დრამატულ ფინალში თითქმის წაგებული მატჩის შემობრუნებით სერბებმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს

საჩოგბურთო სეზონის ბოლო ლაურეატი ბელგრადში გამოვლინდა. დევისის თასის დრამატული ფინალში სერბეთის ნაკრებმა ფრანგებს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია.

ფინალის გახსნა იანკო ტიპსარევიჩსა და გაელ მონფილსს მოუწიათ. სერბების კაპიტანს ბოგდან ობრადოვიჩს მეორე ნომერთან დაკავშირებით რთული არჩევანის გაკეთება მოუწია და საბოლოოდ ტიპსარევიჩი ამჯობინა ვიქტორ ტროიცკის, რომელიც სეზონის დასკვნით ნაწილში იანკოზე უკეთ გამოიყურებოდა. მაგრამ მასპინელთა მწვრთნელმა გაითვალისწინა ტიპსარევიჩის გამოცდილება და მისი გმირობა ნახევარფინალში და მონფილსის წინააღმდეგ სათამაშოდ შეუშვა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ტიპსარევიჩმა ზეწოლას ვერ გაუძლო და მთელი მატჩის ნერვიულობას ვერაფერი მოუხერხა. სერბმა თავიდანვე შეცდომების დაშვება დაიწყო - პირველი სეტის განმავლობაში 18 უნებლიე შეცდომა და მხოლოდ 3 "ვინერსი" დაუგროვდა. ასეთი სტატისტიკით წარმატებაზე ფიქრი ზედმეტი იყო - ერთადერთი, რაც იანკომ მოახერხა, სეტი "მშრალი" ანგარიშით არ წააგო - 1:6.

მეორე პარტიაში სერბმა შეძლო მომატება და იოლად იღებდა საკუთარ გეიმებს, მიღებაზე კი ორჯერ ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც მეტოქეებმა მინი-ბრეიკები გაცვალეს, ბოლოს კი ტიპსარევიჩი ბადესთან გასვლისას შეცდა და მონფილს ორი სეტბოლი მისცა, რომელიც ფრანგმა პირველივე ცდაზე ისევ მეტოქის შეცდომის ხარჯზე გამოიყენა.

სერბს საბოლოოდ მოუღო ბოლო მესამე სეტის პირველი გეიმის წაგებამ, რომელიც 11 წუთს გაგრძელდა. იანკომ ეს გეიმი ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომით დათმო. მასპინძელმა მობილიზება ვეღარ შეძლო და "მშრალი" ანგარიშით დათმო სეტი - 0:6. საფრანგეთმა ფინალში პირველი ქულა აიღო.

ბრძოლა არც მეორე მატჩში ყოფილა. სერბების ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს წაგების უფლება არ ჰქონდა და მან თავის ამოცანას ბრწყინვალედ გაართვა თავი. "ჯოკერს" საქმე იმანაც გაუადვილა, რომ ფრანგების კაპიტანმა გი ფორჟემ ამ მატჩზე არ დააყენა მიკაელ ლოდრა და ის წყვილთა მატჩისთვის შემოინახა, არადა, სულ ერთი თვის წინ ლოდრამ პარიზის მასტერსზე შეძლო ჯოკოვიჩის დამარცხება.

ნოვაკს ჟილ სიმონი დაუპირისპირდა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დათმო პოზიციები და რეიტინგში 42-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ფრანგმა ვერაფერი დაუპირისპირა მასპინძელთა ლიდერს. ჯოკოვიჩი მხოლოდ პირველი ორი სეტის იოლად მოგების შემდეგ მოდუნდა. მესამე სეტში 5:4-ზე ორი მატჩბოლი გაანიავა და მატჩზე ვერ ჩააწოდა, რითაც ოდნავ აანერვიულა საკუთარი მაყურებელი. მათდა საბედნიეროდ, მსოფლიოს მესამე ჩოგანი დროზე მოვიდა გონს და ტაი-ბრეიკის თამაში აღარ დასჭირვებია.

თუ პირველმა დღემ ნაკლებად გაამართლა მაყურებელთა იმედები, შაბათს მათ დევისის თასისთვის დამახასიათებელი ნამდვილი "თრილერი" იხილეს. წყვილთა თამაშმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა, მით უმეტეს, რომ 1981 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ფინალი მოიგო გუნდმა, რომელიც დუეტების მატჩში დამარცხდა.

მატჩის წინ რთული იყო რომელიმე წყვილისთვის უპირატესობის მინიჭება. სერბებს ნენად ჟიმონჟიჩი ჰყავდათ, ვინც წინა კვირას წყვილებში კანადელ დანიელ ნესტორთან ერთად წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, თუმცა ვიქტორ ტროიცკისთან შეთამაშება აკლდა. ამ მხრივ ფრანგებს ჰქონდათ უპირატესობა, რადგან ლოდრასა და არნო კლემანს გაცილებით ხშირად უთამაშიათ ერთად და 2007 წელს უიმბლდონიც კი აქვთ მოგებული.

მატჩის დებიუტი უკეთ მასპინძლებს გამოუვიდათ. ადრეული ბრეიკით დაწინაურდნენ, ბოლოში ერთი ბრეიკ-პოინტი მოიგერიეს და სეტი 6:3 მოიგეს. მეორე პარტიაში მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს და თამაში მხოლოდ სეტის ბოლოს გამწვავდა. ორივე გუნდს შეეძლო საქმე ტაი-ბრეიკამდე არ მიეყვანა - ჯერ ფრანგებმა გაუშვეს ხელიდან სეტბოლი, შემდეგ კი სერბებმა სეტზე ვერ ჩააწოდეს. დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც სერბების დუეტი უშეცდომოდ მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე - 7:3.

ორი სეტით დაწინაურებამ სერბები მოადუნა და მათ მესამე პარტია საკუთარი გეიმის წაგებით დაიწყეს. შემდეგ ამაოდ ცდილობდნენ დაკარგულის დაბრუნებას, განსაკუთრებით 32 წლის არნო კლემანის მოწოდებაზე, ორი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდათ, მაგრამ ფრანგები გადარჩნენ და მატჩში პირველი სეტი აიღეს - 6:4.

მეოთხე სეტში გადამწყვეტი მომენტი ისევ კლემანის მოწოდებაზე დადგა, რომელშიც სერბებმა ორი "ფარული" მატჩბოლი მიიღეს და ისევ გაუშვეს შანსი ხელიდან. ამის შემდეგ კი მეორედ მატჩში საკუთარი მოწოდება წააგო ტროიცკიმ - მოედანზე ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელმა. მისი შეცდომები მასპინძლებს სეტის წაგებად დაუჯდათ -5:7.

ფრანგებმა კარგად ისარგებლეს ფსიქოლოგიური უპირატესობით და თავიდანვე შეუტიეს, რამაც მათ ჟიმონჟიჩის მოწოდებაზე ბრეიკი მოუტანა. იმ მომენტისთვის ტროიცკი ძლივს იკავებდა ცრემლებს, ჟიმონჟიჩი კი მთელს ბოღმას ჩოგანზე ანთხევდა. რა თქმა უნდა, ბოლოს სერბებმა მაინც გაიბრძოლეს და ისევ კლემანის მოწოდებაზე მიიღეს ბრეიკ-პოინტები... და სტუმრები ისევ გადარჩნენ. მატჩზე ლოდრა აწვდიდა და მან 4.5-საათიანი მარათონში უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა თავის გუნდს.

საფრანგეთმა წყვილთა მატჩის მოგებით თითქოს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საბოლოო გამარჯვებისკენ, მაგრამ ეს არაფრის გარანტიას არ იძლეოდა. წინ იყო ჯოკოვიჩისა და მონფილსის შეხვედრა და ნოვაკის გამარჯვების შემთხვევაში ფრანგები არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ, რადგან ეჭვს იწვევდა მათი მეორე ნომრის - სიმონის სათამაშო ფორმა. თუმცა ვერც მასპინძლები დაიკვეხნიდნენ ტიპსარევიჩის მზადყოფნით... მოკლედ ვარიანტი მრავლად იყო, მაგრამ ჯერ ჯოკოვიჩს მონფილსი უნდა დაემარცხებინა. სერბმა ეს ძალიან იოლად გააკეთა და პარიზის მასტერსზე მარცხისთვის დამაჯერებელი რევანშიც აიღო.

პირველ ორ სეტში ნოვაკმა ორ-ორი ბრეიკი გააკეთა და ერთნაირი ანგარიშით - 6:2 გაიმარჯვა. მონფილსი მხოლოდ მესამე პარტიაში ჰგავდა საკუთარ თავს, მაგრამ მის ყოველ წარმატებას ჯოკოვიჩის პასუხი მოჰყვებოდა. ფრანგი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით და ორივეჯერ მასპინძელმა გაათანაბრა ანგარიში. ბოლოს კორტზე ისევ ჯოკოვიჩი გაბატონდა და 3:5-დან ზედიზედ სამი გეიმის აღებით სეტი და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ბოლო მატჩის წინ ორივე გუნდის კაპიტანმა შეცვლები განახორციელა. სერბების დამრიგებელმა ობრადოვიჩმა აღიარა თავისი შეცდომა და ტიპსარევიჩი ტროიცკით შეცვალა, ფორჟემ კი სიმონს ლოდრა ამჯობინა. ორივეს წინა დღეს ხუთსაათიანი მარათონის გადატანა მოუხდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ტროიცკის უფრო მეტი ძალა და მოტივაცია შერჩა. ვიქტორმა ბრწყინვალე თამაშით (58 "ვინერსი") გამოისყიდა წინა დღეს დაშვებული შეცდომები და თითქმის იმ ანგარიშით მოუგო მეტოქეს, რომლითაც ჯოკოვიჩმა მონფილსი დაამარცხა - 6:2, 6:2, 6:3.

სერბეთის ნაკრებს 2008 წელს ჰქონდა დებიუტი მსოფლიოს ჯგუფში და ორი წლის შემდეგ პირველი ტრიუმფი იზეიმა.

სერბეთი-საფრანგეთი 3:2

0:1 იანკო ტიპსარევიჩი-გაელ მონფილსი 1:6, 7:6(4), 6:0

1:1 ნოვაკ ჯოკოვიჩი-ჟილ სიმონი 6:3, 6:1, 7:5

1:2 ტროიცკი/ჟიმონჟიჩი-კლემანი/ლოდრა 6:3, 7:6(3), 4:6, 5:7, 4:6

2:2 ნოვაკ ჯოკოვიჩი-გაელ მონფილსი 6:2, 6:2, 6:4

3:2 ვიქტორ ტროიცკი-მიკაელ ლოდრა 6:2, 6:2, 6:3

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანმემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა