დღეს "ოლიმპისა" და "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირებამ წლის უკანასკნელი ტიტულის მფლობელი უნდა გამოავლინოს

დღევანდელი მატჩით საფეხბურთო 2010 წელს გავაცილებთ: უკვე ტრადიციად იქცა, რომ სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში საქართველოს სუპერთასი უნდა გათამაშდეს. საქართველოს ჩემპიონის "ოლიმპისა" და თასის მფლობელის "ვიტ ჯორჯიას" დაპირისპირებამ წლის უკანასკნელი ტიტულის მფლობელი გუნდი უნდა გამოავლინოს და ვინ იცის, იქნებ დღეს მაინც გამოიწვიოს ამ შეხვედრამ ქომაგთა მეტ-ნაკლები ინტერესი.

სამწუხაროდ, უკვე ჩვენც დავიღალეთ ერთი და იგივეს თქმით, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში (საფეხბურთოში თუ არასაფეხბურთოში) სუპერთასის მატჩი სეზონის დაწყებამდე ტარდება. ყველგან, გარდა საქართველოსი, - ზედიზედ მეხუთე წელიწადია, ამ პრესტიჟული ტიტულისათვის მართლაც "ორიგინალური" ვადებია შერჩეული; ანუ, ამ გათამაშებას ფაქტობრივად, "დეკემბრის სუპერთასიც" შეიძლება რომ დავარქვათ. თუმცა, ამას კიდევ არა უშავს: დრო იყო, მიზეზთა გამო, სუპერთასის მატჩი საერთოდ არ ტარდებოდა და ასე გრძელდებოდა 5 წლის განმავლობაში. ანუ, იქამდე ვიდრე 2005 წელს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა არ აღადგენდა. ხუთწლიანი პაუზის მერე "გაცოცხლებული" სუპერთასის იმ გათამაშებას, ბათუმმა რომ უმასპინძლა, საპრიზო ფონდი არ ჰქონია; სამაგიეროდ, მომდევნო წლიდან სხვადასხვა სპონსორი ("ფოლკსვაგენი", "ვითიბი ბანკი") ჰყავდა და სუპერთასის მატჩში მონაწილე ფეხბურთელებსაც დამატებითი მოტივაცია ჰქონდათ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს სუპერთასს პროფესიული ფეხბურთის ლიგა ატარებდა, მაგრამ 2010 წლის დამაგვირგვინებელ დღევანდელ მატჩს ამჯერად უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია "უპატრონებს" (ანუ, ისე როგორც სუპერთასის პირველ ოთხ გათამაშებას). სხვათა შორის, "ოლიმპისა" და "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს საპატიო ტიტულის მოპოვების გარდა დღეს დამატებითი სტიმულ-მოტივაციაც ექნებათ: როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა ლაშა დვალიშვილმა გვაცნობა, 2010 წლის სუპერთასს საპრიზო ფონდიც ექნება 20000 ლარის ოდენობით. ახლა კი წინა ცხრა გათამაშების ლაურეატები, ნომინანტები და რეკორდსმენები გავიხსენოთ.

ფაქტები, რეკორდები

საქართველოს სუპერთასი მეათედ თამაშდება და საინტერესოა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა მხოლოდ მეორედ უნდა უმასპინძლოს ამ შინაარსის შეხვედრას (პირველად კი ათი წლის წინათ, თანაც მართლაც "ორიგინალურ" დღეს იყო - 29 თებერვალს). ამის გარდა, თბილისში კიდევ ორჯერ ჩატარდა სუპერთასის მატჩი (2006 და 2008 წლებში მიხეილ მესხის სტადიონზე); დანარჩენი დაპირისპირებების გეოგრაფია კი ასეთია: სამჯერ ბათუმმა უმასპინძლა, თითო-თითოჯერ კი - ქუთაისმა, გორმა და რუსთავმა.

"ოლიმპი" მეორე ცდაზე შეეცდება ამ საპატიო პრიზის მოპოვებას, - სადებიუტო მატჩი კი რუსთაველებს, ალბათ, მწარედ გაახსენდებათ, როცა თბილისის "ამერთან" დიდი ანგარიშით (1:4) წააგეს.

აი, "ვიტ ჯორჯია" კი დღეს ტიტულის დაცვას შეეცდება - "ვეტერინარებმა" შარშან პირველსავე ცდაზე მოახერხეს სუპერთასის მოპოვება. ყველაზე მეტჯერ სუპერთასზე თბილისის "დინამო" მონაწილეობდა - შვიდჯერ, სხვა გუნდების მაჩვენებელი კი ასეთია: "ბათუმი" -3, "ამერი"-2, "ტორპედო", "ზესტაფონი", "სიონი", "ლოკომოტივი"-თითო-თითოჯერ. რაც შეეხება გამარჯვებულებს, "დინამოს" რეკორდს დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ დაემუქრება - 5 გამარჯვება, ორჯერ აქვს მოპოვებული სუპერთასი "ამერს", ხოლო თითო-თითოჯერ - "ბათუმსა" და "ვიტ ჯორჯიას". სუპერთასზე მწვრთნელებს შორის გუნდი ყველაზე მეტჯერ შოთა ჭეიშვილს ("ბათუმი") გაუყვანია-სამჯერ; ეს პატივი ორ-ორჯერ ერგოთ: დავით ყიფიანს ("დინამო", "ტორპედო"), კახა ცხადაძეს ("დინამო", "სიონი"), ნოდარ აკობიას ("დინამო", "ლოკომოტივი"), გიორგი ჩიხრაძეს ("ამერი"). თითო-თითოჯერ გაიყვანეს გუნდები სუპერთასზე: მურთაზ ხურცილავამ ("დინამო"), ოთარ კორღალიძემ ("დინამო"), ანატოლი პისკოვეცმა ("ოლიმპი"), რაინერ ცობელმა ("დინამო"), გია გეგუჩაძემ ("ზესტაფონი"), კახა კაჭარავამ ("დინამო") და გელა გომელაურმა ("ვიტ ჯორჯია"). მწვრთნელთა შორის საუკეთესო შედეგი გიორგი ჩიხრაძეს აქვს - "ამერთან" ერთად ორჯერ რომ აქვს სუპერთასი მოპოვებული. თითო-თითოჯერ გაუმარჯვიათ: დავით ყიფიანს, ნოდარ აკობიას, შოთა ჭეიშვილს, კახა ცხადაძეს, ოთარ კორღალიძეს, რაინერ ცობელსა და გელა გომელაურს.

წინა ცხრა გათამაშების განმავლობაში სუპერთასზე ათ ლეგიონერს უასპარეზია: ინომოვს (უზბეკეთი), რამონს (ბრაზილია), ევოჩეს, ჩასემს, ჯუისს (სამივე-კამერუნი), აკუასაგას, ოვონოს (ორივე-გაბონი), კრშკოს (სლოვაკეთი), სპასოევიჩს (ჩერნოგორია) და ედნილსონს (პორტუგალია).

არბიტრებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ლევან ფანიაშვილსა და ლაშა სილაგავას, რომლებმაც ორ-ორჯერ იმსაჯეს სუპერთასის მატჩი. დანარჩენ ხუთ შეხვედრაში სუპერთასის მატჩს უძღვებოდნენ: ელგუჯა სილაგავა, პაატა დოგრაშვლი, თამაზ ლაცაბიძე, კახა მესხი, დავით ხარიტონაშვილი და გიორგი კიკაჩეიშვილი. აქვე, რახან არბიტრების თემაზე ვსაუბრობთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ წინა ცხრა გათამაშებაში სუპერთასის მატჩში მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი გააძევეს: დავით სოლოღაშვილი ("ბათუმი"), სანდრო იაშვილი ("დინამო"), გიორგი ონიანი ("ლოკომოტივი"), სერგი ორბელაძე ("ოლიმპი").

ბომბარდირთა შორის გრიგოლ დოლიძე ლიდერობს - "ამერის" შემადგენლობაში ორჯერ იასპარეზა სუპერთასზე და ოთხი გოლიც გაიტანა. ამასთან, დოლიძე ერთადერთი ფეხბურთელია, სუპერთასზე "ჰეთ-თრიქი" რომ აქვს შესრულებული. არანაკლები მაჩვენებლით მოიწონებს თავს გივი დიდავა, ვისაც სუპერთასზე ხუთჯერ უთამაშია და ხუთივეჯერ გაუმარჯვია (სამჯერ - "დინამოს" შემადგენლობაში, ორჯერ - "ამერის"). სამჯერ აქვს მოპოვებული სუპერთასი გიორგი დავითნიძეს, ხოლო ყველაზე უიღბლოებად ივანე მახარაძე და მიხეილ მახვილაძე უნდა დავასახელოთ, - სუპერთასზე სამჯერ იასპარეზეს და სამივეჯერ დამარცხდნენ...

შარშანდლამდე სუპერთასის ყველა გათამაშება ძირითად დროში მთავრდებოდა; აი, 2009 წლის 17 დეკემბერს კი გამარჯვებული დამატებითმა დრომ გამოავლინა - როცა ყველანი პენალტების სერიის მოლოდინში ვიყავით, "ვეტერინართა" ფლანგურ შეტევას მეტოქის საჯარიმოში გადაცემა მოჰყვა, რის შედეგადაც ბურთი დინამოელთა ნახევარმცველს ნიკა ფირცხალავას მოხვდა და ამ ავტოგოლით "ვიტ ჯორჯიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.

დაბოლოს, დღევანდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებზეც; "ვიტ ჯორჯიას" შარშანდელი შემადგენლობიდან დღეს შესაძლოა, მხოლოდ ექვსი ვიხილოთ (დავით ხურცილავა, დავით ლომაია, გიგა ბეჭვაია, გიორგი ვასაძე, ირაკლი კლიმიაშვილი და ჯაბა ლიპარტია); სამაგიეროდ, გრიგოლ ბედიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, ლაშა ჯაფარიძე და ლუკა რაზმაძე ამჯერად "ოლიმპის" შემადგენლობაში შეეცდებიან სუპერთასზე ზედიზედ მეორე გამარჯვებას. ისე, რუსთაველთა გუნდშიც არაერთი ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში სუპერთასის მატჩში რომ უთამაშიათ: გრიგოლ ჭანტურია, რევაზ ქემოკლიძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ჭელიძე, დავით ბოლქვაძე. ამათგან ქემოკლიძე და ბოლქვაძე უნდა გამოვყოთ, რომლებთაც ორ-ორჯერ აქვთ სუპერთასი მოპოვებული.

IX გათამაშება

17.12. 2009. რუსთავი. ფოლადი. 3000 მაყურებელი

დინამო-ვიტ ჯორჯია 1:2 (დამატებით დროში)

0:1 გ. დათუნაიშვილი (10), 1:1 თომაშვილი (56), 1:2 ფირცხალავა (119, საკუთარ კარში).

დინამო: ლორია-შ. კაშია, გ. კაშია, თომაშვილი, კაკუბავა-ჯუისი (46. ხმალაძე), მამუჩაშვილი (110. ფირცხალავა), ნემსაძე (55. ვაწაძე), ედნილსონი, მერებაშვილი-აკირემი

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი-ხურცილავა, დ. ლომაია, ა. კვახაძე, ჯაფარიძე-ბეჭვაია, რაზმაძე (100. ვასაძე), გ. დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი-ლიპარტია (91. კახელიშვილი)-ვ. კვარაცხელია

მწვრთნელი: გელა გომელაური

გაფრთხილება: გ. კაშია (42), ჯუისი (43), ვაწაძე (69), ლიპარტია (77), კვარაცხელია (78), ლომაია (98).

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

ფოტო witgeorgia.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის