქსი უმკაცრესი მწვრთნელია – მან სახელი სწორედ ამით გაითქვა. ხელმძღვანელებს არც ის მოეწონათ, რომ მაგათმა გუნდი სამშაბათს, მინუს სამ გრადუს ყინვაში ხელთათმანების, ქუდებისა და გრძელი სპორტული შარვლების გარეშე ავარჯიშა. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მაგათის რეჟიმი ზედმეტად მკაცრი და რაც მთავარია, მოძველებულია. არადა, ფელიქსმა ასეთი მიდგომითა და რეჟიმით ორი წლის წინ, შემადგენლობით, ისტორიითა და ტრადიციებით „შალკეზე“ გაცილებით სუსტი და ღარიბი კლუბი „ვოლფსბურგი“ გააჩემპიონა.

დისკუსიას იწვევს ფელიქსის მიერ განხორციელებული ტრანსფერებიც. მაგათმა ზაფხულში და მანამდეც ბევრი ახალი ფეხბურთელი შეიძინა, რომელთაგან უმეტესობა იმედებს ოდნავადაც ვერ ამართლებს. არადა, ბრმად უსმენდნენ და ენდობოდნენ, რადგან „ვოლფსბურგში“ მაგათის მიერ მიყვანილმა ყველა ფეხბურთელმა გაამართლა. „შალკე“ „ვოლსბურგი“ არ არის, „შალკეს“ სხვანაირი მიდგომა სჭირდებაო, როგორც იქნა, ხვდებიან, გელზენკირხენული კლუბის შეფები, მაგრამ უკვე გვიანია – ფელიქსის კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ის არა მარტო მწვრთნელია, არამედ სპორტული დირექტორისა და მენეჯერის ძალაუფლებაც აქვს, ვადა 2013 წლამდე აქვს და მისი ნაადრევი გაწყვეტა იმას გამოიწვევს, რომ ისედაც ვალებში ჩაფლულმა კლუბმა ფელიქსს ძალიან დიდხანს დიდი კომპენსაცია უნდა უხადოს. კომპენსაცია კი დაახლოებით იმდენივე იქნებოდა, რამდენიც „შალკემ“ უეფასგან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით გამოიმუშავა, უფრო სწორად, გამოიმუშავებს. მოკლედ, „შალკეს“ ფელიქსის გაგდება არ უღირს!

არ უღირს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ტიონიესი და „შალკეს“ სხვა შეფები კულუარებში უკვე დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ფელიქსის გათავისუფლება გამორიცხული ნამდვილად არ არის. და თუკი ჯერ ტიონიესი და კომპანია ამ საკითხზე მხოლოდ კულუარებში საუბრობენ, საკმარისია, „შალკემ“ პირველი წრის დარჩენილ სამ ტურშიც წარუმატებლად იასპარეზოს, რომ მაშინვე ხმამაღლა ალაპარაკდებიან.

შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
კლუბს ეს უკვე აცნობა - ადეიემის ცოლის გამო "დორტმუნდის" დატოვება სურს
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...