ნოვაკ ჯოკოვიჩს ჯერ სეტი არ წაუგია
ავსტრალიის ღია პირველობაზე სრულად დაკომპლექტდა მეოთხედფინალური ეტაპი. გუშინ გაიმართა დარჩენილი მერვედფინალები და საქმეში ვიხილეთ მამაკაცთა და ქალთა რეიტინგების ლიდერები.

ჯერჯერობით სეტის წაუგებლად მიიწევს წინ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მერვედფინალში მისი მეტოქე იყო ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი.

"დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ 23-ე მეოთხედფინალში გასასვლელად ჯოკოვიჩს ორი საათი და რვა წუთი დასჭირდა. მოწოდების ოსტატმა მიულერმა პირველ სეტში მხოლოდ ორი ეისი შეასრულა და ვერც ერთხელ ვერ მიაღწია ბრეიკ-პოინტამდე, ნოვაკმა კი 4:3-ზე აიღო მეტოქის მოწოდება და მალე პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში ჯოკოვიჩს სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, რის შემდეგაც 6:5-ზე მატჩში მეორე ბრეიკი შეასრულა და პარტია 7:5 მოიგო. მესამე სეტში სერბს კრიტიკული მომენტი მეშვიდე გეიმში ჰქონდა, როცა მიულერმა სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეს საფრთხეც მოიგერია და მე-11 გეიმში გაკეთებული ბრეიკით მოამთავრა საქმე.

ჯოკოვიჩის მეტოქე მეოთხედფინალში კანადელი მილოშ რაონიჩისა და ესპანელი ფელისიანო ლოპესის მატჩში ირკვეოდა. შარშან, ტორონტოს "მასტერსზე" ლოპესმა დაამარცხა ახალგაზრდა კანადელი, ახლა კი მილოშმა რევანში აიღო, ოღონდ ამისთვის ხუთი სეტის ჩატარება დასჭირდა.

არადა, რაონიჩს შეეძლო საქმე აქამდე არ მიეყვანა. 6:4, 4:6, 6:3 დაწინაურების შემდეგ, ჩრდილოამერიკელმა მეოთხე სეტის ტაიბრეიკზე ორი მატჩბოლი მიიღო - 6:5-ზე მეტოქის მოწოდებისას და 7:6-ზე საკუთარი მოწოდების დროს. გასულ კვირას, ამერიკელ დენის კუდლასთან ლოპესმა სამი მატჩბოლი მოიგერია და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ესპანელმა ამჯერადაც გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და არა მხოლოდ მოიგერია ორივე საფრთხე, არამედ ტაი-ბრეიკი მოიგო და მატჩის მეხუთე სეტში გადაიყვანა.

გადამწყვეტ პარტიაში ლოპესს დაღლა დაეტყო. ესპანელი წყვილთა ტურნირზეც აგრძელებს ბრძოლას და, როგორც ჩანს, ამან იმოქმედა საბოლოო შედეგზე. 3:4-ზე და რაონიჩის ბრეიკ-პოინტზე ფელისიანომ ორმაგი შეცდომა დაუშვა და ეს საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. მეცხრე გეიმში რაონიჩმა სამი მატჩბოლი მიიღო და ამჯერად, შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

მილოში გახდა პირველი კანადელი, ვინც ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში ითამაშებს. სტატისტიკის მიხედვით, რაონიჩი უშანსოდაა ჯოკოვიჩთან - სერბს ოთხიდან ოთხი მატჩი აქვს მოგებული მომავალი მეტოქისთვის, თანაც ისე, რომ ჯამში მხოლოდ ერთი სეტი დათმო.

ბოლო მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს იაპონელმა კეი ნიშიკორიმ და მოქმედმა ჩემპიონმა, შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ.

ნიშიკორის იოლი გასეირნება გამოუვიდა ესპანელი დავიდ ფერერის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ძალიან პასიური იყო და მხოლოდ 14 "ვინერსი" დააგროვა, რასაც 44 უნებლიე შეცდომა დაემატა. ეს სტატისტიკა გასაკვირი იყო, რადგან ესპანელი წაუგებელი გახლდათ ახალ სეზონში - მან ავსტრალიამდე დოჰას ტურნირი მოიგო (ფინალში ტომაშ ბერდიხს სძლია) და გუშინდელ მატჩამდე რვიდან რვა მოგება ჰქონდა.

ნიშიკორის კი შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა - 17 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან ექვსი გამოიყენა, აგრეთვე პირველი მოწოდებისას ქულების 72 პროცენტი აიღო.

ფერერმა ვერ შეძლო ზედიზედ მეხუთედ ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში გასვლა, ნიშიკორიმ კი შარშანდელი შედეგი გაიმეორა და თუ მომდევნო მატჩშიც მოიგებს, პირველი იაპონელი გახდება, ვინც ამ ტურნირის ნახევარფინალში მოსინჯავს ძალებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნიშიკორი შარშან ისტორიაში შევიდა, როცა პირველი აზიელი გახდა ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის ფინალამდე მიაღწია. ეს მოხდა აშშ-ის ღია პირველობაზე და მაშინ კეიმ მეოთხედფინალში სტენ ვავრინკა დაამარცხა. ახლაც ეს ჩოგბურთელები ამავე ეტაპზე შეხვედებიან ერთმანეთს.

შვეიცარიელმა მელბურნში ტიტულის დაცვა ესპანელ გილერმო გარსია-ლოპესთან მატჩში გააგრძელა.

სტენს საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა მოუწია ესპანელთან. შვეიცარიელი არც ისე დამაჯერებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე, განსაკუთრებით პირველ სეტში, როცა ორი ბრეიკის საშუალება მისცა გარსია-ლოპესს. ამ უკანასკნელმა 5:4-ზე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ვავრინკამ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც დიდი უპირატესობა ჰქონდა - 7:2.

მეორე სეტში ვავრინკამ გამოასწორა მოწოდებაზე თამაში და ერთადერთი ბრეიკით 33 წუთში მოიგო - 6:4. და როცა შვეიცარიელი მესამე სეტში ნაადრევი ბრეიკით დაწინაურდა, ყველას ეგონა, რომ ჩემპიონი სამ სეტში დაასრულებდა საქმეს, მაგრამ გარსია-ლოპესმა ჯერ გაათანაბრა ანგარიში, მეათე გეიმში კი მეტოქის მოწოდებაზე ერთი სეტბოლი ეყო პარტიის მოსაგებად.

ამ მატჩშიც დიდი იყო მეხუთე სეტის შანსი. მეოთხე პარტიაში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს ბოლომდე ინარჩუნებდნენ და მეორედ შეხვედრაში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო. გარსია-ლოპესი 5:0 გაიჭრა წინ და ხუთი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ მაინც წააგო სეტი და მასთან ერთად მატჩი.

საინტერესოა, როჯერ ფედერერის ჩავარდნა რომ არა, მამაკაცთა ბადის მეოთხედფინალში პირველ რვა ნომრად განთესილ ყველა მოთამაშეს ვიხილავდით, მაგრამ შვეიცარიელის ადგილას ნიკ კირგიოსს ვხედავთ.

კაცები

1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:4, 7:5, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 8)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12) 6:4, 4:6, 6:3, 6:7(8), 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ) 7:6(2), 6:4, 4:6, 7:6(8); კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-დავიდ ფერერი (ესპ, 9) 6:3, 6:3, 6:3.

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 8); სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-კეი ნიშიკორი (იაპ, 5); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-რაფაელ ნადალი (ესპ, 3); ენდი მარეი (ბრიტ, 6)-ნიკ კირგიოსი (ავსტრია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ბარსელონა: ცხრაგზის ნადალი
US OPEN 2016 დიდი მატჩების კაცი
ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია
ინდიან უელსის "მასტერსი": როცა მარეი არ არის...
US OPEN 2016. X დღე: ო, კეი ნიშიკორი!
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
უიმბლდონი. 1/4-ფინალები: მსოფლიო კიდევ ერთ საჩოგბურთო კლასიკას იხილავს [VIDEO]
უიმბლდონი. I დღე: ვავრინკა უკვე შინ წავიდა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მელბურნში სერენა უილიამსიც არ იქნება
ლონდონი: სტენ ვავრინკა არ დაინდეს
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
US OPEN 2016: ჯოკოვიჩი და ვავრინკა გადაიკვეთნენ
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ვარსკვლავები ბრუნდებიან - ავსტრალიის ღიაზე ენდი, ნოვაკი და სტენი ითამაშებენ
ავსტრალიის ღია პირველობა: თავიდანვე ბრძოლაში