ეროვნული ნაკრებისა და თურქული "კაისერისფორის" ქართველი მცველი საშობაო არდადეგებს სამშობლოში ატარებს
ჩვენი სხვა ლეგიონერების მსგავსად, ეროვნული ნაკრებისა და თურქული "კაისერისფორის" მცველი ალექსანდრე ამისულაშვილიც სამშობლოში ატარებს საშობაო არდადეგებს. ალეკომ "ბენდელას თასზეც" ითამაშა და სწორედ ამ ტურნირისას ვესაუბრეთ.

- სეზონის დაწყებამდე ვინმეს რომ ეთქვა, "კაისერისფორი" პირველ წრეს მეოთხე ადგილზე დაასრულებო, ძალიან კარგ შედეგად ჩავთვლიდი. ეს იმიტომ, რომ სეზონის წინ გუნდი მწვრთნელიან ფეხბურთელებიანად შეიცვალა და ყოველივე ამის შემდეგ კარგი შედეგის მისაღწევად დრო იყო საჭირო. ახლა კი, ვფიქრობ, რომ უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა. თუმცა ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ბოლო ხუთ-ექვს ტურში ლიდერები, სალაიეტა, კანგელე, მორისი და კიდევ სამი-ოთხი სხვა ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლდა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ნორმალური შედეგი ვაჩვენეთ.

- არადა, პირველ-მეორე ადგილებზეც იყავით. მხოლოდ ტრავმებმა დაგხიათ უკან თუ გუნდი გადაიღალა კიდეც?

- გადაღლა არაფერ შუაშია, გუნდი საკმაოდ კარგად არის მომზადებული. 17 ტურიდან 10 მატჩი თავდამსხმელის გარეშე ჩავატარეთ. ასეთ ვითარებაში რომ ხარ და რიკოშეტით ბურთს გაუშვებ, თავდამსხმელის გარეშე ძნელია თამაშის შემობრუნება. ამას გარდა, რამდენიმე შეხვედრაში მსაჯებმა ისეთი შეცდომები დაუშვეს, გაოცებული დავრჩი. არბიტრთა შეცდომების გამოც დავკარგეთ ქულები.

- პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდით, თან თურქეთში სადებიუტო სეზონი გაქვთ. საკუთარი თამაშით კმაყოფილი უნდა იყოთ.

- მე და ჩემი თანაგუნდელი, მარცხენა მცველი ჰასან ალი კალდირიმი მოვხვდით სიმბოლურში. სხვათა შორის, კალდირიმი გასულ სეზონშიც იყო "კაისერისფორში", მაგრამ თამაში არ უწევდა. შოთა არველაძე მას ენდო და ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოხვდა. ახლა კი ჩვენი გუნდის საიმედო მცველია. მარჯვენა მცველი სერდარ კეშმალიც შოთამ აათამაშა და 17 ნოემბერს ჰოლანდიასთან მატჩში დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში.

საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. ვფიქრობ, სტაბილურად და საიმედოდ ვითამაშე. ცენტრალური მცველი სწორედ ამით ფასობს. სადებიუტო სეზონი, უცხო გარემო, ენის პრობლემა... ამ ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო, ამ დონეზეც ვერ მეთამაშა. კარგია, პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში რომ მოვხვდი, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ და ამით არ დავკმაყოფილდები.

- მშვიდი და საიმედო თამაში, სწრაფი აზროვნება, თავით კარგი თამაში - ასე შეგაფასეს თურქმა ჟურნალისტებმა. თანაც 17 მატჩში ორი გოლი გაიტანეთ. ცენტრალური მცველისთვის კარგი შედეგია, მით უმეტეს, რომ გადამწყვეტი ბურთები შეაგდეთ.

- ორივე თამაში მოვიგეთ, როცა გოლები გავიტანე. "სივასფორთან" 4:1 კი ვიმარჯვეთ, მაგრამ ვაგებდით. ჯერ კეშიმალმა გაათანაბა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჩემი გოლით დავწინაურდით. "კაშიმფაშასთანაც" ვაგებდით, მარსელო სალაიეტამ წონასწორობა აღადგინა, მე კი ჩვენები დავაწინაურე. სხვათა შორის, ბოლო მატჩი "ბუქასფორთან" 2:0 მოვიგეთ. ამ თამაშში 0:0-ზე გავიტანე, მაგრამ არბიტრმა ასპროცენტიანი გოლი არ ჩათვალა. სხვა თამაშებშიც შემეძლო გატანა, მაგრამ... შევეცდები, მეორე წრეში მეტი გავიტანო.

- უკანა ხაზში თურქების გარემოცვაში გიწევთ თამაში. ენის ცოდნა, მით უმეტეს, მცველისთვის აუცილებელია. თურქული თუ ისწავლეთ?

- თურქული ჯერ კარგად არ ვიცი, თუმცა სამი-ოთხი თვის წინ საერთოდ არაფერი მესმოდა. ახლა აღარ მიჭირს და ენის პრობლემა მალე მთლიანად მოგვარდება.

- რუსეთის ჩემპიონატის შემდეგ თურქული სუპერლიგა როგორია?

- რუსეთის ჩემპიონატი თურქეთისაზე ცოტა უკეთესი დონისაა. რუსული კლუბები ევროტურნირებზე დამაჯერებლად თამაშობენ, თურქულმა გუნდებმა კი ბოლო წლების მსგავსად წლეულსაც მოიკოჭლეს. თურქულ ფეხბურთში დიდი ფულია, მაგრამ იმდენი ნამდვილად არ არის, რამდენიც რუსეთშია. გულშემატკივარი კი თურქეთში უფრო აქტიურია.

- თურქული გრანდები ჩემპიონატშიც ვერ მარჯვობენ. ცნობილი ტრიოდან სამეულში მხოლოდ "ფენერბაჰჩეა", თანაც მესამე ადგილზე. "ბეშიქთაში" მეხუთეზეა, "გალათასარაი" კი სულაც მეცხრეზე. ამას რით ახსნით?

- მთავარი მიზეზი არასტაბილურობაა. გრანდებმა ბევრი ქულა დაკარგეს. პირველი წრეში ყველაზე სტაბილურად და დამაჯერებლად "ტრაბზონსფორმა" ითამაშა და ცხრილს სათავეში სრულიად დამსახურებულად უდგას. შენოლ გიუნეშს სხვებზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს და კარგ ფეხბურთსაც ათამაშებს გუნდს.

- გასულ სეზონში "კაისერისფორი" მერვე ადგილზე გავიდა. თურქი ჟურნალისტებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ გუნდი ახლა უკეთესად და შედეგიანად თამაშობს. მაინც რა შეცვალა შოთა არველაძემ, რომელსაც მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო სეზონი აქვს?

- თანაგუნდელებმა მითხრეს, გასულ სეზონში უფრო სირბილზე, ორთაბრძოლასა და ფიზიკურ გამძლეობაზე იყო აქცენტი. გუნდი ძალისმიერ ფეხბურთს აჩვენებდა. შოთა კი სწრაფი და მოკლე პასით თამაშს, სწრაფ აზროვნებას ითხოვს. ფეხბურთელები უაზროდ არ იგერიებენ ბურთს და გამიზნულად აძლევენ პასს. ამას გარდა, შოთამ კლუბში ფეხბურთის მიმართ მიდგომაც შეცვალა. ახლა კონკრეტულად ამა თუ იმ პოზიციის გაძლიერებისთვის მიმდინარეობს საჭირო ფეხბურთელების მოძიება და შერჩევა. ვფიქრობ, სწორედ ეს არის შოთა არველაძისა და ჩვენი გუნდის წარმატების საიდუმლო.

- ზამთრის შესვენებისას, ალბათ, თქვენი გუნდიც გაძლიერდება.

- ერთი თავდამსხმელი უკვე დავიმატეთ, წარმოშობით ბოსნიელია და შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს. ალბათ სამ-ოთხ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ, თორემ ზოგ თანაგუნდელს ისეთი ტრავმა აქვს, შესაძლოა, ბოლო ტურებამდე ვერ შეძლონ თამაში.

სალაიეტამ ფეხის თითი მოიტეხა და იანვარში უკვე დაიწყებს ვარჯიშს, კანგელეს მუხლის მყესები გაუწყდა და სამი თვე ვერ დაგვეხმარება.

- რომელ ხაზში გინდათ გაძლიერება?

- თავდასხმასა და ნახევარდაცვაში. დაცვის ხაზით ყველა კმაყოფილია, ჩვენი მეკარე კი თურქეთში საუკეთესოა. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ 17 ტურში მხოლოდ 12 ბურთი გავუშვით. ჩვენზე ცოტა, 10 ბურთი მხოლოდ "ტრაბზონსფორმა" გაუშვა.

- თქვენს გუნდს გოგიტა გოგუას დამატებაც უნდოდა, ეს თავად მან გვითხრა.

- ეს უკვე წარსულია, გოგუა უკვე "ვოლგას" ფეხბურთელია და ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებ.

- სხვა რომელიმე ქართველის დამატებას ხომ არ გეგმავთ?

- ჯერჯერობით მსგავსი არაფერი მსმენია და ვნახოთ.

- თურქულ ვებგვერდებზე დაიწერა, არველაძეს ფათიჰ თეკეს დამატება უნდაო.

- მეც გავიგე, სატრანსფერო პერიოდი დაწყებულია და ვნახოთ.

- როდის იკრიბებით და რა მიზნისთვის იბრძოლებს "კაისერისფორი"?

- 3 იანვარს შევიკრიბებით და ანთალიაში მოვემზადებით. 23 იანვარს კი სეზონი განახლდება. ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრაა, ახლა მეოთხეზე ვართ და იმედი მაქვს, ჩანაფიქრს განვახორციელებთ.

- წლის ბოლოა და ნაკრების შედეგებზეც ვთქვათ.

- ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს სასიამოვნოდ მოულოდნელი და წარმატებული წელი ჰქონდა. ამდენი წაგების მიუხედავად გუნდს მებრძოლი სული აქვს და თუ ადრე იოლად გვიგებდნენ, ახლა ყველამ იცის, რომ ჩვენს ნაკრებთან უეჭველ ქულებს ვერ დაგეგმავ. იმედია 2011 წელი უკეთესი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე