„ჩელსის“ საჩემპიონო ამბიციამ „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის ბოლო წუთებზე ძალიან დიდი დარტყმა მიიღო

„ჩელსის“ საჩემპიონო ამბიციამ „ასტონ ვილასთან“ შეხვედრის ბოლო წუთებზე ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. რასაკვირველია, სეირის თვალსაზრისით ეს გახლდათ ბრწყინვალე მატჩი, მაგრამ ინგლისის ჩემპიონისთვის ბოლოწამს გოლის გაშვება და ორი ქულის დაკარგვა მძიმე იყო. არადა, ოთხი დღის წინ „ბოლტონთან“ გამარჯვებამ „ლურჯების“ თავკაც კარლო ანჩელოტის შეღავათი მისცა, მაგრამ, ვაგლახ - „სტემფორდ ბრიჯზე“ ბირმინგემელებთან ნათამაშები 3:3-ის შემდეგ მის მხრებს კვლავ დააწვა აუტანელი სიმძიმე.

ახლა, პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ჩელსი“ მეხუთე ადგილზეა, ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 6 ქულით ჩამორჩება, რიცხვებს მიღმა კი იგრძნობა, რომ თუ გუნდმა თამაში არ გააუმჯობესა, შესაძლოა საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზეც ვერ მოხვდეს.

თვალშისაცემი იყო, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ „ლურჯების“ წამყვანი ფეხბურთელები ერთმანეთს უღრენდნენ. დაცვის უსუსურობამ განსაკუთრებით მეკარე პეტრ ჩეხზე იმოქმედა. შემდეგ, ჯონ ტერიმ და დიდიე დროგბამ გააბეს ცხარე კამათი.

პრეს-კონფერენციაზე ანჩელოტიმ თქვა:

„ჩვენ თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ამას უკვე ვაკეთებთ“.

გაზეთები კი წერენ, რომ თუ ჩემპიონი ახლავე მოგებებს არ დაიწყებს, მისთვის ტიტულის ამბავი 1 მარტამდე გადაწყდება - 1 მარტს „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს. ეს დეკემბრიდან გადადებული თამაშია. თეორიულად, ინგლისის ჩემპიონის ბედი სწორედ ამ ორი გუნდის დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, მანჩესტერელთა და ლონდონელთა შეხვედრებმა შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკარგონ. თუმცა, ანჩელოტი „იუნაიტედთან“ ჯერ კიდევ შორეულ შეხვედრაზე ლაპარაკს ამთავითვე არ ერიდება:

„ჩვენ მანჩესტერელები უნდა დავამარცხოთ და ეს შედეგი საჩემპიონო რბოლაში თავის სიტყვას იტყვის. გარწმუნებთ, ჯერ კიდევ არ გარკვეულა ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი.

ტიტულისთვის დავაში ჩვენ კიდევ სერიოზულად ჩავერევით. ბოლო წამებში დაშვებული შეცდომის გამო დღეს ორი ქულა დავკარგეთ და ეს ძალიან საწყენი იყო. ყურადღება მსაჯის სასტვენამდე არ უნდა მოგვედუნებინა. განსაკუთრებით იმიტომ მწყდება გული, რომ შესვენების შემდეგ ძალიან დიდი ძალა დავხარჯეთ და თამაშის ბედი მართლაც შემოვატრიალეთ, გვეგონა თავი ქუდში გვქონდა, მაგრამ ერთმა წამმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა“.

„ჩელსისა“ და „ასტონ ვილას“ შეხვედრაში ანგარიში ფრენკ ლამპარდმა პენალტით გახსნა.

ეშლი იანგმა პენალტითვე გაქვითა, რასაც ემილ ჰესკის გოლი მოჰყვა და სტუმრები დაწინაურდნენ. თამაშის ბოლო წუთებში კი დრამა დატრიალდა: ჯერ დიდიე დროგბამ გაათანაბრა, მერე ჯონ ტერიმ „ჩელსი“ დააწინაურა. აქ, უკვე ყველას ყველაფერი გარკვეული ეგონა, მაგრამ კიერან კლარკმა შეხვედრას სულ სხვანაირი წერტილი დაუსვა.

ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ კლარკი უმეთვალყურეოდ ლონდონელთა გადაჭარბებული ზეიმის გამო დარჩა. ანჩელოტის ამის შესახებაც ჰკითხეს.

„არა, ტერის გოლი გადაჭარბებულად არ გვიზეიმია. ეს იყო ჯანსაღი რეაქცია მნიშვნელოვან ამბავზე - უპასუხა ანჩელოტიმ - სამწუხაროდ, მას მერე შეცდომა მოგვივიდა“.

კარლო ანჩელოტის გუნდმა ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო. ამ შეხვედრებში „ლურჯებმა“ არც მეტი, არც ნაკლები 20 ქულა დაკარგეს. „ჩელსის“ მწვრთნელმა განაგრძო: „დღეს, მოწინააღმდეგეს ბურთის საჯარიმოში იოლად ჩამოწოდების საშუალებას ვაძლევდით. ცუდადაც ვმეურვეობდით, თუმცა, მეორე ტაიმი მაინც კარგი გამოვიდა.

მოკლედ, პრობლემები ძირითადად დაცვაში გვაქვს. ჯეფრი ბრუმამ ცუდად სულაც არ ითამაშა, მაგრამ ალექსის და ივანოვიჩის გარეშე მაღალ ბურთებს უღონოდ ვხვდებოდით.

სწორედ ასე გავუშვით მეორე გოლი. მესამე კი სხვანაირი იყო, ის ყურადღებას მოითხოვდა“.

ალექსმა, მოგეხსენებათ, ბრაზილიაში მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციიდან ერთი თვეა გასული და ის უკვე ლონდონში ბრუნდება. თავიდან ამბობდნენ, თითქოს 28 წლის მცველს რვაკვირიანი მკურნალობა დასჭირდებოდა, მაგრამ, არ არის გამორიცხული, საქმე უკეთ წავიდეს.

„ჩვენ მას დავაკვირდებით - თქვა ანჩელოტიმ - საერთოდ, არ მიყვარს ლაპარაკი კერძოდ რომელი ფეხბურთელები გვჭირდება, მაგრამ რამდენიმე ძალიან რომ გვაკლია, ამას ვადასტურებ“.

და, რაკიღა „ჩელსის“ შესახებ ამდენი ვილაპარაკეთ, ორი სიტყვით „ასტონ ვილასაც“ შევეხოთ. ჟერარ ულიეს გუნდისთვის ასეთი ფრე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ქულა მოიტანა და სახიფათო ზონას მაინცდამაინც ვერ მოაშორა. ულიემაც ეს თქვა:

„არ არის გამორიცხული, დღევანდელი ამბავი ახალი ცხოვრების ათვლის წერტილად იქცეს.

ამ სეზონში ბევრი ქულა ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო დავკარგეთ. ამჯერად ბოლო წუთზე ჩვენ გავიტანეთ და ამან გამახარა“.

"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
"ბავშვობა ყინულზე, ახლა – პოემა ასფალტზე: ფერსტაპენის გენიალური სეზონი და მეხუთე ჩემპიონობის მოლოდინში...
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები
"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი
"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - დვალიშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია