მანჩესტერ იუნაიტედში

ნემანია ვიდიჩი საკუთარ თვალებს არ უჯერებს: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიდერობს, არადა გუნდი, რომელიც ასე ცუდად თამაშობს ნამდვილად არ უნდა იყოს პირველ ადგილზე. ციფრებს ჩავხედოთ: ვიდიჩმა და მისმა თანაგუნდელებმა, მიმდინარე ჩემპიონატში, სტუმრად ჩატარებული 9 შეხვედრიდან 7 ფრედ ითამაშეს. მანჩესტერელთა სერბი კაპიტანი ამბობს:

„ვინმეს რომ ეთქვა ამდენ ქულას დაკარგავთო, ვუპასუხებდი, რომ ესე იგი ჩემპიონები ვერ გავხდებოდით. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში ისეთი ცუდი შედეგი გვაქვს, რომ გამეორებაც არ მინდა, საამაყო არაფერია, ცხრილში კი მაინც პირველ ადგილზე ვართ. გასაკვირია ისიც, რომ ჯერ არ დავმარცხებულვართ. ერთი სიტყვით, ჩვენ ვალდებული ვართ უკეთ ავთამაშდეთ“.

ზემოთ ვახსენეთ, რომ „იუნაიტედმა“ სტუმრად 9 შეხვედრიდან 7 ფრედ ითამაშა და არ წაუგია. გამოდის, რომ ორჯერ გაიმარჯვა და ამ ორიდან ერთი ახალი წლის, 1 იანვრის ამბავია - „ვესტ ბრომვიჩი“ იღბლის წყალობით დაამარცხა. უფრო სწორად, ამ შეხვედრაში მსაჯმა მანჩესტერელთა კარში აშკარა პენალტი არ დანიშნა და ბოლო იმედის ჯარიმისთვის გარი ნევილი არ გააძევა. ვიდიჩი განაგრძობს:

„სტუმრად ჩატარებული შეხვედრების ნახევარიც რომ მოგვეგო ახლა მიუწვდემელნი ვიქნებოდით. როგორც ჩანს თანმიმდევრულობა გვაკლია. თუ შემეკითხებით რატომ არის ასე, ნამდვილად ვერაფერს გიპასუხებთ. სხვათაშორის, იყო ტურები, როდესაც ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ. რასაკვირველია, ისეთი შეხვედრებიც იყო, კარგად რომ ვითამაშეთ და ქულები დავკარგეთ. მოკლედ, დიდი გაურკვევლობაა“.

29 წლის მცველი, რომელსაც ორი წელიწადი, 2004-06, მოსკოვის „სპარტაკში“ აქვს გატარებული, ამბობს, რომ სეზონის მეორე ნახევარი წესით გაცილებით უკეთესი უნდა იყოს.

„ეჭვი ნურავის შეეპარება, ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ის, რომ აქამდე არ დავმარცხებულვართ, რასაკვირველია, მეორე მხრივ, ჩვენს სიძლიერეზეც მეტყველებს. ისე, ამ ჩემპიონატში ნამდვილი საოცრებები ხდება. შემოდგომაზე რომ გეთქვათ „ჩელსი“ ხუთი-ექვსი კვირის მანძილზე ერთ თამაშსაც ვერ მოიგებსო უბრალოდ არ დაგიჯერებდით. ყველას სწამდა, რომ „ჩელსი“ პრემიერლიგის უძლიერესი გუნდი იყო და ამ სეზონში უპრობლემოდ გახდებოდა ჩემპიონი. ამრიგად, ჩვენ ძალიან ძლიერ და კონკურენციით აღსავსე შეჯიბრებაში ვმონაწილეობთ“.

„იუნაიტედის“ 29 წლის პოლონელი მეკარე ტომაშ კუშჩაკი კი ცდილობს დაამტკიცოს, რომ გუნდში ხუთი წელიწადი ტყუილად არ გაუტარებია და შემადგენლობაში დამკვიდრების შანსს ითხოვს. კუშჩაკმა „ვესტ ბრომვიჩთან“ ზემოხსენებულ შეხვედრაში ითამაშა - სტუმრად მანჩესტერელთა მეორე გამარჯვებაში მიიღო მონაწილეობა. 193 სანტიმეტრი სიმაღლის გოლკიპერი სერ ალექს ფერგიუსონის გუნდში 2006 წელს გადავიდა და მას მერე მხოლოდ 56-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. მეტიც, კუშჩაკს პრემიერლიგაში მთელი წელიწადია არ უთამაშია.

დღეს, ტომაშ კუშჩაკისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ორი წელიწადია დარჩენილი, მაგრამ რა ბედი ელის პოლონელს არავინ იცის. კლუბმა 26 წლის დანიელი ანდერს ლინდეგაარდი იყიდა და დიდი შანსია ედვინ ვან დერ სარის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სწორედ ის გახდეს „იუნაიტედის“ მთავარი მეკარე. მისი მომავალი გაურკვეველი რომ არის თავად კუშჩაკმაც კარგად იცის, თუმცა, ისიც ეტყობა, რომ მეკარის ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც სათადარიგოობა აღარ აკმაყოფილებს.

„პირველ იანვარს დებიუტი მქონდა - სიცილით უთხრა პოლონელმა ჟურნალისტებს - ამბიცია ყველა ფეხბურთელს აქვს. მეც ამბიციური გახლავართ. სათადარიგოთა სკამზე ხუთი წელიწადი გავატარე, მაგრამ ამას ჩემი ოსტატობა არ დაუჩლუნგებია. მზად ვარ საქმეში ჩავება და ვითამაშო. გარკვეული გამოცდილება შევიძინე და ვფიქრობ, მისი გამოყენება შემიძლია. ერთადერთი, რაც მინდა, უფრო ხშირად თამაშია. მოედანზე ორ-სამ თვეში ერთხელ გამოსვლა საკმარისი არ არის. ასე ვერავის ვერაფერს დავუმტკიცებ“.

ვან დერ სარის უცვლელობამ კუშჩაკის მსგავსად ბენ ფოსტერზეც იმოქმედა, თუმცა ინგლისელი „ბირმინგემში“ გაიქცა და იქ, ახლა ძირითადში თამაშობს. ამას პოლონელი, რასაკვირველია, კარგად ხედავს, თუმცა „იუნაიტედის“ მწვრთნელთან ჯერ არ ულაპარაკია და სეზონის დასრულებას ელოდება:

„დავიცდი და შევხედავ რა მოხდება სეზონის ბოლოს. ჯერ უნდა ვნახო, რას აპირებს ჩვენი მწვრთნელი, მას რა აქვს ჩაფიქრებული. გამოჩნდება, მე გაყიდვას მიპირებს თუ გამოყენებას. ამწუთას ფერგიუსონის გეგმების შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცი. ედვინი მართალია 40 წლის არის, მაგრამ კაცმა არ იცის კიდევ რამდენ ხანს ინდომებს მოედანზე დარჩენას. შესაძლოა, რასაც ამბობენ მართლა ისე იყოს და ამ სეზონის ბოლოს მან კარიერა დაასრულოს. თუ ასე მოხდა, ვფიქრობ, ისეთი კლუბი, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“ ახალგაზრდა მეკარის აყვანას შეეცდება. მოკლედ, ჯერ ყველაფერი ბუნდოვანია“.

ცნობისათვის: ახალგაზრდა მეკარე „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე ჰყავს. ეს გახლავთ 20 წლის ბენ ამოსი, რომელიც ჯერ „პიტერბოროში“, შემდეგ კი „მიოლდეში“ იყო გაქირავებული. ამბობენ, რომ ფერგიუსონმა შესაძლოა ისიც დააბრუნოს.

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"