იუვეს ორი ახალწვეული, "მილანის" ახალი ლიდერი

გამომდინარე იქიდან, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშება 38 ტურისგან შედგება - ჩემპიონატი ეკვატორს XIX ტურის დასრულების შემდეგ უწევს. თუმცა, 2010 წელი XVII ტურით დასრულდა, ჩემპიონატი შესვენებაზე გავიდა და სეზონის პირველ ნახევარსაც იტალიაშიც სწორედ ახლა აჯამებენ. შემაჯამებელ მასალას ხვალისთვის წარმოგიდგენთ, დღეს კი იმ თერთმეტ ფეხბურთელს გაგაცნობთ, რომლებმაც სეზონის პირველ ეტაპზე საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს თავი. მაშ ასე, თქვენს წინაშეა 2010/2011 წლების სეზონის პირველი ეტაპის სიმბოლური ნაკრები:

კრისტიან აბიატი (მილანი)

17 ტურის შემდეგ "მილანს" მხოლოდ 13 გოლი აქვს გაშვებული, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ კრისტიან აბიატი თავის მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი აბიატის კარიერაში, თანაც, ის მშობლიური გუნდის, "მილანის" ღირსებას იცავს. კრისტიანი ყოველთვის გამოირჩეოდა შესაშური რეაქციით და ხშირად, ერთი შეხედვით აუღებელი ბურთები მოუგერიებია, მაგრამ ყოველთვის აკლდა სტაბილურობა. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპით თუ ვიმსჯელებთ, ეს უდიდესი ნაკლი გამოსწორებულია.

ალესანდრო ნესტა (მილანი)

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, რომელიც ასაკის მიუხედავად დღემდე უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად ითვლება. ნესტა ტრავმებმა გატანჯა, რის გამოც არაერთხელ იდგა კარიერის დასრულების პირას. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, გამოჯანმრთელდა და "მილანის" ძირითადი შემადგენლობის უცვლელი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში, რამდენიმე შეხვედრა მართლაც საოცრად ჩაატარა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.

ტიაგო სილვა (მილანი)

კიდევ ერთი "მილანელი", რაც პრინციპში არც არის გასაკვირი. "როსონერი" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, რაშიც უკანახაზელებს უდიდესი წვლილი მიუძღვით. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ლომბარდიულ გრანდს მხოლოდ 13 გოლი აქვს გაშვებული, რაშიც ტიაგო სილვამაც შეიტანა თავისი წვლილი. შესაძლოა, ბევრმა გაიკვირვოს ბრაზილიელის სიმბოლურში მოხვედრა, რადგან არაერთი ტური გამოტოვა ტრავმის გამო. საქმეც მაგაშია - "მილანმა" სწორედ იმ პაექრობებში გაუშვა გოლების აბსოლუტური უმეტესობა, რომლებიც სილვამ გამოტოვა.

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)

სიმბოლურ ნაკრებში სამი მცველი მოხვდა და ასეთ სქემაში ჯორჯო კიელინი იდეალურად ეწერება. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ჯორჯო მარცხენა მცველი იყო და შემდეგ შეიწია ცენტრში. ანუ, სამი მცველის პირობებში ის იდეალურად მოირგებდა ცენტრალური მარცხენა მცველის ფუნქციას. უკვე წლებია ეს ფეხბურთელი სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია. ლეონარდო ბონუჩი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ გამოუცდელობიდან გამომდინარე, ხშირად მოსდის შეცდომები. კიელინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არაერთხელ დააზღვია ახალგაზრდა მეწყვილე და ამასთან, უშუალო მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს.

მილოშ კრასიჩი (იუვენტუსი)

მილოშ კრასიჩის ტრანსფერს იტალიაში ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, რადგან სერბმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. სამაგიეროდ, "იუვეს" მთავარმა მწვრთნელმა გამოუცხადა სრული ნდობა და პირველივე ტურიდან ძირითად შემადგენლობაში დააყენა. სერბმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, არა მარტო კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი, არამედ გუნდის ლიდერად და საუკეთესო ფეხბურთელადაც იქცა. თავად განსაჯეთ, "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით ექვსჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ბუნებრივია, პირველი ეტაპის რჩეულ ფეხბურთელთა შორისაც გამოინახა მისთვის ადგილი.

მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი)

2011 წელს ქალაქი ნეაპოლი შესანიშნავ განწყობაზე შეხვდება, რადგან მათი სათაყვანებელი გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ვალტერ მაძარის ერთ მუშტად შეკრული გუნდი ჰყავს, რომელშიც ყველას თავისი ფუნქცია აკისრია, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა მაინც შესაძლებელია. პირველ რიგში, ეს ედისონ კავანიზე ითქმის, რომელსაც ქვემოთ დავუბრუნდებით, იქამდე კი მარეკ ჰამშიკზე ვთქვათ. სლოვაკმა შემტევმა უკვე 7 გოლის გატანა მოასწრო და იქიდან მხოლოდ ერთი იყო თერთმეტმეტრიანით. საგულისხმოა, რომ ჰამშიკი არ არის ფორვარდი, სიღრმიდან თამაშობს და მისი ასეთი შედეგიანობა მართლაც რომ დასაფასებელია.

ალბერტო აკვილანი (იუვენტუსი)

ალბერტო აკვილანი აშკარად თავის გუნდში მოხვდა - შესანიშნავად ჩაეწერა "იუვენტუსში" და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. ტურის სიმბოლურ ნაკრებში ოთხჯერ მოხვდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. თანაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კრასიჩის მსგავსად, ეს მისი სადებიუტო სეზონია ტურინული გრანდის შემადგენლობაში. თანაბრად ნაყოფიერია დაცვით და შეტევით ფაზაში. სტატისტიკური მონაცემებით, ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც მეტოქე გუნდების იერიში ყველაზე ბევრჯერ ჩაშალა. ამასთან, სახიფათო გახლდათ შეტევაში და ტრადიციული შორეული დარტყმების გარდა, ზუსტი გადაცემებითაც გამოიჩინა თავი.

ერნანესი (ლაციო)

"ლაციო" მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენაა. "ნაპოლისგან" უფრო ველოდით წარმატებულ ასპარეზობას, ვიდრე "ბიანკოჩელესტესგან", რადგან ბოლო პერიოდში ამ გუნდს აღმავლობის არაფერი ეტყობოდა. და აი, ყველასათვის მოულოდნელად, "ლაციო" ათამაშდა და თანაც როგორ. ექსპერტების აზრით, "ლაციალეს" წარმატების საიდუიმლო ნახევარდაცვის სიძლიერეშია, სადაც ახალწვეული ბრაზილიელი, ერნანესი ირჯება. ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი, რომელმაც 16 პაექრობაში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლის გატანა მოახერხა. უსაზღვრო ფანტაზიის მქონე ფეხბურთელია და როგორც ამბობენ, სწორედ ასეთი მოთამაშე აკლდა ბოლო წლებში რომაულ გუნდს.

სტეფანო მაური (ლაციო)

"ლაციოს" რომ ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს, იქიდანაც ჩანს, რომ სიმბოლურ ნაკრებში ამ რგოლის ორი ფეხბურთელი მოხვდა. სტეფანო მაურიმ ფანტასტიკურად ჩაატარა სეზონის პირველი ნახევარი, რაზეც მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება მეტყველებს. დიახ, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მაურიმ "სკუადრა აძურას" მაისურა მოირგო და თუ ასე გააგრძელა, ნაკრების ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელედაც იქცევა. ძალიან საიმედოდ ირჯება მოედნის ცენტრში და აკვილანის მსგავსად, თანაბრად ნაყოფიერია დაცვითი და შეტევითი ფუნქციების შესრულებისას. სამჯერ შეარხია მეტოქე გუნდის კარის ბადე, ამასთან, არაერთი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი)

სერია A ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის ზედგამოჭრილი ტურნირია - "იუვენტუსში" შესანიშნავი ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი, რის შემდეგაც კიდევ უკეთესად წარმოჩინდა "ინტერის" შემადგენლობაში. კატალონიაში წარუმატებელი მოგზაურობის შემდეგ კი "მილანის" ფეხბურთელი გახდა და უკვე შავ-წითელი მაისურით სჩადის სასწაულებს. "როსონერის" ძალიან დიდი ხანია, რაც სკუდეტო არ მოუგია და როგორც ადრიანო გალიანი აცხადებს, საამისოდ გუნდს სწორედ იბრაჰიმოვიჩი აკლდა. ზლატანი "მილანშია", გუნდი სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ითვლება - ამით ყველაფერია ნათქვამი.

ედისონ კავანი (ნაპოლი)

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "ნაპოლის" წარმატებებში ყველაზე დიდი წვლილი ურუგვაელ თავდამსხმელს, ედისონ კავანის მიუძღვის. მაშინაც კი, როდესაც ნეაპოლურ გუნდს თამაში არ მისდის, კავანის შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი და ერთი შედეგიანი დარტყმით გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანოს. ასე მოხდა ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის და სერია A ბოლო ტურის პაექრობებში. ევროარენაზე კავანიმ "სტიაუას" მოუჭრა გზა პლეიოფისკენ, ეროვნულ პირველობაზე კი "ლეჩე" დატოვა უქულოდ. ედისონს უკვე 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

ლაშა წიკლაური

სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია