ქალების მსგავსად, გასულ კვირას მამაკაცთა ტურშიც სამი ტურნირი ჩატარდა
ქალების მსგავსად, გასულ კვირას მამაკაცთა ტურშიც სამი ტურნირი ჩატარდა. შემადგენლობის მხრივ, დოჰას ტურნირი თითქოს დანარჩენ ორს სჯობდა და აქ ყველა ელოდა ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის მორიგ დაპირისპირებას, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. ამასობაში კი ყველაფერი გადაფარა როჯერ ფედერერის მორიგმა ისტორიულმა მიღწევამ - შვეიცარიელმა ბრისბენში კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგო.

არ შეიძლება იმის თქმა, რომ ფედერერი სეზონის პირველ ტურნირს იდეალურ ფორმაში შეხვდა. მის პირველ მატჩში კინაღამ სენსაცია დაფიქსირდა - მსოფლიოს 159-ე ჩოგანმა ჯონ მილმანმა ლეგენდას პირველი სეტი მოუგო და მეორეში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ავსტრალიელი მალე დაუშვეს ციდან დედამიწაზე. მეორე წრეს შვეიცარიელი მობილიზებული შეხვდა და ერთი გეიმი გაიმეტა ჯეიმს დაკუორტისთვის.

ბევრს ელოდნენ ფედერერისა და გრიგორ დიმიტროვის შეხვედრისგან - ბულგარელს ხშირად ადარებენ როჯერს თამაშის მანერის მიხედვით. მაგრამ მეოთხედფინალში მათი ბრძოლა არ შედგა - ფედერერი ერთი თავით მაღლა იდგა და მეტოქეს ერთი ბრეიკის შესრულების საშუალებაც არ მისცა.

გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიელის მეტოქე მილოშ რაონიჩი გახდა. კანადელმა დიდი გაჭირვებით გააღწია ფინალში, როცა ორი გადამწყვეტი ტაი-ბრეიკი მოუგო ავსტრალიელ სამუელ გროტს. მილოშმა ამ მატჩში ისე გაიმარჯვა, რომ არც ერთი ბრეიკი არ შეუსრულებია.

ნახევარფინალში რაონიჩსა და კეი ნიშიკორის შორის ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა შედგა. მათ სამი ტაი-ბრეიკი აჩუქეს მაყურებელს. გადამწყვეტ მომენტებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოწოდებამ - კანადელს 34 ეისი დაუგროვდა.

როგორც წესი, რაონიჩის წინააღმდეგ ფედერერი ერთი და იგივე სქემით თამაშობს: ძირითადი ყურადღება მოწოდებას ეთმობა და ამასთან, შვეიცარიელი მეტოქის ჩავარდნას ელოდება. კანადელი ფსიქოლოგიურად არ არის მზად, მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნოს საკუთარი მოწოდება და ხშირ შემთხვევაში, ფედერერს ერთი ბრეიკიც ჰყოფნის საქმის ბოლომდე მისაყვანად.

ამჯერად, როჯერმა ბრეიკი უკვე მეორე გეიმში შესრულა და უპრობლემოდ მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე. რაონიჩმა მეორე სეტის სტარტზეც დაკარგა საკუთარი მოწოდება, მაგრამ არ დანებდა. მილოშმა აგრესიული თამაშით შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება და აღადგინა თანაფარდობა, შემდეგ კი დამაჯერებლად ჩაატარა ტაი-ბრეიკი.

მესამე პარტია მთლიანად ტურნირის მშვენება გამოდგა. რაონიჩს დებიუტში რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო შანსის გამოყენება, შემდეგ კი ორჯერ გადაარჩინა საკუთარი გეიმი. ასეთ დაძაბულ თამაშში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ფედერერი მაინც გატეხდა მეტოქის წინააღმდეგობას, რადგან რაონიჩს ხშირად დამაჯერებლობა არ ჰყოფნის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. 5:4-ზე კანადელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და ფედერერს მატჩბოლი მისცა. როჯერმა საჩუქარი მიიღო და ასეთ რთულ ბრძოლაში მოიგო კარიერაში მე-1000 შეხვედრა.

ფედერერი მესამე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. უფრო მეტი მოგება მხოლოდ ჯიმი კონორსსა (1253) და ივან ლენდლს (1071) აქვთ. შვეიცარიელს მეორე ადგილზე გადასვლა ნამდვილად შეუძლია.

დოჰაში გაიმართა კვირის ყველაზე სენსაციური ტურნირი. რაფაელ ნადალი პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას, ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი ვერ გაუძლო ივო კარლოვიჩის მოწოდებებს. თუმცა ხორვატმა გადამწყვეტ ტაი-ბრეიკში დათმო ნახევარფინალი დავიდ ფერერთან. ასეა თუ ისე, კარლოვიჩი სეზონის სტარტზე შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და არც ერთი წამყვანი მოთამაშე არ ისურვებს ავსტრალიის ღიაზე მასთან შეხვედრას.

დოჰას ტურნირის ფინალში ფერერი ტომაშ ბერდიხს გაუსწორდა. ჩეხისთვის ტურნირი ძალიან იოლად მიმდინარეობდა და როგორც ჩანს, ამან მოადუნა მისი ყურადღება. ფერერმა ორ სეტში შეძლო ტომაშის დამარცხება, არადა, პერიოდულად კარგავდა ინიციატივას - ბერდიხმა ორი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის. ფერერმა 6:4, 7:5 მოიგო და კარიერაში 22-ე ტიტული მოიპოვა. თანაც, ესპანელი ზედიზედ მეექვსე სეზონია, მინიმუმ, ერთი ტურნირის მოგებას ახერხებს.

სტენ ვავრინკამ გაამართლა განთესვის პირველი ნომერი ინდოეთში. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, ამის გაკეთება რთული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ავსტრალიის ღიას მოქმედ ჩემპიონს არცერთ ეტაპზე არ შეხვედრია მეტოქე ტოპ-ოცეულიდან. ტურნირის მთავარი მოულოდნელობა კი სლოვენიელი ალიაჟ ბედენეს პროგრესი იყო. მან ფინალამდე სამი ესპანელი დაამარცხა - ფელისიანო ლოპესი, გარსია-ლოპესი და ბაუტისტა-აგუტი.

გადამწყვეტ მატჩში ვავრინკასთან კი არც ძალა და არც კლასი აღარ ეყო. სტენმა დიდი უპირატესობით მოიგო და ჩენაიში მესამე ტიტული მოიპოვა.

დოჰა (ყატარი)

ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 2) 6:4, 7:5.

ბრისბენი (ავსტრალია)

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 3) 6:4, 6:7(2), 6:4.

ჩენაი (ინდოეთი)

სტენ ვავრინკა (შვეიც,1)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა